reportiori.ge - აშშ-ში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალაპარაკდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:51
პრეს-დაიჯესტი
აშშ-ში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალაპარაკდა
ავტორი:
10 ოქტომბერი, 2014. 22:13


კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" თავისი მომხრეები რომ „დაიკიდა", ეს თემა ლამის უკვე გაცვდა, მაგრამ ბოლო დღეებში იგივე საკითხზე ამერიკაში მცხოვრები ქართველებიც ალაპარაკდნენ. როგორც ამერიკაში შექმნილი „ქართული ოცნების" ორგანიზაციის დავიწყებული ხელმძღვანელი, ანტონ ჯღამაძე ამბობს „ალიასთან" საუბარში, რომ არა გულგრილობა და მართლა „დაკიდება" თბილისიდან, ნიუ-იორკში ვერც ირაკლი ღარიბაშვილს დაუწყებდნენ გინებას და ვერც „ნაციონალები" გაშლიდნენ ფრთებს ამერიკაში:


- ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილთან ნაკლები პრეტენზიები გვაქვს, ის ყოველდღე ვერ ივლის ჩემთან. რაც მოხდა ამერიკაში, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ რატომ გაუკვირდა „ქართულ ოცნებას", რა ეგონათ, ასეთი რამ ამერიკაში არ მოხდებოდა? რა, ბერკეტები შეინარჩუნეს, აქტივი შეინარჩუნეს თუ ემიგრანტების განწყობა რაც 2012 წლამდე არსებობდა? ხალხი, რომელიც იბრძოდა და თავს დებდა, სრულიად იგნორირებულია. ჩემზე არ არის ლაპარაკი, ჩემს გარშემო იყო საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა. ხალხმა არჩევნების პერიოდში აქ შვებულებები აიღო და შემოსავლის ნაწილი დაკარგა, ყველაფერი გაჭირვებული ადამიანების კისერზე გადავიდა. ახლა, უყურადღებობის გამო, გაჩნდა უიმედობა, ნიჰილიზმი და სწორედ ამიტომ გაბედეს „ნაციონალებმა" ღარიბაშვილის გინება.


- ანტონ, რა ძალა აქვთ ამერიკაში „ნაციონალებს", მართლა სერიოზულად მუშაობენ თუ 5-6 კაცი დარბის ქუჩაში?

 

- ახლა გეტყვი ერთ მაგალითს და მიხვდები რაც ხდება: ჩვენ, ამერიკაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წავაგეთ, „ნაციონალებმა" 300 ხმით მოგვიგეს. არადა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოვიგეთ. 9 თვე დასჭირდა იმას, რომ „ქართულ ოცნებას" ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები წაეგო. თუკი ჩვენ 9 თვის განმავლობაში ვერც ბერკეტები შევინარჩუნეთ და ვერც აქტივისტები, როგორ ფიქრობ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა მოხდება? თუ ასე გაგრძელდა, ეჭვი მეპარება, ჩვენ „ნაცმოძრაობას" მოვუგოთ. უნდა შეიქმნას კომისია, ამუშავდეს იგივე საინიციატივო ჯგუფები, ჩამოვიდეს დიასპორის მინისტრი. დავით ბაქრაძე რომ მოგიგებს ამერიკაში, თავი სად უნდა გამოყო? მაგალითად, პაატა აბჟანდაძე, რომელაც გაეროს შტაბ-ბინასთან პროვოკაცია მოაწყო, არის „ნაცმოძრაობის" საყრდენი ძალა. ეს ადამიანი აკეთებს ყველაფერს, რომ ხალხი გადაიბიროს და „ქართული ოცნება" „დააჩმოროს". მიხეილ სააკაშვილი აქ არის, დიმიტრი შაშკინიც აქ არის, კახა ლომაიაც აქ არის, თემურ იაკობაშვილიც აქ არის, „ნაცმოძრაობის" დეპუტატები ყოველთვიურად ჩამოდიან, შეხვედრებს მართავენ სააკაშვილთან. აქვთ დაწერილი პროგრამები, ემიგრანტებთან უკვე ოჯახ-ოჯახ დადიან, მართავენ ღონისძიებებს და ქართველებში ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას. მეტი რა გინდათ? სააკაშვილი დადის, არიგებს ამ მედლებს და ორდენებს. კახა ლომაიას მეგობარი გიორგი შენგელაიაც აქ არის, სააკაშვილმა ღირსების ორდენი რომ გადასცა, ეგეც მაგრად მუშაობს. დღეს „ნაციონალებს" აქ ჰყავთ 300-კაციანი აქტივი, როცა დასჭირდებათ, არც ერთი არ დაიხევს უკან. 200 კაცი ჰყავთ რეზერვში. 500-კაციანი აქტივი ცოტა არ არის ნიუ-იორკში. ჩვენ გაცილებით მეტი აქტივისტი გვყავდა და დღეს გაჩნდა სამი მიმდინარეობა: პირველი - „ნაცმოძრაობა", მეორე - „ნაცმოძრაობა", რომელიც შეივსო განაწყენებული „ოცნებისტებით", მესამე - ნიჰილიზმით დაავადებული „ოცნებისტები", რომლებიც უიმედოდ დარჩნენ. რატომ მოხდა ასე? კაციშვილი ფულს არ ითხოვდა და კაციშვილი ხელფასს არ ითხოვდა, აქ საჭირო იყო ყურადღება და დალაპარაკება. მაგალითად, დიასპორის სამინისტროს ჰქონდა პროგრამა - ონლაინ რეჟიმში ქართული ენის შესწავლა. მე ენათმეცნიერი არ ვარ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, დავჯდე კომპიუტერთან და „სკაიპის" საშუალებით ვისწავლო ქართული. მე ამერიკაში სპორტულ ჯგუფებს ვხელმძღვანელობ, მყავს წარმატებული ბავშვები, რომლებსაც თავზე ვადგავარ და მაინც ვერ დამიწერია ბოლომდე, შენ 7-8 წლის ბავშვებს „სკაიპით" ქართული როგორ უნდა ასწავლო? როგორც ვიცი, ამ პროექტის განხორციელებაში ასეულობით ათასი დოლარი უნდა დახარჯულიყო. ჯერჯერობით, ვერ განახორციელეს. ეს არის აბსურდი, აქ„ სკაიპით" ლაპარაკი არაფერს მოგვიტანს. ირაკლი ღარიბაშვილს სჭირდება ძლიერი კადრები, რომლებიც ვითარებას შეისწავლიან და მერე შეიმუშავებენ პროგრამას. ბოლოს და ბოლოს, ნიუ-იორკში ერთ ქართულ ცენტრს მაინც დავაარსებდი, თავს მოვუყრიდი ემიგრანტებს და დაველაპარაკებოდი, ამ ხალხს ვაგრძნობინებდი, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. ვიმეორებ, ესენი არ ითხოვენ ფულს და თანამდებობებს.


- როგორც ვიცი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩამოსული ნიუ-იორკში, თქვენ შეგხვდათ. არ ვგულისხმობ ბოლო ჩამოსვლას.

 

- კი, შეგვხვდა... აქაც ისეთი სიტუაცია იყო, ნაცნობობით რომ ხვდებიან ხოლმე შეხვედრებზე. ამ დროს „ბომონდს" ეძახიან. ჩვენც გვაქვს პროგრამები, ჩვენც გვაქვს იდეები. მე პირადად ვესაუბრე ირაკლი ღარიბაშვილს იმ შეხვედრის შემდეგ, მე თვითონ მივედი, ჩემთვის გამონახა რამდენიმე წუთი. კაცს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ამერიკაში არსებობდა „ქართული ოცნების" ხელმძღვანელი. ეს საქმე მე დამავალა კოალიციამ, ამ ადამიანს ხომ უნდა უთხრან, რომ ნიუ-იორკში ასეთი ორგანიზაცია არსებობს? მე ღარიბაშვილთან ერთად სკოლა არ დამიმთავრებია და უნივერსიტეტში ერთად არ გვისწავლია, საიდან უნდა იცოდეს ჩემს შესახებ? როცა ყველაფერი ავუხსენი, მიყურა, მომისმინა და ბოლოს მითხრა, აუცილებლად დაგიკავშირდებითო. კი დაინტერესდა თვითონ, მაგრამ იმის მერე არავინ არ დამკავშირებია. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიღაცას დაავალა. აქ იყო კიდევ ერთი ჯგუფი არჩევნების პერიოდში, რომელიც შუამდგომლობას გვიწევდა საკონსულოსთან, მაგრამ ესეც დაიშალა. მართალია, მაშინდელი კონსული ხშირად გვემალებოდა, მაგრამ მოადგილე მაინც იყო და პასუხს გვცემდა, ჩვენ მაინც „ვაწვებოდით". რომ არ მივწოლოდით, დამკვირვებლებსაც არ დაარეგისტრირებდნენ და ყველაფერს წყალში გადაყრიდნენ. საკონსულოს ძირითადი ბირთვი არ შეცვლილა, ისევ ისინი არიან, შეიცვალა მხოლოდ კონსული. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეს პაატა აბჟანდაძე იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამ კომისიაში კი პრაქტიკულად მისი საახლობლო ტრიალებდა. ის ხალხი, რომელიც ჩვენ საპარლამენტო არჩევნების დროს დავარეგისტრირეთ დ ამისთვის დიდი ომი დაგვჭირდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს სიებში არ აღმოჩნდა. ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობამ" ისევ გაგვიყალბა. ემიგრანტებმაც დაინახეს, რომ თბილისიდან ყურადღება არ იყო და უბანზე ბევრი არც მოვიდა. მე კოალიციიდან დამავალეს, რომ „ქართული ოცნებისთვის" მეხელმძღვანელა მთელი ამერიკის მასშტაბით, ოფისები გვქონდა ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ვაშინგტონში და ვგეგმავდით კალიფორნიაშიც. ეს უკანასკნელი არ გამოვიდა. საპარლამენტო არჩევნების დროს დიდი ძალებით ვმუშაობდით, მაგრამ ეს ყველაფერი გაქრა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისიდან ერთი ზარი არ შემოსულა, არავინ დაინტერესებულა, ერთი რა ხდება, ცოცხლები ხართ თუ მკვდრებიო?! შეიძლება გიორგი მარგველაშვილი ამერიკაში წაგებამ ვერ დააზარალა, ის მაინც გახდა პრეზიდენტი, მაგრამ აქ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რა იყო 2012-ში, რა მოხდა 2013-ში და რა მოხდება 2016-ში. თუ ასე გაგრძელდა, ისევ „ნაცმოძრაობა" მოიგებს.


- ამბობენ, რომ დღეს ამერიკაში „ნაცმოძრაობას" სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია ხელმძღვანელობს, ამის შესახებ იცი რამე?

 

- მე თვითონ თემურ ალასანია არ მინახავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა" არის ერთ მუშტად შეკრული. მე ვგულისხმობ კონკრეტულად ნიუ-იორკს. ამაში გასაკვირი არაფერია, შაშკინი, იაკობაშვილი და ლომაია დღე და ღამე მუშაობენ. ლამის ყოველკვირეული დღესასწაულები აქვთ. თემურ ალასანია გამოჩნდება თუ არა, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია გეგმა და დაფინანსება.


- ესე იგი, თემურ ალასანია-სააკაშვილის გეგმა უკვე ამუშავებულია?

 

- კი, ესენი გეგმებს აწყობენ და არცთუ ისე ცუდად. თუ სადმე ქართული ღონისძიებაა, ყველგან პირველები არიან. ესენი ძალიან ბევრს მოძრაობენ და ეს ხალხზე მოქმედებს, ფიქრობენ, რომ ნაღდად მობრუნდებიან. უნამუსო სააკაშვილი ჩამოდის, მედლებს არიგებს, ამ დროს ჩვენ ვსხედვართ და ვუყურებთ. ესე იგი, რა გამოდის? იმის გამო, რომ ჩვენ არავის ვაინტერესებთ, უნდა ვისხდეთ და ვუყუროთ ამ სულელს, როგორ დარბის ნიუ-იორკის ქუჩებში? იყო დრო, „ნაციონალებს" ქუჩაში წესიერად სიარული არ შეეძლოთ, სააკაშვილი კიდევ ჩვენს დანახვაზე კანკალს იწყებდა. ასე დაემართა ზუსტად გაეროში შესვლის წინ, ჩამოხტა მანქანიდან და გაიქცა. ახლა ჩვენ ვართ კუთხეში გაწეულები და ესენი „ბლატაობენ". ცოტა ხანში ესენი ახალ სახეებს შეაგროვებენ, „ნაცმოძრაობა" საერთოდ არ გამოჩნდება, სტუდენტებზე მუშაობენ, სპორტსმენებზე, სულ სხვა კუთხით აპირებენ რეაბილიტაციას. „ნაციონალებს" დიდი ფული აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ერთი დღეც ვერ იცხოვროებდნენ. ეს ხალხი არ ცხოვრობს ისეთ უბნებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეგენი ძირითადად მანჰეტენზე არიან, სადაც 1-ოთახიანი ბინა რომ იქირაო, სულ მცირე, 4-5 ათასი დოლარი გინდა ყოველთვიურად. მე გეუბნები მანჰეტენის „ისე რა" ადგილებს, „ნაციონალები" ცენტრში ცხოვრობენ. ფულს საიდან შოულობენ, ეს უკვე გამოსაძიებელი საკითხია. ლომაიები და სააკაშვილები მოპარული ფულით ცხოვრობენ, მაგრამ აქ სხვა „ნაციონალებზეა" საუბარი. ალბათ, ესენი უხდიან, აბა, აბჟანდაძემ სად უნდა იშოვოს ფული? ეს ადამიანი შეძლებულია. უკვე მესამედ ვამბობ, ჩვენ ფული არ გვინდა, შეიძლება იქით დავახარჯოთ „ქართულ ოცნებას", როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს დავახარჯეთ. უბრალოდ, გაგვაგებინონ, რა უნდათ, ბოლოს და ბოლოს, ვჭირდებით? თუ არ ვჭირდებით, გვითხრან და ყველაფრის „დაკიდებას" წინ რა უდგას? არაფერი, მაგრამ არ დაავიწყდეთ, რომ 2016 წელი ახლოვდება და არჩევნებია...


„ალია" შეეცადა, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებს დაკავშირებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, უმეტესობას ან გათიშული აქვს ტელეფონი, ან კიდევ ასეთ მესიჯს აგზავნის: „ია ნე მაგუ სეიჩას გავარიც". სხვათა შორის, ასეთი ავტომატური სისტემა საპარლმენტო უმრავლესობის თითქმის ყველა წევრს უყენია ტელეფონზე. რა ვიცი, მერე რუსეთუმეს რომ დაგიძახებენ, უნდა გეწყინოს? ერთი კვირის წინ უმრავლესობის წევრმა, დათო ლორთქიფანიძემ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, ჩვენ მოვილაპარაკეთ და ამიერიდან თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდებითო. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებზე „ქართულ ოცნებაში" და შეიძლება თუ არა, ეს საკითხი განხილვის საგანი გახდეს პრემიერთან შეხვედრისას? ამ შეკითხვაზე დათო ლორთქიფანიძე გვპასუხობს:


„ორი აზრი არ არსებობს, ამერიკაში პრემიერი ჩავა თუ პრეზიდენტი, მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ, ნორმალურად გამართონ შეხვედრები და ასეთი გამოხტომები აღიკვეთოს. დღეს ყველას აქვს უფლება, ქუჩაში გამოვიდეს, მით უმეტეს, ნიუ-იორკში და თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ ასეთი პროვოკაცია აუტანელია. აუხლოეს დღეებში დაგეგმილი გვაქვს ფრაქციის სხდომა, მე პირადად გპირდებით, რომ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ და როგორც კი პრემიერ-მინისტრს შევხვდებით, იქაც ვილაპარაკებ. ჩვენ ემიგრანტებით მხოლოდ არჩევნების პერიოდში კი არ უნდა ვინტერესდებოდეთ, არამედ ყოველდღე. ამ კუთხით, ალბათ, დიასპორის სამინისტრომ უფრო მეტი უნდა იმუშაოს".

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016