"უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას განაცხადა.
„ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. ეს არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის" სახე და ხელწერა. ეს კრიმინალები მუშაობდნენ სოდ-ში და კუდ-ში, რომლებიც მე გავყარე, როდესაც მინისტრად დავინიშნე ორი წლის წინ.
მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელების და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი.
9 წლის განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში. მათ ჰქონდათ საკმარისზე მეტი დრო, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებდა, მოეგვარებინათ. ჩვენ ვნახეთ აქციები ფოთში, ასევე თბილისში, ლოტკინზე.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს პირად შემადგენლობას, რომლებმაც ძალიან კარგად იმუშავეს და ყოველგვარი ზიანის გარეშე ეს ახალგაზრდა დაუბრუნდა ოჯახს.
მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, ვინც დგას მათ უკან და ვის ბინძურ თავშიც იხარშება მთელი ეს სისასტიკე, რომელიც წლების განმავლობაში იგეგმებოდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს ციხეებში, რომლებიც ადამიანებს იტაცებდნენ და კლავდნენ. მინდა, მათ საბოლოო გაფრთხილება მივცე. თუ ისინი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რაიმეს დაგეგმავენ, ძალიან მკაცრად დაისჯებიან," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.