საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი პასუხობს „რეპორტიორის" კითხვას ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის და განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თანამდებობებიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. მისი თქმით, ასეთი საკითხი არ დამდგარა პოლიტიკურ გუნდში და „რადიო 1"-მა დაამახინჯა მისი გაზეთ „ვერსიასთვის" მიცემული ინტერვიუ.
„ეს არის სიცრუე. „რადიო1"-მა დაამახინჯა, რაც არაერთხელ გაუკეთებია სხვათაშორის, დაამახინჯა ჩემი ინტერვიუ გაზეთ „ვერსიაში", ჟურნალისტის კითხვა გაასაღა ჩემს პასუხად. ამაზე განმარტებებიც კეთდება. ეს საქციელი მიმაჩნია არასწორად, დავდგე და ვიმართლო თავი იმაზე, რაც არ მითქვამს. გაზეთ „ვერსიის" ჟურნალისტის კითხვა გაასაღა ჩემს პასუხად და გამოიტანა ეს ვერსია შემდეგ, რომ თითქოს მე ვაკრიტიკებ განათლების მინისტრს. ეს არის სისულელე. ნებისმიერი მინისტრის მთავრობაში მოწვევის და მთავრობიდან გაშვების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ხელმძღვანელი და მეთაური აღმასრულებელი ხელისუფლების და ეს მისი პრეროგატივაა. მე მის პრეროგატივაში არ და ვერ ჩავერევი ვერავითარ შემთხვევაში. ვინ მიდის და ვინ რჩება, მე ამაზე ინფორმაცია ნამდვილად არა მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ მოდის განახლების დრო. ასეთი დრო მოვიდა რამდენიმე თვის უკან, რომლის დროსაც ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ მთავრობას და შვიდი მინისტრი შევცვალეთ. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, რომ ვინმე არის გასაშვები, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. თუ მინისტრების რაოდენობა სრული შემადგენლობის 1/3-ს გასცდება, ჩვენ ისევ ნდობის საკითხს დავაყენებთ მთავრობის, თუ არ გასცდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, გაათავისუფლოს ნებისმიერი მინისტრი ისე, რომ არ ჰკითხოს საქართველოს პარლამენტს. ეს არის ფორმალური ნიშანი ამ საკითხის და არაფორალური, რა თქმა უნდა, ამგვარი ცვლილებები შეთანხმებულია კომისიის პოლიტსაბჭოსთან, მთავრობაზეა განხილული და ასევე პოლიტიკურ გუნდში. ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენ ერთობლივად, კოალიციურად ავიღეთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკურ გუნდში, პოლიტსაბჭოზე და ზოგადად მთავრობაში ასეთი რამ არ განხილულა.
ასევე ცაგარეიშვილმა გაამახვილა ყურადღება იმ საკითხზე, რომ ზოგიერთი მაუწყებელი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას:
„საიდან მოიტანეს სანიკიძის და ფანჯიკიძის გვარები, მე ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს არის ყველაფერი ის სიცრუე, რომლითაც კვებავს საზოგადოებას, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ვაი-პოლიტიკოსი და ამას მხარს უბამენ, პირდაპირ გეტყვით, არაკეთილსინდისიერი კოლეგები, მართული ისეთი საშუალებებით, როგორიც არის „რუსთავი 2", „რადიო 1" და ა.შ." - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.