ქართული ტრადიცია - ციხე შიგნიდან ტყდება, კვლავ ძალაშია. არ არსებობს დანაშაული და არ არსებობს პროვოკაცია, სადაც შინაურის ხელი არ ურევია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ ბინძურ პროვოკაციას, რომელიც ნიუ-იორკში ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნისას მოხდა და რომელიც „ნაციონალმა" ემიგრანტებმა, პაატა აბჟანდაძემ და ნატო გოდერძიშვილმა მოაწყვეს - გაეროს შტაბ-ბინაში მისულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მკვლელი, პუტინის მონა და გათახსირებული უწოდეს. ამ ყველაფერს ფონად გასდევდა დედის გინება. ახლა, ირკვევა, რომ, როგორც ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები ამბობენ „ალიასთან" საუბარში, „ნაციონალები" ასეთ პროვოკაციას რომ გეგმავდნენ, იცოდნენ ამერიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ და ნიუ-იორკში გენერალურმა კონსულმა, დიანა ჟღენტმა. ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია მათ მიაწოდა, „ალიასთან" ამბობს, რომ გეგეშიძემ და ჟღენტმა არაფერი გააკეთეს პროვოკაციის აღსაკვეთად, ანუ საერთოდ არ დაინტერესდნენ. მეტიც, უფრო გამყარდა ეჭვი, რომ ამერიკაში საქართველოს საელჩო ირაკლი ღარიბაშვილის ჩაძირვასა და ირაკლი ალასანიას რეიტინგის აწევაზე მუშაობს. პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას ცოლისდაა, არჩილ გეგეშიძე - იგივე ალასანიას კაცად ითვლება, ის ელჩად დანიშვნამდე იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი. მანამდე ერთი წელი გაატარა სტენფორდის უნივერსიტეტში. 1992-2000 წლებში გეგეშიძე მუშაობდა სახელმწიფო მეთაურის თანაშემწედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, შემდეგ კი პრეზიდენტის უფროს მრჩევლად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. სწორედ აქ იკვეთება მისი და ირაკლი ალასანიას გზები, როცა ეს უკანასკნელი უშიშროების საბჭოში მუშაობდა და ედუარდ შევარდნაძეს თარჯიმნობას უწევდა ამერიკელებთან ურთიერთობისას. რაც შეეხება ჩვენს კონსულს, დიანა ჟღენტს, ის გახლავთ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრის, პარლამენტარ ირაკლი ჩიქოვანის მეუღლე.
წრედი შეკრულია. როგორც ნიუ-იორკში მცხოვრები გავლენიანი ქართველები ამბობენ, ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ როგორც მამალ „ნაციონალებთან", ისე მიხეილ სააკაშვილთან, ამერიკელ პოლიტიკოსებთან და არც თემურ ალასანიასთან კეკლუცობაზე ამბობენ უარს. მათივე თქმით, ეს გუნდი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ცალკეულ სენატორებს და დიპლომატებს მიაწოდოს ცრუ ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან. გარდა ამისა, ირაკლი ალასანიას გუნდთან ხმაშეწყობილად მუშაობენ მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა - თემურ ალასანია და მამალი „ნაციონალები" როგორც საქართველოდან, ისე ამერიკიდან. როგორც რადიო „ამერიკის" ხმის ყოფილი თანამშრომელი, რუსუდან წერეთელი ამბობს „ალიასთან" საუბარში, ირაკლი ღარიბაშვილი უსამართლოდ გაილანძღა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს საელჩოში არაფერი აინტერესებთ. მეტიც, „ნაციონალების" მიერ მოწყობილმა პროვოკაციამ ზოგიერთი გაახარა კიდეც:
- რომელ პუტინის მონობაზე ლაპარაკობენ ესენი, როცა თემურ ალასანიაც და მიხეილ სააკაშვილიც მისი ნიღბიანი მოკავშირეები იყვნენ და დღესაც არიან? ვინ იყო თემურ ალასანია, სად მუშაობდა, როგორ მოეწყო ნიუ-იორკში, რა რესურსით? რატომ არავინ არ ლაპარაკობს, დღეს ეს ადამიანი როგორ ცხოვრობს? ის ცხოვრობს ნიუ-იორკში, აქვს ძვირფასი კერძო სახლი, გალავანშემორტყმული, თავს გრძნობს ბედნიერად. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი რომ წუწუნებს, ფული არ მაქვს, მე და სანდრა ქირით ვცხოვრობთო, არავინ არ დაიჯეროს, ეგენიც ძალიან ძვირფასად ცხოვრობენ თემურ ალასანიასთან. მე ისიც მაინტერესებს, როგორ აჩერებენ სააკაშვილს ამდენ ხანს ნიუ-იორკში? გასაგებია, შეიძლება ადამიანს მრავალჯერადი ვიზა გქონდეს, უფლება გაქვს, როცა ტურისტული ვიზით შემოდიხარ, 6 თვე დარჩე, ამის შემდეგ უნდა გახვიდე ქვეყნიდან, მაგრამ საერთოდ რა სტატუსით უნდა დარჩეს ამერიკაში?
- რაც მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში ჩამოვიდა, ალბათ, ასჯერ მაინც იქნება ქვეყნიდან გასული, მაგისთვის ეგ რა პრობლემაა?
- ამერიკაში არსებობს სხვადასხვა სახის ფორმები - ერთია, როცა პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვ, მეორეა ექსტრაორდინალური ბილეთი, ანუ თუ შენ ხარ ცნობილი ადამიანი, გქონდა დიდი მიღწევები პოლიტიკაში, ხელოვნებაში ან ჟურნალისტიკაში და ამერიკისთვის ღირებული ხარ; მესამე - გაქვს დიდი ფული, ხარ ბიზნესმენი და შეგიძლია, ამერიკაში ინვესტიცია განახორციელო. აი, ამ შემთხვევებში გაძლევენ „მწვანე ბარათს", ხდები ამერიკის მუდმივი მკვიდრი, ლეგალური მაცხოვრებელი და გაქვს მუშაობის უფლება, 5 წლის შემდეგ ხდები მოქალაქე.
- რუსუდან, „ალიასთვის" უკვე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამუშაო ვიზა არ მისცეს. გამოდის, მას თავისი ამერიკელი მამებიც კი ვეღარ შველიან.
- მე ვიცი, რომ ვერ მისცემენ, ეს გზა გავლილი მაქვს, იმასაც კი კითხულობენ, რამე შეკითხვები ხომ არ აქვთ შესაბამის ორგანოებს შენთან? საჭიროა ათასნაირი დახასიათება, ყველა დეტალს სწავლობენ. მე მაინტერესებს, საერთოდ როგორ ცხოვრობს ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილი და ამ მხრივ რატომ არ აქტიურობს საქართველოს საელჩო, რატომ არ ინტერესდება მისი მდგომარეობით და იგივე საელჩო რატომ არ თანამშრომლობს ამერიკელ სამართალდამცავებთან? ბოლოს და ბოლოს, ყველა ორგანოს ხომ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ეს კაცი, რატომ არის ძებნა გამოცხადებული და ასე შემდეგ. საერთოდ, ამაზე დღეს ვინმე ფიქრობს? ამ მხრივ რამე კეთდება? 29 სექტემბერს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოვიდა კარნეგის ცენტრში. მე არ ვიცი, რაზე ისაუბრა, იქნებ ჰკითხეს ამის შესახებ? მიხეილ სააკაშვილის შესახებ საქართველოდან უნდა მოდიოდეს სწორი ინფორმაცია და ამას მუდმივად უნდა აკეთებდეს ხელისუფლება. ჩვენ ამას ველოდებით.
- ესე იგი, თემურ ალასანია ციხესიმაგრეში ცხოვრობს და სააკაშვილი თავს გვაცოდებს, მე და სანდრა „ჩერდაკში" ვცხოვრობთო?
- როგორ გეკადრებათ? მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს ბიძამისთან ნიუ-იორკში, მას არაფერი არ უჭირს, თავს გრძნობს მშვენივრად, რა „ჩერდაკებზეა" ლაპარაკი? ეგეც რომ არ იყოს, თქვენ აქაური „ჩერდაკი" რა გგონიათ, „ხრუშჩოვკის" ტიპის ბინა? მანჰეტენზე „ჩერდაკში" რომ იცხოვროთ, სულ მცირე, 2 ათასი დოლარი უნდა იხადოთ თქვეში, მე ვლაპარაკობ ყველაზე იაფფასიან ბინებზე. მე ჯერჯერობით არ ვიცი, თავად მიხეილ სააკაშვილს თუ აქვს სახლი ნიუ-იორკში, უახლოეს ხანში მაგასაც დავადგენ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ამჟამად ბიძამისის ციხესიმაგრეში ცხოვრობს. ალასანიას კერძო სახლს ისეთ გალავანი აქვს, ჩიტი ვერ გადაფრინდება. ეს სახლი იმხელაა, სააკაშვილსა და სანდრას კი არა, მთელ „ნაციონალურ მოძრაობას" დაიტევს. სხვათა შორის, სააკაშვილს ტექნიკური საკითხების მოგვარება არ გაუჭირდება, რომ სამუშაო ვიზა მიიღოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ერთ საკითხში იჭედება - ის ქართველი სამრთალდამცავების მიერ მაინც ძებნილად ითვლება. ამ ინფორმაციის დაზუსტება ძალიან ძნელია, ამის შესახებ საემიგრაციო სამსახური ინფორმაციას არ გასცემს. თუ შენ სასამართლოსთან და პროკურატურასთან გაქვს საქმე, არავითარ შემთხვევაში საბუთებს ხელს არ მოჰკიდებენ.
- ჯერ ინტეპოლში მისი საკითხი განხილული არ არის, არ ვიცით, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება თუ არა.
- კი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკის საემიგრაციო სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილს თავის ქვეყანაში აქვს პრობლემები.
- ცოტა ხნის წინ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკელები ირაკლი ღარიბაშვილს თავიანთ კაცად არ თვლიანო და ამან ბევრში აგრესია გამოიწვია, ვალერი ხაბურძანიას დაუწყეს გინება, პროვოკატორი ხარო.
- ეგ მართალია, მე ამერიკაში ვცხოვრობ და ძალიან კარგად ვხედავ ყველაფერს, ირაკლი ღარიბაშვილს არ ცნობენ დასავლური ორიენტაციის ფიგურად. პოლიტიკურ წრეებში მას აქვს სახელი - „რუსის კაცი", ანუ „რუსული პროექტი". მის შესახებ ყველგან არასწორად მიდის ინფორმაციები. რასაც სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატორებს მიაწვდიან, ისეთი აზრი ექნებათ. საგარეო პოლიტიკა საქართველოს ამერიკაში აქვს ნული. სამაგიეროდ, ირაკლი ალასანიას ფიგურაა გამოკვეთილი. ჩვენ, ემიგრანტებს, არ გვაქვს ოფიციალური სტატუსი, შეიძლება ბევრ პოლიტიკოსს ვიცნობ და მაკკეინთანაც მაქვს ურთიერთობა, მაგრამ არ დამიჯერებენ, მაინც კერძო პირი ვარ. საელჩოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას უფრო იჯერებენ, ვიდრე ჩემსას. თუ ამ საქმეს არ მიხედეს, ისე არაფერი გამოვა, გუნდი შეიკრას და საელჩომ ნორმალურად გააკეთოს თავისი საქმე.
ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების დიდი ნაწილი ძალიან გააღიზიანა იმ ფაქტმა, რაც გაეროს შტაბ-ბინასთან მოხდა. რამდენიმე მათგნმა ისიც კი გადაწყვიტა, ძირეულად გამოიძიოს ეს საქმე და თემურ ალასანიას დავალებების სხვა შემსრულებლებიც ამხილონ. ისინი იმედოვნებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა ამ ყველაფერს კარგად გაააანალიზებს და სათანადო დასკვნებსაც გამოიტანს.
ცხადია, პრემიერის წინააღმდეგ მოწყობილი უხამსი პროვოკაცია რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, ამიტომ „ალიას" საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს კითხვებზე:
1. ფლობდა თუ არა საგარეო უწყება აშშ-ში საქართველოს საელჩოსგან, ან ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოსგან რაიმე ინფორმაციას მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ? და თუ არ იცოდნენ, რა პასუხი მოეთხოვება საელჩოს და საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურებს?
2. რა ზომები გაატარეს მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად?
3. მომხდარის გამო, ითვალისწინებს თუ არა დიპლომატიური პროტოკოლი ელჩისა და კონსულის რაიმე სახით დასჯას ან გამოწვევას?
და აქვე, კითხვები ირაკლი ალასანიას პარტიის ლიდერებთან, რომლებზეც, ასევე, ველოდებით პასუხებს:
1. როგორ აფასებენ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას?
2. შეხვდნენ და ხვდებიან თუ არა მათი პარტიის წევრები აშშ-ში ყოფნისას „ნაციონალებს"? და თუ ხდებიან, რა საკითხებზე ესაუბრებიან?
თემის გაგრძელება იქნება
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"