reportiori.ge - როლანდ ასაკაშვილი: სათვალთვალო კამერების ჩანაწერები პოლიციელებმა გაანადგურეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:02
პრეს-დაიჯესტი
როლანდ ასაკაშვილი: სათვალთვალო კამერების ჩანაწერები პოლიციელებმა გაანადგურეს!
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2014. 23:09

 

 

„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის თეა ასათიანის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მის ძმას პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო!

 

 

 უღირსი პოლიციელების მხრიდან სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი მავნე პრაქტიკა - ჩადებები განახლდა! ეს საგანგაშო ინფორმაცია შეიძლება, არც კი დაგვეჯერებინა, ახლობელს რომ არ გადახდენოდა თავს. რედაქციის წევრი, ცნობილი ჟურნალისტი თეა ასათიანი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, როცა პოლიციამ მის ძმას კახა ასათიანს ნარკოტიკი ჩაუდო და ასე ცილისმწამებლურად დაიჭირა! ვესაუბრებით კახას ადვოკატს როლანდ ასაკაშვილს:


- მიმდინარე წლის 19 აგვისტოს კახა და მისი მეგობარი გოჩა მუკბანიანი გლდანის „ა" მიკრორაიონში, საშაურმეში იმყოფებოდნენ. საშაურმიდან გამოსვლისას ასათიანს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 4 მამაკაცი მიუახლოვდა. ერთ-ერთმა თავი პოლიციელ ზურაბ დათუაშვილად წარუდგინა და განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვა. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე კახა მათ მანქანაში ჩაუჯდა, თუმცა, მაშინვე ხელბორკილები დაადეს და გლდანის პოლიციის მე-2 ქვეგანყოფილებისკენ გააქანეს. დაბნეულმა გოჩა მუკბანიანმა მხოლოდ იმის თქმა მოასწრო - თუ აკავებთ, ადვოკატს გამოვიძახებთო, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ ადვოკატი ასათიანს არ დასჭირდებოდა. მუკბანიანისთვის ზედმეტი არავის არაფერი უთქვამს. თუმცა, მან მეგობარი გასაჭირში არ მიატოვა, დაუყოვნებლივ ტაქსი გააჩერა და უკან გაჰყვა. თავის თვალით დაინახა, როგორ გადმოსვეს მანქანიდან ხელბორკილდადებული კახა ასათიანი, აიყვანეს კიბეებზე და განყოფილებაში შეიყვანეს. გარეთ არანაირი ჩხრეკა, არც ვიზუალური დათვალიერება არ ჩატარებულა, მით უმეტეს, არც ოქმი შეუდგენია ვინმეს.


- კი მაგრამ, დაკავების პროცედურა ხომ ითვალისწინებს დაკავების ადგილზე ჩხრეკას?

 

- პროცედურის ფარგლებში, დაკავებულს მაშინვე უნდა განუმარტონ, რომ დააკავეს, ასევე დაუყოვნებლივ ამცნონ, თუ რაშია ეჭვმიტანილი, განუმარტონ უფლებები, შეადგინონ ოქმი... განყოფილებაში მიყვანამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. კახა მესამე სართულზე განყოფილების უფროსის კაბინეტში შეიყვანეს და მოსთხოვეს, ჯიბეებიდან ყველა ნივთი ამოეღო... ხელბორკილიანმა ძლივს მოახერხა შარვლის წინა ჯიბეებიდან ნივთების (მობილური ტელეფონის და ხურდა ფულის) ამოღება. ამ მომენტში მას ზურაბ დათუაშვილი აჩვენებს ფოლგაში შეფუთულ ნივთს და ეკითხება - ეს რა არისო? ასათიანმა, რა თქმა უნდა, ამ ნივთის შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის ცოდნა უარყო. ფოლგაში 2 ტაბლეტნახევარი ნარკოტიკული ნივთიერება „სუბუტექსი" აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ზურაბ დათუაშვილს ჩადებითაც კი არ შეუწუხებია თავი, ანუ ნარკოტიკი კახას ჯიბეში არც მოუთავსებიათ, ისე გაასაღეს მის საკუთრებად. მოგვიანებით კახა იხსენებს, რომ დათუაშვილმა ჯერ კიდევ კიბეებზე აყვანის დროს სცადა მისთვის ჯიბეში რაღაცის ჩაცურება, თუმცა, მან მკვეთრი მოძრაობით და რეპლიკით არ მისცა ამის საშუალება. სპექტაკლი ამით არ დამთავრებულა. რამდენიმე საათში გამომძიებელმა კახა ასათიანს მოსთხოვა, დაკავების და ჩხრეკის ოქმზე ხელი მოეწერა.


- მერედა, რა არის ამაში გასაკვირი?

 

- ახლავე მოგახსენებთ. კახას ხელი არ მოუწერია, რადგან უკანონო პატიმრად მიაჩნია თავი. 21 აგვისტოს იზოლატორში გლდანი-ნაძალადევის პროკურორმა მარიამ სორდიამ გამომძიებლის თანდასწრებით წარუდგინა ბრალი 2602 მუხლის ფარგლებში, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორმა საგანგებოდ ჰკითხა ბრალდებულს, თუ რატომ არ მოაწერა ხელი დაკავების ოქმს. პასუხად მიიღო, რომ დაკავების და ჩხრეკის ოქმი არის გაყალბებული! საქმე იმაშია, რომ ხელბორკილდადებული კახა ასათიანი დაკავებისთანავე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და იქ გაჩხრიკეს, თუმცა, ოქმში მითითებულია, რომ ბრალდებული დაკავების ადგილზე, გლდანის „ა" მიკრორაიონში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიჩხრიკა! სწორედ ამ საფუძველზე, დაცვის მხარემ ჩხრეკის კანონიერებაში შეიტანა ეჭვი. მოწმე გოჩა მუკბანიანიც ადასტურებს, რომ დაკავების ადგილზე კახა არ გაჩხრეკილა.


- მოახერხეთ მოსამართლის დარწმუნება ჩხრეკის ოქმის უკანონობაში?

 

- შედეგი სახეზეა: მოსამართლემ კახა ასათიანს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, გირაო შეუფარდა. სასამართლოზე კახამ მის თავს გადამხდარი ამბავი მოჰყვა და მოსამართლემ პროკურორს კითხვით მიმართა - აწარმოა თუ არა მან გამოძიება ბრალდებულის მონათხრობთან დაკავშირებით? პროკურორმა მიუგო, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და, ამდენად, გამოძიება საჭიროდ არ ჩაუთვლია. პასუხად მოსამართლემ პროკურორს მკაცრად მოსთხოვა, დეტალურად გამოეძიებინა ბრალდებულის მონათხრობი! საქმე იმაშია, რომ ჩხრეკის დაკანონება სწორედ ამ მოსამართლემ მოახდინა, თუმცა, პროკურატურამ მოსამართლე მოატყუა, როცა ამცნო, რომ ჩხრეკა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა! გასათვალისწინებელია, რომ დაკავების საფუძველი მხოლოდ ჩხრეკის ოქმი გახდა. სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ გააჩნია! თუ დადგინდება, რომ ჩხრეკის ადგილი გაყალბებულია, ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს დევნისგან, ხოლო გამყალბებელი პოლიციელები მკაცრად დაისაჯონ! პროკურატურამ მოსამართლის ეს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და კახას პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო და პროკურორს, წინა მოსამართლის გადაწვეტილება- აღსრულებისკენ,  ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა!


- კი მაგრამ, პოლიციის განყოფილების გარე პერიმეტრი და ინტერიერი ხომ სათვალთვალო კამერებითაა სავსე! ამოაღებინეთ მათი ჩვენებები და გამოჩნდება, რომ ჩხრეკა სწორედ პოლიციაში მოხდა...

 

- მე ეს საკითხი სასამართლოს სხდომაზე დავსვი და მოსამართლეს საგანგებოდ მივმართე - ისე არ აღმოჩნდეს, რომ ეს ჩანაწერები გაქრეს ან წაიშალოს-მეთქი. სამწუხაროდ, ვარაუდი გამართლდა. გამომძიებელმა სერგი მანჩხაშვილმა და ზურაბ დათუაშვილმა მაცნობეს, რომ 19 აგვისტოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების შენობის გარე პერიმეტრზე და შიგნით დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ვერ მოიძებნა! ასეთი რამ გამორიცხულია. სრულიად გაუგებარია, რატომ იყო პოლიციაში ყველა სათვალთვალო კამერა გამორთული? ჩანაწერები დაგვიმალეს მხოლოდ ერთი მიზეზით - იმ ფირებზე ჩანს, რომ ჩხრეკა სწორედაც პოლიციაში მიმდინარეობს! პირდაპირ ვაცხადებ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სწორედ პოლიციის თანამშრომლებმა გაანადგურეს, რადგან მათ დანაშაულზე მეტყველებდა!


- ამჟამად, რა მდგომარეობაშია საქმე, ბატონო როლანდ?

 

- დაცვის მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოვიპოვეთ, რაც კახა ასათიანის უდანაშაულობას ადასტურებს. ამ ეტაპზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ ამ მტკიცებულებებზე. მივმართეთ თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს და ვთხოვეთ, დაიწყოს გამოძიება ყალბისმქმნელი გამომძიებლის ზურაბ დათუაშვილის, ასევე კახას ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული პოლიციელების მიმართ, რათა ჩხრეკის ჩატარების ზუსტი ადგილი დადგინდეს! ასევე ვითხოვთ, დაიკითხოს პოლიციელი ალექსი მელაძე, რომელმაც მიიღო ან თავად შეთხზა ყალბი ინფორმაცია, თითქოს კახა ასათიანი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა და თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. იქნებ, მელაძე ინფორმატორმა მოატყუა? თუმცა, ასეც რომ იყოს, ზურაბ დათუაშვილი და ჩხრეკის ოქმში დასახელებული პოლიციელები მაინც ყალბისმქმნელები და დამნაშავეები ბრძანდებიან, რადგან ჩხრეკის ადგილი გააყალბეს და ასეთი ცრუმტკიცებულების შექმნით გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს. ამ საკითხების გარკვევის გარეშე გამოძიება სრულყოფილად ვერ ჩაითვლება!


- ბატონო როლანდ, კახა ასათიანი ნარკოტიკებთან ურთიერთობაში ოდესმე თუ ყოფილა შემჩნეული?

 

- არასოდეს! მისი ყველა ნაცნობი დაბეჯითებით ამბობს, რომ ნარკოტიკებთან რაიმე კავშირი კახას არასოდეს ჰქონია. ექსპერტიზაც ჩაუტარეს ყველანაირ ნარკოტიკზე და ფსიქოტროპულ საშუალებებზე. პასუხი ცალსახად უარყოფითი იყო, ანუ ოპერატიული ინფორმაციით, თითქოს კახა ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა - არ დადასტურდა! მხოლოდ გაყალბებული ჩხრეკის ოქმი რჩება კახას წინააღმდეგ ერთადერთ მტკიცებულებად. წინასასამართლო სხდომა 7 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ამ დღეს გაირკვევა, დაუშვებს თუ არა სასამართლო საქმის არსებით განხილვას. ჩემი შინაგანი რწმენა მკარნახობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მართლაც უდანაშაულოა, ამიტომ „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ვაცხადებ, რომ ამ საქმის განხილვა იქნება ერთგვარი ტესტი ხელისუფლებისთვის, აპირებს თუ არა სამართლიანი სახელმწიფოს აშენებას... კახა ასათიანი არანაირ გარიგებაზე წასვლას არ აპირებს და ამბობს, რომ თავისი უდანაშაულობის წარმოსაჩენად ბოლომდე იბრძოლებს, თუნდაც ეს ბრძოლა ციხეში უკანონო ხანგრძლივ პატიმრობად დაუჯდეს.


P. S. კახა ასათიანის შემთხვევა არც პირველია და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი. უფლებადამცველები უამრავ ადამიანზე მიანიშნებენ, ვინც პოლიციის მხრიდან ჩადებების მსხვერპლი გახდა. ალბათ, ვიდრე მოსახლეობას პოლიციაზე გული სამუდამოდ აცრუებია, თავად შსს-ს ხელმძღვანელობამ, გენერალურმა ინსპექციამ და პირადად მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთელი თავიანთი ძალისხმევა იქითკენ უნდა მიმართონ, რომ გამოავლინონ და მკაცრად დასაჯონ მათ რიგებს შეხიზნული ნაძირლები, რომლებიც არა მხოლოდ მუნდირის ღირსებას, არამედ სრულიად საქართველოს და მისი ხელისუფლების დემოკრატიულობის იმიჯს ანადგურებენ!


ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016