როგორც მოგეხსენებათ, ორი დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ადამიანი დაიღუპა ებოლას ვირუსით და აფრიკაში დაახლოებით 4000 ადამიანი ემსხვერპლა მას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში 13 ადამიანს აკვირდება, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს დაახლოებით 3 კვირის წინ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით „რეპორტიორი" დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს.
„რისკი საქართველოს ისეთივე აქვს, როგორც მსოფლიოს ყველა დანარჩენ პატარა ქვეყანას. ჩვენთან სულ შემოსულია 83 ადამიანი სამი თვის მანძილზე დასავლეთ აფრიკის ქეყნებიდან, ძირითადად ნიგერიიდან. ნიგერიაში ეს დაავადება გავრცელებული არ არის, 170-მილიონიან ქვეყანაში სულ 20 შემთხვევა იყო. ჩვენთან რომ 3 თვეში 83 კაცი ჩამოვიდა, იქ თითო რეისით ყოველდღიურად ჩადის 150 კაცი უშუალოდ ლიბერიიდან, სირია-ლეონედან და გვინეადან. ამიტომ რისკი ჩვენთან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა, მზადყოფნა გვაქვს. როგორც ვთქვი, 83 კაცია სულ ჩამოსული და აქედან ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩამოსულია 13 კაცი. ვიცით ყველა, ვინ ჩამოდის, რა მდგომარეობაშია მათი ჯანმრთელობა. პერიოდულად ვუკავშირდებით და ვეკითხებით, როგორ არიან. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა".
ასევე კითხვაზე - ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, შევძლებთ თუ არა მივიღოთ თავდაცვის რაიმე საშუალებები? - იმნაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, რომ არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც მიღებულია რამდენიმე დღის წინ და იქ არის გაწერილი, ვინ რა უნდა გააკეთოს, რათა საყოველთაო უსაფრთხოება იყოს დაცული.