reportiori.ge - ირმა ინაშვილი: მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს – სასწრაფოდ გაასაჯაროვეთ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:57
პრეს-დაიჯესტი
ირმა ინაშვილი: მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს – სასწრაფოდ გაასაჯაროვეთ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრები!
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2014. 21:13

 

 

- ნაციონალების დაბრუნება გამორიცხულია! თქვენ საბოლოოდ დაგასრულებთ და ზუსტად ვიცი, რომ მე და ჩემს გუნდს მოგვიწევს ამის გაკეთება! - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს:


- პირველ რიგში, მინდა „ასავალ-დასავალს", ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, სოლიდარობა გამოვუცხადო. ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლა, მით უფრო მასზე ხელის აღმართვა ყოვლად დაუშვებელია!


- გულწრფელად გეტყვით, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ჟურნალისტსა და გამოცემას, მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერა არ ყოფილა...

 

- მედიის დიდ ნაწილს დღესაც ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს და საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ წავიდოდნენ?! არადა, ფაქტი სახეზეა - მოხდა ჟურნალისტზე თავდასხმა, რომელმაც სერიოზული დაზიანებები მიიიღო. ეს ყველაფერი დასაგმობია! ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! იმ ადამიანის გირაოთი გამოშვება, ვინც ჟურნალისტი სცემა, ადეკვატური დასჯა არ არის!


- ზაზა დავითაიას ცემის კვალდაკვალ კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეკითხვა - არის თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე?

 

- რაც არ უნდა უარვყოთ, დესტაბილიზაციის საფრთხე სახეზეა! ნაციონალები, რომლებიც საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ დესტრუქციულ ძალად, ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუმცა, ხაზგასმით ვამბობ - ვერ მოგანიჭებთ ამ სიამოვნებას!


„თავისუფალი ზონა", რომელიც დღეს ასე გააქტიურდა, ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ ამ მიზნისთვის შექმნა. თანამედროვე „კმარელები" გახლავან. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები - გივი თარგამაძე, კობა ხაბაზი, დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე და სხვები მუდმივ ტრენინგებს უტარებენ „თავისუფალი ზონის" წევრებს. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული გელა ვასაძეც, ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც სხვათაშორის, პირველად ტელეეკრანზე ორიოდე დღის წინათ გამოჩნდა. ეს არის ახალი ტიპის ლევან რამიშვილი, ისიც კულისებიდან აკონტროლებს სიტუაციას.


„თავისუფალი ზონიდან" ძალიან ბევრი ახალგაზრდას კიევში უტარებენ ტრენინგს. ასევე ჩამოჰყავთ იქაური სპეციალისტები, რომლებიც ასწავლიან, როგორ მოიქცნენ კრიზისულ სიტუაციებში, მეტიც, როგორ შექმნან კრიზისული კერები. ასე რომ, მარტივად ნუ შევხედავთ ამ ყველაფერს. აქვე მივმართავ „თავისუფალი ზონის" ახალგაზრდა წარმომადგენლებს, რომელთა დიდი ნაწილიც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ლტოლვილები გახლავან და გულწრფელად სჯერათ იმის, რასაც ნაციონალები ჩასძახებენ - თქვენ არც მიშა სააკაშვილი ხართ, არც ბაჩო ახალაია და არც ვანო მერაბიშვილი! გონს მოეგეთ, ნუ იქცევით იარაღად ნაციონალური მოძრაობის ხელში. შესაძლოა, ამ დანაშაულებრივმა კრიმინალურმა ჯგუფმა ხვალ ან ზეგ თითოეული თქვენგანი ისევე გაგწირონ, როგორც რამდენიმე თვის წინათ უკრაინაში ახალგაზრდა ბიჭი დავით ყიფიანი გაწირეს!


საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნაციონალური  მოძრაობის მიერ სოციალურ ქსელში სპეციალური ზონდერჯგუფებია მობილიზებული და დაფინანსებული. სასაცილოა, როცა კობა ხაბაზი, ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში „ესემესებს" აფრიალებს. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან ჩემი მისამართით ისეთ მუქარებს აქვს ადგილი, მერწმუნეთ, ხაბაზის საგანგებოდ ამობეჭდილი „ესემესები" მოსატანადაც არ ღირს.


ნაციონალური მოძრაობა ბოლო დროს სულ იმაზე საუბრობს, თითქოს ციხის კადრები დადგმული იყო. პირდაპირ ვამბობ, ამ დემაგოგიით ცდილობენ თავისი დანაშაულის გადაფარვას! იყავი მწამებელი? კარანტინის კადრებში ვნახეთ თქვენი მაღალჩინოსნები როგორ სცემდნენ პატიმრებს? აღიარა სააკაშვილმა სისტემური კრახი? ბედუკაძის გადაღებულ კადრებში ვიხილეთ, როგორ ტირიან გაუპატიურებული არასრულწლოვნები? ღარიბაშვილთან დახურულ შეხვედრაზე ვნახეთ სამეგრელოს პოლიციაში გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც მაგიდაზე დაბმულ პატიმარს აუპატიურებდნენ? ე.ი. მწამებელი ხარ და რაღა მნიშვნელობა აქვს, ვინ - ვის, სად ან რა თემაზე ელაპარაკება! დიახ, ნაციონალებო, თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა მასობრივი წამების ფაქტები და ამისთვის თქვენ პასუხს აგებთ! სულ რომ თავდაყირა დადგეთ, ვერანაირი თემით ვერ გადაფარავთ ამ სისასტიკეს!


- ერთია თქვენი სურვილი, მეორე - რეალობა... სწორედ იმ დღეს, როცა ზაზა დავითაიას „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ, ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, სადაც სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი...

 

- ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის შეფასება არ მოხდა! საქმის რეალური გამოძიება და დამნაშავეების დასჯის პროცესი ახლახან დაიწყო. კბილაშვილის ხელმძღვანელობის დროს პროკურატურა, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. დიახ, მისი დანაშაული გახლდათ, როდესაც 22 ათასზე მეტმა მოწმემ სხვადასხვა დანაშაულზე პროკურატურას ოფიციალური ჩვენება მისცა, მან კი, უფრო სწორად, მისმა უწყებამ ამ მოწმეების დიდი ნაწილი გაწირა - მარტო დატოვა და ნაცმოძრაობის ხახაში ჩააგო.


განსხვავებით კბილაშწვილის უწყებისგან, დღეს სერიოზულად მუშაობს პროკურატურა. საქმეების დიდი ნაწილი არათუ დაძრულია, რამდენიმე მათგანი ბოლომდეც არის მიყვანილი.


- მაგალითად?

 

- ჟვანიას საქმეზე მალე დაიდება დასკვნა. ასევე თითქმის გახსნილია გირგვლიანისა და სხვა გახმაურებული საქმეებიც. ეს არის სანდო წყაროს მიერ მოწოდებული რეალური ინფორმაცია.


რაც შეეხება ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს. ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, მეტიც, საერთოდ, უნდა გააუქმონ ევროინტეგრაციის სამინისტრო, რომელსაც პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს. რატომ იხარჯება ამ სამინისტროზე ბიუჯეტის თანხები, თუ ევროსაბჭო ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო რეზოლუციებს ღებულობს?! წაიღეთ, ბატონებო, ევროსაბჭოში სამეგრელოში აღმოჩენილი კადრები! ნუთუ ასეთი ძნელია ფირების სტრასბურგამდე ჩატანა და შესაბამისი სტრუქტურებისთვის სააკაშვილის ჯალათების მიერ ნაწამები ხალხის ჩვენება?! ან იქნებ მინისტრის საქმე მარტო პომადის წასმა და უაზრო თემებზე კომენტარების კეთებაა?!


პირადად ჩემთვის გაუგებარია. რატომ არ მოხსნა ამდენი ხნის მანძილზე ირაკლი ღარიბაშვილმა მაია ფანჯიკიძე!


ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაასაჯაროვოს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრები, რომლებიც საზოგადოების მცირე ნაწილმა ერთი წლის წინათ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ვნახეთ. გარწმუნებთ, არანაირი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ დაირღვევა, რადგან მსხვერპლთა და მოძალადეთა სახეები დაფარული იქნება, სამაგიეროდ, ჩვენ საბოლოოდ ჩამოვხსნით ნიღაბს სააკაშვილის რეჟიმს, რომლის დროსაც ადამიანებს უმოწყალოდ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.


- ეს საზოგადოებისთის დიდი სტრესი იქნება...

 

- იცით, რას გეტყვით? იმაზე დიდ შეურაცხყოფასა და სტრესს ვეღარ მივიღებთ, რასაც ნაციონალური მოძრაობის ცინიკური გამოსვლებიდან ვღებულობთ. პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართავ: სასწრაფოდ გაასაჯაროეთ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრები! ქართველ ხალხს კონსტიტუციით გარანტირებული აქვს უფლება, იცოდეს, რა სადიზმს ჰქონდა ადგილი  მის ქვეყანაში! მეტიც, ამ კადრების ჩვენება უნდა მოხდეს ბრიუსელში, ევროსაბჭოს, ევროპარლამეტის ან ევროკომისიის შენობაში. ჩვენებაზე უნდა მოვიწვიოთ ყველა ევროდეპუტატი და სხვა გავლენიანი პირები. ველოდები ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურებას. მერე ვნახოთ დადგმულ კადრებზე ვინ და როგორ ილაპარაკებს. იქნებ, ამ კადრების გასაჯაროების შემდეგ მაინც დადუმდეს სანაცეთი!


- როგორც ოფიციალურად ითქვა, ეს კადრები ერთი წლის წინათ საჯაროდ განადგურდა...

 

- დარწმუნებული ვარ, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრები განადგურებული არ არის!


სულ მგონია, რომ ნაცებს ერთადერთი რამ - უსუსური ოპონირება აცოცხლებს, ხოლო „ოცნებას" - ამ უსარგებლო დისკუსიაში შესვლა. ქართველი ხალხი გაატარეთ, გაატარეთ! თუ თქვენ ვერ შეძლებთ ამას, მაშინ ჩვენ დავასრულებთ საბოლოოდ ნაციონალურ მოძრაობას! დიახ, როგორც უკვე დაგპირდით, ნაცებო, ბოლო ლურსმანს ჩვენ დაგაჭედებთ პოლიტიკურ სამარეში!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016