ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, ფაქტობრივად, „ნაციონალების" დაანონსებული გეგმის მიხედვით მიდის. საინტერესოა, ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ევროსაბჭოში მოხდა? რატომ ვერ უზრუნველყვეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უმრავლესობის დეპუტატებმა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია არ ყოფილიყო ასეთი მწვავე საქართველოს ხელისუფლების მიმართ? რატომ ვერ მოახერხეს, დაერწმუნებინათ ევროპელები ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულში?.. ვის უნდა მოსთხოვოს პრემიერმა პასუხი?.. ევროსაბჭოში „ქართული ოცნების" დელეგაცია არაკვალიფიციურად გამოიყურებოდა. არაერთხელ გამოგივქვეყნებია საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტთან ინტერვიუ, გიორგი ფოფხაძე ამ ხელისუფლებას ჩასჩიჩინებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ევროსტრუქტურებში ისეთი აქტიურია, როგორც არასდროს, ისინი კაბინეტ-კაბინეტ დარბიან, შეტყობინებას შეტყობინებაზე აგზავნიან და თითოეულ დეტალზეც კი საქმის კურსში აყენებენ ევროპელებს მაშინ, როცა „ოცნების" დიპლომატია ნულს ქვემოთაა. მათ კატეგორიული უარი განაცხადეს ლობისტებზე, რომლებიც რეალურ ინფორმაციას მიაწვდიდნენ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს... ფოფხაძე იმასაც კი აცხადებდა, რომ ბრიუსელში ჩვენმა ელჩმა ევროსაბჭოს შენობის მისამართიც კი არ იცის, მაგრამ არც ერთხელ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ყური არ შეიბერტყა, არადა საგარეო მარცხი ძალიან ბევრი დაგროვდა... მიუხედავად იმისა, რომ მიღებული არ არის საგარეო საქმეთა მინისტრის ხშირი ცვლა, ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა მაია ფანჯიკიძემ და მასთან დაახლოებულმა სტრუქტურებმა ან მუშაობის სტილი უნდა შეცვალონ, ან უნდა გადადგენ...
ყოფილი პარლამენტარი, იურისტი ვალერი გელბახიანი „ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს:
- საქართველო 1998 წლიდან არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა. როცა ჩვენ შევუერთდით ამ ინტეგრაციას, ვალდებულებები ავიღეთ, რომ ყველა საერთაშორისო კონვენციას შევუერთდებოდით. საქართველოში მომდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი ყოელთვის მონიტორინგის ქვეშ იყო, 1998 წლიდან მოყოლებული, წელი არ გასულა საქართველო არ მოხვედრილიყო მიმოხილვებში.
- კონკრეტული რეკომენდაციები, როგორიც წელს მისცა ევროსაბჭომ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაწერილა თუ არა რეზოლუციაში სააკაშვილის რეჟიმის დროს?
- სააკაშვილის დროს ვერ ვიხსენებ რეკომენდაციას, სადაც რომელიმე პატიმრის გვარ-სახელები ყოფილიყო მოხსენიებული. პოლიტპატიმარი სულხან მოლაშვილიც კი არ მოუხსენებიათ რეზოლუციაში. მახსოვს, ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნებამდე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ ადგილი ჰქონდა საერთაშორისო კონვენციების დარღვევას და იყო რეკომენდაცია, რომ ევროსასამართლოს განეხილა; რა თქმა უნდა, ამას გაგრძელება არ ჰქონია, თუმცა ევროსაბჭოს რეზოლუცია ამ საკითხზე არსებობდა.
- რა ძალა აქვს ევროსაბჭოს რეზოლუციას?
- ევროსაბჭოს რეზოლუციას აქვს რეკომენდაციული ხასიათი, თუ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებ შეიძლება ამას მოჰყვეს სანქცია, შეიძლება ეს იყოს ეკონომიკური, ან პოლიტიკური სანქციები. საქართველოს მიმართ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როცა ევროსაბჭოს რეკომენდაციების არშესრულების შემთხვევაში მათ სანქცია დაეწესებინოთ...
- თუკი არ გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს რეკომენდაციასა და არ გაათავისუფლებს ბაჩანა ახალაიას ციხიდან, რა სანქციას დაგვაკისრებენ? ევროსაბჭოს რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ არ არის აუცილებელი საპატიმრო ღონისძიებების გატარება მათ მიმართ.
- არშესრულების შემთხვევაში, თუ ამას მოჰყვება პოლიტიკური სანქცია, ამას შეიძლება მოჰყვეს გარიცხვა ან უფლებამოსილების დროებით შეჩერება ევროსაბჭოში. მე ვფიქრობ, ვიდრე აქამდე მივა საქმე, ევროსაბჭოდან ჩამოვა მონიტორინგის ჯგუფი და ისინი მოითხოვენ რეკომენდაციების შესრულებას.
- და თუ არ გაათავისუფლეს საპატიმროდან ბაჩანა ახალაია, რომლის სახელი და გვარი პირდაპირ რეზოლუციაშია ჩაწერილი და ევროსაბჭო იძლევა მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლების რეკომენდაციას, რა პროცესები დაიწყება?
- გავიხსენოთ უკრაინის მაგალითი, დაპატიმრებული პრემიერ-მინისტრი ტიმოშენკო და ევროსაბჭოს დამოკიდებულება. ტიმოშენკოზე ევროსაბჭომაც და ევროკავშირმაც რეზოლუცია მიიღო.
- რატომ იხსენებთ ამ საბედისწერო ფაქტს, შეიძლება ბაჩანა ახალაია ტიმოშენკო გახდეს და ის პროცესები, რაც პეკინის № 34-ში დაიწყო, დაპირისპირება „თავისუფალ ზონასა" და „თავისუფალ თაობას" შორის, შეიძლება „თბილისურ მაიდანში" გადაიზარდოს?..
- ტიმოშენკო შემთხვევით არ მიხსენებია, პირველ რიგში ნეგატიური ფაქტით ხდება უარყოფითი იმიჯის შექმნა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. როცა იანუკოვიჩის გაშვება დაიწყო დასავლეთმა, მათ სჭირდებოდათ ისეთი ფაქტები, რაც საზოგადოებრივ აზრს განაწყობდა. უკრაინის ხელისუფლებამ თავად შექმნა ის ფაქტი, რომელიც მის წინააღმდეგ იმუშავებდა და ეს იყო ტიმოშენკოს დაპატიმრება. ტიმოშენკოს მიმართ არაერთი საერთაშორისო მხარდაჭერა განხორციელდა, მათ შორის იყო მიღებული რეზოლუციები, იანუკოვიჩს პირდაპირ უყენებდნენ პირობად დასავლელი პოლიტიკოსები, თუ ტიმოშენკოს გაათავისუფლებდა, მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკებოდნენ. ტიმოშენკო იქცა საჯილდაო ქვად დასავლეთსა და იანუკოვიჩს შორის. უკრაინის ხელისუფლება გაჯიუტდა და უკვე ყველგან ცხადდებოდა, რომ უკრაინაში პოლიტიკური რეჟიმი ყალიბდებოდა იანუკოვიჩის სახით. დაახლოებით ოთხი თვე მოუნდა საერთაშორისო სამყარო უკრაინაში მაიდანის პროცესების წამოწყებას იმისთვის, რომ სახალხო მხარდაჭერა მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ვანო მერაბიშვილი იმხილება არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში, საერთაშორისო საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება ნელ-ნელა საქართველოს საზოგადოებაშიც შექმნის განწყობას, რომ ეს პრეტენზიები გამოყენებულია ხელისუფლების წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაცვლელად. ამ შემთხვევაში საბაბად მიიჩნევენ მერაბიშვილისა და სხვების განთავისუფლებას. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ უნდა იღოს ყურად. პრაქტიკა და გამოცდილება აჩვენებს, თუ არ ვითვალისწინებთ თუნდაც არასწორ რეკომენდაციას, მაშინ ურთიერთობები შეიცვლება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩამოყალიბდება აზრი, რომ ამ ხელისუფლებასაც მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამიტომ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არც დემოკრატიის ღირებულებებს პასუხობს და არის პოლიტიკური რეჟიმის სახე.
მე არ ვფიქრობ, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება ევროპელების მხრიდან, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ყველა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, პირველ მოთხოვნად დააყენებენ, რატომ არ არიან გამოშვებული ციხიდან რეზოლუციაში მოხვედრილი ადამიანები. ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან საუბრისას, იქნება საკითხი ასე დაყენებული, მხოლოდ მას შემდეგ განვიხილავთ ამა თუ იმ პროექტს, თუ ციხიდან იქნებიან გამოშვებულნი მერაბიშვილი, ახალაია და ა.შ. მერაბიშვილს გახდიან ერთ-ერთ საკვანძო პოლიტიკურ საკითხად. პუტინი რომ პუტინია, თავის დროზე კასიანოვის დაპატიმრებას მოერიდა, კასიანოვი იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მას ბრალი დასდეს დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში, მაგრამ პუტინმა ის არ დაიჭირა და ქვეყნიდან გააძევა. პუტინმაც კი არ გარისკა თავისი პრემიერის დაჭერა, რადგან ეს მიიღებდა პოლიტიკურ სახეს და თვითონ დაშავდებოდა. დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ხელისუფლების გადაბარების პროცესს, მას არ ჰქონდა გააზრებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც სახელმწიფოს უნდა ეარსება. ამიტომ, როცა გაუზარებელი ხვდები ასეთ პროცესებს, უშვებ უამრავ შეცდომას. მე ვწერდი, რომ შეცდომა იყო საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, საფრანგეთის სასამართლო არავითარ შემთხვევაში არ შექმნიდა პრეცედენტს, კეზერაშვილის ექსტრადირებაზე. საკმარისია ერთი საგაზეთო სტატია დაიწეროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანზე, რომ ისიც კი საბუთია, ადამიანმა უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფარი რომ მიიღოს. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის საერთაშორისო პოლიტიკური თამაშის წესები. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ „ტიმოშენკოები" მოამრავლა, ბუნებრივია, პრეტენზიები იქნება. მით უმეტეს, როცა კანონიერებაზეა დავა. კანონის მიხედვით. საპატიმრო ვადად ითვლება 9 თვე, ამ პერიოდში უნდა დასრულდეს გამოძიება და სასამართლოს განაჩენი უნდა გამოცხადდეს. ახალაიას შემთხვევაში ხდება აი, რა... წაუყენებენ ბრალს, გადის 9 თვე, 9 თვის ვადაში მიუსჯიან, მერე ახალ ბრალს წაუყენებენ, მოკლედ, მის შემთხვევაში დაირღვა 9-თვიანი ვადა, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაშია მითითებული. აქედან ჩანს, რომ პოლიტიკური ნიშნით არის სამართალი განხორციელებული, საერთაშორისო პრაქტიკა თვლის, რომ 9 თვეს გადაცილებული ერთი დღეც კი ითვლება უკანონო პატიმრად...
- ევროსაბჭოს რეზოლუცია გადავდოთ და შევხედოთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, დგას თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და სისხლისღვრის ზღვარზე?..
- სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები სახეზეა, როცა ხელისუფლება მიდის პოლიტიკური ძალის განდევნის გზით და იწყებს ამ ძალის მარგინალიზაციას, მას უნდა ახსოვდეს, რომ ასეთ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის გამოუჩნდება მომხრეები. ძალიან ხშირად ვადარებ ხოლმე დღევანდელი ხელისუფლების მმართველობას გამსახურდიას მმართველობის მეთოდს. ხელისუფლების სათავეში მაშინაც მოუმზადებელი კონტინგენტი მოვიდა და ახლაც, მაშინაც მრავალსუბიექტიანი იყო პოლიტიკა და ახლაც. მაშინაც გამსახურდიას ხელისუფლება შიგნით დაუპირისპირდა ერთმანეთს და ეს ხელისუფლებაც ასეა. ერთ მშვენიერ დღეს განაწყენებულმა კიტოვანმა რკონის ტყეში ათკაციანი შეიარაღებული დაჯგუფება წაიყვანა. ერთ კვირაში ეს ათკაციანი დაჯგუფება იქცა 15 ათასად, დღეს რომ ვიღაცამ იარაღი აიღოს ხელში და ტყეში წავიდეს, დარწმუნებული ვარ, მეორე დღეს, ამ ხელისუფლებაზე განაწყენებული 5000 კაცი შეუერთდება. მე ვლაპარაკობ თეორიულ ვერსიაზე... რა თქმა უნდა, მოვლენები იმ სცენარით არ განვითარდება, რაც იყო 90-იან წლებში, მაგრამ ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი საფრთხე და ამ თემაზე ცალკე ინტერვიუს მოგცემთ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციები არის ძალიან საგანგაშო, თუ რა ხდება სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, ეს იმაზე დიდი საფრთხეებია, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება პეკინის № 34-ში, როცა „თავისუფალი ზონა" და „თავისუფალი თაობა" ერთმანეთს დაუპირისპირდა, მონაგონი იქნება ეს დაპირისპირება იმასთან, რაც შეიძლება ამ რეგიონებში უახლოეს მომავალში ვიხილოთ.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"