ნევროზი დღეს მეტად გავრცელებული პათოლოგიაა, თუმცა, ზოგიერთი ყოველგვარ ნერვულ აშლილობას ნევროზად ნათლავს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ნევროზი არა მარტო უფროსებსა და მოზარდებში, ბავშვებშიც საკმაოდ გავრცელებულია.
ბავშვებში ნევროზი სხვადასხვა სახით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს ტიკები, ენაბორძიკობა, ენურეზი (შარდის შეუკავებლობა), შფოთვა, აკვიატების მდგომარეობა, ჰიპერაქტივობა და სხვა. მშობლებისათვის საინტერესო და ამავე დროს საჭიროც არის იმ პირობების გაცნობა, რაც შეიძლება ნევროზის საფუძველი გახდეს:
• ბავშვის ინტელექტუალური განვითარება მკვეთრად უსწრებს წინ მის ემოციურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებას, რის გამოც ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, უფროსი ბავშვები კი, მას არ იღებენ - მათთვის ის პატარაა. ყოველივე ეს უკვე ნევროზის საფუძველია.
• ბავშვში ნევროზების აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს მშობლების პრეტენზიის მაღალი დონე, (მაგ. სასწავლო დაწესებულების შერჩევისას), მტკიცე მოთხოვნები მაღალ ნიშნებზე, ყველა საგანში თანაბარ წარმატებაზე, ისეთი სასწავლო დატვირთვა, რომელიც ბავშვის განვითარების დონეს არ შეესაბამება. მშობლები თვლიან, რომ მათი შვილი პირველი უნდა იყოს ყოველთვის.
• ბავშვის ემოციურ მდგომარეობას სერიოზულად ამძიმებს მშობლის ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: „ჩვენ შენთვის ყველაფერს ვაკეთებთ, შენ კი- არაფერს..."; „იმისთვის ვშრომობთ დილიდან ღამემდე, რომ შენ დაბალი ნიშნები მოგვიტანო?!"; „ჩემი შვილი აუცილებლად საუკეთესო მოსწავლე უნდა იყოს" და ა.შ.
• არცთუ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მშობლები მიზნად ისახევენ , რომ, რადაც უნდა დაუჯდეთ, საკუთარი შვილი ნიჭიერ ბავშვად აქციონ. თუმცა ბავშვს არა აქვს სათანადო მონაცემები და უფრო მეტიც - ზოგჯერ განვითარებაშიც კი ჩამორჩება. მშობლები ძალადობენ ბავშვის ბუნებაზე და მოითხოვენ ბავშვისგან, რომ ის იყოს ისეთი, როგორიც მათ სურთ და ამით კიდევ უფრო ამძიმებენ ბავშვის მდგომარეობას. მსგავს სიტუაციაში მოხვედრისას ბავშვის ფსიქიკა ახდენს საკუთარი ძალების მობილიზაციას და აგებს დამცავ ბარიერებს, რომლებიც გარეგნულად გაბოროტებაში, გულგრილობაში, შიშში, მანჭვა-გრეხასა და სხვა ქცევით გამოვლინებებში იჩენს თავს. პედაგოგები და ფსიქოლოგები ხშირად ხვდებიან ასეთ ქცევით რექციებს; მსგავს შემთხვევებში მთავარი ამოცანა არის ასეთი ქცევის სწორი დიაგნოსტირება, დარღვევის წარმოქმნის მიზეზთა დადგენა და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ოპტიმალური პირობების შექმნა.
• ძალიან ხშირად ნევროტულმა გამოვლინებებმა შეიძლება აგრესიის სახით იჩინოს თავი. ჩვეულებრივ ასეთი სახის ნევროზი უფრო ბიჭებში გვხვდება, თუმცა ბოლო წლებში გოგონებშიც საკმაოდ იმატა აგრესიულობამ. აგრესიული მოზარდი მწვავე ემოციურ განცდებს შეიძლება გამოხატავდეს საგნების მტვრევით, სასკოლო ავეჯის გაფუჭებით, მასწავლებლებთან უხეშობით, სახლში კარის ბრახუნით, ლაპარაკის დროს ხმის აწევით, ყვირილით და ა.შ.
უფროსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშის აგრესიული ქცევა ყოვეთვის არ არის ცუდი აღზრდის შედეგი, უზნეობის ან აუტანელი ხასიათის ნიშანი. ხშირად ეს დეზადაპტაციის ან ძლიერ დაბალი თვითშეფასების შედეგია. ბავშვი ყოველთვის ისე გამოხატავს თავის მძიმე სულიერ მდგომარეობას, როგორც შეუძლია.
იმ შემთხვევაში, როცა ბავშვის მიუღებელი ქცევა მძიმე ნევროტული მდგომარეობით არის გამოწვეული, სასურველია, რომ უფროსებმა სპეციალისტ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიმართონ კვალიფიციური დახმარების მისაღებად.
შევეცდოთ, რომ სანამ ბრალს დავდებთ ბავშვს, დავტუქსავთ და მის უარყოფით მხარეებს გავუსვამთ ხაზს, მისი, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელი ქმედებების მიზეზი დავადგინოთ და აღმოვფხვრათ მანამ, სანამ ბავშვის ფსიქიკა ბოლომდე დაინგრევა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან ჭიდილში „დაიღუპება".
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)