reportiori.ge - ბოლო დროს ეროსის ჩემთან ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:49
ინტერვიუ
ბოლო დროს ეროსის ჩემთან ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდა
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2014. 23:35

 

 

"ჩემი საყვარელი ავტორი კნუტ ჰამსუნია, პოეტებიდან ძალიან მიყვარს ესენინი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართული პოეზია მსოფლიოში პირველია, ჩვენი პროზისგან განსხვავებით", - ამბობს იუმორისტი, ბაკურ სვანიძე. ახლახან მან სოციალურ ქსელში "ფეისბუკ-ტელევიზია" გახსნა და დროის დიდ ნაწილს ამ საქმეს უთმობს.პრეამბულის მაგიერ

- სოციალურ ქსელში ტელევიზია იმიტომ გააკეთე, რომ სხვა ტელევიზიებში გზა ხსნილი არ გაქვს?
- რა თქმა უნდა, გადახდისუნარიან არხებზე ჩაკეტილი წრეა. თუ მათ მორალსა და ზნეობას არ დაემორჩილები, იქ ვერ შეაღწევ, ახლოსაც არ გაგაჭაჭანებენ. იმ ტელევიზიებში კი, სადაც შედარებით თავისუფლებაა, გადახდის უნარი არ აქვთ. 3 თვეა, რაც "ფეისბუკ-ტელევიზია" გავხსენით. მაყურებელთა შემოსვლის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ამ მოკლე დროში საკმაო წარმატება გვაქვს. საწყის ეტაპზე, კვირაში 15 000 მაყურებელი ცოტა არ არის. ბოლო წლებში, საქართველოში ძალიან მოდური გახდა იმის მტკიცება, რომ ადამიანური რესურსი არ არის. ამაში ბიძინა ივანიშვილსაც არწმუნებდნენ. ეს ყველაფერი ხელოვნურად იქმნება. ადამიანურ რესურსს მოძებნა უნდა. ჩვენ გარშემო ბევრი ჭკვიანი ადამიანია. იუმორისტული მიმართულებით ჯგუფს მეოთხეჯერ ვკრებ. დღეს ჩემი აღმოჩენილი ადამიანები სხვადასხვა არხზე მუშაობენ.

- ახალი არხის გახსნასთან დაკავშირებით, ეროსი კიწმარიშვილი შენთან მოლაპარაკებას მართლა აწარმოებდა?
- შემიძლია, ეს ინფორმაცია დაგიდასტურო. ბოლო დროს ეროსის ჩემთან ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდა. ის ჩემს დასაქმებას ახალი არხის მენეჯმენტში ფიქრობდა. კონკრეტულ გადაცემებზე ვის უნდა ემუშავა, ამ დეტალებზე არ გვილაპარაკია. ახლა ჩემი სტუდია მაქვს. უხეშად რომ ვთქვა, თავს ამით ვირჩენ. რადგან თავის დროზე რაღაცები არ ვიკადრე და "რუსთავი 2"-დან ჩემი ნებით წამოვედი.

- ამის გამო, არასდროს გინანია?
- ამ ნაბიჯმა ბევრი ყოფითი პრობლემა მომიტანა. მეუღლეს დავშორდი, შეიძლება გაჭირვებას შენ გაუძლო, მაგრამ ძნელია, სხვას მოსთხოვო. 5-წუთიანი სინანულები მქონია, როცა დედა გყავს ცუდად და წამალს ვერ ყიდულობ, ამას წამიერად ინანებ, რადგან იცი, რაღაცები რომ გეკადრებინა, 100 იმდენიც გექნებოდა. მით უმეტეს მაშინ, როცა ამას არავინ გიფასებს. ქვეყანაში ზნეობის სერიოზული დეფიციტია. ეგზიუპერს აქვს მოთხრობა - "სამხედრო მფრინავი". იქ პროფესიონალიზმი და ზნეობა კარგადაა განმარტებული. უზნეო ადამიანი, რამდენად დიდი პროფესიონალიც უნდა იყოს, საქმეს მაინც უზნეობამდე მიიყვანს. ერთი ლათინური გამოთქმაა: "ვინც წარმატებულია საქმეში, მაგრამ წარუმატებულია ზნეობაში, უფრო ჩამორჩენილად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე - წარმატებულად".

- შენი საყვარელი ავტორი ვინ არის?
- კნუტ ჰამსუნი.

- პოეზია გიყვარს?
- რა თქმა უნდა. ძალიან მომწონს ესენინის ლექსები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართული პოეზია მსოფლიოში პირველია. გაცილებით ძლიერია, ვიდრე - ქართული პროზა.

- წიგნი მოგიპარავს?
- არასდროს. ჩემთვის არაერთხელ მოუპარავთ. მერე ის ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან იპარებიან, რადგან ვერ ვიტან, როცა წიგნებს მპარავენ.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- იოჰან ნაგელთან, ჰამსუნის "მისტერიებიდან". ის მისტერიული პერსონაჟია და საერთო თვისებებსაც ვპოულობ. ეს მოთხრობა პირველად რომ წავიკითხე, 20 წლის ვიყავი და ასე მეგონა, სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი. მარცხენა ხელის არათითზე 15 წლიდან ვატარებ ვერცხლის რგოლს. ბოლოს იოჰან ნაგელი ზღვაში ხტება იმის გამო, რომ ბეჭედს კარგავს. მაშინ ყვითელი ჩემოდანიც კი მქონდა.

- ერთი ცნობილი ანდაზით დავიწყოთ: "კარგი სიტყვა დიდხანს ძლებს, ცუდი..."
- "...უფრო დიდხანს".

- რომელმა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ უთხრა საფრანგეთის მოხუცებულ მეფეს, ლუდოვიკო XIV-ს შემდეგი სიტყვები: "ისეთი მოხდენით ატარებთ ასაკს, რომ ყველა თქვენს ადგილზე ყოფნას ისურვებდა"?
- სულხან-საბა ორბელიანმა. სულ ასეთი მარტივი კითხვები გაქვს?

- ეს ხომ პირობითია, ვისთვის მარტივია და ვისთვის - რთული. 
- ამ რუბრიკაში სტუმრობაზე რესპონდენტებს როგორ ითანხმებ?

- ისე, როგორც შენ დაგითანხმე.
- დარწმუნებული ვარ, სერიოზული კომპლექსი ექნებათ. პოლიტიკურად მაღალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს რომ ვუსმენ, უწიგნურობის ზეიმია და ამ დროს ისინი ამტკიცებენ, ადამიანური რესურსი არ არსებობსო. აბა, მაგათ შეიძლება, "რესურსი" ვუწოდოთ?

- დაასახელე ბერძენი ტრაგიკოსი, რომელმაც კოლხი მედეა შვილების მკვლელად გამოიყვანა.
- ევრიპიდე.

- სამეფო არწივი მთელ ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებს. კიდევ რას არ იცვლის ის სიცოცხლის განმავლობაში?
- ბუდეს.

- ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.
- ავსტრალია. ამას ბევრი ფიქრი არ უნდა.

- ეს "რაღაც", მოდაში კოკო შანელმა შემოიტანა. მანამდე სასურველად არ ითვლებოდა. ადამიანის დაბალ წარმომავლობასა და მის მიერ შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. ექიმები ამბობდნენ, ჯანმრთელობისთვის მავნებელია და მოდიდან მალე გადავაო, მაგრამ დღესაც მოდაშია. რაზეა ლაპარაკი?
- ვერ ვხვდები, მოდაში კარგად ვერ ვერკვევი. ჯანმრთელობისთვის მავნებელი რა შეიძლება იყოს (ფიქრობს)? პომადა, რადგან შესაძლოა, შეჭამო.

- ცდები. მიგანიშნებ. ეს "რაღაც", განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულშია.
- მივხვდი, დეზედორანტზეა ლაპარაკი.

- ამჯერადაც შეცდი. სწორი პასუხია - გარუჯვა.
- მართლა? არ ვიცოდი, ეგ მოდაში კოკო შანელმა თუ შემოიტანა.

- რომელი სათამაშო იქნა დაპატენტებული 1975 წელს ბუდაპეშტში, რომლის წყალობითაც დამპატენტებელი მილიონერი გახდა და დღემდე იგი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად სათამაშოდ ითვლება?
- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ეს სათამაშო ერნო რუბიკის მიერ დაპატენტდა.
- "რუბიკ-კუბიკი".

- 1922 წელს, როცა ეს ცნობილი შოტლანდიელი გამომგონებელი გარდაიცვალა, მისი ხსოვნის პატივსაცემად, ყველანაირი სატელეფონო საუბარი 1 წუთით შეწყდა. საინფორმაციო საშუალებები წერდნენ, რომ იმ დღეს ამერიკაში 13 მილიონი ტელეფონი დუმდა. დაასახელე ეს გამომგონებელი.
- ტელეფონის გამომგონებელზეა ლაპარაკი. სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ.

- ანდრეი ბელი. რა ჰქვია ბრიყვულად გაწეულ სამსახურს, რომელსაც სიკეთის ნაცვლად ადამიანისთვის ზიანი მოაქვს? ეს გამოთქმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრილოვის იგავ-არაკი - "დათვი და მეუდაბნოე" გამოქვეყნდა.
- დათვური სამსახური.

- კარგად გვახსოვს ფრთიანი გამონათქვამი: "რელიგია ხალხისთვის ოპიუმია". რომელი სიტყვით შეცვალა სიტყვა "რელიგია" ნიქსონმა?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ეს იქნებოდა მედია, ჟურნალისტიკა.

- ეს სიტყვა იყო "ტელევიზია". შენთვის რა არის ოპიუმი?
- ანუ ის, რაც გონებას მიბნელებს და ძალიან მიზიდავს (პაუზის შემდეგ)? ალბათ ეს სიყვარულია, ტრფობაა.

- რომელ საბჭოთა მაღალჩინოსანზე თქვა ნიქსონმა შემდეგი სიტყვები: "ის სუსტი პოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მძღოლია"?
- მანქანები ლეონიდ ბრეჟნევს უყვარდა.

- მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს. რას აკეთებს იგი, სულ პატარა წვეთის შეხების შემთხვევაში?
- არ ვიცი.

- თავს იკლავს. რისი შიშია გინეფობია?
- ქალების.

- "ბუნების წესია ასეთი, მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს". დაასახელე ამ სიტყვების ავტორი, ქართველი კლასიკოსი.
- კონსტანტინე გამსახურდია.

- ის 5 წლის იყო, როცა მუსიკის წერა დაიწყო. 6 წლისამ კი ევროპა ტრიუმფით შემოიარა. მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევად, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, 600-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. აქედან 17 - ოპერაა. დაასახელე ეს კომპოზიტორი.
- ვიცი, რომელიმე ძალიან ცნობილი კომპოზიტორი იქნება, მაგრამ ზუსტი პასუხი არ მაქვს.

- მოცარტი. საქართველოს რომელ კუთხეშია ბარაკონის ეკლესია?
- რაჭაში.

- დაბოლოს, დაასრულე მადამ დე სტალის ცნობილი გამონათქვამი: "როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმეტესობა..."
- გაუნათლებელი აღმოჩნდება (იცინის).

- "...უწიგნური აღმოჩნდება ხოლმე". მსგავსი საყვედური შენთვისაც უთქვამთ?
- ვერ დავიტრაბახებ იმით, რომ ურთიერთობა ბევრ ქალთან მქონია. ბუნებით მონოგამი უფრო ვარ, ვიდრე - პოლიგამი.

 

 

 

 

 

თამუნა კვინიკაძე , ჟურნალი "გზა" 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016