reportiori.ge - რატომ არ ასაჯაროებს ალეკო ელისაშვილი „სითი პარკზე“ დაანონსებულ სკანდალურ დოკუმენტებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:14
ინტერვიუ
რატომ არ ასაჯაროებს ალეკო ელისაშვილი „სითი პარკზე“ დაანონსებულ სკანდალურ დოკუმენტებს?
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2014. 23:15



„სითი პარკის" საქმე კვლავაც ერთ-ერთი პრიორიტეტულია თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობისთვის. დიდი ალბათობით, ხალხის მძარცველ ამ კომპანიას, მალე გააძევებენ თბილისიდან. მართალია, მერია ამ კომპანიას უტოვებს შანსს, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები შეცვალოს, მოქალაქეებისა და მერიის ინტერესებზე ორიენტირებული გახადოს, მაგრამ შესაძლოა, ვერც კონტრაქტის შეცვლამ უშველოს „სითი პარკს". 


30 სექტემბერს თბილისის ვიცე-მერმა, ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, მერიამ ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება კომპანიასთან და მერე, როგორც კონტრაქტშია მითითებული, სადავო საკითხები ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილოს. 


საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, დიდი ხანია, აცხადებს, „სითი პარკისა" და მერიის ყოფილი ხელმძღვანელობის შესახებ, ისეთ დოკუმენტებს გამოვაქვეყნებს, რომ გიგი უგულავას, მის ყოფილ გარემოცვასა და „სითი პარკის" ხელმძღვანელებს, უთუოდ პროკურატურასთან მოუწევთ საქმის დაჭერაო. ელისაშვილის დათქმული ვადა, ორი კვირა, რა ხანია გავიდა. არადა, სწორედ ახლაა საშური, თუ მას ხელთ რაიმე კომპრომატი აქვს „სითი პარკის" ხელმძღვანელებზე, გამოაქვეყნოს, რაც მერიას ამ კომპანიის თბილისიდან გაგდებაში დაეხმარება. 


ალიამ" უკვე მერამდენედ შეახსენა ელისაშვილს დაპირებული დოკუმენტების გამოქვეყნება: 


- ალეკო, ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, რომ სითი პარკს", შესაძლოა, მერიამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელოს... 


- მე ვიცი, რომ მარგიშვილმა თქვა, შესაძლოა, „სითი პარკთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმოთო. 


- ეგ შემდეგ თქვა, მანამდე კონტრაქტის შესაძლო შეწყვეტაზე ისაუბრა. ფაქტია, მერია მოსურნეა, დაიფრინოს ეს კომპანია თბილისიდან და ახლა, ის დოკუმენტები, რომელთა გამოქვეყნებასაც საზოგადოებას დაჰპირდით, სითი პარკთან" ბრძოლაში მერიის ხელმძღვანელობას დიდად წაადგებოდა. რატომ ჭიანურდება ასე ამ მასალების გამოქვეყნება? 


- კიდევ მჭირდება დრო, რომ ეს მასალები სრულად გადმომეცეს. ადრეც ხომ გითხარით, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები არ მოუწოდებიათ ჩემთვის. სწორედ ამ დოკუმენტებით მტკიცდება კორუფციული კავშირი მერიის ყოფილ ხალმძღვანელობასა და "სითი პარკის" მესვეურთა შორის. 


- იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც ჯერ თქვენთვის არ გადმოუციათ,  კონკრეტულად, მერიის რომელი მაღალჩინოსნების კორუფციული კავშირები იკვეთება სითი პარკთან". გიგი უგულავა ვიცი. მამუკა ახვლედიანი და მერიის სატრანსპორტო სამსახურის ყოფილი უფროსი, აკაკი ჯოხაძეც ხომ არ არიან მაგ სიაში?

 

- ვინც ეს დოკუმენტები უნდა მომცეს, ცხადია, მათ მომიყვნენ ამ მასალების დეტალების შესახებ. აკაკი ჯოხაძის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გიგი უგულავა და მამუკა ახვლედიანი ნამდვილად არიან გარეულნი ამ კორუფციულ სქემაში, იქითა მხრიდან კი - „სითი პარკის" რამდენიმე ხელმძღვანელი. 


- ამ ეტაპზე, ვიდრე დოკუმენტებს მოგაწვდიან, არ შეიძლება, გვითხრათ იმ დეტალების შესახებ, რაც თქვენთვის ცნობილია ამ კორუფციულ გარიგებებზე? 


- არა, ვიდრე დოკუმენტებს ხელში არ დავიჭერ, ამ დეტალებს ვერ გავახმაურებ. რაღაც კონკრეტული რომ დავაბრალო გიგი უგულავასა და მის გუნდს, ან "სითი პარკის" მესვეურთ, მტკიცებულებები ხომ უნდა მეჭიროს ხელში? 


- ალეკო, დოკუმენტების ნაწილი ხომ გადმოგცეს და რაც ხელთ გაქვს, ეგ მაინც მიაწოდეთ მერიას, რომ სითი-პარკთან" სამართლებრივი დაპირისპირებისას გამოადგეთ. ეს პროცესი კი, მგონი, შორს არ არის. 


- მთავარი მამხილებელი დოკუმენტები ჯერ არ გადმოუციათ, რაც მაქვს, ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მერიას „სითი პარკთან" დაპირისპირებაში დიდად წაადგეს, ანდა თავად მერიის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა ვერ მოიძიონ. ეს, წესით, არ გაუჭირდებათ. აი, რასაც მერე მომაწვდიან, ყველაზე მთავარ დოკუმენტებს, მათ ჯერ გავასაჯაროებ და მერე გადავცემ პროკურატურას. წინასწარ ვიცი, რომ იმ დოკუმენტებით მრავალი ადამიანის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება. 


იმ დოკუმენტებს მერე, ცხადია, მერიასაც გადავცემ, მე ყველანაირად მხარში ვუდგავარ მერიის დღევანდელ ხელმძღვანელობას „სითი პარკთან" კონფრონტაციაში და ეს ბრძოლა რომ მოიგოს მერიამ, ამისთვის ვიბრძვი ამდენ ხანს და „სითი პარკისა" და გიგი უგულავას კორუფციული გარიგებების დამადასტურებელ მასალებს დავუჭერ? მაგრამ, აი, რა ვთქვა, არ ვიცი, ძალიან გაჭიანურდა იმ, მთავარი დოკუმენტების გადმოცემა. რატომ ხდება ასე, ვერაფერს გეტყვით. 


- კერძო პირებმა უნდა გადმოგცენ ის დოკუმენტები თუ იურიდიულმა? 


- კერძო პირები არიან. 


- საიდან ჩაუვარდათ ხელში კერძო პირებს ასეთი მნიშვნელოვანი მასალები? 


- არ ვიცი, ეგ არც მიკითხავს. ხომ იცით, ჟურნალისტები თუ ყოფილი ჟურნალისტები თავიანთ წყაროებსა და მათთან დაკავშირებულ დეტალებზე ნაკლებად საუბრობენ. ჩემთვის მთავარია, მომცენ ის მასალები. რა ხანია, შემპირდნენ და დღემდე არ გადმოუციათ. 


- გამორიცხავთ, რომ სითი პარკის" ხელმძღვანელობამ დაბლოკა ეს პროცესი? დავუშვათ, ფული გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დოკუმენტების თქვენთვის გადმოცემას აპირებდნენ და ამით მოაგვარა საქმე - დოკუმენტები თქვენამდე ვერასდროს მოაღწევს? 


- არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა, ეს არ მინდა დავიჯერო. თავიდან ძალიან ენერგიული დაპირება იყო, მაგრამ მერე რაღაცნაირად შეფერხდა ეს პროცესი, დღემდე არ დაადგა იმ დოკუმენტების გადმოცემას საშველი, ბოლო ხანს კი ფეხს ითრევენ და რა დგას ამის უკან, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, ვიმეორებ, ყველაფერი შესაძლებელია. 


- ის დოკუმენტები, რომლებიც ხელთ გაქვთ, იმავე ხალხმა გადმოგცათ, რომლებიც ყველაზე მთავარი დოკუმენტების მოწოდებას გპირდებიან? 


- მოდით, ამ კითხვას არ ვუპასუხებ, ხომ გითხარით, არ მინდა ჩემი წყაროების შესახებ თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია გავავრცელო. 


- ალეკო, ბევრი ამბობს, რომ თქვენ ამ დოკუმენტების ამბავი ქულების ჩასაწერად დააანონსეთ და გაასკანდალეთ ქულების ჩასაწერად... 


- ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი იქონიოს, მაგრამ მე ეს სასაცილოდ არ მყოფნის. მე კიდევ პიარი მაკლია? დღე არ გავა, ათას საკითხზე კომენტარი არ გავაკეთო, მერიდება კიდეც, იმდენ რაღაცაზე მალაპარაკებენ ჟურნალისტები ყოველდღე. პიარისთვის არარსებულ თემებს ის იყენებს, ვისაც ტელევიზორში გამოჩენა უნდა. მე ეს არც დღეს მაკლია და წლების მანძილზე ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერით სამი გადაცემა მიმყავდა და კვირაში ხუთი დღე პირდაპირ ეთერში ვიჯექი. არც ქულების ჩაწერა მჭირდება, მე რასაც შემპირდნენ, მხოლოდ ის დავაანონსე და შევპირდი თბილისელებს, რომ, როცა გიგი უგულავასა და „სითი-პარკს" შორის კორუფციის დამადასტურებელ დოკუმენტებს გადმომცემდნენ, მათ გავასაჯაროებდი. მითხრეს, რომ ორ კვირაში გადმოგცემთო და მაშინ, მეც ეს ვადა დავთქვი. ახლა კი, უკვე გითხარით, რომ ეს პროცესი, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გაჭიანურდა. მე მართლა არაფერ შუაში ვარ, რომ დოკუმენტები დღეს მე არ მაქვს და იმედია, მალე მომაწვდიან შეპირებულს. 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016