XXI საუკუნის განვითარებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მიუხედავად, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, მაგალითად, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები და რამდენად განვითარებული ცივილიზაცია აქვთ.
მიუხედავად მრავალი ფილმისა, რომელიც UFO-ს შესახებ არის გადაღებული, უცხოპლანეტელი არსებების სხვადასხვა პროტოტიპია შექმნილი და რეჟისორების ფანტაზიით თუ პარანორმალურ მოვლენებზე დაყრდნობით ჩვენამდე მოსული, მაინც სკეპტიკურად ვართ განწყობილები მათი არსებობის საკითხზე. უფოლოგია დღემდე ეძებს კვალს მათი არსებობის დასამტკიცებლად და მიუხედავად დედამიწაზე ნაპოვნი არგუმენტებისა, მაინც არ გვჯერა. აი, კომუნისტებს კი, ალბათ, სჯეროდა მათი არსებობის და შესაძლოა, ჩვენს პლანეტაზე საცხოვრებელ პირობებსაც კი უქმნიდნენ.
რამდენად ეთანხმება ეს ფაქტი ზემოხსენებულ მოსაზრებას, უკვე თქვენ განსაჯეთ.
ეს მონუმენტი, რომელიც მართლა წააგავს უცხოპლანეტელების ხომალდს, მდებარეობს ბუზლუჯას მთაზე და წარმოადგენს ყველაზე დიდ იდეოლოგიურ შენობას ბულგარეთში. იგი აშენებულია 1981 წელს ბულგარეთის სოციალისტური პარტიის მიერ. მასთან მისასვლელი გზა ბულგარეთის ქალაქ სტარა ზაგორასა და შიპკას პროვინციის მხრიდან მიდის.
მისი მშენებლობა მთავრობის ფონდებით და მხარდამჭერთა დაფინანსებით განხორციელდა. „დიადი მიზნებისთვის“ განკუთვნილ მშენებლობაზე დაიხარჯა 14 186 000 ბულგარული ლევი, რაც დაახლოებით 7 000 000 ევროს შეადგენდა. მონუმენტი მაშინდელმა საინჟინრო ჯარებმა, ბულგარეთის არმიამ და მოხალისეებმა ააშენეს. ინტერიერის გაფორმებაში მოქანდაკეები და ცნობილი მხატვრები მონაწილეობდნენ.
ბუზლუჯას მონუმენტი მართლაც რომ ბულგარეთის სოციალისტურ-კომუნისტური ეპოქის შთამბეჭდავ მემკვიდრეობას წარმოადგენს. დიდებული აუდიტორიის ჭერს გიგანტური ნამგალი და ურო ამშვენებს, კედლებზე კი მარქსის, ენგელსისა და ლენინის სახეებია გამოსახული. სავარაუდოა, რომ აქ ბევრი საჭირბოროტო საქმე იგეგმებოდა და კომუნისტურ-სოციალისტური იდეოლოგია ემზადებოდა გალაქტიკის დასაპყრობად, თუმცა, 10 წელიწადში შენობამ ფუნქციონირება შეწყვიტა.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, „ბუზლუჯა“ საოცარ არქიტექტურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც დღესდღეობით განადგურების პირასაა.
მასზე განხორციელებული ვანდალური თავდასხმების მიუხედავად, მაინც საოცრად და საინტერესოდ გამოიყურება. ყოველწლიურად ბულგარეთის სოციალისტური პარტია აწყობს შეხვედრას, რომელიც იზიდავს ათასობით მიმდევარს. აგვისტოს პირველ კვირას ტარდება
ოფიციალური ზეიმი, სადაც დაახლოებით 30-40 ათასი ადამიანი იკრიბება „ბუზლუჯას“ ახლოს და ტკბება არაჩვეულებრივი სანახაობებით.
ვინც ეწვევით ბულგარეთს, აუცილებლად მოინახულეთ ეს შესანიშნავი ნაგებობა, რომელიც საიდუმლოებებით მოცულ ამბებს ინახავს. იმედია, მოხდება ასეთი ძეგლების რესტავრირება. ისინი ხომ თავის დროზე მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ და ეგონათ, ათასწლეულებს გაუძლებდნენ.
(სპეციალურად „რეპორტიორისთვის“ მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)