reportiori.ge - გიორგი ფოფხაძე: „მაქვს ინფორმაცია ევროდეპუტატებისგან, რომ ახალაიასა და მერაბიშვილის პოლიტდევნილებად აღიარებას ვერაფერი აღუდგება წინ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:22
ინტერვიუ
გიორგი ფოფხაძე: „მაქვს ინფორმაცია ევროდეპუტატებისგან, რომ ახალაიასა და მერაბიშვილის პოლიტდევნილებად აღიარებას ვერაფერი აღუდგება წინ“
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 18:45


ჟურნალისტის ცემა-ტყეპის ორგანიზატორების თავისუფლება იწყება იქ, სადაც მთავრდება ნაცემ-ნაბეგვი ზაზა დავითაიას სისხლიანი სახე - „თავისუფალი ზონის" ოფისში შევარდნის საკითხს ევროპარლამენტი დახურულ სხდომაზე განიხილავს. ქართულ სინამდვილეში ეს ანეკდოტია, მაგრამ ევროპულ რეალობაში - დაჩაგრულის დაცვა. როცა ხელისუფლებაში მოღალატეთა თაიგულია, როცა მათ ერთი ლიდერის შიში კრავს და არა იდეოლოგია, არც უნდა ველოდით, რომ ისინი ქვეყნის სიყვარულით მუხლებს გადაიტყავებენ.


საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, „ალიასთან" ინტერვიუში, ასახელებს იმ მინისტრის ვინაობას, რომელმაც, ფაქტობრივად, ორმაგი თამაშით ხელისუფლებას დარტყმა მიაყენა.


- „თავისუფალი თაობის" დამფუძნებელმა ლადო სადღობელაშვილმა, „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ევროპარლამენტი „თავისუფალი ზონის" საქმეს დახურულ სხდომაზე განიხილავდა. მათ ამ ინფორმაციის გადამოწმება თქვენ გთხოვეს, რა გაარკვიეთ?


- დიახ, ევროპარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ, „ევროპის სახალხო პარტიის" დახმარებით, აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ პარტიიდან მხოლოდ ერთი ნაწილი უჭერს მხარს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას", იქ ძალიან ბევრი ევროდეპუტატია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" აზრს სრულიად არ იზიარებს. მთელი უბედურება ისაა, რომ გამოთავისუფლებული სეგმენტი არ ჰყავს ათვისებული „ქართულ ოცნებას", არადა, მათთან მუშაობა შეიძლება. ვფიქრობდი, რომ „თავისუფალი ზონის" გარშემო რაც ხდება, ამას ძალიან კარგად გამოიყენებდა სამთავრობო პიარი და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, რადგან არსებობს საკმარისი დოკუმენტური მასალა, ზაზა დავითაიას ცემით დაწყებული, „თავისუფალი ზონის" აგრესიით დასრულებული. რაც ვნახე, პირველი აგრესია აშკარაა, რომ „ზონის" მხრიდან წამოვიდა. მეტიც, „თავისუფალმა ზონამ" პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი ორგანიზაცია, იმუქრებოდნენ ევრომაიდანის მოწყობით. სამთავრობო პიარსა და ლობისტებს შეეძლოთ, რომ ფირებზე დაედოთ ინგლისურად ნათარგმნი ტიტრები და მიეწოდებინათ ევროპარლამენტარებისთვის, მაგრამ მოხდა პირიქით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროპარლამენტს ეს ფაქტი მიაწოდა, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტი, ამან გამაოგნა და გამაოცა, მთავრობისთვის „სატოპკე" აწეული სიტუაცია გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ", არადა, ახალი იყო სწორედ ის ვითარება, როცა „ქართულ ოცნებას" შეეძლო, სათავისოდ შემოებრუნებინა სიტუაცია. ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუციის წინ ამ გარემოებას ძირეულად შეეძლო, შეეცვალა რეზოლუცია, მაგრამ მოხდა პირიქით, დღეს უკვე ვერავის დააჯერებ, რომ თავისუფალ მედიაზე არ მიდის ზეწოლა. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მოვიძიე მთელი მასალა, დავუკავშირდი „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას, ამოვიღე მისი განცხადებები, ჩემი ხარჯებით ვთარგმნე, დავდივარ და ვარიგებ ევროპარლამენტარების კაბინეტებში, მაგრამ მე ვინ ვარ? არ მაქვს სტატუსი და ჩემს ნათქვამს არ აქვს ისეთი ძალა.


- „ნაციონალური მოძრაობიდან" კონკრეტულად ვინ აწვდის მათ ინფორმაციებს?

 

- ამას არავინ გეტყვის ევროპარლამენტში, თუმცა, ვეჭვობ, ამ ინფორმაციებს მათ აწვდიან საგარეო პიარზე მომუშავეები „ნაციონალური მოძრაობიდან" - გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერია და ასე შემდეგ. რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ გიორგი კანდელაკი, ძალიან მაგრად მუშაობს ევროპაში და ამიტომაცაა, რომ ათით ნული მოუგეს ხელისუფლებას.


მთავრობავ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ამ რამდენიმე დღეში ბაჩანა ახალაია და ვანო მერაბიშვილი ოფიციალურად არ აღიარონ პოლიტიკურ დევნილებად, თორემ ეს თუ მოხდა, შეიქმნება ძალიან ცუდი პრეცედენტი. სამწუხაროდ, მაქვს ინფორმაცია ევროდეპუტატებისგან, რომ ახალაიასა და მერაბიშვილის პოლიტდევნილებად აღიარებას ვერაფერი აღუდგება წინ... ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობისთვის" უფრო ადვილია, ევროპარლამენტს დაუმტკიცოს, რომ მათ პოლიტიკურად დევნიან, თან გაითვალისწინეთ, რომ მათ ჰყავთ სუპერპროფესიონალი ლობისტები დაქირავებული და წლებია, ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობენ.


- ამ ხელისუფლების წევრებიც იყვნენ ოპოზიციაში და ისინიც დადიოდნენ ბრიუსელსა და სტრასბურგში. ქვეყანას ჰყავდა 200-მდე პოლიტპატიმარი, საილუსტრაციოდ, ნაწამები სულხან მოლაშვილის დასახელება კმარა, „ნაციონალებმა" დაარბიეს ტელევიზია, სცემეს ჟურნალისტები, 26 მაისს მაღაზიის თავზე „დაფრინავდნენ" მიცვალებულები, ევროსტრუქტურებში გია ბარამიძეს უფრიალეს დასახიჩრებული მომიტინგეების სურათები, რის გამოც ფოტორეპორტიორები ციხეში ჩაყარეს ჯაშუშობის შეთითხნილი ბრალდებით. მაშინ ევროსაბჭო რატომ არ წერდა ამას თავის რეზოლუციებში?

 

- სააკაშვილის მთავრობა ძალიან მაგრად მუშაობდა და იმიტომ ახერხებდნენ საკუთარი დანაშაულის „გაპრავებას". ვინ თქვა, რომ არ ხვდებოდა ევროპულ რეზოლუციებში ის, რასაც ნაცები სჩადიოდნენ? ამას ქართული ტელევიზიები არ გადმოსცემდნენ, ციხის სკანდალური საქმე, „იმედის" დარბევა, „მაესტროს" დახურვა, 26 მაისი, „მეცხრე არხის" თეფშების დაყადაღება, გვანცა ყუფარაძის, ვახო კომახიძის საქმე, ეს ყველაფერი მოხვდა რეზოლუციაში და ეს ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, თუმცა, ამას რეკომენდაციის სახე არ ჰქონია, კეთდებოდა განცხადებები, მათ აფრთხილებდნენ ევროპარლამენტარები.


ახლა გეტყვით, რატომაც არ ჰქონდა ამას რეკომენდაციის სახე. „ნაციონალური მოძრაობის" ჯიბის ოპოზიცია რომ ჩამოდიოდა აქ, კოლექტიური „პადოშები", სწორედ ისინი „უპრავებდნენ" „ნაცებს" რეჟიმს, აქ ზღაპრებს ჰყვებოდნენ, ასეთი კარგი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლიაო, უმტკიცებდნენ ევროპელებს, პარლამენტს გარეთ დარჩენილებს კი აქ ვინ უშვებდა?!


- „თავისუფალი ზონის" ლიდერი კობა ხაბაზი აპირებს ბრიუსელში ჩამოსვლას, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვის ხვდება?

 

- დიახ, მეც გავიგე, რომ ხაბაზი ჩამოსვლას აპირებს, მაგრამ ვის შეხვდება ის, არსებითად არ ცვლის სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ხაბაზიც, ჩიორაც, კანდელაკიც მათთან შეკრულ ვითომ დაჩაგრულ ჟურნალისტებსაც ჩამოიყვანენ, იმათაც ანახებენ ევროდეპუტატებს და გაბერავენ ტყუილებით, მაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება, ესაა მთავარი! არც არაფერს, არ რეაგირებს, იმის ნაცვლად, რომ ზაზა დავითაია ჩამოგვეყვანა და შეგვეხვედრებინა ევროდეპუტატებისთვის, ამათ ეს თემა გაატარეს. ხალხნო, ჩამოიყვანეთ სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული ის 100 ბიზნესმენი, მოუყვნენ ევროპელებს, ერთ ღამეში თავიანთ ქონებას როგორ აფორმებინებდნენ „ნაციონალებზე", როგორ ალპობდნენ ციხეებში, ანახეთ ამათ გოგა ხაინდრავას ფილმი „დემოკრატიის შუქურა" კიდევ ერთხელ. ევროდეპუტატ ანა გომეშეს სიტყვები მახსენდება, იცით, რა მითხრა ერთხელ? გიორგი, მე შენი გულწრფელობის მჯერა, რასაც მეუბნები ვანო მერაბიშვილზე, ვიცი, რომ ასეა, მაგრამ, როდესაც შენი ქვეყნის იუსტიციის მინისტრი დგას ტრიბუნასთან და მერაბიშვილის შესახებ ჩემს დასმულ კითხვაზე იმავე პასუხს არ მაძლევს, რაც შენ მითხარი, ვისი დავიჯეროო?!


- ერთხელ ჩემთან ინტერვიუში ეს ფაქტი ახსენეთ, თუმცა, მაშინ თეა წულუკიანის ვინაობა ინკოგნიტოდ დატოვეთ, რა გამოდის, წულუკიანი ორმაგ თამაშს თამაშობს?

 

- არ ვიცი, ევროსაბჭოში მიღებულმა რეზოლუციამაც დაამტკიცა, რომ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, („ევროპელი ლიბერალები"), სადაც ალასანიას პოლიტიკური გუნდია გაერთიანებული, სრულად დაუჭირა მხარი რეზოლუციას. ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს მოგიყვებით. თეა წულუკიანს ჩვენს ჯგუფზე, ჩემზე, ირმა ინაშვილზე და ა.შ. ჰკითხეს, ეს მართალია, ფაშისტური ორგანიზაციააო? ვესწრებოდი ამ მოსმენას, მინისტრმა ჩვენს დასაცავად ერთი სიტყვა არ თქვა და მაშინ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, თეა წულუკიანმა არ დაიცვა ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა. იქ არამარტო ჩვენზე, სხვა თემებზეც იყო ლაპარაკი, მათ შორის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაზე. მას ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა, რომ ის არ მოხვედრილიყო წინასწარ დაკავების საკანში? იუსტიციის მინისტრმა, პრაქტიკულად, არც ერთი არგუმენტი არ დაუდო, რატომ დააკავეს მერაბიშვილი. აი, ასეთი სამწუხარო ფაქტები ხდება.


- წულუკიანმა ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. პირველი ის, რომ სულაც არ გვჭირდება ევროსაბჭოს ჭკუის სწავლება და დიახაც, სწორად არის ახალაია დაკავებული, და მეორე: ჩვენ მოგვიწევს, გავაქტიურდეთ ევროსტრუქტურებთანო. ეს განცხადება კი მას შემდეგ გააკეთა, რაც კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ცუდად იმუშავა და ამის შედეგი იყო ეს რეზოლუციაო...

 

- პარტია „ქართული ოცნება" ადეკვატურად აღიქვამს ევროსაბჭოს რეზოლუციას, იმ რეზოლუციასაც, რაც მალე იქნება მიღებული ევროპარლამენტში, რასაც, სამწუხაროდ, ვერ აღიქვამენ კოალიციის წევრები. ასევე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამას პრეზიდენტიც ვერ ან არ აღიქვამს, როცა ის ამბობს, რომ შეწუხებულია ახალაიასა და მერაბიშვილის პროცესის გაწელვით, მიჩნდება კითხვები ვითომ დემოკრატებთან, შებრძანდით ინტერნეტში, გადახედეთ პოლიტიკური პარტიების წევრთა დაპატიმრებებს და ნახავთ, რამდენ ხანს მოუწიათ მათ წინასწარ პატიმრობაში ყოფნა. საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის მერი დააპატიმრეს კორუფციული გარიგებების გამო და სამი წელი იჯდა წინასწარი გამოძიების საკანში, 9-თვიანი ვადებიც დაირღვა და მეტიც. ჩვენი მთავრობის უბედურება ისაა, რომ ევროპელებს ვერ აგებინებენ, რომ ახალაიასა და მერაბიშვილის საქმეებში ახალი გარემოებები ჩნდება. ახალაიასა და მერაბიშვილისთვის ბრალის წაყენება შეიძლება, წლები გაგრძელდეს, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ახალაიას ვაშლის გათლაზე რომ წაუყენებ ბრალს და ამას ჩაუტან სტრასბურგს, მიიღებს რეზოლუციას, აბა, რას იზამს?!


- ჯერ იყო და ევროპამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიგვაღებინა, სადაც ჩაიწერა ბევრი ვალდებულება, მერე რეგიონული ენების შემოღება მოითხოვა და ა.შ. ახლა დამნაშავე სუბიექტებს გვისაღებენ ყინწვისის ანგელოზებად. ამ ხელისუფლების უსწრაფესად ჩამოცილების გზით მიდიან ევროპელები თუ რა ხდება?

 

- ესაა სააკაშვილისა და ჟვანიას მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც დამოკლეს მახვილივით აწევს საქართველოს ხელისუფლებას. ეს ვალდებულება აიღეს ევროსაბჭოში მიღების სანაცვლოდ, თუმცა, გეტყვით, რომ „დამოკლეს მახვილის" მიუხედავად, ერთი თვის დაგვიანებით, ჩვენ მაინც მიგვიღებდნენ ევროსაბჭოში, ცხონებულ ზურაბ ჟვანიას რომ არ დასჭირვებოდა იმის თქმა, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე - ევროპელი!" იმ წელს სხვა ქვეყნებიც მიიღეს ევროსაბჭოში, სომხეთი, აზერბაიჯანი. ამ ტრიუმვირატს ჰქონდა პირველობის ამბიცია, ეს იყო უფრო პიარსვლა, რასაც შევეწირეთ, ავიღეთ თურქი-მესხების დაბრუნების ვალდებულება, ასევე რეგიონალური ენების მიღების ვალდებულება და ასე შემდეგ, რასაც ისეთი დიდი ქვეყნებიც კი, როგორიცაა საფრანგეთი და, ასევე პატარა ქვეყნები, როგორიცაა ლიტვა, არ თმობენ. ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, ყველას მოუწევს ამ პირობის შესრულება, რაც აღთქმასავით გვაქვს დადებული ევროსაბჭოში. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ დრო გავწელოთ და ეს ვალდებულებები უსასრულობაში გადავიყვანოთ. იცით, რაზე მწყდება გული? მთავრობაში ბევრი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა მოჰყვება მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას მომდევნო კვირაში, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება თუ არ შეასრულებს მათ რეკომენდაციებს, ჩვენ აღმოვჩნდებით სრულ იზოლაციაში და დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში, არც ერთი ევროპული ქვეყანა აღარ მიგვიღებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი ქვეყნიდან, სადაც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, ინვესტიციები არათუ შემოვა, ინვესტორები გავლენ ჩვენი ქვეყნიდან. აი, ეს მოიტანა გულგრილმა მიდგომამ და თუ წულუკიანს ეს არ ადარდებს, გარწმუნებთ, რომ ძალიან შემცდარა, რეკომენდაციების არშესრულებას აუცილებლად მოჰყვება უკუპროცესები...


ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016