reportiori.ge - „თავისუფალი ზონის“ საიდუმლო გეგმები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:48
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„თავისუფალი ზონის“ საიდუმლო გეგმები
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2014. 19:01


„თავისუფალი ზონის" წევრებმა, ორი დღის წინ, კიდევ ერთხელ „გამოიჩინეს თავი" - გაზეთი „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი, ზაზა დავითაია უმოწყალოდ სცმეს. თუმცა, ეს დასაწყისია. „ნაცმოძრაობის" ფილიალს უფრო სერიოზული და მზაკვრული გეგმები აქვს.


„ალიამ" ექსკლუზიურად მოიპოვა კულუარული ინფორმაციები „თავისუფალი ზონის" მომავალი სამოქმედო გეგმების, მათი დაფინანსებისა და სხვა დეტალების შესახებ. დაფინანსებით დავიწყო. როგორც წყარო „ალიას" უცხადებს, სავარაუდოდ ძალიან მალე, „თავისუფალი ზონა" 5 მილიონ დოლარიან გრანტს მიიღებს. გრანტს ერთ-ერთი უნგრული არასამთავრობო ორგანიზაცია გამოუყოფს, რომელსაც „ლიბერალური დემოკრატიის განვითარების ფონდი" ჰქვია. აღნიშნული ფონდი უნგრეთში ზურაბ ადეიშვილსა და მასთან მყოფ საქართველოდან გაქცეულ „ნაციონალებს" დაუფუძნებიათ. დამფუძნებელთა შორის „ნაცმოძრაობის" მეგობარი, მათი თანამოაზრე უნგრეთის მოქალაქეებიც არიან. ამ ფონდში ფულს თავად „ნაციონალები" რიცხავენ იმ ოფშორული კომპანიებიდან, რომლებიც მათ გააჩნიათ. „ალიას" წყაროს ინფორმაციით, ფონდში 1 მილიონი დოლარი დავით კეზერაშვილმა გადარიცხა. როგორც წყარო ამბობს, უნგრეთის კანონმდებლობა, ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, იმის საშუალებას იძლევა, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კერძო და იურიდიულმა  პირებმა არასამთავრობო ფონდები და ორგანიზაციები დააფინანსონ. ამას, როგორც ვხედავთ, ჩინებულად იყენებენ „ნაციონალები".


ცხადია, ამ 5 მილიონს ისინი „ნაციონალების" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გამოიყენებენ. „ალია" არაერთხელ წერდა, რომ ამ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციაში  „ნაციონალთა" „ზონდერები" არიან თავმოყრილნი - შს სამინისტროდან და სასჯელაღსრულების სისტემიდან გათავისუფლებული ხალხი.  ამ ადამიანების ნაწილმა, თავის დროზე, თბილისის მერიას, სხვადასხვა რაიონების გამგეობებსა და საკრებულოებს შეაფარეს თავი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ამ „ზონდერების" ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს, დაახლოებით 150 კაცი. „ნაციონალებმა" ეს ხალხიც „თავისუფალ ზონაში" გააწევრიანეს და როგორც მანამდე ამ ორგანიზაციაში შეყრილ სხვა „ზონდერებს", მათთვისაც მაღალი ხელფასები დაუნიშნავთ - 2000-3000 ლარი. მათი უმრავლესობა საერთოდ არ ჩნდება „თავისუფალი ზონის" ოფისში, ისინი „ნაციონალებისგან" საჭირო დროს კონკრეტულ დავალებას ელოდებიან.


ახლა იმ ბინძურ მიზნებზე მოგახსენებთ, რომელთა განხორციელებასაც „ნაცმოძრაობა" „თავისუფალი ზონის" მეშვეობით აპირებს. „ალიას" წყარო აცხადებს, რომ მალე მისი „ზონდერები" გაიტაცებენ „ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მათ შორის, პარლამენტარებსაც, რომელთაც თბილისის გარეთ გაიყვანენ მანქანებით, ტყეში ან სადმე, სასაფლაოს ტერიტორიაზე მაგრად სცემენ და იქვე დააგდებენ. ცხადია, ამას ნიღბიანები გააკეთებენ და ამაზე „ნაციონალები" ყვირილს დაიწყებენ: „ისეთი უსუსურია ხელისუფლება და პოლიცია, უკვე დეპუტატებსაც იტაცებენ"; „ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის დეპუტატებზე სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყო" და ა.შ. ცხადია, ინფორმაციას დასავლელ მფარველებსაც მიაწვდიან და იქიდან ისინი დაიწყებენ თითის ქნევას.


გარდა ამისა, წყაროს თქმით, დაგეგმილია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის გატაცება ან ცემა. ცხადია, ესეც იმისთვის გაკეთდება, რომ მერე წიოკი ატეხონ და შეეცადონ, თავისიანების დასაცავად და „სისხლიანი ხელისუფლების" წინააღმდეგ, მომხრეები გარეთ გამოიყვანონ. ანუ, ეს ყველაფერი ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად და საპროტესტო აქციების დასაწყებად სჭირდებათ. მოკლედ, მალე ნუგზარ წიკლაურისნაირების ცემა-ტყეპა, გატაცების არაერთი შემთხვევა იქნება, თითქმის იმავე სცენარით - ნიღბებით.


„ნაციონალები" „თავისუფალი ზონის" გამოყენებას მარტო თბილისში არ გეგმავენ. გეგმის მიხედვით, „თავისუფალი ზონის" ოფისები უნდა გაიხსნას საქართველოს ათივე რეგიონში და რაც შეიძლება, მეტი. ცხადია, ამ ოფისებსაც ადგილობრივი „ნაციონალები" ჩაუდგებიან სათავეში, ადგილობრივ ზონდერებს" შიგნით შეყრიან და სტუდენტებსა და ახალგაზრდებს „ზემოდან გადააფარებენ", ვითომ უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებია და მეტი არაფერი. თუმცა, ამას უკვე აღარავინ ჭამს და ყველამ კარგად იცის, ვინ არიან „ზონელები".


„ნაციონალები" კიდევ ერთი ვირეშმაკური გეგმის რეალიზაციას აპირებენ. იმ ფულით, მალე „თავისუფალი ზონა" უნგრეთიდან რომ მიიღებს, დაგეგმილია ძლიერი მისაყურადებელი საშუალებების შეძენა. მიუხედავად კონტროლისა, თანამედროვე „ჟუჩოკების" შეძენასა და საქართველოში შემოტანას, სავარაუდოდ, მაინც მოახერხებენ „ნაციონალები". მერე ამ „ჟუჩოკებს" დააყენებენ „ნაცმოძრაობისა" და „თავისუფალი ზონის" მთავარ და რეგიონულ ოფისებში. ერთ დღესაც რომელიმე ოფისში მოსასმენს აღმოაჩენენ და მერე, ერთიმეორის მიყოლებით, ანალოგიურ მოსასმენებს ერთდროულად რამდენიმე ოფისში „იპოვნიან". მათ შორის, „რუსთავი 2"-ისა და მათი მხარდამჭერი სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტთა თანდასწრებით, რომ ამ სიყალბეს მეტი დამაჯერებლობა შემატონ, ხომ ხედავთ, თავად ჟურნალისტების თვალწინ აღმოვაჩინეთ „ჟუჩოკებიო". ცხადია, დიდი ხმაური მოჰყვება ამ ამბავს, შს სამინისტროს გადაბრალდება ყველაფერი - მთავარ ოპოზიციურ ძალას და მის მხარდამჭერ არასამთავრობოს უსმენს ხელისუფლებაო. ესეც „ნაცების" მომხრეების „ასაგებად", პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამიზნული პროვოკაციაა და მეტი არაფერი. ამით „ნაცები" საერთაშორისო მედიის ყურადღებასაც მიიპყრობენ და რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსი და დიპლომატი მათ მხარდამჭერ განცხადებებსაც გააკეთებს.


მოკლედ, „თავისუფალი ზონა" „ნაცებისთვის" გეგმის ნაწილია - ყველანაირად ეცდებიან, ეს ორგანიზაცია გამოიყენონ დესტაბილიზაციის დასაწყებად, იმ მომხრეების გამოსაყვანად, რაც შერჩათ, და არეულობის დასაწყებად. კობა ხაბაზს დაუქადნია კიდეც, - კაცი არ ვიყო, მთელ საქართველოს ეს ზამთარი ქუჩაში თუ არ გავატარებინოო.


„ალიამ" ის ინფორმაციები, რაც ზემოთ მოგახსენეთ, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს გააცნო. პასუხად მან გვითხრა: „შინაგან საქმეთა სამინისტრო აღკვეთს ყველა უკანონობას, რაც დაფიქსირდება და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამ უკანონობის ჩამდენი. ჩვენ გულდასმით ვეცნობით მედიით გავრცელებულ ინფორმაციებს შესაძლო საფრთხეების შესახებ, შესაბამისად, პრევენციულ ღონისძიებებსაც ვატარებთ და მომავალშიც გავატარებთ".



„ალია" შეეცადა „თავისუფალი ზონის" რომელიმე წარმომადგენელთან დაკავშირებას. გვაინტერესებდა, რა თანხებით ფინანსდება ეს ორგანიზაცია და რა პროექტებში ხარჯავენ ფულს? მართლა უნდა მიიღონ თუ არა 5-მილიონიანი დაფინანსება უნგრეთის არასამთავრობო  ფონდიდან? ასევე, გვინდოდა გვეკითხა, იმ 150 „ზონდერების" შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, ბოლო თვეებში შეიფარა ამ ორგანიზაციამ. გვაინტერესებდა „თავისუფალი ზონის" მომავალი გეგმების შესახებ, მართლა აპირებენ თუ არა რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებას. სტატიაში მოყვანილ სხვა თემების შესახებაც გვსურდა მათ წარმომადგენელთან საუბარი, მაგრამ „თავისუფალი ზონის" ლიდერებთან დაკავშირება ვერ შევძელით. კობა ხაბაზს ორივე მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მას „მესიჯი" ორივე ნომერზე მივწერეთ, დავუკონკრეტეთ, რა საკითხებზე გვსურდა მასთან საუბარი და თუ ტელეფონს ჩართავდა, დაგვკავშირებოდა, მაგრამ ხაბაზი გვიან ღამემდე არ დაგვკავშირებია.


„თავისუფალი ზონის" ლიდერების საკონტაქტო ნომრების გაგება „ნაცმოძრაობის" წევრებისგან შევეცადე, მაგრამ ამაოდ. გიგი წერეთელს გათიშული ჰქონდა ტელეფონი, სერგო რატიანმა ჩემს აზრებს არც მას შემდეგ უპასუხა, როცა მივწერე, რომ „ალიადან" ვაწუხებდი. ნუგზარ წიკლაურმა კი, რომ გაიგო, „ალიადან" ვურეკავდით, გამარჯობის თქმაც არ დამაცადა, ეგრევე გამითიშა ტელეფონი.


პუბლიკაციის გაცნობის შემდეგ, თუ სურვილი ექნებათ, მათ პოზიციასაც დავაფიქსირებთ.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016