reportiori.ge - ვინ ჩანერგა „ოდეერები“ „ოცნების“ ხელისუფლების სამსახურებში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:12
ინტერვიუ
ვინ ჩანერგა „ოდეერები“ „ოცნების“ ხელისუფლების სამსახურებში?
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 16:55


„ქართული ოცნება" ნელ-ნელა „ნაციონალების" გზას მიუყვება და მგონი, ჩვენ აზრზე არ ვართ. იმ მავნე ტრადიციებს, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნება" მომაკვდინებელ დანაშაულად უთვლიდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს. ახლახან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", ხელისუფლებას ე.წ. ოდეერები გაუშიფრა. ამ ორგანიზაციის ინფორმაციით, უშიშროების ყოფილი თანამშრომლები ზაზა მაზმიშვილი (მეტსახელი „გენერალი"), ვლადიმერ ბუნტურიძე და ზაზა მულაძე, შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში არიან ჩანერგილები. პროკურატურასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. შს სამინისტრომ უარყო თავისი ფარული წარმომადგენლებისყოფნა სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიიის პრესცენტრის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა დაადასტურა, რომ ზაზა მაზმიშვილი ამ უწყებაში მართლა მუშაობს კომისიის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე. აი, რა განაცხადა მან: „კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობას ზაზა მაზმიშვილი 2013 წლის აპრილიდან იკავებს. ის სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომისიას შორის უსაფრთხოების დარგში კოორდინაციას უზრუნველყოფს, ასევე აკონტროლებს კომისიის საქმიანობას და სახელმწიფო საიდუმლოს დაცვას. ზოგადად, ეს ინსტიტუტი ქვეყანაში 2004 წლის დეკემბრიდან, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით არსებობს".


„ოდეერის" ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში, ლავრენტი ბერიამ დანერგა. უშიშროების თანამშრომლები, ყველა სახელმწიფო სამსახურში იყვნენ ჩანერგილნი, ისინი სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ და ინფორმაციას უშიშროებას აწვდიდნენ. ცხადია, სახელმწიფო დაწესებულებებში მათი არსებობა ჩვეულებრივმა თანამშრომლებმა არ იცოდნენ. ანალოგიური სქემა აამუშავა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში. მანაც სახელმწიფო უწყებებში ჩანერგა „ოდეერები" და მათ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის იყენებდა. ეს „ოდეერები" აწვდიდნენ უშიშროებას სრულ ინფორმაციას ოპოზიციურად მოაზროვნე და აქტიური ადამიანების შესახებ, მათი ინფორმაციების საფუძველზე ათავისუფლებდნენ სამსახურიდან ადამიანებს - სკოლის დირექტორებს, ექიმებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს.


ვიდრე „ქართული ოცნება" მოვიდოდა ხელისუფლებაში, მკაცრად გმობდა სააკაშვილის მიერ ამ ინსტიტუტის აღდგენას და ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ სააკაშვილს გაისტუმრებდნენ თუ არა, მაშინვე მოსპობდნენ „ოდეერებს". თქვენც არ მომიკვდეეთ! აგერ უკვე 2 წელია „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და გაირკვა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსგავსად, თავადაც წარმატებით იყენებს სააკაშვილის ამ პრაქტიკას. ისმის კითხვა, რაში უნდა სჭირდებოდეს ეს „ოდეერები" დღევანდელ ხელისუფლებას? მათი ლიდერები დღე და ღამე იმას აცხადებენ, რომ ერთი გუნდი არიან, დასამალი არავისგან არაფერი არ აქვთ. თუ შენი ერთგული კადრები გყავს კონკრეტულ სამინისტროში, „ოდეერი" რაღაში გჭირდება? იმ სამინისტროში ხომ ვერანაირი ინფორმაცია ვერ დაიმალება და ხელისუფლების საჭირო შტომდე მიაღწევს, მათ შორის, უშიშროებამდე, თუკი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საფრთხეს შეეხება საქმე? რა გამოდის, სინამდვილეში ერთმანეთს არ ენდობიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ერთიმეორეს „ოდეერების" მეშვეობით აკონტროლებენ? არც ეს არის გამორიცხული, რადგან ხელისუფლებაში არსებულ განხეთქილებაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა.

აქვე ერთიც უნდა ვქთვა. სახელისუფლებო სტრუქტურებში მრავლად არიან „ნაცმოძრაობის„ ნარჩენები და ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, შესაძლოა, მათ საბოტაჟი მოაწყონ. შესაძლოა, ამ არასანდო „ნაციონალთა" გასაკონტროლებლად, ინფორმაციის მოსაპოვებლად სჭირდებათ „ოდეერები", მაგრამ ასეც რომ იყოს, ხელისუფლების საქციელს გამართლება მაინც არა აქვს. ვიმეორებ, მათ გასაკონტროლებლად ხელისუფლების ერთგული თანამშრომლებიც საკმარისია და ამისთვის „ოდეერი" არ არის საჭირო. როგორ, თუ „ნაცები" ოპოზიციას „ოდეერებით" აკონტროლებდნენ და სდევნიდნენ, მაშინ უნდა ავყვირებულიყავით და გვეთქვა, რომ ეს დანაშაული და საბჭოური გადმონაშთია და თუ იმავეს „ქართული ოცნება" გააკეთებს, ამაზე უნდა გავჩუმდეთ? ეგრე არ გამოვა, მიქარვა მიქარვაა, გინდა „ნაცებისა" იყოს და გინდა „ოცნებისა".


„ალიას" ამ სკანდალის დეტალების შესახებ, უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრება:

 

- ბატონო ვახტანგ, რას უნდა ნიშნავდეს ხელისუფლების მიერ „ოდეერის" ინსტიტუტის შენარჩუნება და გამოყენება? ვინმესი ეშინიათ და მათ აკონტროლებენ სახელმწიფო უწყებებში თუ ერთიმეორეს აკონტროლებენ?

 

- „ოდეერის" ინსტიტუტი საბჭოური გადმონაშთია და ბიძამისის, „კგბ"-ს ოფიცრის, თემურ ალასანიას რჩევით, მიხეილ სააკაშვილმაც დანერგა საქართველოში. „ოდეერის" სამსახურის არსებობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს გამართლება - თუ ის ჩანერგილია სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის, დახურულ დაწესებულებაში. სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, ამას ვერ მოედავები. მაგალითად, საფრანგეთში ასეთ სახელმწიფო დაწესებულებებში ჩანერგილნი არიან უშიშროების აგენტები და ამ სამსახურებში არავინ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები.


- გასაგებია, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და მთავარი პროკურატურა დახურული ობიექტებია?

 

- ცხადია, არ არის დახურული და შესაბამისად, „ოდეერების" აღმოჩენა ამ სტრუქტურებში დანაშაულია. ეს არის დარტყმა დემოკრატიული პროცეისთვის. მე კარგად მახსოვს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუები, როცა წინასაარჩევნოდ და მერეც, აცხადებდა, რომ ამ ინსტიტუტს გააუქმებდა. ასე არ მოხდა და ეს ორმაგი სტანდარტია - თუ სააკაშვილის დროს დანაშაული იყო „ოდეერების" ჩანერგვა, ჩვეულებრივ სახელმწიფო დაწესებულებებში, ცხადია, ახლაც დანაშაულია.


რაც შეეხება თქვენ კითხვას, „ოდეერებით" ვის აკონტროლებს ხელისუფლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთმანეთს კი არა, სახელმწიფო სამსახურში შერჩენილი „ნაციონალების" კონტროლისთვის სჭირდებათ მათი არსებობა. ყველასთვის ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობა" დღეს დესტრუქციული, ყველაფერზე წამსვლელი ძალაა. ეს დაადასტურა იმ ფაქტმაც, რაც წინა კვირაში მოხდა - „ნაცმოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის, „თავისუფალი ზონის" წევრებმა ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემეს და დესტაბილიზაციის დაწყების მცდელობა ჰქონდათ. ამგვარ პროვოკაციებს „ნაციონალები" კიდევ გააგრძელებენ და შეეცდებიან, ამ საქმისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში შერჩენილი თანაგუნდელები გამოიყენონ, თუნდაც, საბოტაჟის ან სხვა მიზნებისთვის. სავარაუდოდ, შესაძლოა, აი, ეს საფრთხე გააცნობიერა ხელისუფლებამ და ამიტომაც დასჭირდა „ოდეერებით" მათი გაკონტროლება. თუმცა, ვიმეორებ, ამით ხელისუფლებას არ ვამართლებ, რადგან ლავრენტი ბერიას დროინდელი პრაქტიკის გამოყენება ახლა, უბრალოდ, უხერხულია.


- მეც ეგ მიკვირს, თუ სააკაშვილს ამას დანაშაულად უთვლიდა დღევანდელი ხელისუფლება, დღეს აღარ არის „ოდეერები" დანაშაული?

 

- კი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, უნდა გაირკვეს, ვინ სად ჩანერგვა, რა მიზნებისთვის. კარგი იქნება, თუ ამ საქმეს გამოიძიებენ. თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, სავარაუდოდ, ვინ ჩანერგა „ოდეერები" სახელმწიფო სტრუქტურებში სააკაშვილის დროს, „ოდეერების" მომზადება და მათი გაკონტროლება ევალებოდა შსს სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ოთარ ორჯონიკიძეს. მე სწორედ ამ კაცმა დამიჭირა, მაგრამ მე ჯანდაბას, ორჯონიკიძემ „შეკერა" „ენვერის", „ჯაშუში ფოტოგრაფებისა" და სიმონ კილაძის საქმეები. მას ჰქონდა გეგმა, „ოდეერების" მუშაობისა და კონტროლისა.


- ოთარ ორჯონიკიძე დღესაც მუშაობს დაზვერვაში?

 

- არ ვიცი, 2013 წლის შემდეგ ამ კაცზე ინფორმაცია აღარ არსებობს, შარშან კი ისევ უშიშროებაში მუშაობდა. არ ვიცი, სად არის, მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ „ოდეერების" საქმეში ჩარეულია და მისი ხელით იმართება ეს პროცესი. ეს ვარაუდია, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ერთ რამეს კი წყალი არ გაუვა - თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ „ოდეერები" არიან სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს უეჭველად ოთარ ორჯონიკიძის მიერ შემუშავებული პროგრამით ხორციელდება. თუ ის ახლა წასულია უშიშროების სტრუქტურებიდან, მისი კადრები, მისი გამოცდილება და პროგრამა დარჩა უშიშროებაში და რაღა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება ამ რესურსს გამოიყენებდა. როცა ხელთ გაქვს მზამზარეული და აპრობირებული პროგრამა, ახლის შექმნით თავს არ შეიწუხებ.


აქ ერთ პრობლემაზეც ვიტყვი. დავუშვათ და მართლა ჩანერგა ხელისუფლებამ ეს „ოდეერები" სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. ვის ჩანერგავდა? ცხადია, მათი დიდი ნაწილი სააკაშვილის დროინდელი უშიშროების ყოფილი თანამშრომლები იქნებიან. ეს ადამიანები კი დღესაც სააკაშვილის ერთგულები არიან, გამოდის, ეს „ოდეერები" ორმაგი აგენტები არიან, რადგან ისინი ხელისუფლებასაც მიაწვდიან ინფორმაციას და „ნაცმოძრაობასაც". მეტიც, უფრო მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებას დეზინფორმაცია შეაჩეჩონ და „ნაციონალებს" - რეალური და მათთვის სასურველი ინფორმაცია. შედეგად, „ნაციონალებს" ზედმიწევნით ეცოდინებათ ყველაფერი, რაც სახელმწიფო სტრუქტურებში ხდება. თუ ეს ასეა, ხელისუფლება თავისთვის დიდ საფრთხეს ამზადებს და ჯერ ვერ ხვდება.


- ბატონო ვახტანგ, შესაძლოა, რაიმე იურიდიული საფუძველი ჰქონდეს ამ „ოდეერების" ინსტიტუტის არსებობას?

 

- რა იურიდიული საფუძველი უნდა ჰქონეს? კანონი რომ იყოს ამის შესახებ, ეს მეც მეცოდინებოდა და თქვენც. კარგი, დავუშვათ, ჩვენ გამოგვეპარა და „საერთაშორისო გამჭვირვალობასაც" გამოეპარა, ისინი ხომ კანონებს კარგად იცნობენ?


- ხომ შეიძლება, არსებობდეს შს მინისტრის ან სუს-ის უფროსის რაიმე საიდუმლო ბრძანება, რომლის საფუძველზეც ეს „ოდეერები" არიან ჩანერგილნი სახელმწიფო სტრუქტურებში?

 

- კი, ეგ შესაძლოა, მაგრამ ეს უკვე უკანონობის დაკანონებაა. ეგრე ქაღალდზე, შეგიძლია დაწერო, რომ მკვლელობა დანაშაული არ არის, მაგრამ ეს კანონიერი იქნება? ხომ გითხარით, არის სახელმწიფოები, საფრანგეთი, ისრაელი და სხვები, სადაც „ოდეერის" ინსტიტუტი სწორედ კანონის საფუძველზე მოქმედებს, მაგრამ იქ მკაცრად არის განსაზღვრული, სად უნდა ჩაიწერონ ოდეერები". ვიმეორებ, ასეთეი მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის დახურული ობიექტებია.


„ალიას" ამ სკანდალის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერთა პოზიციების დაფიქსირება სურდა, მაგრამ გუშინ, „ქართული ოცნების" ოფისში ჯერჯერობით, ჩვენთვის გაურკვეველი შეხვედრა იყო და გვიანობამდე ყველა იქ იმყოფებოდა. სწორედ ამის გამო არ უპასუხეს ჩვენს სატელეფონო ზარებს ირაკლი სესიაშვილმა, სოსო ჯაჭვლიანმა, მანანა კობახიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით საგანელიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა და სოსო ვახტანგიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მესიჯით ვაცნობეთ, რის თაობაზე გვსურდა მათი კომენტარი.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016