ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგის" ცნობით, საქართველოს მკვიდრი, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წითურ გენერლად წოდებული ომარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) პანკისის ხეობაში მცხოვრებ მამამისს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ისლამისტთა შემდეგი სამიზნე რუსეთი იქნება.
„მამა, ნუ ღელავ, მე ჩამოვალ სახლში და ვაჩვენებ რუსებს. ჩემთან ერთად ათასობით ადამიანი მოდის და ისინი მეტნი იქნებიან".
მანამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ალ-შიშანი აცხადებს: „ჩვენი მიზანი ნათელია და ყველამ იცის, რატომაც ვიბრძვით. ჩვენი მიზანი ხალიფატის შექმნაა". აღსანიშნავია, რომ ხალიფატმა პრეტენზიები საქართველოზეც განაცხადა. ხალიფატის „მომავალი ტერიტორიების რუკაზე" მოხვდა საქართველო, მთელი კავკასიის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი, არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკა თითქმის ცენტრალურ აფრიკამდე, აზიის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, ასევე ბალკანეთი, ყირიმი და პირენეის ნახევარკუნძული.
რამდენად რეალურია ალ-შიშანის მუქარა და რა საფრთხეები ელის საქართველოს, თუკი ის ქვეყანაში ათასობით მებრძოლთან ერთად შემოვა?
„ალიას" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრა:
- ბატონო მამუკა, „ბლუმბერგის" გავრცელებულ ინფორმაციას თუ იცნობთ?
- ეს ძალები უკვე მესამე წელია, გააქტიურდნენ. ბოლო ერთი წელია, რაც აქტიურად დაიწყო დამოუკიდებელი თამაში ამ ისლამურმა ფორმირებამ, რომელიც მანამდე ცნობილი იყო „ერაყისა და ლევანტის განმათავისუფლებელი ფრონტის" სახელით. ეს არის იმ 14 დაჯგუფებიდან ერთ-ერთი, რომელიც ებრძვის ასადის რეჟიმს. ახლა ამ ორგანიზაციამ დამოუკიდებელი ფორმა მიიღო, რომლის დოქტრინაა ხალიფატის შექმნა და პირველ რიგში, ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ერაყის ტერიტორიაზე, შემდეგ ხალიფატის შექმნა ესპანეთამდე.
რახან ის ცალკე დაჯგუფებად ჩამოყალიბდა და „ალ-ქაიდასგან" გამოვიდა, ამიტომ გამოჩნდა ის უკვე აქტიურად. გარდა ამისა, ამხელა სახელმწიფოს ნახევარი აქვს დაპყრობილი, ერაყს ვგულისხმობ. ამ მთელი დაჯგუფების მეთაური არის თარნახ ბათირაშვილი და ჰყავს 25 000 მებრძოლი. რომ მოინდომოს, მეტი ეყოლება, რადგან ერაყის მოსახლეობის სუნიტური ნაწილი უჭერს მხარს მას. მათ აქამდე არც ფინანსური და არც ტექნიკური შესაძლებლობები არ ჰქონიათ, ახლა უზარმაზარი ფინანსური ნაკადები აქვთ.
- საიდან?
- ნავთობით ვაჭრობიდან შოულობენ ფულს, ერაყის სანავთობო ინფრასტრუქტურიდან, ასევე არაბული სამყაროდან შემოსდით ფული და ამის გამო მათ აქვთ როგორც ტექნიკური აღჭურვილობა, ისე სტუდიური მოწყობილობაც. იქ იღებენ სარეკლამო კლიპებს, რომლებსაც მერე სოციალური ქსელით ავრცელებენ. ახლა უფრო მეტი შეუძლიათ პროპაგანდის თვალსაზრისით, მეტი გამოცდილებაც მიიღეს და უფრო მეტი საშუალება აქვთ, გლობალურ ქსელზე გავიდნენ.
- ბათირაშვილი აცხადებს, რომ მათი შემდგომი სამიზნე რუსეთია და ათასობით ადამიანთან ერთად აპრებს საქართველოში შემოსვლას. შეიძლება, პანკისის ხეობა საყრდენად გამოიყენოს რუსეთთან ომში?
- ამის თქმა რთულია. ბათირაშვილი ქართველია, ის ჩეჩენი არაა, ფშაველია. მუსლიმანია და ქისტი დედა ჰყავდა, მიუხედავად ამისა, მაინც ეჭვი მეპარება, საქართველო საყრდენად გამოიყენონ. ახლა მთავარია, კითხვა, არიან თუ არა ისინი აქ ჩამომსვლელები? მიუხედავად იმისა, რომ პუტინს პირადად გაუგზავნეს მუქარის მიმართვა, ეს ცალსახად იმას არ ნიშნავს, რომ მიატოვებენ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები და დაიძვრებიან პოსტსაბჭოთა სივრცისკენ.
- რატომ გეპარებათ ამაში ეჭვი?
- გავითვალისწინოთ ის, რომ ამ მებრძოლებში მხოლოდ ათას კაცამდეა პოსტსაბჭოთა სივრციდან, დანარჩენები არიან ადგილობრივი ან ევროპელი მუსლიმანები. ამიტომ ისინი არაფრის მიმტოვებლები არ არიან, ჯერ მთავარი ამოცანა აქვთ შესასრულებელი - ისლამური სახელმწიფოს შექმნა. მერე რა მოხდება, არავინ იცის. ამასობაში იქმნება კოალიცია, რომელიც აპირებს ბრძოლას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ კოალიციის ყველაზე აქტიური მებრძოლი არის თურქეთი. გეუბნებით 2-3 დღის ამბავს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში მათ არ ექნებათ აქეთ გამოლაშქრების სურვილი. თუ ჩამოვლენ, ერთეულები ჩამოვლენ, თან იარაღის გარეშე.
- ერთეულებსაც ხომ შეუძლიათ აქ თანამოაზრეების მონახვა და რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც პროვოკაციების მოწყობა, მაგალითად, საზღვარზე?
- მე ვამბობ, რომ უახლოესი ათწლეულის მანძილზე ამ შენაერთის ჩამოსვლა წარმოუდგენელია, თუ მიუშვა დასავლეთმა და ამ სახელმწიფომ შეძლო ჩამოყალიბება, რომლის შექმნასაც ეს მებრძოლები აპირებენ, ამასაც წლები დასჭირდება, რომ აქეთ გამოილაშქრონ. ცალ-ცალკე, დაქსაქსულად და მერე თავმოყრა შეუძლიათ. ასეთი რამ იმიტომ არის შესაძლებელი, თუ ისინი იქ დამარცხდებიან და იძულებული იქნებიან, სხვა ქვეყნებს შეაფარონ თავი. ესეც არ არის უახლოეს მომავალში მოსალოდნელი.
- ტყუილს ხომ არ ეტყოდა მამამისს, ჩამოვდივარო. დაქსაქსულად რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და მოიყარონ თავი, ეს ხომ ძნელი არ არის. ამ შემთხვევაში რას უნდა ველოდოთ მათგან?
- თუ ჩამოვლენ ერთეულები, მათ ექნებათ კონკრეტული დავალება. ეს იქნება ან დესტაბილიზაციის მოწყობა, ან რუსეთის წინააღმდეგ შეტევა. ამისგან არავინაა დაზღვეული. ასეთივე წარმატებით მათ შეუძლიათ ჩავიდნენ ლონდონში, ევროპაში, პარიზში, საიდანაც ისინი არიან. უფრო მეტნი არიან ევროპიდან, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრციდან. ამიტომ არის, რომ კოალიცია შექმნა მსოფლიომ მათ წინააღმდეგ და არ უნდა დაუშვან ერაყში მათი გამარჯვება. თუ ერაყში გაიმარჯვებენ, მერე სხვაგანაც მოახერხებენ ამას. ჩანასახშივე უნდა მოისპოს ის. ჩვენი ქვეყნისთვის არის ეს ხიფათის შემცველი, რადგან მათ შეუძლიათ, აქ ჩამოსვლისას თავი მოუყარონ თანამოაზრეებს, რადგან აქ, ქვემო ქართლში, პანკისსა და აჭარაში არიან ადამიანები, ვინც მათ მხარს დაუჭერენ, ისინი შეეცდებიან აქ კერების გაჩენას, რომ მერე მიაღწიონ მიზანს, მოხვდეს კავკასია ხალიფატში. თუ ეს დავუშვით, სახელმწიფო არ ვყოფილვართ.
- და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ეს არ დაუშვას?
- პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა გაატაროს. არ უნდა დაუშვას ისლამისტური ორგანიზაციების გაძლიერება, მხარი უნდა დაუჭიროს ტრადიციულ კავკასიურ ისლამს, რომელიც არსებობს და დასუსტებულია. უნდა გამოცხადდეს ანტიტერორისტული ფრონტი, დასავლეთი რუსეთს ეკვრება ამ სფეროში და ესე იგი, რუსეთიც ჩაერთვება ამაში, უნდა იქნას გაცვლილი ინფორმაცია. მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების დაცვა არაა საკმარისი, მთავარია კონტრდაზვერვითი ღონისძიებების ერთად დაგეგმვა. თუ იქით არ გადახვედი შეტევაზე, ლოკალიზება არ მოახდინე, ისე ვერ აიცილებ ხიფათს თავიდან. თუ მოუშვი, ცხადია, იქნება პრობლემები, თუ კარგად იმუშავე, თავიდან აიცილებ. მათთან ბრძოლა ახლაა შესაძლებელი, როცა ჩანასახში არიან, თორემ, თუ მოძლიერდნენ, მერე უკვე ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის მძიმე დღეები დადგება.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"