reportiori.ge - გიგლა გობეჩია: ივერი ფრანგიშვილი რომ არ მოეკლათ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობას მე 2004-2005 წლებში გავხსნიდი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:50
პრეს-დაიჯესტი
გიგლა გობეჩია: ივერი ფრანგიშვილი რომ არ მოეკლათ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობას მე 2004-2005 წლებში გავხსნიდი!
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2014. 23:09

 

 

ზვიად გამსახურდიას საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა!

 

ცნობილი ჟურნალისტი, ჟურნალ „ფენომენის" რედაქტორი, პროფესორი გიგლა გობეჩია 20 წელია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ბურუსით მოცულ საქმეს იძიებს და ამ ხნის განმავლობაში ტიტანური სამუშაოც აქვს გაწეული. დიახ, გიგლა გობეჩიამ ფეხდაფეხ მოიარა სამეგრელოს ის ადგილები, სადაც დევნილი პრეზიდენტი მხლებლებთან ერთად გადაადგილდებოდა, ჩერდებოდა, პურს ტეხდა და ღამეს ათევდა. გიგლა გობეჩიამ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ასობით მოწმე გამოჰკითხა და ბევრ ბუნდოვან დეტალს ნათელი მოჰფინა. ძიებას კვლავაც აგრძელებს და ამბობს, რომ მანამდე არ გაჩერდება, სანამ არ დაამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი კი არ მოუკლავს, არამედ იგი საქართველოს დაუძინებელმა მტრებმა და სამშობლოს გამყიდველმა რენეგატებმა მუხანათურად მოკლეს.


- ბატონო გიგლა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეში რაიმე ახალი დეტალი ხომ არ აღმოგიჩენიათ?

 

- წლევანდელ ზაფხულს რამდენიმე კვირა დავყავი სამეგრელოში და შევხვდი ახალ მოწმეებს, რომლებმაც პირველი პრეზიდენტის საქმის გარშემო დღემდე უცნობი რამდენიმე დეტალი გამიმხილეს!


კერძოდ, წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში ვესტუმრე ერთ პიროვნებას, რომელიც ეროვნული მოძრაობის ქტივისტი გახლდათ. ინფორმაცია მქონდა, რომ ამ კაცის ოჯახში, რამდენიმე მხლებელთან ერთად, ორი ღამე გაათია ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსმა რობიზონ მარგველანმა.


შეგახსენებთ, რომ რობიზონ მარგველანს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, როცა სამეგრელოში გადავაადგილდებოდით, ფული არ გვქონდა, საჭმელს ვერ ვჭამდით და შიმშილით ვკვდებოდითო...


ამ კაცმა, რომელსაც ნაკიფუში შევხვდი და რომლის ოჯახშიც მარგველანი იმყოფებოდა,  ასეთი რამ მითხრა - რობიზონს ჟილეტი ეცვა, რომელსაც შიგნიდან რამდენიმე ჯიბე ჰქონდა ჩაკერებული და მარგველანს ეს ჯიბეები დოლარების „პაჩკებით" ჰქონდა გამოტენილიო!


- ამ კაცმა ეს თავის თვალით ნახა?

 

- დიახ, თავის თვალით ნახა და დამიდასტურა! ე.ი. თანხა, რომელიც დევნილი პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების საჭიროებისათვის იყო განკუთვნილი, რობიზონ მარგველანს ჰქონდა და ეს თანხა შემდეგ სადღაც გაქრა! სად და რატომ გაქრა? - ამ კითხვაზე რობიზონ მარგველანს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა!


კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში რობიზონ მარგველანს აუცილებლად დავუსვამ, ასეთია - სად გაქრა ის იარაღი და ტყვია-წამალი, რომლითაც „МАЗ"-ის ტიპის სატვირთო მანქანა იყო გავსებული? გადამალეს, გაყიდეს თუ რა უქნეს? მარგველანს მოუწევს ამ კითხვაზეც პასუხის გაცემა.


- ეს იარაღი და ტყვია-წამალი საიდან დაიკარგა?

 

- წალენჯიხის ტერიტორიაზე დაიკარგა!


- იქნებ დაასახელოთ იმ კაცის სახელი და გვარი, რომელსაც ნაკიფუში შეხვდით და რომელმაც რობიზონ მარგველანს ფულით გამოტენილი ჯიბეები უნახა!

 

- ეს კაცი გახლავთ მაგდან მოლაშხია!


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - მე რომ გამომძიებლის სტატუსი მქონდეს და ყველა მოწმის დაკითხვაზე დაბარება შემეძლოს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს მაქსიმუმ 6 თვეში გავხსნი!


მთელი უბედურება ის არის, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 წელია გასული და მოწმეებსაც უკვე ავიწყდებათ კონკრეტული დეტალები, კონკრეტული თარიღები აღარ ახსოვთ, არადა, გამოძიებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია!


მეტიც, თანდათან იღუპებიან ის ადამიანები, რომლებსაც გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.


აი, მაგალითად, რამდენიმე თვის წინათ სოფელ ჭაქვინჯში გარდაიცვალა ექიმი გივი ჯიქია, უწესიერესი ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც ცოცხალი ზვიად გამსახურდია ნახა.


გივი ჯიქიამ ზვიადს წამლები მიუტანა, მაგრამ პრეზიდენტმა არ დალია. ექიმი მიხვდა, რატომაც არ სვამდა წამლებს ზვიადი და უთხრა, - მენდეთ, საწამლავი არ არისო და ეს რომ დაემტკიცებინა, რამდენიმე აბი თვითონაც გადაყლაპა, მაგრამ ზვიადმა უთხრა, მე სწორედ ნდობამ დამღუპაო!


- რას ნიშნავს „ნდობამ დამღუპაო"?

 

- ზვიად გამსახურდია, ალბათ, იმ ადამიანებს გულისხმობდა, რომლებიც მას სულ სხვა რამეს ჰპირდებოდნენ და გროზნოდან სამეგრელოში ჩამოსულს სულ სხვა რამ დაახვედრეს.


დიახ, მე მყავს მოწმეები, რომ ლოთი ქობალიას გვარდიელებში ხელმოწერები შეგროვდა და გროზნოში ზვიადს მიმართვა გაუგზავნეს, ჩამოდით, 25 ათასი კაცი გვყავს, თავიდან ბოლომდე შეიარაღებულნი ვართ, ყველაფერი ჩვენს ხელშიაო, მაგრამ პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა, მხოლოდ ბადრი ზარანდია დაახვედრეს თავის 200-300 კაცით! როგორც მოწმეებმა მითხრეს, ზვიადმა ეს რომ დაინახა, თავში ხელები შემოირტყა!


- ბატონო გიგლა, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებს ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება რატომაც არ უნდოდათ, გასაგებია, მაგრამ ახალი ხელისუფლება რატომ არ იჩენს ინტერესს ამ საქმის მიმართ?

 

- სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლება მაინც გააკეთებდა რამეს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოსაძიებლად და არ მინდა, ეს იმედი ბოლომდე გადავიწურო!


ელემენტარული პოლიტიკური ნებაა საჭირო და ეს საქმე ძალიან მარტივად გაიხსნება!


- მერედა, რატომ არ არსებობს ეს პოლიტიკური ნება?

 

- არ არსებობს იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო მთავარ მოკავშირედ და პარტნიორად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს! კარგად გვახსოვს, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უფროსის ნათქვამი, გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო. ამ „დინების საწინააღმდეგოდ ცურვას" ამერიკელები დღესაც არ პატიობენ გამსახურდიას და ამიტომაც არ იხსნება მისი მკვლელობა!


რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა ამერიკელები თავიანთი მოკავშირის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გახნის ნებართვასაც კი არ იძლევიან!


ეჰ, დიდი ქართველი მეცნიერი, ბატონ ივერი ფრანგიშვილი რომ არ მოეკლათ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობას 2004-2005 წლებში გავხსნიდი!


- ივერი ფრანგიშვილი რა შუაშია?

 

- პროფესიონალმა და ელიტარულმა კრიმინალისტებმა კარგად იციან, რომ არსებობს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება გარდაცვლილი ადამიანის სუბსტანციასთან კონტაქტში შესვლა და მისგან პასუხის მიღება!


- თქვენ ივერი ფრანგიშვილთან გქონდათ ამ თემაზე საუბარი?

 

- ახლა ექსკლუზივს დამტყუებთ! დიახ, მე მქონდა ბატონ ივერისთან საუბარი ამ თემაზე. 2006 წლის მაისში უნდა ჩავსულიყავი მოსკოვში ივერი ფრანგიშვილთან, ერთად ჩავატარებდით ამ ექსპერიმენტს და იგი სრულ სურათს მაჩვენებდა, როგორ მოხდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა!


რადგან ამ თემაზე ამალაპარაკეთ, გეტყვით, რომ ბატონ ივერი ფრანგიშვილს თავისთვის უკვე ჩატარებული ჰქონდა ეს ექსპერიმენტი!


- ანუ მან იცოდა პასუხი, ზვიად გამსახურდია მოკლეს თუ თავი მოიკლა?

 

- დიახ, 90-პროცენტიანი სიზუსტით იცოდა! ცდომილება, პრაქტიკულად, არ ჰქონდა!


- და რას ამბობდა ივერი ფრანგიშვილი?

 

- ძალიან გთხოვთ, დეტალების დაკონკრეტებას ახლა ნუ მომთხოვთ! მოვა დრო, და, პირობას გაძლევთ, ამის შესახებ აუცილებლად ვილაპარაკებ!


- დეტალების დაკონკრეტებას არ გთხოვთ, უბრალოდ, ის მითხარით, რა დასკვნამდე მივიდა ივერ ფრანგიშვილი თავისი ექსპერიმენტის შედეგად?

 

- ივერი ფრანგიშვილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს!


კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბესარიონ გუგუშვილსა და რობიზონ მარგველანს, რომლებმაც სიმართლე იციან და მალავენ ამ სიმართლეს - თქვით სიმართლე! ძალიან კარგად იცით, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს!


ძალიან ბევრი მოწმე, რომლებთანაც ჩემი ჟურნალისტური გამოძიების პერიოდში შეხება ჰქონდა და რომლებიც აშკარად ცრუობდნენ, ისეთი საშინელი ტანჯვა-წამებით გარდაიცვალნენ, რომ სიკვდილის წინ ცას და მიწას შეჰღაღადებდნენ, ასეთი რა დავაშავეთო!


მარგველანსა და გუგუშვილს სანამ მსგავს სასჯელს მოუვლენს  უფალი და განწირული ხმით ააბღავლებს, მანამდე თქვან სიმართლე!


ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016