reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: „აიკრძალოს ნაციონალური პარტია“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:59
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: „აიკრძალოს ნაციონალური პარტია“!
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 18:53


 

„ქრონიკას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

- პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვხატო „ასავალ-დასავალის" მიმართ, რადგანაც ეს იყო გაუგონარი ფაქტი, როცა 12 ადამიანი უმოწყალოდ სცემდა ამ გამოცემის ერთ ჟურნალისტს და ესაა სწორედ ნაციონალების ნამდვილი სახე, მარტო მყოფ ადამიანს რომ უსწორდებიან და „თავისუფალი ზონა" რომ ნაცების დანამატი და სატელიტია, ამას არც არავინ უარყოფს. მაგრამ აქ ჩემთვის ყველაზე  გასაკვირი ის აღმოჩნდა, რომ გამონაკლისების გარდა, თითქმის არც ერთმა მედიასაშუალებამ, მხედველობაში მაქვს ტელევიზიები, არ გამოხატა პროტესტი ამ ძალადობის გამო და ამ საკითხში აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერს, რადგანაც  რაც უნდა შენთვის მიუღებელი იყოს ან მედია, ან მისი ჟურნალისტი, 12 კაცი რომ ფეხქვეშ იგდებს ჟურნალისტს, პროტესტი არ უნდა გამოთქვა? მე მოვისმინე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია - ასეთი კრიტიკა ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც თავად მოვლენა ხომ ისედაც გაშუქდა მედიაშიო?


- რას ნიშნავს, გაშუქდა? პაკისტანისა და სირიის ამბებიც შუქდება, ნიუსის გავრცელება პროტესტს ნიშნავს?

 

- ჟურნალისტის ცემის გამო სწორედ პროტესტის ფაქტი არ დაფიქსირებულა და, რაც მოვისმინე, ეს არასამთავრობოები მარტო იმას აცხადებდნენ, პოლიცია გოგოხიას სწორად არ მოექცაო და მოექცა თუ არა, ეგეც კიდევ საკითხავია. შე დალოცვილო, ზოგ მედიასაშუალებაზე პატარა მუქარაც რომ გამოითქმება და გამოდიხარ და იმ წამში ბრიფინგებს აცხობ, ეს პატარა ამბავი მოხდა? მაგრამ ამით ჩანს, რომ ეს ხალხი არაფრით განსხვავდება „თავისუფალი ზონისგან" და თავად ეს ზონა კი არის „კმარას" ტიპის რადიკალური ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ აცხადებს, ჩვენ ნაციონალები ვართო.


- რატომ გიკვირთ, ეს ხომ ის არასამთავრობოებია, რომლებიც არასოდეს არ ამბობდნენ „ნაციონალებზე" აუგს და მათ გადაცდომაზე ყოველთვის მხოლოდ კოსმეტიკურად საუბრობდნენ?

 

- უბედურება ისაა, რომ ესენიც მსგავსი მეთოდებით მუშაობენ, აღტაცებულები არიან იმ რეზოლუციით, რაც სტრასბურგმა მიიღო და კითხვა მაქვს, სტრასბურგი და ევროსაბჭო რამეს აკეთებდნენ, როცა ჩვენთან ციხეებში ის უბედურებები ხდებოდა? და რატომ უნდა მივიღოთ ჭეშმარიტებად, რაც დოკუმენტშია ასახული? იგივე მაგ ევროსაბჭოში ნაციონალებს უდიდესი გავლენა აქვთ, რადგანაც ფულს უხდიდნენ ლობირებაში, რასაც დღეს თავადაც აღიარებენ და გვიკვირს ამ დოკუმენტების მიღება? გავიხსენოთ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმამ რაც ჩაიდინა, ტაქსების დაყაჩაღებას ვგულისხმობ, რა მოხდა გახსოვთ? მედიამ რომ არ დაგმო ეს ფაქტი, ვითომდა სოლიდარობის გამო, ერთი თქვენი გაზეთი აშუქებდა ამ ფაქტს და რამდენიმე სააგენტო. მაინტერესებს, როცა შენს კოლეგას სცემენ და ასისხლიანებენ, გამორიცხულია, რომ ხვალ „რუსთავის" ჟურნალისტიც ანალოგიურად გაილახოს? და რა, ეს ფაქტი არ უნდა დაიგმოს? ძალადობა არ გაპროტესტდეს? რა შორს მივდივარ, „ალიას" მიმართ სასამართლოს მხრიდან ძალადობის გამო რატომ არ გამოითქვა რაიმე პროტესტი? მახსოვს ერთადერთი ვიყავი, ვინც ამის გამო პრესკონფერენცია ჩავატარე და „რუსთავი 2" არც მოსულა და არც კი გაუშუქებია ეს ფაქტი და სად იყვნენ მაშინ? ნამდვილად მომხდარ ფაქტებს არ აშუქებ და ამ დროს დეზინფორმაციას რატომ ავრცელებ? მახსოვს რომ ჩავატარე პრესკონფერენცია, ჩემთვის იმ დღიდან ამ ტელეკომპანიის კარი ჩაიკეტა. თან მე ნიშნის მოგებით კი არ მილაპარაკია, მინდოდა მეთქვა, სხვისი უბედურების ფონზე არ შეიძლება საკუთარი კეთილდღეობის აშენება და მაგის შემდეგ გადაწყვიტეს, მჟავანაძის პრესკონფერენციები აღარ უნდა გავაშუქოთო. ეს არ არის ტელევიზია, არამედ ესაა დაინტერესებული მხარე. რაც შეეხება დავითაიას ცემის ფაქტს: სად არის საია? ან „საერაშორისო გამჭვირვალობა"? აბა, ყოფილიყო „ტაბულას" ჟურნალისტი, ან ონიანი ეცემათ, ხომ ჩატარდებდა მყისიერად ბრიფინგი? იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ხალხი გაშიფრულია და მათი სრული ლუსტრაცია მოხდა. სულ მახსენდება ის დღე, როცა არასამთავრობოებს გვაჩვენეს ნაციონალების გადაღებული ავადსახსენებელი ფაილები და როგორ წამოხტა კოჟორიძე და იძახდა, რატომ გვაჩვენებთ ამ კადრებსო. ანუ ამათ ის ინფორმაციაც არ უნდათ, სადაც ნაციონალები არიან გარეულები. არ იღებენ მსგავს ამბავს და არც იზიარებენ. სამაგიეროდ ერთ ამბავს ტეხენ, საქართველოში კრიმინალმა მოიმატაო და გაგიგიათ, არასამთავრობო ორგანიზაცია გაიძახოდეს, კვლევები და ციფრები არ გვაინტერესებს, სტატისტიკა არ გვინდა, ტელევიზორში რასაც აჩვენებენ, ის მაინტერესებსო?  ამიტომ მივმართავ ამ არასამთავრობოებს: გაშიფრული ხართ, მეგობრებო, არავითარი განსხვავება თქვენსა და „ნაციონალებს" შორის არ არის, ისინი, უბრალოდ, ხმამაღლა ამბობენ, „ნაციონალები" ვართო და თქვენ ფარული „ნაციონალები" ხართ. ძალიან გინდათ, რომ საქართველოში შეიცვალოს სიტუაცია და დაბრუნდნენ ნაციონალები, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამხელა ფული რომ შემოვიდა საქართველოში, ტყუილად არ შემოსულა. ჩემი ინფორმაციით, „ზონის" აქციის შემდეგ კიდევ იგეგმება თვითდაზიანებები ნაციონალების მხრიდან, რათა შემდგომში აღნიშნონ, რომ მათ ცემა-ტყეპაზე გადავიდნენ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გახშირდება შეხლა-შემოხლა, რომ უკიდურესად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არხეინად არ უნდა იყოს, მაინც ჩვენ გვიჭერს ხალხი მხარს და ესენი რას დაგვაკლებენო. მოგეხსენებათ, შეძახილმა ხე გაახმოო, თუ ყოველდღე მოვისმენთ, არიქა, ქვეყანა ინგრევაო, ეს სიტყვები და განწყობა, დამერწმუნეთ, საზოგადოებაზე იქონიებს გავლენას.


- და როგორ გგონიათ, „ნაციონალები" მართლა დაამხობენ ხელისუფლებას?

 

- მომისმინეთ: ფული ამათ ხელშია, არასამთავრობოები ამათია, ტელევიზიები ამათია, ექსპერტები ამათია. სიტყვამ მოიტანა და, ერთ-ერთ რეიტინგულ ექსპერტთან მქონდა საუბარი და ასეთი უცნაური რამ მითხრა, როცა ამ არასამთავრობოებზე დავიწყე ლაპარაკი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, რათა ამ ორგანიზაციებზე რეალური სურათი დაიდოსო.


- და მაგ ცნობილ ექსპერტს არ უთქვამს, როდისაა დრო?

 

- მეც მაინტერესებს, როდის? როცა ქვეყანა ამოყირავდება? როცა აზრი აღარ ექნება ლაპარაკს, მერე უნდა ვთქვათ ამის შესახებ?


- ბატონი რეზო ამაშუკელი საუბრობდა ჩვენთან და თქვა, ვითხოვ, როგორც რიგითი მოქალაქე, რომ შეისწავლონ, რა ფულით ფინანსდება ეს არასამთავრობოები, რა უწერიათ წესდებაში და პროგრამაში და, რეალურად, რას ემსახურებიან. ვინ აფინანსებს ამათ და რა გეგმები აქვთ, აი, ამის შემდეგ ხელისგულზე დაიდება ყველაფერიო.

 

- მაგას ვითხოვ მე რამდენი ხანია, რომ ხელისუფლებამ ამას მიაქციოს ყურადღება. ის პოზიცია, რომ ვინმეს არ ეწყინოს და ვინმე არ გაგვიბრაზდეს, უკვე არ შეიძლება... ვანო მერაბიშვილზე რომ თავის დროზე ვინმეს ეთქვას ის, რასაც დღეს ჭიკაიძეზე ბედავენ, მარტო მას კი არა, ოჯახს ხომ აუტრიალებდნენ ჰაერში? ერთმა გელაშვილმა ამოიღო ხმა და რაც უქნეს, კარგად გახსოვთ. პარლამენტში საგანელიძემ თქვა რაღაც და ცხვირ-პირი დაუნგრია ცისკარიშვილმა კასტეტით. დღეს ამ ცისკარიშვილს  იმუნიტეტი რომ არ იცავდეს, ჩირგვებში შეძვრებოდა. თუ დააკვირდით, დღეს ის პარლამენტარები აქტიურობენ, რომლებმაც იციან, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, დანარჩენები კი ყველანი გასუსულები არიან. ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ დროა, ყველაფერს ამ ქვეყანაში თავისი სახელი დაერქვას და თუ ვინმე სუბიექტი ქვეყნის წინასარევოლუციო ფონის შექმნას დაიწყებს, უნდა დაისაჯოს.


- და რა უნდა გაკეთდეს?

 

- აიკრძალოს ნაციონალური პარტია და მორჩება! როდემდე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს დესტრუქციული პარტიაა? თუ დამნაშავე ორგანიზაციაა, მერაბიშვილი იყო გენერალური მდივანი და წერია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რომ თუკი პარტია ეწევა ძალადობას და ახორციელებს არაკონსტრუქციული წესით პოლიტიკურ მოღვაწეობას, ის პარტია უნდა აიკრძალოს კონსტიტუციური სასამართლოს მეშვეობით და გაკეთდეს ეს!..

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016