საუკუნეებია, რაც ნიშნობის ბეჭედი წყვილის ერთობლივი ცხოვრების სიმბოლოს წარმოადგენს. ქორწინებისას ნეფე-პატარძალი ერთმანეთს თითზე რგოლის სახის ბეჭედს უკეთებს, რომლითაც ერთმანეთისადმი სიყვარულსა და ერთგულებას ამოწმებენ.
სახელწოდება ნიშნობის ბეჭედმა ქორწინებისწინა რიტუალის შედეგად მიიღო. თუმცა მაშინ და ახლაც ნიშნობის ბეჭედი შეიძლებოდა თვლიანი ყოფილიყო, ძველად (იშვიათად ახლაც) შეყვარებული ვაჟი ქალიშვილს ძვირფასი თვლებით დამშვენებულ ბეჭედს მიართმევდა, რითაც საკუთარ გრძნობებსა და განზრახვაზე მიანიშნებდა. მისი ტარება ქალს დაქორწინებამდე შეეძლო, თუმცა, თუ გათხოვება არ უნდოდა, ქალი ბეჭედსა და სხვა საჩუქრებზე უარს ამბობდა. ჩვენში ასაკოვანი ადამიანები ამ რიტუალზე ახლაც ამბობენ, რომ ქალს ნიშანი მოუტანესო. თუმცა ეს ტრადიცია თანდათან დავიწყებას ეძლევა.
რაც შეეხება უშუალოდ დაქორწინებას, ამ დროს ბეჭდის ფორმა იცვლებოდა და იცვლება - ქორწინების ბეჭედი სადა, უთვლო, რგოლის ფორმისაა.
საქორწინო ბეჭდის ფორმაში ახალდაქორწინებულთა უსასრულო ცხოვრება იგულისხმება, ისევე, როგორც რგოლს არ აქვს დასაწყისი და დასასრული. ბეჭდის გლუვი ზედაპირი კი ნიშნავს, რომ წყვილს თანაცხოვრების გზაზე არ ექნება პრობლემები და დაბრკოლებები.
ცოლ-ქმარი ქორწინების ბეჭედს მთელი ცხოვრება ატარებს. გაყრის ან ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაში ბეჭედს მარცხენა ხელზე იკეთებენ.
ძველად მიაჩნდათ, რომ არათითი უშუალოდაა დაკავშირებული გულთან, რომლიდანაც მომდინარეობს ერთმანეთისადმი სიყვარული. ასევე მიაჩნდათ, რომ არათითზე ბეჭდის ზემოქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობდა ხელს, რადგან ამ თითზე მასაჟისებურ მოქმედებას ბევრი დაავადებისგან განკურნება შეეძლო, სწორედ ამიტომ ატარებენ ქორწინების ბეჭედს მარჯვენა ხელის არათითზე.
ქორწინების ბეჭედთან დაკავშირებული ბევრი ლეგენდა და ცრურწმენა არსებობს, მაგალითად, ამბობენ, რომ არ შეიძლება, საკუთარი ქორწინების ბეჭედი სხვას ათხოვო ან მოაზომო, რადგან შეიძლება, მას საკუთარი ბედნიერება გააყოლო.
თუ ქორწინების ბეჭედი დაიკარგა ან გატყდა, ცრურწმენის მიხედვით, ოჯახს დანგრევა ან დიდი უბედურება ელოდება.
ქორწინების ბეჭედი საქმრომ უნდა იყიდოს, ასე იყო ძველად და ასეა ახლაც.
ხშირად საქორწინო ბეჭდები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მაგრამ თუ ცრურწმენას დავუჯერებთ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ წინა ქორწინება ბედნიერი იყო.
წყარო - etanews.ge
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)