reportiori.ge - რას უყვება გენერალი კობა კობალაძე „ქრონიკა+“-ს ზაზა გაბედავასთან დაკავშირებით?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:22
ინტერვიუ
რას უყვება გენერალი კობა კობალაძე „ქრონიკა+“-ს ზაზა გაბედავასთან დაკავშირებით?
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 18:52


„ქრონიკა+"-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა მოსკოვში მცხოვრები ქართველების - ვლადიმერ ხომერიკისა და ზაზა გაბედავას საუბრის სკანდალური ფარული ჩანაწერი. ამ საუბარში გაბედავა გენერალ კობა კობალაძეს ახსენებდა და ხომერიკს ეუბნებოდა, რომ გარდაცვლილი გენერლის - რომან დუმბაძის ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს კობალაძის მიმართ.


გთავაზობთ ამ ფარული ჩანაწერიდან შესაბამის მონაკვეთს:

 

„ზაზა გაბედავა: გეკითხები კონკრეტულად, რომან დუმბაძეზე რა ინფორმაცია გავავრცელე?


ვლადიმერ ხომერიკი: ყველაფერი. აი, კომენტარებს აძლევდი მაგაზე, რაც არ იყო საჭირო.


ზაზა გაბედავა: რა კომენტარი? იქ რომ მოკლეს ცხონებული იმ ნაბოზრებმა, „სკრიტი" კამერით გადამიღეს მე და გიორგი. ეს გამოაქვეყნეს იმ ნაბოზრებმა „ლაიფ ნიუსმა", მე რა გავავრცელე, ვერ გავიგე? რატომ მეუბნები არასწორად, მაგის დედა მოვტ...ან? კითხე გიორგისაც, ეგრე იყო და სუყველა. „ედინსტვენნო", მე კობას ვუთხარი, კობალაძეს, გენერალს, დავურეკე და ოჯახი ნაწყენია შენზეო და რატომო? რატომ და რომა რომ ჩამოიყვანე და დაიჭირეს, ეგრე ამბობენ, რომ შენი იმით ჩამოვიდა კაცი და დაიჭირეს თბილისში. ეგ ვუთხარი კობა კობალაძეს, ეგ იყო, კობასთან ვმეგობრობ და ვუთხარი პირში, ნორმალური ბიჭია და ვუთხარი, არ მეთქვა?.."


„ქრონიკა+" გენერალ კობა კობალაძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა:

 

- ბატონო კობა, რატომ გახსენებთ ზაზა გაბედავა ასეთ არასახარბიელო კონტექსტში?


- როგორ გითხრა, ჩემო დავით?.. ზაზა გაბედავა, რა ვიცი, ახლა... თავის დროზე, თავისი ინიციატივით შემეხმიანა და სხვა თემებთან ერთად ამაზეც იყო საუბარი, მაგრამ ეგ იყო წლების წინათ, ცხონებული რომა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მე მაშინვე მოვუჭერი და ვუთხარი, რომ ეს არ იყო სალაპარაკო თემა, მით უმეტეს, მასთან - ზაზა გაბედავასთან გასარჩევი.


- რა უნდოდა, როცა ამ თემაზე ჩამოაგდო საუბარი?


- არაფერი, რა ვიცი, რა უნდოდა? არც ვიცნობდი გაბედავას. შეხება არა მქონია და არაფერი. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ზვიად გამსახურდიას დროს რაღაც თანამდებობას იკავებდა, მეტი არაფერი და შემახსენა თავი. კაცი რომ თავს შეგახსენებს, დაინტერესდები, აბა, რა იქნება? გავერკვიე ყველაფერში და ეს იყო და ეს. მერე, რატომღაც, ინიციატივა გამოიჩინა, თუ არ ვიცი, რატომ მიიჩნია საჭიროდ, რომ ასეთი რამე ეთქვა. მე ვუპასუხე, რომ ეგ ისტორია გავლილია, ჩავლილია და ყველაფერი გარკვეულია-მეთქი.

 

- რომან დუმბაძის დაკავებაზე რომ გითხრათ?


- ჰო, იყო ჩვენ შორის ეგეთი საუბარი, რომ ოჯახი ნაწყენიაო და მე ვუთხარი გაბედავას, რომ მისი განსახილველი არ იყო ჩემი და რომას ურთიერთობა. მე და დუმბაძე არა მარტო თანამებრძოლები, მეგობრებიც ვიყავით და თუ რამე გასარკვევი იყო, ერთმანეთშიც გავარკვევდით და ვიტყოდით სათქმელს. მოკლედ, ის თემა რაც იყო დაკავშირებული ამათი დროშების ფრიალით შევარდნასთან აჭარაში, ეგ ყველასთვის ცნობილია. ინტერვიუებიც მივეცი ამის თაობაზე, სასამართლოზე პროცესზეც გამოვედი და ოჯახშიც ვთქვი, რაც სათქმელი იყო. ერთი სიტყვით, ეს საკითხი რომ გააცოცხლა,  გაბედავას ვუთხარი, რომ გარკვეულია ეგ თემა და არ არის სალაპარაკო-მეთქი. მართლაც მოკვდა მერე ეს საკითხი და აღარც ყოფილა საუბარი.

 

- ხომერიკთან რატომ ახსენა, თქვენი აზრით, ეს საკითხი?


- ეს უკვე მას უნდა ჰკითხოთ. მე ნამდვილად არ ვიცი. რომ თქვას ვინმემ, ალბათ, ქულებს იწერს ვიღაცის თვალშიო, ან ქულების დასაწერი რა არის მანდ? მე მაშინვე მოვუჭერი და ვუთხარი, რაც სათქმელი იყო. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც შინაურების საუბარს სადღაც ვიღაცასთან განსახილველად გაიტანს და რა ვქნა? არ არის ახლა ზაზა გაბედავას სალაპარაკო ჩემი და რომას ურთიერთობა. თავის გზაზე იაროს გაბედავამ და ასეთ ლაპარაკს შეეშვას.


რომა მეგობარიც იყო ჩემი და თანამებრძოლიც. ეს უბედურება რომ მოხდა მასთან დაკავშირებით, ყველას აქვს იმის არგუმენტი და ცნობილია,  საიდან რა მოხდა და როგორ მოხდა. თუ ჩემს გულს რამე იარა აზის, იმიტომაც აზის, რომ ეგეთი კაცები მოინელეს და აღარ არიან ცოცხლები.

 

- რადგან დაჭერაზეა აქცენტი, მოდით, ის ამბავი გაიხსენეთ, თუ როგორ დააპატიმრეს რომან დუმბაძე?


- რა არის მანდ სალაპარაკო და გასახსენებელი, ჩემამდე არ დადის. მე დამირეკეს და მთხოვეს რომასთან დაკავშირება...

 

- ვინ დაგირეკათ? 


- დამირეკა ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ, - აჭარაში რაღაც არეულობაა და იქნებ, სიტუაცია ისე წავიყვანოთ, რომ სისხლი არ დაიღვაროსო. ეს ის პერიოდია, სანამ აჭარაში შევიდოდნენ. 2-3 დღით ადრე ხდება. ჟვანიასთან ლაპარაკის შემდეგ მოვიდა ჩემთან ცხონებული გიორგი კენჭაძე, „ნაციონალების" დეპუტატი იყო თავის დროზე. მე და გიორგის გარკვეული ურთიერთობა გვქონდა და ვმეგობრობდით. იქნებ, ჩავიდეთ აჭარაში და იქ გავარკვიოთ, რა და როგორო. წავედით და გზაში წამოიჭრა თემატიკა აჭარასთან და იქ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამათ ხომ იცოდნენ, რომ ბერავდნენ რაღაცას და ბუზს სპილოდ აქცევდნენ. ქვეყნის დამანგრევლად გამოაცხადებდნენ ალალმართალ კაცს და ამ დროს გაიჟღერა რომანის თემამაც. მე ვუთხარი, რომ აბსურდი იყო ეს _ რომაზე ამ კონტექსტში საუბარი და თქმა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ეს კაცი რამეს აკეთებდა. ეს სისულელეა-მეთქი. რომა არის მეომარი და გულიანი კაცი და მთელი თავისი ცხოვრება შეწირა  ამ ქვეყანას, ახლა კი ნუ ეძებთ იმას, რაც არ არსებობს-მეთქი.


მოკლედ, ჩემი ინიციატივით მივედი რომასთან, დავსხედით და ვისაუბრეთ. მე არ მქონია კომუნიკაციის პრობლემა. ვალაპარაკე ცხონებულ ჟვანიასთან ტელეფონზე და მერე გადაიკვეთნენ ძირითად საკითხებში. ცოტა ძნელია ასეთ საქმეში შუამავლის როლის თამაში. მე რაც გავაკეთე ის იყო, რომ ამათ კომუნიკაცია დავამყარებინე. სხვა არაფერი საქმე და შეხება არ მქონდა და უჩემოდაც უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ერთი სიტყვით, დალაგდა სიტუაცია და ჟვანიამ თქვა, - ისეა გაბერილი ეს თემა, რომ მე ერთპიროვნულად ვერაფერს ვიტყვი და მიშას გავესაუბრებიო. ანუ მზაობა იყო  მოლაპარაკებებზე. იქ ისტორია ჰქონდათ და რაღაც ამბებს თხზავდნენ, რომ აჭარაში წინააღმდეგობის ლაშქარი უნდა შექმნილიყო და ტყეში გასულიყვნენ და მსგავსი აბდაუბდა თემები არსებობდა. ცხადია, ასეთი, აბსოლუტურად არაფერი ყოფილა. თავის სამუშაო კაბინეტში იჯდა კაცი და ნორმალურად აფასებდა სიტუაციას. რომან დუმბაძეს ვგულისხმობ. იმაზე იყო მეცადინეობა, რომ ხელოვნურად არ დაძაბულიყო სიტუაცია და რამე აფეთქებისმაგვარი არ მომხდარიყო. 


მოკლედ, ამ თემებზე რომ ისაუბრეს მათ, რომამ თავის პოზიციაც დააფიქსირა და თქვა, რომ არაფერში ერევა. ქვეყანა საერთო არის და ამ ქვეყნის შვილები ვიყავით ყველა. ამათაც რეალურად უთხრეს ასეთი რამე, რომ პრობლემა არ არის შენთან არანაირიო. ერთი სიტყვით, მაშინ ამით დასრულდა მოლაპარაკება.

 

- ანუ ყოველგვარი დაძაბულობისა და დაპირისპირების გარეშე.


- დიახ და ამ შეხვედრის მერე სიტუაცია როგორ წარიმართა, ყველამ კარგად იცის. ასლან აბაშიძეს თავისი გეგმა ჰქონდა და თავის გზაზე წავიდა, ხოლო რომამ რომ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ეს რეალურად გაახმოვანა, უკვე მოგახსენეთ. მერე თვითონ კენჭაძის ინიციატივა იყო, რომ დუმბაძისთვის დაერეკა და შეხვედრაზე დაეთანხმებინა. ადეიშვილის ძმა შემოდიოდა აჭარაში რაღაც შემადგენლობით. კენჭაძემ დაურეკა და უთხრა: ადეიშვილის ძმა არისო, ირაკლი ოქრუაშვილიო და კიდევ იყო მესამე, ვეღარ ვიხსენებ და არ მინდა შევცდე, მგონი, მერაბიშვილიო. მოკლედ, რომას უთხრეს, რომ ბათუმის შემოსასვლელთან ვართო და რომასთან შეხვედრა ითხოვეს. შეხვდნენ კიდეც, გადაკოცნეს ერთმანეთი და ხელი ჩამოართვეს. რომას ბავშვი ეჯდა მანქანაში და წამოვიდა თბილისისკენ, - გამოვერიდები ამ სიტუაციასო. გვქონდა იმ დროს მე და რომას ერთმანეთთან სატელეფონო კავშირი და კომუნიკაცია. თბილისში ჩამოვიდა სრულიად უპრობლემოდ. ვიღაც ჩაუსვეს კიდევ მანქანაში, რომ გზაში არავის გაეჩერებინა და რამე გაუგებრობა არ მომხდარიყო. თბილისშიც ვესაუბრე ტელეფონით.

 

- თბილისში რომ ჩამოვიდა, ერთმანეთი არ ნახეთ?


- არა, იმიტომ რომ მე არ ვიყავი თბილისში. მხოლოდ ტელეფონით ვუკავშირდებოდი. უშიშროების შენობაში მიიყვანეს და იქ იყო. მითხრა, რაღაც ახსნა-განმარტების გაკეთება მთხოვეს, გავაკეთებ და მერე წავალო. ცოტა ხანში დავურეკე, - რომა რა ხდება-მეთქი? ცხადია, მაინტერესებდა ყველაფერი. - არაფერიო, მალე დავამთავრებ და გამოვალო. ცოტა ხანში ისევ დავურეკე და გათიშული აქვს ტელეფონი. გამოვშტერდი, - მეთქი რა ხდება? ეს რა არის? როგორც გითხარით, მე იმ დროს თბილისში არ ვიყავი და სასწრაფოდ გამოვეშურე. ამასობაში გააჟღერეს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია ჩაატარეს და ძებნილი რომან დუმბაძე დაიჭირეს. წამოვედი თბილისისკენ გაგიჟებული. გზაში ტელეფონით დავუკავშირდი ზურაბ ჟვანაის, - კობა, რაღაც გაუგებრობა არის და ყველაფერში გავერკვევიო, - მითხრა ჟვანიამ. სხვებსაც ვურეკავ, პასუხს ვერავინ მცემს. ჩამოვედი თბილისში და ვნახე გოგა ჟვანია. მე ვკითხე, - ასეთი სიტუაციაა და რა ხდება, გამარკვიეთ-მეთქი. მერე საღამოს თვითონ ზურა ჟვანია ვნახე. ისევ გამიმეორა, - რაღაც გაუგებრობა არის და ჯერ ვერ გავერკვიეო, ვიღაცები  იბრალებენ, რომ ჩვენ დავიჭირეთო და, - რა დაიჭირეთ, შენ არ გალაპარაკე კაცი-მეთქი? - არაო, მე გავერკვევი ამ თემაში, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნებაო. როგორ დალაგდა, შენც კარგად იცი. მერე სასამართლო პროცესზე მეც ჩავედი ბათუმში და ვისაუბრე რომასთან. ციცოსაც ველაპარაკე, მის მეუღლეს.

 

- რამე უკმაყოფილება შენ მიმართ გამოთქვა ოჯახმა?


- არანაირი უკმაყოფილება არ გამოუთქვამს ოჯახს, ან რატომ უნდა გამოეთქვა, მე რა შუაში ვიყავი? უფრო როგორი სიტუაცია იყო, იცი? ცრუ ინფორმაციისა და აჟიოტაჟის შემქმნელი ლეკვები რომ არიან, რაღაც დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა რომ უნდათ, ეს ფაქტორი იყო, თორემ სასამართლო პროცესზეც ველაპარაკე რომას და ციხეზეც რომ იყო, იქაც ბევრჯერ დავურეკე და ვესაუბრე, იმიტომ რომ ვიღაცები იმაზე მეტად ნერვიულობდნენ რომასთან დაკავშირებით, ვიდრე, ვთქვათ, თვითონ რომა ნერვიულობდა.

 

- ანუ ამბობთ, რომ თქვენი გასვრა უნდოდათ?


- ჰო, მართლაც, გარკვეულწილად, ტრავმა მომაყენეს, იმიტომ რომ, გინდა თუ არა, თავიდან მეც ხომ ჩამრიეს. ეგ თემა იყო და ეს მე ცხონებულ რომას ვუთხარი კიდეც მაშინ, - მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი საკუთარ თავზე, ამიტომ გაგიყვანე კავშირზე და შენი გადასაწყვეტი იყო, რას და როგორ იზამდი-მეთქი. მოკლედ, ეს თემა თვითონ მე და რომამ ჩანასახშივე გავარკვიეთ და გადავშალეთ. მერე ზაზა გაბედავამ ხელახლა რომ წამოწია ეს საკითხი და საუბარში ჩამოაგდო, გამეცინა და ვუთხარი, - მეთქი არ არის ეს ის საუბარი, რაც საჭიროა. არ არის ასეთ დამოკიდებულებაში რომას ოჯახი ჩემთან, ან შენ რა იცი, ვინ რაზეა ნაწყენი-მეთქი? ჩვენ - მე და რომამ - ერთმანეთში გავარკვიეთ ყველაფერი-მეთქი. ასე მორჩა საუბარი ჩემსა და გაბედავას შორის, მეტი არაფერი ყოფილა. ახლა კი თავიდან ვიღაც რაღაცას იგონებს, ეს უკვე არასერიოზულია, ან რა თემაა?! საიდან რა მოიტანა? მე არც წამიკითხავს, არ დავინტერესებულვარ. მოკლედ, ასეთი სიტუაცია იყო, ციცოსაც ვესაუბრე და ოჯახის ყველა ახლობელმა იცის, რა და როგორ იყო. რომა რომ მოკლეს, აეროპორტშიც დავხვდი და დაკრძალვაზეც ვიყავი ბათუმში.

 

- ჟვანიამ გითხრათ, რომ გაუგებრობაა და ყველაფერს გავარკვევო. დრო რომ გავიდა, გაირკვა, ვისი ბრძანებით და რატომ დაიჭირეს?


- არ ვიცი, გაქაჩულან ეს ბიჭები, ვინც მაშინ შეხვდა და ხელი ჩამოართვა. მიიწერეს „გმირობა", - ძებნილი დავიჭირეთო. ირაკლი ოქრუაშვილს უთქვამს, - ჩვენი პროდუქტი და დამსახურებაა დუმბაძის დაჭერაო. არადა, ვინ რა დაიჭირა, ჩემამდე არ დადის და ვინ რა ოფლი დაღვარა ვინმეს დაჭერაზე, ვერ გეტყვით. სინამდვილეში, არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა. კაცი მოვიდა შვილთან ერთად, ხელი ჩამოართვა მათ და უთხრა, რომ რეალურად მე არც ქვეყნის არეულობის მომხრე ვარ და არც წინააღმდეგობის გაწევის, წავალ, გაგეცლებით, თქვენს საქმეს მიხედეთო. ამის მერე ვის რა ინტერესი ჰქონდა და ვინ რა როლი ითამაშა, არ ვიცი. მე დაინტერესება მაქვს, რა თქმა უნდა, და კითხვებიც, მათ შორის, სააკაშვილთანაც, მაგრამ მიდი, აბა, ჰკითხე, თუ მიაღწევ.

 

- გაზეთის ამავე ნომრისთვის ნორა კვიციანთან ჩავწერე ინტერვიუ, იქაც ფიგურირებს ირაკლი ოქრუაშვილი.


- ეგ საინტერესო თემაა. ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესზე ბევრი რამ საინტერესო იკვეთება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა ატაროს, თუნდაც სამართლებრივი თუ არა, მორალური მაინც და მე ახლა ამ ძალით გაბერილ და გაბღენძილ ბიჭებზე ვერ ვილაპარაკებ.   

 

დავით დევიძე

გაზეთი „ქრონიკა+"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016