reportiori.ge - ემზარ კვიციანის სკანდალური სასამართლო პროცესი - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი სააკაშვილს ამხელს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:46
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ემზარ კვიციანის სკანდალური სასამართლო პროცესი - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი სააკაშვილს ამხელს!
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 16:52


ზუგდიდი, 1-ლი ოქტომბერი, 12 საათი. გრძელდება ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი, სახელმწიფო ბრალმდებელი იგვიანებს, როგორც კი ის გამოჩნდა, მოწმის სახით დასაკითხი ნანა ლეჟავა შემოდის დარბაზში ოქრუაშვილის გარეშე! დუეტი არ შედგა! ამასობაში ადვოკატ რეზო კახნიაურისგან ცინცხალი ინფორმაცია მივარდება ხელში. კოდორის ჩაბარებამდე კვიციანი იღებდა თურმე გაფრთხილებას როგორც მოსკოვიდან, ასევე უცხოეთში მცხოვრები „თანამოძმეებისგან". ეს პროცესი იმითაც არის საინტერესო, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის „მარჯვენა ხელი" - მოწმის სახით დაკითხული ალეკო სუხიტაშვილი მალე სააკაშვილს „ჩახდის". ყველას გასაგონად განაცხადებს, რომ „კოდორის საქმეში" ბრალდების № 1 პერსონა თვით ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილია და არა ემზარ კვიციანი!..


საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ „კანონის დამცველები" ძალიან ღელავდნენ. არც დაუმალავს პროკურორს „ვალიდოლი" მიდევს პირში და ადვოკატები რამე კატეგორიულ მოთხოვნას წაუყენებდნენ ხოლმე, სად არის ოქრუაშვილი, რატომ ვერ უზრუნველყავით მისი მოყვანაო. და პროკურორმა ხარებავამ სხდომაზე განაცხადა: „ბატონ ირაკლის ოჯახში უწყება არ მისვლია და ამიტომ ვერ მოვიდაო"(?!)


ოქრუაშვილის ჩვენების მიცემას, კვიციანის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, კოდორის ხეობის დანარჩენი სვანებიც სულმოუთქმელად ელოდებოდნენ. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, გენპროკურორ ოქრუაშვილს შიშველი, საცვლებiს ამარა გამოჰყავდა ადამიანები სახლიდან, ის კი ტანსაცმლითაც ვერ მოუყვანიათ... რაღაც უჩინარი იმუნიტეტი რომ იცავს ამ კაცს დღევანდელი მთავრობისგან, ეს სხვა ფაქტებიდანაც კარგად ჩანს...


მთელი ამ ხნის მანძილზე დაიკითხა 23 მოწმე, აქედან მხოლოდ ხუთმა მისცა კვიციანის საწინააღმდეგო ჩვენება, მათი ჩვენების მიხედვით, ემზარ კვიციანი იყო ამბოხის მოთავე და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული.


მოკლედ, როგორც ზემოთ გითხარით, ოქრუაშვილი არა, მაგრამ ნანა ლეჟავა კი მოვიდა! იქნებ არც უნდოდეს ჩვენების მიცემა, ჟურნალისტს 95-ე მუხლის თანახმად, შეუძლია ჩვენება არ მისცეს. პროფესიული საქმიანობის მიხედვით, უფლებრივი იმუნიტეტი გაქვთო, - გააფრთხილეს ქალბატონი ნანა ემზარ კვიციანის ადვოკატებმა.


ნანა ლეჟავა: „მე არავის გავუფრთხილებივარ ამ უფლების შესახებ და ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს. ჩემი ყველა ინფორმაცია, რაც კი იმ დროს ეთერში გავიდა „რუსთავი 2"-ზე, იყო საჯარო და არაფერი მაქვს დამალული. მაშინაც და ახლაც ვიქნები ობიექტური. „კვირის ქრონიკაში" იყო სტატია, სადაც ეწერა, რომ ადვოკატები მოითხოვენ, დაიკითხონ ჟურნალისტები"...


ემზარ კვიციანის ადვოკატი, რეზო კახნიაური: „ჩვენთან თანამშრომლობს „ქრონიკის" ჟურნალისტი, ნანა ლეჟავას პრეტენზია ადვოკატების მიმართ, რომ მოითხოვეს ლეჟავას დაკითხვა პროცესზე, არასწორია, ვინაიდან ის არის სახელმწიფო ბრალმდებლის მოწმე და ის უკვე 15 ივლისს შეყვანილია სასამართლო პროცესზე გამოსაძახებელ მოწმეთა სიაში".


სხდომაზე პროკურორი ხარებავა ეკითხება ნანა ლეჟავას: რა დავალება მიიღეთ ნიკა ტაბატაძისგან, იცნობდით თუ არა ემზარ კვიციანს?


ჟურნალისტ ნანა ლეჟავას ჩვენება: „კვიციანი ჩემი რესპონდენტი იყო და ვიცნობდი. ტაბატაძემ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში მდებარე სამხედრო აეროპორტიდან კოდორში მიდიოდა ვერტმფრენი და უნდა წავსულიყავი და ჩამეწერა ემზარ კვიციანი. იქ დაგვხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე, რომელმაც ვერტმფრენის ბორტიდან ჩამოგვყარა, მან გვითხრა, ამისთანა საქმეს ნუ ჩამაშლევინებთო, იმ მოტივით, რომ ვერტმფრენით უნდა გაფრენილიყო თენგო გურჩიანი, რომელიც ციხიდან გამოიყვანეს და  მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინა ემზარ კვიციანთან. მე ჩავედი ზუგდიდში, ვცდილობდი კოდორის ხეობაში წასვლას, ტელეფონზე დამირეკა ემზარ კვიციანის დისშვილმა ბაჩო არღვლიანმა და მითხრა, რომ დამეხმარებოდა, რათა კოდორში მშვიდობიანად ჩავსულიყავით: ჩვენ ბაჩო არღვლიანის დახმარებით სოხუმის გავლით კოდორში შევედით ღამის 12 საათზე. იქ დაგვხვდა პარლამენტის დეპუტატი გოჩა ფიფია, ჩვენ ნორა კვიციანის სახლში ვიყავით ყველა ერთად, მერე ემზარს შევხვდი. მივედი იქ, სადაც იყო უხუცესთა კრება, ჩავწერე ისინი და ამ დროს გაითიშა შუქი. ტელეფონით ვერ ვუკავშირდებოდი ვერავის. გოჩა ფიფიას ჯიპით გამოვემგზავრეთ ზუგდიდისკენ. კვიციანი შეგვხვდა სოფელ საკენთან მაღლობზე, მასთან იყვნენ ავტომატური იარაღით შეიარაღებული ხალხი და უიარაღო მოსახლეობაც. ემზარს მე და ფიფია გავესაუბრეთ, ამ დროს ჩაირთო ტელეფონი და დამირეკა ჩემმა ყოფილმა უფროსმა ნიკა ტაბატაძემ, კატეგორიულად მთხოვა, მანდ ცუდი ამბები იწყება, სასწრაფოდ გამოდიო. ჩვენ გავაგრძელეთ გზა და რამდენიმე კილომეტრში შეგვხვდნენ სამთავრობო ჯარები, ჩვენ გავჩერდით. ოქრუაშვილმა აგდებულად მკითხა, აქ რას აკეთებო... მე ვუთხარი, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, კასეტები გავატანე თბილისში მიმავალ გოჩა ფიფიას, რომელიც აღმოჩნდა ხელისუფლების ხელში. კასეტები ორი დღის მერე დააბრუნეს, ოქრუაშვილი და მერაბიშვილიც იქ იყვნენ, მე მითხრეს, ლევან გვაზავას მანქანაში გადავსულიყავი, იქ იყო ანზორ მარგიანიც. მე ვიგრძენი საფრთხე, ემზარი ამ დროს გველოდებოდა უხუცესებთან. მე მთელი ხმით ვიყვირე, რა მოხდაო, მითხრა გვაზავამ, საფრთხეს ვგრძნობდი, ეს ჩემი აზრია. მე არ მითქვამს ჩასაფრებულია ემზარ კვიციანი-მეთქი, ეს საიდან უნდა მცოდნოდა, არავითარი ჩასაფრება არ მითქვამს არავისთვის. ლევან გვაზავამ ჰაერში ისროლა, ამის შემდეგ ორი-სამი კილომეტრის გავლისას დაიწყო სროლები, მე მოვყევი ორმხრივ სროლებში, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, უკან წასულიყვნენ, დაეხია სამთავრობო ჯარს, სპეცოპერაცია კოდორში მეორე დილიდან გაგრძელდა". 


ადვოკატების შეკითხვაზე, ვინ იყო თენგიზ გურჩიანი, რომელიც ეკონტაქტებოდა არველაძეს, ნანა ლეჟავამ უპასუხა: ეს იყო პატიმარი, რომელიც ამ საქმისთვის გაათავისუფლეს. 


ნანა ლეჟავამ ისევ გააგრძელა ჩვენების მიცემა - მე ჩავწერე ინტერვიუ ემზარ კვიციანთან, ამდენი წლების შემდეგ თავს შევიკავებ, ბევრი რამ არ მახსენდება, ისე იყო განაწყენებული ემზარი ხელისუფლებაზე. უმჯობესია, საარქივო მასალა ნახოთო. 


პროკურორ თენგიზ ხარებავას შეკითხვაზე, რა ხდებოდა უხუცესთა შეკრებაზე, ნანა ლეჟავამ უპასუხა, რომ განწყობა იყო არაერთგვაროვანი. ზოგი უხუცესი ითხოვდა შეხვედრას, ზოგი კი - არა. ძნელია, ამდენი წლის შემდეგ რაიმე არ შეგეშალოს. მახსოვს, ემზარი და რამდენიმე მოწმე ერთად წავიდნენ. შეხვედრა არ შედგა. ორივე მხარეს იყო სიჯიუტე - კვიციანისგანაც და ხელისუფლებისგანაც. 


პროკურორის შეკითხვაზე, რაიმე სახის იარაღი ჰქონდათ თუ არა? ლეჟავამ დაუდასტურა, რომ ჰქონდათ ავტომატები, მაგრამ ყველას - არა. 


ხელისუფლებიდან ვინ მართავდა სიტუაციასო, ადვოკატების შეკითხვას პირდაპირ უპასუხა ნანა ლეჟავამ, ოქრუაშვილი აქტიურობდაო. 


თქვენ ამბობთ, რომ ვგრძნობდი, რაღაც მოხდებოდაო, რა გაძლევდათ ამის საფუძველს? - ადვოკატის ამ კითხვას ასე უპასუხა ნანა ლეჟავამ: მანქანების გადაადგილება ხდებოდა და თითქოს, ერთმანეთს უახლოვდებოდნენ. მეტი არაფერი მინახავს. მე ფაქტებს გიყვებით, შეფასებას არ ვაკეთებ. 


ადვოკატი კობა კობახიძე: სიტყვა „ჩასაფრება" გითქვამთ? 


ნანა ლეჟავა: არა. 


ადვოკატი კობახიძე: თქვენ თქვით, თითქოს სპეცოპერაციას თამაშობდნენო. 


ნანა ლეჟავას ჩვენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და გამაოგნებელი დეტალი ის იყო, რომ „ნაციონალებს" ციხიდან სპეციალურად ჰყავდათ გამოყვანილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებული და არაერთხელ ნასამართლევი თენგო გურჩიანი, რომელსაც მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინა ბაჩო არღვლიანთან და ემზარ კვიციანთან, პროცესზე კი შემდეგ გაირკვა, რომ ემზარ კვიციანს საერთოდ არ შეხვედრია გურჩიანი, ის არც დალაპარაკებია. ის ჩაფრინდა გიორგი არველაძის „მირთმეული" ვერტმფრენით და ისე ჩამოფრინდა, რომ არაფერი უთქვამს კვიციანისთვის. 


გაგახსენებთ იმასაც, რომ მოწმეთა წინა ჩვენებებში ანზორ მარგიანის ხალხმა, შსს-ს ოფიცრებმა, ყველამ ერთხმად თქვა, რომ ლეჟავამ გვითხრა, კვიციანი ჩასაფრებულიაო. ნანა ლეჟავამ კი სასამართლო პროცესზე კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია. მან თქვა, წინ იყვნენ უხუცესები, უიარაღო მოსახლეობა და „მონადირის" წევრებიო. 


ახლა კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მოადგილის ალეკო სუხიტაშვილის ჩვენება: 

 

„2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილი მირეკავს და მეუბნება, უნდა მივსულიყავი ვაკეში, ქიბარ ხალვაშის ბინაში, იქ საუბრის დროს მოვიდნენ პრეზიდენტი სააკაშვილი, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, გენშტაბის უფროსი ნიკოლეიშვილი, აფხაზეთის შსს მინისტრი ანზორ მარგიანი და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ზაზა გოგავა. საუბარი ძირითადად კოდორის ხეობაზე მიდიოდა. მერე ჩვენ ყველანი დროებით გარეთ გაგვიშვეს და იქ დარჩნენ სააკაშვილი, ოქრუაშვილი და მერაბიშვილი. მერე ისევ დაგვიძახეს და ყველას მოგვცეს დავალებები. მე ირაკლი ოქრუაშვილისგან ვიღებ დავალებას, რომლის მიხედვითაც უნდა შევხვედროდი ემზარ კვიციანს და ბაჩო არღვლიანს. ძირითადად დავალება კვიციანთან მოლაპარაკებასთან იყო დაკავშირებული და უნდა მეწარმოებინა „მონადირის" იარაღის აღრიცხვა და ტრანსპორტირება თბილისში. ანზორ მარგიანი კი ჩავიდოდა კოდორში, მოამზადებდა იქ სიტუაციას, რომ მოსახლეობისგან იარაღი ამოგვეღო". 


ადვოკატის შეკითხვაზე, - ვინ გასცა ჩხალთის დაბომბვის განკარგულება, თუ იცნობთ მფრინავებს თურქიასა და მაისურაძეს, ვინ დააპატიმრა უკანონო ბრძანების შეუსრულებლობისთვის მფრინავები, ვინ აწამა მფრინავი იმედა მაისურაძე? სუხიტაშვილისგან ერთი და იგივე პასუხი იყო: „არ ვიცი, არ მახსოვს". 


ადვოკატმა კახნიაურმა სასამართლოზე თქვა, რომ ეს ოპერაცია კონსტიტუციის დარღვევით მოხდა, მე-100 მუხლი მთავარსარდალსაც კი უკრძალავს ჯარების გადაადგილებას და ასეთი სადამსჯელო ოპერაციების მოწყობას საქართველოს პარლამენტისგან და უშიშროების საბჭოსთან შეუთანხმებლად. 


სუხიტაშვილმა სიჩუმე დაარღვია და უცნობი ფაქტები გაახმოვანა. კერძოდ ის, რომ თავად სააკაშვილი, ოქრუაშვილი, უდესიანი იკრიბებოდნენ ქიბარ ხალვაშის სახლში. იქ დაიგეგმა, სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, კოდორის ხეობის ჩაბარების გეგმა... 


22 ოქტომბერს მოწმის სახით დაკითხავენ ირაკლი ოქრუაშვილს. 


ნანა სულავა

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016