„Future Shorts" საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია, რომელიც 90 ქვეყანაში გლობალური კინოპროგრამით სეზონურად, წელიწადში ოთხჯერ ტარდება. ტრადიციული კინოფესტივალებისგან განსხვავებით, „Future Short" კინოჩვენებების გარდა მოიცავს კინოს, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების ერთ საღამოში გაერთიანებას და ამის გამო აუდიტორიაზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი კულტურული მოძრაობაა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს აერთიანებს.
რამდენიმე წელია, ფესტივალი საქართველოშიც ტარდება. წელს შემოდგომის „Future Shorts Georgia" 31 ოქტომბერს „დიდ გალერიში" გაიხსნება. ოფიციალური კინოჩვენების შემდეგ ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს თანამედროვე მუსიკოსების მოსმენა შეეძლებათ. ასევე გაიმართება ჰელოუინის მასკარადი. სამი საუკეთესო კოსტიუმის მფლობელს სიურპრიზი ელოდება.