reportiori.ge - პირველი ქოლგა საყვარელი ქალისთვის შეიქმნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:32
სხვადასხვა
პირველი ქოლგა საყვარელი ქალისთვის შეიქმნა
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2014. 22:15



როდესაც მკვლევრები შეეცადნენ, გაერკვიათ, რამდენი წლის იყო ქოლგა, ცოტათი დაიბნენ კიდეც, რადგან ამ მეტად საჭირო ნივთის წარმოშობის თარიღის დადგენა ძალიან რთული აღმოჩნდა. მეცნიერები ირწმუნებიან, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისტორიაში ისეთი დრო, როდესაც ქოლგის მაგივრობას ხის ტოტებზე მიმაგრებული დიდი ფოთლები ასრულებდნენო.


ქოლგის პირველი გამოსახულებები, არქიტექტორების აზრით, 3000 წელზე უფრო დიდი ხნისაა. ქოლგის პირველსახე უძველეს ხანაში ჩინელ დიდებულებს ეჭირათ ხოლმე ნახატებზე. აქედან გამომდინარე, ჩინელები ქოლგის გამოგონებას საკუთარ თავს მიაწერენ. ლეგენდაც კი არსებობს იმის შესახებ, რომ საუკუნეების წინ ცოლზე უზომოდ შეყვარებულმა ხურომ საყვარელი მეუღლისთვის დაამზადა "სახურავი, რომელიც სულ თან აქვს". ასე რომ, ეჭვგარეშეა, წვიმისაგან დასაცავად ქოლგა პირველებმა ჩინელებმა გამოიყენეს.


ნინევიური კულტურის პერიოდის ქანდაკებებს შორის აღმოჩენილია გამოსახულება, რომელზეც კარგად ჩანს ქოლგისმაგვარი ტენტი, რომელიც ტილოსა და აბრეშუმის ქსოვილისგანაა დამზადებული და მეფეს მზისგან იცავს. მსგავს "გადასაფარებლებს" ამაგრებდნენ დიდებულთა გადასაადგილებელ ეტლებზეც. ძველი ჩინელები კი, როგორც მათი რიტუალების წიგნი გადმოგვცემს, ქოლგებს ადათ-წესების შესრულებისას იყენებდნენ.


ძველ საბერძნეთში ქალები პატარა ქოლგებს ყოველდღიური სამოსის განუყოფელ ატრიბუტად კერავდნენ და ზედ ღმერთებისა და ქალღმერთების გამოსახულებებს ახატავდნენ. საბერძნეთიდან ქოლგები რომშიც გავრცელდა და რომაელი ქალების საყვარელ ატრიბუტადაც იქცა. არსებობს არაერთი იმდროინდელი ჩანაწერი, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორი პატივით ეჭირათ მსახურებს ქოლგები თავიანთი ქალბატონების თავზე. როგორც ჩანს, "ხელის ტენტებს" ისინი მხოლოდ მზისგან დასაცავად კი არა, სოციალური მდგომარეობის აღსანიშნავად იყენებდნენ. ასე რომ, ქოლგა მხოლოდ და მხოლოდ მდიდრების ატრიბუტს წარმოადგენდა.


დიდგვაროვნებისა და მაღალი წრის წარმომადგენლობის ნიშანი იყო ქოლგა არაბთა სამყაროშიც, თუმცა მაროკოში ერთ დროს მხოლოდ იმპერატორის ოჯახს ჰქონდა მსგავსი "ხელსაწყოების" გამოყენების უფლება. ძველად ჩინეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქოლგის გამოყენება არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ეკრძალებოდა.


პირველი ქოლგა ძალიან განსხვავდებოდა ამჟამინდელისაგან. ის 2 კგ-მდე იწონიდა და ერთ მეტრზე უფრო გრძელი სახელური ჰქონდა. ტარს ბამბუკისგან ამზადებდნენ, ხოლო ზედა საფარს - სპეციალური ქაღალდის, ფრინველების ბუმბულების ან პალმის ფოთლებისაგან.


დასავლეთ ევროპაში პირველი ქოლგები მხოლოდ მე-17 საუკუნეში გამოჩნდა. ქოლგის მოდურ აქსესუარად გადაქცევას კი ხელი ფრანგებმა შეუწყვეს. მიჩნეულია, რომ პირველი დიზაინერული ქოლგით დედოფალ მარია-ანტუანეტას უყვარდა გასეირნება. მისი ქოლგა ვეშაპის კილონახევრიანი ულვაშებით იყო დამზადებული.


ქოლგების პოპულარობის მეორე ტალღა ევროპაში მე-18 საუკუნეში დაიწყო. სწორედ მაშინ დაიწყეს ამ ნივთის გამოყენება წვიმისგან დასაცავად. იმ დროს შეიქმნა პირველი დასაკეცი ქოლგაც, რომლის ზომაც დაკეცილ მდგომარეობაში 30 სანტიმეტრს აღწევდა. იმ დროის საუკეთესო ოსტატებმა გამოიგონეს ქოლგა სამალავით. ისინი მის სახელურში ინახავდნენ სხვადასხვა ნივთებს - საფულეებს, ჩიბუხებს, საწერ მოწყობილობებს.


მოდური ქოლგების გამოყენება სამხრეთ ევროპაში ეკლესიებში რელიგიური ცერემონიების დროს დაიწყო. ცერემონიის მსვლელობისას ეპისკოპოსს თან ახლდა მსახური, რომელიც მუდამ ქოლგით იყო "შეიარაღებული". შუა საუკუნეებში ქოლგის გამოყენება კიდევ უფრო ფართო მასებმა დაიწყეს.


მას შემდეგ, რაც ქოლგას დიდგვაროვნობის განმსაზღვრელობის მისია ჩამოშორდა, აქსესუარის პოპულარობა და მრავალფეროვნება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდებოდა. დროთა განმავლობაში ქოლგის დიზაინი კიდევ უფრო დაიხვეწა და 1850 წელს იგი უკვე თანამედროვე ქოლგად იქცა. ინგლისელმა მექანიკოსმა სამუელ ფოქსმა დააპატენტა ქოლგა რკინის სახელურითა და ჩხირებით, წყალგაუმტარი გამძლე ქსოვილითა და დასაყრდენი ტარით. სწორედ მისი წყალობით გაიხსნა მთელ ევროპაში ქოლგის პირველი მაღაზია. "ჯეიმს სმიტი და მისი ბიჭები" 1850 წელს ლონდონში, ოქსფორდის ქუჩის 53 ნომერში გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს.


ჩვენს დროში ეს ავდრისაგან დაცვის საშუალება მაღალტექნოლოგიური ნივთია. ამჟამად ქოლგებს ამზადებენ მაღალხარისხოვანი მასალებით, ხოლო ახალი მოდელების შექმნაზე დაუღალავად მუშაობენ საუკეთესო დიზაინერები და ინჟინრები. არცთუ ისე დიდი ხნის წინ კანადაში გაჩნდა "მყვირალა ქოლგა". მის სახელურში ჩამაგრებულია მოწყობილობა ღილაკით. მასზე თითის დაჭერისას ნივთი გამოსცემს ხმაურს, რომელიც ძაღლებს აფრთხობს.


აშშ-შიც გამოიგონეს უცნაური ქოლგა - ზედა ნაწილში ჩადგმულია ნათურა, რომელიც სახელურში არსებული ელემენტების საშუალებით მუშაობს. ასეთი მოწყობილობა არამხოლოდ წვიმისაგან იცავს ადამიანს, არამედ გზასაც უნათებს ცუდი ხილვადობის პირობებში.


ტოკიოს უნივერსიტეტში კი ინტერნეტ-ქოლგის შესაქმნელად მიმდინარეობს მუშაობა. მას უკაბელო ინტერნეტ-კავშირი ექნება და მისი მფლობელი წვიმის დროს ქუჩაში ყოფნისას შეძლებს ინტერნეტით სარგებლობას.


საინტერესოა, კიდევ როგორ ქოლგებს გამოიგონებენ დროთა განმავლობაში?!







წყარო:  http://sana.ge/






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016