„ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, აფხაზეთში დაიწყო ძალიან სახიფათო პროცესები იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც აფხაზეთში მიწების უცხოელებზე გასხვისებას ითვალისწინებს.
„თავის დროზე, როცა ბაღაფში იყო პრეზიდენტი, ისინი ითხოვდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შეეძინათ და იურიდიულად გადაეფორმებინათ მიწის ნაკვეთები და სახლები, რომლებიც იყო აფხაზეთში. მაშინ ბაღაფშმა ეს არ გააკეთა. შემდგომი მოთხოვნა დაყენებული იყო ანქვაბის მიმართ, რაც ანქვაბმაც არ გააკეთა და მოახერხა შენარჩუნება. დღეს კი, როცა რუსეთმა მოახერხა ხაჯიმბას დასმა პრეზიდენტად, დაიწყო მზადება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ე.წ. სამართლებრივი მოედანი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძენენ მიწის ნაკვეთებს, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დიდი ინტერესი რუსეთის დაზვერვასა და გენერალიტეტს აქვს შავიზღვისპირეთზე, რომელიც არის აფხაზეთში და მოხდეს ამის შესყიდვა. ამ კანონპროექტის მიღება, რომელსაც ცდილობს ე.წ. პარლამენტი, დამოკიდებულია და ნაწილია იმ ქმედებებისა, რაც გააჟღერა ხაჯიმბამ რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროების გაერთიანებაზე, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის გაერთიანება. მიწების დაკანონება კი გამოიწვევს იმას, რომ არანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარი არ არის. ეს იქნება გარდამავალი ეტაპი რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტის შემოერთების", - განაცხადა პაატა დავითაიამ.
„ევროპელი დემოკრატების" ლიდერი მთავრობას მიმართავს, დაინტერესდეს აღნიშნულით და ამ პროცესებში საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიც ჩართოს.
„მე მივმართავ საქართველოს მთავრობას, დაიწყოს ღია საუბარი ჩვენს პარტნიორებთან, რომ ე.წ. სამართლებრივი გზით აფხაზეთის რუსეთისთვის მიერთება ხდება. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არასწორია. ის დათმობითობა, რაც ხდება, მიდის იქამდე, რომ ჩვენი მტერი აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენ ჩამოგვაშოროს და უკვე „იურიდიულად" მიითვისოს ჩვენი საკუთრება, რომელიც აფხაზეთშია. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ვუთხრათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის 300 000 ადამიანის - ქართველის საკუთრება და სახლები, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ოკუპანტი ქვეყნის საკუთრებაში", - განაცხადა დავითაიამ.