4 ოქტომბერს მოსკოვში „თბილისობა" იზეიმეს, სადაც მიწვეული იყვნენ მომღერლები: ნინი ბადურაშვილი, ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე. საინტერესოა, რატომ აღნიშნეს მოსკოველმა ქართველებმა „თბილისობა" 4-ში, როდესაც თბილისში ოფიციალურად 25-26 ოქტომბერს იმართება? თუმცა, უფრო საინტერესო სოციალურ ქსელში ის გამოხმაურებები და შეფასებებია, რაც ქართველი მომღერლების მოსკოვში ჩასვლას მოჰყვა: „სირცხვილი თქვენ, ოკუპანტ ქვეყანაში რომ იმღერეთ"; „ასეთი რა ფული გადაგიხადეს, მტრის ბუნაგში რომ კონცერტი გამართეთ"; „ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების სისხლზე რომ გაიარეთ მოსკოვში კონცერტზე წასვლით, ვერ ხვდებით?"; „მონები ყოფილხართ, სინდისი არ გაქვთ, პუტინს უმღერით?" და ა.შ.
ცნობადი სახეებიდან განსაკუთრებით ნანუკა ჟორჟოლიანი გამოირჩეოდა, რომელმაც „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა:
„მოსკოვში თბილისობა დამთავრდა:) ძაან საინტერესოთ. ვიღაც ადგენს წყალტუბო-ლონდონის რეისს, რა შუაშია, მაგრამ ნუ კარგია რომ არ მესმის:) ვიღაც ამბობს რომ კმაყოფილია მოსკოვში ნანახ საქართველოს დროშაზე, „we dont wonna Putin"-ის ფონოგრამის ფონზე. ვიღაც იხსენებს რამდენი წელია იცნობს ხუბუტიას, ვიღაც ამტკიცებს მე სულ არ ვიყავი წინააღმდეგი სხვები წასულიყვნენო, თუმცა მისი პროტესტი არ მახსოვს კოლეგების კრიტიკის დროს მაშინ:) მე კიდევ მეგონა, რომ წავიკითხავდი განმარტებას: მეგობრებო არ ვიცოდი თუ ხუბუტიას დაფინანსებულ ღონისძიებაზე მივდიოდითო:) რადგან იცოდნენ, რადგან ბედნიერებიც არიან და უფრო მეტიც, კმაყოფილებიც, ხუბუტია ზის ეხლა და ამბობს: ამათაც ხომ შევუკვეთეთ „მუსიკა", მალე ჩვენს დაკრულზეც იცეკვებენ:) ასეა ეს!", - წერს ჟორჟოლიანი და მოგვიანებით ამატებს: „რა მოკლე ყოფილა გზა, წაღვერიდან მოსკოვამდე ხვალამდე ჩემო მეგობრებო... აი ხუბუტიასთან რომ ისხდნენ რესტორანში, კმაყოფილი და გაღიმებული სახეებით, რაზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ ეგ მაინტერესებს. ეხლა გავედი".
პასუხებმაც არ დააყოვნა. ნინო ჩხეიძის მეუღლემ, ბიზნესმენმა გიორგი კორახაშვილმა „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა: „პუტინ-მედვედევის დედაც მოვტ... თავისი გაბედავებით ზემოდან დაყოლებული, აქ რა ამბავი ყოფილა აწეული:))) ე.ი. სამი მხარე იგინება: ქოცები, რომლებსაც შურთ და გონიათ რომ ნინო ჩხეიძე ფულს აკეთებს მოსკოვში, არადა მაგათ უნდა ეკეთებინათ :))))) რუსეთუმე დედამოტ... პროვოკატორები, რომლებიც იძახიან თუ როგორ გაბედეს სააკაშვილის მონებმა მოსკოველ ქართველებთან სიმღერა და ნაცები, რომლებსაც გონიათ რომ ამ სამმა ადამიანმა ქვეყანას უღალატა, თქვე ჩემისებო „ერისიონისგან" განსხვავებით ესენი კრემლში არ გამოსულან და მუხლებზე არ დამდგარან, ამაყად ჩავიდნენ, ქართულად მტრის ზურგში თან ისე რომ არავის სიტყვა არ დასცდენია, ერთი წამით მათ პოლიტიკურ კურსზე, იმიტომ რომ იცოდნენ რა პასუხსაც მიიღებდნენ. ეს გაბედავების სურათები რომ ატრიალეთ, გეტრიალებინათ ქართული დროშები მოსკოვის ცენტრში, 30000 ქართველი მოვიდა, 80% ყველა იმ მოტივაციით რომ ენატრებათ ყველაფერი ქართული. იქ რა პატრიოტები არ ცხოვრობენ? იქ რა არ ტკივათ თავიანთი ქვეყანა? პუტინს უმღერეს თუ რუსულ ჯარს? რაც შეეხება ღალატს და ფულზე გაყიდვას, გადახედოს ყველამ თავის ცხოვრებას, ფული რომ ყოფილიყო პრიორიტეტი ჩემი ოჯახისთვის დღეს ყველა ჩემი ბიზნესი არ იქნებოდა გაკოტრებული და დაყადაღებული, არ იქნებოდა 50 უაზრო სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, ზოგ ზოგიერთი ენატლიკინა ჟურნალისტის ოჯახისგან განსხვავებით, რომლებმაც რატომღაც და როგორღაც მოახერხეს ბიზნესების გადარჩენაც, თავიანთი ოჯახის წევრების გადარჩენაც, ცემა ტყეპის შერჩენაც (ალბათ იმსახურებდა), გაიხსენოს თავისი გადაცემები, გაიხსენოს თავისი „ოჯახის წევრების და ახლობლების" ჩვენებები, გაიხსენოს უაზრო სმაილიკები იმ თემაზე რომ ვანოს აგენტია ბედუკაძე და ა.შ. და კიდევ ბევრი სხვა და მერე გადახედეთ აფხაზეთის ხმის სააგენტოს, რომელიც ჩემი შექმნილია. არც ნინო ჩხეიძეს და არც მე არასოდეს არ გვიღალატია არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც მეგობრებისთვის. უბრალოდ სასაცილოა მართლა ეს ყველაფერი. P.S. ყველაფერი კარგად იქნება, აბანოში ჩანს თეთრიც და შავიც :)))", - წერს გიორგი კორახაშვილი.
ლელა წურწუმიას ქმარმა, კახა მამულაშვილმა კი დაწერა: „საერთოდ არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, ლელამაც ძალიან მთხოვა, მაგრამ იძულებული გამხადეთ, უბრალოდ გითხრათ: მიზეზი ბევრია... მთავარი ის არის, რომ საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას. ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც საქართველოს დროშებით იყვნენ მისულები იქ, თქვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ, რადგან იქ არიან და ცხოვრობენ? ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია. რომც აგვეღო, არც ეგაა პრობლემა. საერთოდ, შორს ვარ იმისგან, რომ „ფეისბუკით" ვიღაცები ვლანძღო, მგონია, რომ ეს არასწორია. არასოდეს არ მაინტერესებდა და არ მიკითხავს, რატომ წავიდა „ერისიონი", რატომ იმღერა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც ჯერ ლანძღეთ და რომ ჩამოვიდა, მერე ბრწყინვალების ორდენი დაკიდეთ. არასოდეს არ ჩავთვლი, რომ ისინი მოღალატეები არიან. რა თქმა უნდა, შეიძლება, არ მესიამოვნოს რაღაცები და ვიღაცებსაც არ ესიამოვნოთ ის, რომ ჩვენ წავედით, მაგრამ, როდესაც სამშობლოს ღალატზეა ლაპარაკი, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ, სასაცილოა მართლა იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენზე მაგას ლაპარაკობს. მიშა ხუბუტიას ვიცნობთ დაახლოებით 15 წელია, მეტი თუ არა. ჩვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როდესაც ჩავდიოდით რუსეთში და თუ სადმე ვხვდებოდით, ეს ხელს არასოდეს უშლიდა. სააკაშვილიც მეგობრობდა ხუბუტიასთან და ომის მერეც შეხვედრია, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია, რომ რამე არაქართულს ან არასახელმწიფოებრივს აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხუბუტიას არ დაუმალავს, რომ რუსეთის მთავრობასთან ახლოს იყო. სიმღერას თქვენ კუნტრუშსა და გართობას ეძახით, ჩვენთვის ეს პროფესიაა... მაინცდამაინც რაგბი უნდა ვითამაშოთ ან ვიჭიდაოთ, ან ოპერაციები უნდა გავაკეთოთ და ისე ჩავიდეთ რუსეთში? ძალიან გვიხარია, რაგბისტები რომ სოჭში ჩადიან რუსეთის მიერ წაღებულ ტერიტორიაზე, რუსებს რომ უგებენ და თამაშს ესწრება ამდენი ქართველი, მოჭიდავეები რუსეთში ფინალს რომ იგებენ, რომელსაც ესწრება პუტინი, მოღალატეები არიან? ამას თავის გასასამართლებლად კი არ ვწერ, უბრალოდ, ინფორმაციისთვის. ვინმესი რამე თუ არ მომწონს, პირადად ვეუბნები, ზოგად ჭრილში არ გადამაქვს და „ფეისბუკიდან" არ ველაპარაკები. არავინ არ შემიწუხებიხართ ჩემი პრობლემებით, ჩემი პირადი ინტერესები და წყენა არასოდეს არ დამიყენებია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა (გამგები გაიგებს). არასოდეს ადამიანებს არ დავუვიწყებ პატარა სიკეთესაც კი. ესაა ჩემი პასუხი კომპიუტერთან მჯდომი „პატრიოტების" მისამართით. მე ჩემი ქვეყნისა და ჩემი თავის წინაშე ვარ მართალი და არ მაინტერესებს, ზოგიერთი ბინძური ტვინი რას ფიქრობს. პრობლემა ჩვენშია, ქართველებში, გვძულს ერთმანეთი. ამ პატარა ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა-გინებით ვერ ავაშენებთ, მეგობრებო.
P.S. ყველა სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად ამ სტატუსებზე ლაიქების ავტორებსაც დავაკვირდი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი. იმედია, ყველა თავის დაწერილზე პასუხისმგებელია, ოღონდ იმას არ ვჭამ, რომ სხვაზე წერდით და ლელა არ გიგულისხმიათ... გაიგებენ, ვისაც ვგულისხმობ..." - წერს „მამულიჩა".
კრიტიკოსებს მოსკოვიდან დაბრუნებული ნინო ჩხეიძეც გამოეხმაურა: „ძალიან მომბეზრდით თქვენი ფსევდო პატრიოტიზმით. საქართველოში ყველა უსაქმური ვითომ პატრიოტი და პოლიტიკოსია. P.S. კითხვა დასვეს რამდენია მანძილი წაღვერიდან მოსკოვამდე. წაღვერიდან მოსკოვამდე 2 საათია და წყალტუბოდან ლონდონამდე ნამდვილად არ ვიცი". - წერს ნინო ჩხეიძე.
ჩხეიძის მსგავსად, საკუთარი პოზიცია „ფეისბუკზე" ნინი ბადურაშვილმაც დააფიქსირა: „მოსკოვის ცენტრში ქართულმა დიასპორამ გამართა თბილისობის დღესასწაული, სადაც წარმოდგენილი იყო ყოველივე ის, რითაც ვამაყობთ ქართველები: ქართული სამზარეულო, ღვინო და რაც ყველაზე უპირატესია ქართული ფოლკლორი - ჩვენი ცეკვა და სიმღერა! იქ იმყოფებოდა მრავალი ქართველი და ფრიალებდა ქართული დროშები! ჩვენ მოსკოვში ჩასული მომღერლები ბედნიერები ვართ იმით, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი სიმღერით სიამოვნება მიგვენიჭებინა სამშობლოს მონატრებულ ქართველებისთვის!!!"
და მაინც, რა მოხდა მოსკოვურ „თბილისობაზე"?
ამის გასარკვევად „ალია" მოსკოვში ღონისძიების ორგანიზატორს, მიხეილ ხუბუტიას დაუკავშირდა:
- ბატონო მიშა, ვინ გადაწყვიტა ამ კონცერტის ჩატარება და რატომ მაინცდამაინც 4 ოქტომბერს, როცა თბილისში 25-26 სექტემბერს აღინიშნება „თბილისობ"?
- არ ჰქონდა მნიშვნელობა რიცხვს, მთავარი იყო მისი გაკეთება. ჩვენ სულ ვაკეთებთ ხოლმე მსგავს ღონისძიებებს, თბილისი ჩვენი დედაქალაქია? შევიკრიბეთ ქართველები და გადავწყვიტეთ ამის გაკეთება 4 ოქტომბერს, რადგან ზოგი თვის ბოლოს საქართველოში მოდიოდა, აქ არდადეგები იწყებოდა, ბევრი ქართველი გასული იქნებოდა და თან გვინდოდა საქართველოსთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენც ქართველები ვართ და შეგვიძლია ასეთი ღონისძიებების გაკეთება საქართველოდან შორს. გვინდოდა, თქვენთან ერთად ვყოფილიყავით.
- რამდენი მომღერალი გყავდათ მოწვეული და რის მიხედვით შეარჩიეთ სტუმრები?
- ბევრი არ გვიფიქრია და ვისაც შევთავაზეთ, ისინი ჩამოვიდნენ. რაც შეეხება ლელა წურწუმიას, ის თავის ნათესავებთან ერთად ჩამოდიოდა, ეს დღესასწაული დაემთხვა და რომ გაიგო, მისი მზადება მიმდინარეობდა, გაიგო, რომ 10-15 ათასი ქართველი იქნებოდა, მოვიდა და მოეფერა ქართველებს. რაც შეეხება ნინო ჩხეიძეს, მას კორპორაციული მოწვევები აქვს ხოლმე და ხშირად დადის აქ, ამჯერადაც სიამოვნებით ჩამოვიდა, რადგან ვიზა გახსნილი ჰქონდა. საერთო მეგობრის მეშვეობით დავუკავშირდით და დაგვთანხმდა. სწორედ ჩვენი საერთო ნაცნობის მეშვეობით შემომითვალა, თუ ჰონორარს შევთავაზებდი, ძალიან ეწყინებოდა. ქართველ ხალხს, ახალგაზრდობას ძალიან უყვარს ნინი ბადურაშვილი და მათ მთხოვეს, ნინისთვის გვეთხოვა და დიდი მადლობა მას, რომ დამთანხმდა, გვითხრა, სიამოვნებით ვუმღერებ ქართველებს, თუ იმის საშუალებას მომცემთ, რომ ბილეთი ამიღოთ, არანაირი ჰონორარი არ მინდაო.
- სად ჩაატარეთ კონცერტი და რამდენ მაყურებელზე იყო გათვლილი?
- მოსკოვის ცენტრში, ერმიტაჟში, ყველა აფრიალებდა ქართულ დროშას, ზუსტი მონაცემებით 30 000 ადამიანი იყო. ჩემი ინტერესი რაც იყო, ის ნამდვილად შესრულდა, ქართველებმა ძალიან დიდი სიამოვნებაც მიიღეს.
- მხოლოდ ქართველები იყვნენ თუ რუსებიც?
- სხვათა შორის, არც ერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა, ეს შეგნებულად გაკეთდა. ეს იყო სახალხო დღესასწაული და ალბათ, არავის დაუთვლია, ვინ იყო ქართველი და ვინ - არაქართველი, მაგრამ 20 000-მდე ქართველი იყო, დანარჩენი - არაქართველი.
- რა ღირდა დასწრება? ბილეთები იყიდებოდა, თუ თავისუფალი იყო დასწრება?
- კარი ყველასთვის ღია იყო, ვისაც სურდა, შემოდიოდა. გვიან ღამემდე გაგრძელდა დღესასწაული და ყველა კმაყოფილი დარჩა.
- რამდენი ხანი გაგრძელდა, დაგეგმილი როგორ გქონდათ?
- 11 საათზე დავიწყეთ და ღამის 11-ზე დასრულდა. დაგეგმილი იყო კონცერტები, მოცეკვავეები, მომღერლები, ჩურჩხელები გავაკეთეთ, მე ელარჯი გავაკეთე და გავუმასპინძლდი სტუმრებს.
- თავად კი უთქვამთ მომღერლებს ჰონორარი არ გვინდაო, მაგრამ თქვენ ხომ არ აპირებდით შეთავაზებას?
- სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ბილეთების გარდა არ გაცემულა არანაირი თანხა, არც მოუთხოვიათ, არ გადამიხდია.
- ბილეთები გასაგებია, სასტუმრო და კვება?
- ვისაც სასტუმრო სჭირდებოდა, სასტუმრო ვუქირავეთ, ზოგი ნათესავებთან წავიდა. მაგალითად, ლელას აქ ნათესავები დახვდნენ და მათთან დარჩა. ყველა ორგანიზაციას სჭირდება ფული და ცხადია, ეს ფული გვქონდა ამაზე.
- რა დაჯდა ეს ღონისძიება?
- სულ 200 000 დოლარამდე, თავისი ორგანიზებით.
- პირადი ფული გადაიხადეთ თუ სათვისტომოს თანხა იყო?
- ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბევრი ვართ ერთად და ასეთი თანხები იხარჯება ყოველთვე ამა თუ იმ ღონისძიებაზე.
- „თბილისობა" მარტო იმისთვის ჩაატარეთ, რომ ქართველები ერთად შეკრებილიყავით, თუ იმის ჩვენებაც გინდოდათ, რომ აი, ნახეთ, ქართველები ჩამოვიდნენ და რუსეთთან არანაირი პრობლემა არ აქვთ?
- მე მტერი არ მყავს და არც არავინ მიმაჩნია საქართველოს მტრად. მე მინდა მათ ვცე პატივი, ვინც აქ ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ ქართველებს ორ ნაწილად ყოფენ, ეს დაუშვებელია, ქართველი ქართველია. ვიცი, რაც იგულისხმება თქვენს კითხვაში და პირდაპირ გეტყვით, ვაცხადებ სრული კატეგორიულობით, ავანტიურაში არ ჩავერთვები, რაც არ უნდა გამანაწყენონ, ამავე დროს პოლიტიკაში მე ვერასდროს მნახავთ. ტყუილად მაბრალებენ, რომ პოლიტიკური ინტერესები მაქვს, იმის მიუხედავად, რომ მაქვს დიდი კავშირები, არასდროს მოვინდომებ პოლიტიკაში მოსვლას. მე ვარ თავმდაბალი ადამიანი, მე ის უფრო მწყინს, თინა კანდელაკს, ნინი ბადურაშვილს, სოფო ნიჟარაძეს რომ აგინებენ, ანუ მათ, ვინც რაღაცას მიაღწიეს თავის ცხოვრებაში. მომღერლები ერთმანეთს კბენენ, ესაა საწყენი, თორემ მე გინებას შევეჩვიე. ერთადერთი ის მწყინს, რომ ჩემი შვილები კითხულობენ ამას და მათ იციან, ცხოვრებაში არასდროს მომიტყუებია ვინმე. რა თქმა უნდა, არაა სასიხარულო, როცა გაგინებენ, მაგრამ რა ვქნათ...
- თვის ბოლოს აქ არის დაგეგმილი „თბილისობა", ხომ არ ფიქრობთ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებთან დალაპარაკებას, რომ "თბილისობაზე" ჩამოვიდნენ და თქვენც ხომ არ აპირებთ ჩამოსვლას?
- მე აუცილებლად ჩამოვდივარ, მინდა, დავესწრო „თბილისობას" და რა შეცდომებიც გვქონდა, მომავალ წელსაც რომ აქ „თბილისობას" ჩავატარებთ, გამოვასწორებთ. მომღერლებზე თუ გვეტყვიან და მოგვმართავენ თხოვნით, ვინმე ჩავიყვანოთ, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამასაც.
„ალია" დაინტერესდა, ისევ სააკაშვილი და „ნაციონალები" რომ ყოფილიყვნენ, ჩავიდოდნენ მოსკოვში სამღერლად?
ლელა წურწუმიამ და ნინო ჩხეიძემ ჩემს ზარებს არ უპასუხეს. ნინი ბადურაშვილმა, - „არ მცალია, გადაღება მაქვს"-ო. მოგვიანებით კახა მამულაშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა: „იმ დღეებში რამდენიმე კორპორაციული კონცერტი იყო მოსკოვში დაგეგმილი და ასე მოხვდა ლელაც ამ კონცერტზე, ისე, რომ მცოდნოდა, მოსკოვის მერიის დაფინანსებით კეთდებოდა, თავს შევიკავებდი, გინდ „ნაცები" ყოფილიყვნენ, გინდ - არა, მაგრამ იქ მივედით ქართველი ემიგრანტებისთვის".
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"