reportiori.ge - მერიის საიდუმლო სია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:00
პრეს-დაიჯესტი
მერიის საიდუმლო სია
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2014. 19:03


დღეს საქართველოში არსებობს უამრავი ეროვნული ფედერაცია თითქმის ყველა სპორტულ სახეობაში. მაგალითად, ფიგურული სრიალის, ბატუტზე ხტომის, ბეისბოლისა და სოფტბოლის, ცხენოსნობის, ხუთჭიდის, ბადმინტონის, ბალახის ჰოკეის და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ ფეხბურთზე, კალათბურთზე, ჭიდაობაზე, რაგბსა და ფრენბურთზე. კი, ბატონო, კარგია, რომ არსებობს, რაც მეტი იქნება, მით უკეთესი, მაგრამ, როგორც ამბობენ, აქედან თითქმის ყველა ფედერაცია „ნაციონალებს" და კერძოდ გიგი უგულავას თავიანთი საფარის ქვეშ ჰყავდათ მოქცეული, აქედან მოედინებოდა საარჩევნო ყუთებში მათ სასარგებლოდ ხმები. თუმცა არა მხოლოდ ხმები, ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმეები იმისა, როგორ აქტიურობდნენ კრიტიკულ მომენტებში, მაგალითად, მოჭიდავეები.


ამ დღეებში „ალიას" გადასცეს იმ მწვრთნელების სია, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ სახეობებში მოღვაწეობენ და ხელფასებს ოფიციალურად თავიანთივე ფედერაციებში იღებენ, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ისინი ბოლო 3 წლის განმავლობაში ასევე ფინანსდებოდნენ თბილისის მერიიდან. „ალიას" მიერ მოპოვებული სია დათარიღებულია 2014 წლით. ბოლო ხელფასები გაცემულია აგვისტოში. როგორც მერიაში კულუარულ დონეზე ამბობენ, უკვე დადგა დრო, „ნაციონალურ" მოსყიდვას დაესვას წერტილი, ამ ადამიანებს ყოველთვიურად 500 ლარს იმიტომ უხდიდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ და არჩევნების პერიოდში მათი საშუალებით ხმებიც მოეზიდათ. მაშინ როგორ მოხდა, რომ ეს საკითხი ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც, მთელი 2 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული დარჩა?


როგორც პარლამენტარი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი ამბობს „ალიასთან" საუბარში, სანამ დავით ნარმანიამ არ ჩაიხედა დოკუმენტებში, მანამდე ხმას არავინ იღებდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ფაქტზე მერიაში საუბრები მხოლოდ ახლა დაწყებულა. სანამ მის კომენტარს შემოგთავაზებთ, გაგაცნობთ მკლავჭიდის მწვრთნელების ვინაობას:


1. გურჩიანი ერეკლე; 2. თვალიაშვილი გიორგი; 3. დემეტრაშვილი გიორგი; 4. ნიორაძე ლევანი; 5. ხვედელიძე მალხაზ; 6. ჯუღელი გივი.


სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ის ამ ადამიანებიდან მხოლოდ ერთს იცნობს - ერეკლე გურჩიანს, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლამდე მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მან ჯაჭვლიანი შეცვალა 2011 წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როცა ჯაჭვლიანი „კაპეზეში" გამოამწყვდიეს:


- რას ლაპარაკობ? მე მკლავჭიდის ეროვნულ ნაკრებში მთავრობა ორ მწვრთნელს ძლივს მიფინანსებს. ამის შესახებ მეც გავიგე, თბილისის მერიაში ისეთი დოკუმენტები ამოვიდა, ხელფასები ისეთ ადამიანებს აქვთ დანიშნული, გაოცდები. ეგეც ვნახე,რომ თურმე მე მკლავჭიდის ფედერაციაში მყავს 6 მწვრთნელი. აქედან მე ვიცნობ მხოლოდ ერთ ადამიანს - ერეკლე გურჩიანს. ეს ადამიანები წლების განმავლობაში იღებდნენ ფულს, ერთი მკლავჭიდელი მაინც მაჩვენონ, ვინ გაწვრთნეს და რომელ დარბაზში?


- სოსო, ეს ადამიანები მერიიდან იღებდნენ ხელფასებს, დაფიქსირებული თუ არის, რაში იღებდნენ ფულს?

 

- არაფერში... გეუბნები, ამ ვითომ მწვრთნელებს საერთოდ არ ვიცნობ. ჩემი ფედერაციის მაგალითზე გეტყვი, რომ ესენი არ არიან მწვრთნელები. ამის შესახებ ახლა გავიგე, აქამდე არაფერი არ ვიცოდი. უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანები ამ წუთამდე იღებენ ხელფასებს არაფერში. ამიტომაც გაიძახიან „ნაციონალები" ჩვენ დავბრუნდებითო, ამდენი „თანამებრძოლი" ჰყავთ გაფორმებული და რატომაც არ ექნებათ დაბრუნების იმედი? მარტო სპორტის სახეობებში „ნაციონალებს" გაფორმებული ჰყავდათ 400-ზე მეტი ადამიანი, ვითომ მწვრთნელები. დავით ნარმანია რამდენიმე თვის წინ გახდა მერი. ამ საკითხის შესწავლა მიდის და როგორც მე მითხრეს, ეს უმსგავსობა შეწყდება. აქ მინიმალური ხელფასი 500 ლარი იყო. რამდენ არამზადას უძლებს ეს ქვეყანა და როგორ უძლებს, მე კიდევ მიკვირს. მე არ ვიცი, რა მდგომარეობაა სხვა სფეროებში, როგორც მითხრეს, ხელოვნებაში, კულტურაში, მედიცინაში და სხვაგან ასეულობით ადამიანი ჰყავთ გაფორმებული. ამიტომაცაა ატეხილი რია-რია. ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დაიდოს, ალბათ უახლოეს ხანში ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდებით და ამ საკითხზეც იქნება ლაპარაკი. სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ყველაფერი, დღემდე „მაყუთს" იღებდნენ, არც კი რცხვენიათ. ნარმანიას მოსვლამდე ამ ყველაფერს მერიაში მალავდნენ. „ნაციონალები" ისე ფულს ვინმეს აძლევდნენ?  თუ აძლევდნენ, ეს ადამიანები დავალებებსაც იღებდნენ.


ერეკლე გურჩიანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ხელფასი კი არა, დახმარებაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დააწესა:


- ვინც ახლა ჩამომითვალეთ, ყველა მწვრთნელია. ახლაც არიან ქალაქის ფედერაციაში. მერიამ შექმნა ქალაქის ფედერაციები და იქიდან გვიხდიდნენ.


- ახლა თქვენ ქალაქის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ, ხომ?

 

- დიახ, ჩვენი ფედერაცია არის ცალკე იურიდიული პირი, ჩემი დაფუძნებულია უშუალოდ.


- ერეკლე, არსებობს პრეტენზია, რომ თქვენ 2012 წლამდე იყავით მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და დამატებით მერიიდან იღებდით სხვა მწვრთნელებთან ერთად ხელფასს, ანუ იყავით „ნაციონალების" მიერ მოსყიდული.

 

- მე და ეს მწვრთნელები ვაკეთებდით დიდ საქმეს, ვემსახურებოდით სპორტის განვითარებას.


- ამიხსენით, მერიიდან ცალკე რატომ ფინანსდებოდით?

 

- მერიამ ოფიციალურად დაიწყო თბილისის ფედერაციების დაფინანსება, ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია. ჩვენ ახალ თაობას ვზრდით, ამაში რა არის ცუდი? დღეს ისე გამოდის, თითქოს არაფერი გამიკეთებია და ვარ დამნაშავე. მერიაში ქალაქის 38 ფედერაცია შედის. ახლა ფულის მოცემა კი არ უნდა შეგვიწყიტონ, პირიქით, დახმარებები უნდა გაგრძელდეს, ჯანმრთელი თაობა უნდა გავზარდოთ.


- თქვენ პირადად რამდენს იღებდით ყოველთვიურად?

 

- მე ვიღებდი 500 ლარს, მწვრთნელებს გვეხმარებოდნენ.


- ეს როდის დაიწყო

 

- 3 წელი იქნება... ეს იმ ხელისუფლებამ დაიწყო და არანაირი შეხება არა აქვს სხვა რამესთან.


- ფაქტია, რომ „ნაციონალებმა" 2011-ში დაიწყეს ფულის მოცემა.

 

- თითქოს ჩვენ „ნაციონალებმა" მოგვისყიდეს, ეს არის ძალიან ცუდი ბრალდება, ეს დახმარება იყო სპორტის განვითარებისთვის, ჩვენ ვაჩვენეთ შედეგებიც.



როგორც ხედავთ, აქ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაც იჩენს თავს - რატომ მოხდა ეროვნული ფედერაციების დუბლირება და შეიქმნა ქალაქის ფედერაციები, სადაც იგივე ხალხია შეყვანილი? ხომ არ არის აქ ჩადებული გიგი უგულავას ხრიკები? როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ჭანიშვილი ამბობს „ალიასთან" საუბარში, ეროვნული ფედერაციების მთავარი დამფინანსებელი არის სამინისტრო:


„მერიამ გამოყო ცალკე თანხები, ისინი ცალკე აფინანსებენ. სპორტის მიმართულება ცალკეა, სპორტსმენებსაც აფინანსებენ და მწვრთნელებსაც. მე არ ვიცი, იქ რა და როგორ ხდება, მაგრამ შემიძლია, რომ ეს დაგიდასტუროთ. ჩვენ მათ ვაძლევთ ხელფასებს, მაგრამ დამატებით მერიიდანაც გაიცემა".


თუ მკლავჭიდის სფეროში სულ 6 კაცი ფიგურირებს, ეს სია უფრო ვრცელია ჭიდაობაში:


ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

 

1. დავითაია დემერლანდი; 2. ხარაზოვი ვილიამი; 3. შელია აჩიკო; 4. ჭყონია ალექსანდრე; 5. კიკაძე კობა; 6. სულთანიშვილი მამუკა; 7. ქორიძე ხვიჩა; 8. რეხვიაშვილი დევი; 9. ბერიშვილი იოსებ; 10. ტატიშვილი ლაშა; 11. თინიკაშვილი ვაჟა; 12. გოგბერაშვილი პარმენ; 13. გოგინაშვილი ბესიკ; 14. ჯინჭველაშვილი გიორგი; 15. ტყეშელაშვილი კობა; 16. წერეთელი ავთანდილ; 17. ბოძაშვილი ვაჟა; 18. წიქარიძე ზურაბ; 19. ყიფიანი თამაზ; 20. სვანიძე ამირან; 21. ფევაძე ოთარ; 22. მჟავანაძე უჩა; 23. აფრიამაშვილი ამირან.



ეს არის სია ჭიდაობის ერთ სახეობაში, სხვა სიები არსებობს თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში. ამაზე უკვე „ალიას" მომდევნო ნომრებში მოგითხრობთ. სწორედ ბერძნულ-რომული ჭიდაობის მწვრთნელებმა აუტეხეს ამ დღეებში ერთი ამბავი თავიანთ პრეზიდენტ, ლუკა კურტანიძეს და კვერცხებიც დაუშინეს.


ერთ-ერთი მწვრთნელი, ლაშა ტატიშვილი „ალიასთან" საუბარში აცხადებს:


- ჩვენ დაგვინიშნეს ხელფასები, ეს დავიმსახურეთ და ვზრდით ბავშვებს, მომავალ თაობას, ამაში არის რამე ცუდი? თუ ვინმე ისე ჰყავთ გაფორმებული, როგორც მკვდარი სული, ეგ უკვე მე არ ვიცი. დღეს მთელი მსოფლიო გადასულია საბაზრო ეკონომიკაზე, თუ იქმნება რეალური პროდუქცია, ანაზღაურება უნდა მივიღო. თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, იმან დასკვნები გააკეთოს, ვისზე და რაზეა ლაპარაკი, სპორტს ცოტა სხვა ჭრილში შეხედონ, ჩვენ წლების განმავლობაში 1 დოლარზე რომ ვმუშაობდით, ამას სცენ პატივი, ამაზე ლაპარაკი უხამსობაა.


- ისე, ერთ რამეში მოგედავებიან, როცა მერიიდან ფინანსდებით, ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა.

 

- ზუსტად საბაზრო ეკონომიკაა, როცა მუშაობ, უნდა მიიღო, თუ არ მუშაობ, არ უნდა მიიღო.


- უნდა მიიღო, მაგრამ არა სახელმწიფოსგან. როცა თქვენი საქმიანობა მერიაზე გადის, ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა.

 

- როცა არ არის კანონმდებლობა, როცა სპორტის კანონი მოუწესრიგებელია და ამაზე ლაპარაკი არავის არ უნდა, რა უნდა გააკეთო, სად უნდა წახვიდე? სად უნდა წავიდნენ ბავშვები, რომლებსაც ჭიდაობა უნდათ?


- ჭიდაობის ფედერაციაში.

 

- მე 1961 წლიდან ამ საქმეში ვარ და კარგად ვიცი... როდესაც ქალაქში არ არის ბავშვთა სკოლა, ვისი ბრალია? როდესაც არ არის დარბაზები, ვისი ბრალია?


- მერიის.

 

- ამ შემთხვევაში სად მივდივართ?


- ისევ მერიაში.

 

- მე თანახმა ვარ, რომ მერიის ფინანსებში იყოს სრული გამჭვირვალობა და ვინც საქმეს აკეთებს, იმან თავისი უნდა მიიღოს.



მოკლედ, როგორც ხედავთ, ამ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა ყველას თავისებურად ესმის . აქ საინტერესო იქნებოდა ლუკა კურტანიძის პოზიციაც, ანუ მისი აზრი საბაზრო ეკონომიკისა და „ნაციონალური" პოლიტიკის შესახებ, მაგრამ მე პირადად 7-ჯერ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ 7-ჯერვე მომწერა, ცოტა ხანში დაგირეკავო. ახლა, მე მისი ფედერაციის რომელიმე მწვრთნელი არ ვარ, რომ კვერცხები დავუშინო, ზუსტად 8 საათი ველოდე და ბოლოს ხელი ჩავიქნიე. ისე, როგორც ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ზოგიერთებმა ენა გააჩერონ, თორემ მოჭიდავეებიდან ვინ იყო მიშა სააკაშვილის „ზონდერი", ყველას დავასახელებო. შე კაი კაცო, თუკი ამდენი იცი, აქამდე რას ელოდები? აი, ეს შეკითხვაც მინდოდა, მისთვის დამესვა, მაგრამ ვერ მოიცალა, გადატვირთული გრაფიკი აქვს...


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016