საქმე # N1006805. ფრაგმენტი პროკურორის დასკვნითი სიტყვიდან:"ფაქტია, რომ დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე და შალვა თათუხაშვილი ავტომატებიდან ერთდროულად დამიზნებით ახორციელებდნენ გასროლებს ახალგაზრდების მიმართულებით, ე.ი. ერთობლივად ჩადიოდნენ ერთიდაიმავე სისხლისსამართლებრივ უმართლობას. უმართლობას, რომელსაც განზრახ მკვლელობა ჰქვია."
ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულდა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. როგორც ცნობილია, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შესახებ სასამართლომ განაჩენი უახლოეს დღეებში უნდა გამოიტანოს. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: ნავთლუღის სპეცოპერაციას, რუსთავის #1 დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტს და გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნის ეპიზოდს.
ბაჩო ახალაიას ბრალი ბოლო ორ ეპიზოდში ედება. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, ახალაიამ რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემის ბრძანება გასცა. საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე კი, რომელიც გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობას გულისხმობს, ახალაიას აღნიშნული პატიმრებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას ედავებიან.
ამ საქმეზე ბრალდებულია: მეგის ქარდავა, დათა ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. დათა ახალაიას საქმე იმ მოტივით, რომ მისი ექსტრადირების საკითხი საბერძნეთში არ გადაწყვეტილა, ცალკე წარმოებად გამოიყო. დანარჩენი პირების საქმე კი, ერთ წარმოებად მიმდინარეობს. მეგის ქარდავა ძებნილია. ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი კი, პატიმრობაში იმყოფებიან. „ექსპრესნიუსმა" სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პროკურორთა გამოსვლის სრული ვერსია მოიპოვა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
დ ა ს კ ვ ნ ი თ ი ს ი ტ ყ ვ ა
ბატონო მოსამართლევ, სახელმწიფო ბრალმდებლები წარმოგიდგენთ დასკვნით სიტყვას სისხლის სამართლის N1006805 საქმეზე, რომელიც შეეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის მკვლელობას, იმავე ღამით ექვსი პატიმრის წამებას და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული ოთხი მსჯავრდებულისათვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნას.
ნავთლუღი
რვა წლის წინ, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ სატელვიზიო ეთერით შეიტყო, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ეფექტური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლითაც რუსთავის ციხეზე შეიარაღებული თავდასხმა და პატიმრების მასობრივი გაქცევა ჩაშალა.
ინფორმაცია სასჯელაღრულების დეპარტამენტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ ბაჩანა ახალაიამ დაადასტურა და განაცხადა, რომ ხუთკაციანი ჯგუფი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ადმინისტრაციაზე თავდასხმას გეგმავდა და იმავე დღეს, მეორე დღეს, ან იმ დღეებში პატიმრების გაქცევის ორგანიზებას. ხუთკაციანი ჯგუფი ახსენა დეპარტამენტის თავმჯდომარემ. თუმცა, ნავთლუღის ავტოსადგურზე მხოლოდ სამი ,,შეიარაღებული" პირი იქნა ლიკვიდირებული და ცნობები მეოთხე, მეხუთე თავდამსხმელზე იმდროინდელ ოფიციალურ, ცრუ ვერსიაშიც კი არ არსებულა.
დღეს, საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე, გამოკვლეული მტკიცებულებების ფონზე, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაჩანა ახალაიას იმდროინდელი სატელევიზიო კომენტარი, (ისევე როგორც მთლიანად ისტორია,- კრიმინალების განეიტრალების შესახებ) შეთხზული და გამოგონილია. სინამდვილეში, ის რაც 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღში მოხდა, არის სპეცოპერაციად მონათლული დანაშაული, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სისასტიკე, რომელიც ნავთლუღის ავტოსადგურში დაიწყო და რუსთავის ციხეში გაგრძელდა, ხელისუფლების იმჟამინდელი წარმომადგენლების - ძმების: ბაჩანა და დავით ახალაიების ინიცირებით და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. განხორციელდა იმისთვის, რომ ხალხის დასანახად, დემონსტრაციულად დასჯილიყვნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი, სრულიად უდანაშაულო ადამიანები. სპეცოპერაციად წოდებული დანაშაული ,ერთის მხრივ, ძმების ავტორიტეტს დადებითად წარმოაჩენდა, რეალობის არმცოდნე საზოგადოების თვალში, რადგან სწორედ ისინი გამოცხადდებოდნენ უმძიმესი კრიმინალის დამმარცხებლებად და ,მეორეს მხრივ, სრულ მორჩილებაში მოიყვანდა პატიმრებს, რომლებიც (სასტიკი მეთოდებით დასჯის პანიკით შეპყრობილები) ვერასდროს გაბედავდნენ ციხის ადმინისტრაციისათვის არასასურველ ქცევაზე ფიქრს.
ბატონო მოსამართლევ, სახელმწიფო ბრალმდებლებმა ჯერ კიდევ შესავალი სიტყვის წარმოთქმისას მოგეცით პირობა, რომ წარმოვადგენდით მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდებულების დანაშაულში დაგარწმუნებდათ. როგორც ხედავთ, ჩვენ პირობა შევასრულეთ, სასამართლო პროცესზე დავკითხეთ ბრალდების 57 მოწმე, გამოვიკვლიეთ ვიდეომასალა და წერილობითი მტკიცებულებები, რომლებმაც ეჭვშეუვალი გახადა ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
თავდაპირველად სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოკლული შოთა გორგაძის ძმა - გია გორგაძე რომელმაც განმარტა, რომ 2006 წლის იანვრის თვეში სასჯელს იხდიდა რუსთავის N1 დაწესებულებაში, რა დროსაც პატიმარმა დავით ლექვთაძემ მას გაუმხილა, რომ ციხიდან გაქცევა სურდა, რისთვისაც იარაღი ესაჭიროებოდა. გორგაძე ლექვთაძეს ციხიდან გაქცევაში დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ რეალურად ლექვთაძის ზრახვების შესახებ ინფორმაცია ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს - გელა ტყემალაძეს მიაწოდა. იმ დღეებში რუსთვის N1 დაწესებულებაში საკადრო ცვლილება განხორციელდა, ციხის დირექტორად ტარიელ ტყემალაძე დაინიშნა, რომელმაც გორგაძე თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღეს კაბინეტში იხმო და ლექვთაძის შესახებ ინფორმაცია გამოჰკითხა, მანაც დაუფარავად უამბო ყველაფერი. იმავე დღეს, გია გორგაძე ტარიელ ტყემალაძის კაბინეტში შეხვდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს ლერი ხუხიას, რომელმაც ბაჩანა ახალაიას ტელეფონის ნომერი მისცა და უთხრა, რომ თუ სიახლე იქნებოდა, პირდაპირ დეპარტამენტის უფროსს დაკავშირებოდა. იმ დღეებში რამდენიმეჯერ შედგა სატელოფონო საუბარი ბაჩანა ახალაიასა და გია გორგაძეს შორის, რასაც მოწმობს სატელეფონო კავშირების მონაცემებიც, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. სატელეფონო საუბრების შედეგად გადაწყდა, რომ ციხიდან პატიმრების გაქცევის პროვოკაცია უნდა განხორციელებულიყო, პროვოკაციისათვის საჭირო იარაღს ბაჩო ახალაიას ხალხი მიაწვდიდა გია გორგაძის ძმას. პროვოკაციაში უნებლიედ ჩართულები აღმოჩნდნენ გია გორგაძის ძმა - შოთა გორგაძე და მისი ორი მეგობარი. ბედად ეს ადამიანები წალკაში ნათლობის რიტუალის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ. გორგაძემ ძმას დაურეკა და სთხოვა,- ბათუმში წასვლამდე, თბილისში დავით ლექვთაძის ძმას შეხვედროდა და გადაეცა ჩანთა, რომელსაც ,,მისი ხალხი" მიაწვდიდა. ამასთან, ძმას დაუმალა და არ უთხრა, რომ გადასაცემ ჩანთაში იარაღი უნდა ყოფილიყო. წალკიდან თბილისში ჩამოსულ გია გორგაძის ძმას და მის მეგობრებს ფონიჭალაში დახვდა კუდის თანამშრომელი, რომელიც სამი-ოთხი საათი დაატარებდა მათ თბილისში. ამ დროის განმავლობაში ძმებს გორგაძეებს სისტემატური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან. თუმცა, მოგვიანებით კონტაქტი გაწყდა, გორგაძე ძმას ურეკავდა, მაგრამ ამაოდ. მისი ზარი უპასუხოდ რჩებოდა. ბოლოს, სატელეფონო ზარს უცნობმა უკმეხად უპასუხა, მან გია გორგაძეს შეაგინა და უთხრა,- შენს ძმას მივხედე და ახლა შენთან მოვდივარო. ამის შემდეგ, ციხეში ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი მოვლენები განვითარდა.
გია გორგაძის ჩვენება სასამართლო პროცესზე სრულად დაადასტურეს რუსთავის N1 დაწესებულების ყოფილმა დირექტორებმა - გელა ტყემალაძემ და ტარიელ ტყემალაძემ. მათი ჩვენებებით, სწორედ გია გორგაძისგან შეიტყვეს, რომ პატიმარ - დავით ლექვთაძეს ციხიდან გაქცევა სურდა. ტარიელ ტყემალაძის გადმოცემით, ეს ინფორმაცია პირადად აცნობა ბაჩანა ახალაიას, რომელსაც ამის შემდეგ უშუალოდ ჰქონდა კავშირი ადმინისტრაციასთან მოთანამშრომლე პატიმართან - გია გორგაძესთან.
რაც შეეხება სატელეფონო კავშირების შესახებ მონაცემებს, 2006 წლის 12 იანვარს, პატიმარ გია გორგაძის ტელეფონის ნომერზე - 893 53 63 56; - 57 სატელეფონო ზარია განხორციელებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის - ლევან მარუაშვილის სახელზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერიდან - 899 91 04 21. თუმცა, აღნიშნულმა მოწმემ უარჰყო მითითებული ნომრით სარგებლობა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ლევან მარუაშვილის სახელზე გაფორმებული მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც პატიმარ გია გორგაძეს უკავშირდება, იმავე პერიოდში 4 შემავალი ზარია განხორციელებული ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის მობილური ტელეფონის ნომრიდან - 577 50 21 21. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ლევან მარუაშვილის სახელზე გაფორმებული მობილური ტელეფონის ნომრიდან, მკვლელობის დღეს 17:41 საათზე, ზარია განხორციელებული გია გორგაძის ძმის, შოთა გორგაძის მობილური ტელეფონის ნომერზე - 893 61 74 54.
სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმე - მუჰამედ გორგაძე. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე მკვლელობის დღეს წალკიდან თბილისში გამოაცილა. ახალგაზრდები იმავე დღეს თბილისიდან ბათუმში აპირებდნენ გამგზავრებას. მოწმის მტკიცებით, არცერთ მათგანს ავტომატური იარაღი არ ჰქონია.
საქმის განხილვის დროს, ჩვენება მისცა კუდის ყოფილმა თანამშრომელმა - ალექსანდრე სუმბაძემ, მისმა ჩვენებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეალობის გამოაშკარავებაში. როგორც აღვნიშნე, მუჰამედ გორგაძემ წალკიდან თბილისში გამოაცილა ახალგაზრდები, კუდის თანამშრომელი - ალექსანდრე სუმბაძე კი, გიორგი დგებუაძის, იგივე მასტერას, დავალებით წალკიდან თბილისში ჩამოსულ სამ ახალგაზრდას ფონიჭალაში დახვდა, შემდეგ (დგებუაძისვე მითითებით) ახალგაზრდები „ოპელის" მარკის ავტომობილში ჩასვა და სამი საათი ატარა თბილისის ქუჩებში. საბოლოოდ, დგებუაძისგან მიღებული დავალების შესაბამისად, უიარაღო ახალგაზრდები ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩამოსვა. თავად კი, უმალ გაეცალა შემთხვევის ადგილს. თუმცა, დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ, იარაღებიდან ინტენსიური გასროლების ხმა შემოესმა. უკან მობრუნებულს, მის მიერ მიყვანილი სამი ახალგაზრდა- დახოცილი, ხოლო მათთან ახლოს შეიარაღებული გიორგი დგებუაძე, დავით ახალაია, შალვა თათუახაშვილი, გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა დახვდა.
ალექსანდრე სუმბაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დასტურდება სატელეფონო ანძების მონაცემებით, რომელიც სასამართლო პროცესზე შპს ,,ჯეოსელის" ინფორმაციისა და ტექნოლოგიების განყოფილების უფროსმა - რამაზ მაჩალაძემ წარმოადგინა. მოწმის ინფორმაციით, ალექსანდრე სუმბაძე და შოთა გორგაძე 12 იანვარს ოთხი საათი ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე მარშრუტით გადაადგილდებოდნენ.
მოვლენებს, რომლებიც ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მას შემდეგ განვითარდა, რაც ალექსანდრე სუმბაძემ იქ შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე ავტომობილიდან ჩამოსვა, არაერთი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის:
ჯონი ჯოხარიძე, ისანი-სამგორის შს სამმართველოს ყოფილი ინსპექტორი, რომელმაც გვიამბო, რომ 2006 წლის 12 იანვარს, საღამოს ცხრიდან ათ საათამდე პერიოდში ავტომობილით მივიდა ბენზინგასამართ სადგურზე, რა დროსაც მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით 20 მეტრში, ნავთლუღის ავტოსადგურთან 2-3 ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც შეიარაღებული, ნიღბიანი პირები გადმოვიდნენ და ავტოსადგურის მოედანზე სროლებით შევიდნენ. ჯოხარიძეც ამ ადგილისკენ გაემართა. თუმცა, გზაზე გადასვლისთანავე ის ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა შეაჩერა და არ მისცა ავტოსადგურის მოედანზე შესვლის უფლება. მოწმე გზის ნაპირზე შეჩერდა, რა დროსაც მის წინ, ვეტაფთიაქთან ახლოს, სროლების შედეგად ერთი ადამიანი დაეცა. სროლები რამდენიმე წამში შეწყდა. ნიღბიანი პირი, რომელმაც ჯოხარიძე გზაზე შეაჩერა, უმალ შეტრიალდა და სადგურის მოედნისკენ გაემართა, პოლიციელი მას მოედნის სიღრმეში შეჰყვა და ისნის მხარეს გაჩერდა, რა დროსაც რკინიგზის კედელთან კიდევ ორი ადამიანის უძრავი სხეული დაინახა. ამათგან ერთ-ერთს ნიღბიანი პირი მიუახლოვდა, ავტომატის ლულა თავში დაუმიზნა და ესროლა, შემდეგ მსროლელი შემოტრიალდა და ნიღაბი მოიხსნა, მასში პოლიციელმა კუდის იმჟამინდელი უფროსი - დავით ახალაია ამოიცნო. ახალაიას მიერ შესრულებული საკონტროლო გასროლიდან უმალვე, მეორე ძირს დაცემულს, იქ მყოფი მეორე შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და ახლო მანძილიდან დამიზნებით განახორციელა გასროლა მეორე ძირს დაცემულის მიმართულებით. ჯონი ჯოხარიძეს სახე, რომელიც 10-15 მეტრის დაშორებით დაინახა, კარგად დაამახსოვრდა. მან დეტალურად აღწერა და ამოიცნო გიორგი მაზმიშვილი. მეორე გასროლას მესამე გასროლაც მოყვა, ამჯერად ვეტაფთიაქთან ახლოს. ჯოხარიძე შეტრიალდა და მაღალი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი დაინახა, რომელიც მისგან ზურგით იდგა, სახე არ დაუნახავს და ,შესაბამისად, ვერ დაიმახსოვრა. პარალელურად ,ერთ-ერთმა იქ მყოფმა ნიღბიანმა სამ გვამს სათითაოდ სამი ავტომატი დაუდო გვერდით. ამის შემდეგ, მოწმე ჯოხარიძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, „ავერსის" აფთიაქის მხარეს, ჰაერში ინტენსიური გასროლები განხორციელდა, რაც ვიდეოკამერით გადაიღეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯონი ჯოხარიძემ გვამების განლაგება შემთხვევის ადგილზე მაქსიმალური სიზუსტით აღწერა, მისი ნაამბობი იყო თანმიმდევრული და შესაბამისი საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებთან. ასე მაგალითად, მოწმის გადმოცემით, შემთხვევის ადგილზე მუქ ფერებში რამდენიმე ავტომობილი და ვერცხლისფერი X5 მარკის ავტომობილი შენიშნა, რომელიც (კუდის თანამშრომლების ჩვენებებით) დავით ახალაიას ეკუთვნოდა, ვიდეომასალაში, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, საწყის ეტაპზე მუქი ფერის ავტომობილი მართლაც ჩანს, 04 წუთსა და 23 წამზე კი, კადრში ვერცხლისფერი ჯიპის ტიპის ავტომობილი ჩნდება. გარდა ამისა, ჯონი ჯოხარიძემ დაკითხვისას აღწერა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი, რომელიც სროლების დაწყების დროს მის მანქანას ემსახურებოდა. მოწმის თქმით, ეს იყო შუახნის, ჭაღარათმიანი, მაღალი მამაკაცი, რომელიც მასთან ერთად გადავიდა გზაზე, ავტოსადგურის მიმართულებით და შემდეგ უკან დაბრუნდა.
ბენზინგასამართი სადგურის ამ აღწერილობის ოპერატორი გახლდათ - დავით წიქარიშვილი, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. თუმცა, სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა მისმა მეუღლემ - ნათელა წიქარიშვილმა. მოწმემ სასამართლო პროცესზე მეუღლის ნაამბობი გაიხსენა. გვითხრა, რომ დავით წიქარიშვილი პირადად შეესწრო, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ღამით, ნავთლუღის ავტოსადგურზე სამი ახალგაზრდა ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა კუთხეში მიიმწყვდიეს და ჩაცხრილეს. სიკვდილამდე ახალგაზრდები განწირულად ყვიროდნენ და შველას ითხოვდენენ.
იმ დროს, როდესაც ახალგაზრდები შველას ითხოვდნენ, ავტოსადგურის დაცვის თანამშრომელი ტრისტან წითელაშვილი დასაცავი ობიექტის ირგვლივ შემოვლას ასრულებდა. ხმაზე შენობის კუთხესთან შეჩერდა და ავტოსადგურს მოავლო თვალი, რა დროსაც დაინახა, როგორ მისდევდა ავტომატების სროლით 5-6 შეიარაღებული მამაკაცი სამ ახალგაზრდას. სროლების შედეგად ორი ახალგაზრდა რკინიგზის კედელთან ახლოს დაეცა. მესამე კი, მათგან მოშორებით, საავტომობილო გზისკენ, ვეტაფთიაქთან ახლოს დაეცა მიწაზე. მსროლელები შეჩერდნენ, ამათგან ერთ-ერთი, რკინიგზის კედელთან ახლოს, მარცხენა მხარეს (მეტროსადგური ,,ისანის" მხარე) ძირს დაცემულს მიუახლოვდა და გასროლა მოახდინა მისი თავის მიმართულებით, მსროლელი შემოტრიალდა და ნიღაბი მოიხსნა, მასში მოწმემ იმჟამნდელი კუდის უფროსი - დავით ახალაია შეიცნო, რომელიც კარგად ახსოვდა აჭარის ცნობილი მოვლენების დროს სატელევიზიო გამოსვლებიდან. შემდეგ ერთ-ერთმა, იქ უნიღბოდ მყოფმა პირმა, მეორე საკონტროლო გასროლა განახორციელა რკინიგზის კედელთან ძირს დაცემული მეორე პირის მიმართულებით. მსროლელის სახე მოწმე ტრისტან წითელაშვილმა დაინახა და დაიმახსოვრა, ეს სახე უფრო მკვეთრად აღიბეჭდა მის მეხსიერებაში მაშინ, როდესაც მან მესამე გასროლის შემდეგ ადგილსამყოფელი შეიცვალა და ვეტაფთიაქთან გადაინაცვლა. მანამდე კი, მოწმის გადმოცემით, შემთხვევის ადგილზე შავი სპორტული ჩანთით სამი ავტომატი შემოიტანეს და სამ გვამს სათითაოდ დაუდეს გვერდით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შავი სპორტული ჩანთა შემთხვევის ადგილზე, კუდის თანამშრომლის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ზუსტად 02 წუთსა და 13 წამზე ჩნდება. ჩანთაში კარგად ჩანს, რომ დევს ავტომატის მჭიდი და ვაზნები. თუმცა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, შავი სპორტული ჩანთა შემთხვევის ადგილზე უკვე აღარ ფიქსირდება, რადგან (ცხადია) ამ ინფორმაციის მოთავსება საქმის ოფიციალურ მასალაში კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენდა, ისედაც ბურუსითმოცულ ოპერაციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, კუდის თანამშრომლები წინდახედულად მოიქცნენ და ჩანთა, რომლითაც იარაღი მიიტანეს მკვლელობის ადგილზე, გამომძიებლის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე გადამალეს. მოწმემ იმ პირთა ჯგუფში, რომელიც სროლებით მისდევდა სამ ახალგაზრდას დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე ამოიცნო. ეს სახეები მან მკვლელობის დღეს არაერთხელ დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე. ტრისტან წითელაშვილის ყოფნა შემთხვევის ადგილზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მას შემდეგ, რაც დავით ახალაიას ინიციატივით სპეცოპერაციის იმიტაცია შესრულდა და მკვლელობის ადგილზე სხვადასხვა მხრიდან იწყეს მისვლა შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა პირებმა, ახალაიამ წითელაშვილი დაინახა და ჰკითხა,- რას აკეთებდა სადგურზე, წითელაშვილმა მას თავი გააცნო სადგურის დაცვის თანამშრომლად და განუცხადა, რომ ადგილზე იმ წუთის მისული იყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა შემთხვევის ადგილზე წითელაშვილის მეწყვილე - დავით ჩუბინიძე, რომელიც მასთან ერთად მივიდა იმ დღეს ავტოსადგურზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ტრისტან წითელაშვილს, 12 იანვარს, ღამით თანამშრომელმა კობა უღრელიძემ დაურეკა და სატელეფონო ანძების მიხედვით ამ დროს მოწმე მკვლელობის ადგილზე დაფიქსირდა. ეს გარემოება მკვლელობის დროს ტრისტან წითელაშვილის ყოფნას შემთხვევის ადგილზე უტყუარს ხდის.
გარდა ამისა, ტრისტან წითელაშვილის ნაამბობი სრულად დაადასტურა პროცესზე დაკითხულმა მოწმემ - კობა უღრელიძემ. ეს ადამიანი 2006 წლის 12 იანვარს დაცვის სამსახურში - კავშირში ტრისტან წითელაშვილთან ერთად მუშაობდა. მოწმის გადმოცემით, ტრისტანმა მას მკვლელობის ღამეს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ცუდი ამბავი მოხდა, ავტოსადგურზე იყო და მოგვიანებით დაუკავშირდებოდა. მეორე დღეს, მოწმე შეხვდა ტრისტან წითელაშვილს, რომელმაც უთხრა, რომ წინა ღამით მკვლელობას შეესწო ნავთლუღის ავტოსადგურში - საკუთარი თვალით ნახა, რომ დათა ახალაიამ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ავტომატებით ჩაცხრილეს სამი ახალგაზრდა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმე დავით ჩუბინიძემ, მოწმის გადმოცემით, 2006 წლის იანვრის თვეში წითელაშვილთან ერთად მუშაობდა კავშირში, რომელიც ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებდა სხვადასხვა ობიექტების დაცვას. დასაცავ ობიექტებში შედიოდა ნავთლუღის ავტოსადგური. ყოველდღე კავშირის მორიგე ოპერატიული ჯგუფი შემოვლებს ახორციელებდა დასაცავი ობიექტების გარშემო, დღის განმავლობაში ამოწმებდნენ დაცვის ინსპექტორების მუშაობას, საღამოობით კი, დამატებით ამოწმებდნენ დასაცავი ობექტების ტერიტორიას, რადგან ხელშეკრულების მიხედვით ზოგიერთი ობიექტის დაცვა 24 საათის განმავლობაში ევალებოდა კავშირს. აქვე აღსანიშავია ის გარემოება, რომ საქმეში არსებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გაფორმებულია მიხეილ ჯალაბაძესა და ტრისტან წითელაშვილს შორის, ნავთლუღის ავტოსადგურის დაცვა კავშირს 24 საათის განმავლობაში ევალებოდა და პასუხისმგებელი იყო დაზიანებული ინვენტარის საფასურის ანაზღაურებაზე. მოწმის გადმოცემით, 12 იანვარს, საღამოს შვიდ საათზე მან და ტრისტან წითელაშვილმა დასაცავი ობიექტების შემოწმება დაიწყეს. თავდაპირველად ისნის მეტროსთან მდებარე ჯიხურები დაათვალიერეს, შემდეგ კი ნავთლუღის ავტოსადგურისკენ გაემართნენ. დაახლოებით რვა-ცხრა საათი იყო, როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდნენ და ტერიტორია დასათვალიერებლად გაინაწილეს - ჩუბინიძე ისნის მეტროს მხარეს გაემართა, წითელაშვილი კი სადგურის შენობისკენ. ის-ის იყო ჩუბინიძემ ჯიხურების შემოწმება დაამთავრა და ავტოსადგურის მოედნისკენ წავიდა, რომ იარაღებიდან გასროლების ხმა შემოესმა და დაინახა მის წინ, გარკვეულ დისტანციაზე, 4-5 მამაკაცი ავტომატების სროლით რომ გადაადგილდებოდა სადგურის მოედანზე (ყველა მათგანი ისროდა). პარალელურად, გაიგო განწირული ხმები,- ნუ გვესვრით, არ მოგვკლათო. შეშინებული ჩუბინიძე ისნის მხარეს გაჩერებულ ავტომობილს მოეფარა და ამ ვითარებაში მყოფს რამდენჯერმე ერთჯერადი ყრუდ გასროლის ხმა შემოესმა. შემდეგ დაინახა, რომ მისთვის უცნობ პირს გვამებისკენ შავი სპორტული ჩანთა მიჰქონდა. მცირე ხანში სროლები განმეორდა. თუმცა, მოწმემ დაინახა და აღიქვა, რომ გასროლები უკვე ჰაერში ხორციელდებოდა. ამის შემდეგ, ჩუბინიძემ მოედანზე მდგარი ტრისტან წითელაშვილი დაინახა, რომელიც დავით ახალაიას ესაუბრებოდა, მიახლოება სცადა, მაგრამ ტრისტანმა ხელით ანიშნა, რომ ახლოს არ მისულიყო. შემდეგ შემთხვევის ადგილზე ბევრი სამოქალაქო და პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანი შეიკრიბა. მოწმის გადმოცემით, ტრისტან წითელაშვილმა იმავე ღამით მოუყვა, რომ დავით ახალაიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა მის თვალწინ ჩაცხრილეს ახალგაზრდა ბიჭები.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმე გალაქტიონ ჯანელიძეც დაიკითხა, ეს გახლავთ ავტოსადგურის დარაჯი, რომელმაც 2006 წლის თორმეტი იანვრის ღამეს, თვალითნანახი ფაქტები გაიხსენა. მისი გადმოცემით, ღამით, დაახლობით 21 საათზე, მაშინ, როდესაც ახალი ამბების გამოშვებას უყურებდა, გზიდან ხმა შემოესმა, გამოიხედა და მისგან დაახლოებით 20 მეტრში, ავტოსადგურის შენობის წინ სამი ბიჭი დაინახა, „ავერსის" აფთიაქის მხრიდან, მოედნის სიღრმისკენ რომ გარბოდნენ, მათ ავტომატების სროლით მისდევდა შავ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული5 პირი (ყველა მათგანი ისროდა). პარალელურად, მოწმემ გაიგო ყვირილის ხმა და გაარჩია სიტყვები: „მიშველეთ, შეჩერდით". მოწმის მტკიცებით დაინახა, რომ სროლა იმ მხარეს ხდებოდა, რომელ მხარესაც თავდაპირველად სამი ახალგაზრდა გაიქცა, ამას მოწმობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ ნატყვიარები შემთხვევის ადგილზე მხოლოდ სადგურის და რკინიგზის გამყოფ კედელზეა აღმოჩენილი. მოწმის თქმით, ახალგაზრებს ეცვათ სამოქალაქო ტანისამოსი და დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ხელში იარაღი არცერთს არ ეჭირა.
კუდის აქტიურ ღონიძიებათა განყოფილების - ე.წ. სპეცრაზმის თანამშრომლების დავით შველიძის, გიორგი ჭყონიას, გელა ტაბატაძის, არსენ პეტრიაშვილის და დავით უმფრიანის ჩვენებებით, 2006 წლის 12 იანვარს, საღამოს, სპეცრაზმის უფროსის მოადგილემ - შალვა თათუხაშვილმა მათ უთხრა, რომ ღონისძიება იყო დაგეგმილი და მზად უნდა ყოფილიყვნენ ადგილზე გასასვლელად. დაახლოებით 40 წუთში, 8-10 სპეცრაზმელი „მერსედესის" მარკის მიკროავტობუსით გაემართა ნავთლუღის ავტოსადგურისკენ. თათუხაშვილის მითითების შესაბამისად, ისინი მატროსოვის ჩასახვევთან, ავტოსადგურამდე 150 მეტრში გაჩერდნენ და შემდეგ მითითებას დაელოდნენ. დაახლოებით 30 წუთში სპეცრაზმმელებმა ავტომატებიდან გასროლების ხმა გაიგეს და მიუხედავად ბრძანებისა, მოულოდნელ სიტუაციაში დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება. ყველა სპეცრაზმელი გადმოვიდა ავტომანქანიდან და ერთიმეორის მიყოლებით, ნელი, ფრთხილი სვლით გაემართა ავტოსადგურისკენ. გზაზე მიმავალთ ავტოსადგურიდან სროლების ხმა კვლავ ესმოდათ, სროლები თავდაპირველად იყო ინტენსიური - ავტომატურ რეჟიმში განხორციელებული შემდეგ კი, მოწმეების გელა ტაბატაძის და გიორგი ჭყონიას გადმოცემით, იყო რამოდენიმე ერთჯერადი გასროლაც. ავტოსადგურზე მისვლისთანავე სპეცრაზმელებს შალვა თათუხაშვილი შემოხვდათ, რომელმაც უსაყვედურა მისი ბრძანების გარეშე, რომ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და მითითება მისცა პერიმეტრზე განლაგებულიყვნენ. მოწმეთა მტკიცებით, ავტოსადგურის მოედანზე თათუხაშვილთან ერთად მოედნის შუაგულში მისვლისთანავე დაინახეს დავით ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი და იქვე ახლოს სამი გვამი. სპეცრაზმელები შემთხვევის ადგილზე რკალისებურად განლაგდნენ ისე, რომ გახსნილი დარჩა გზიდან მოედანზე, სადგურის შენობასთან არსებული შემოსასვლელი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ (მოწმეების ჩვენებებით) შემთხვევის ადგილი განათებული იყო საავტომობილო გზის მხარეს და რკინიგზის კედელთან არსებული ლამპიონებით. გზის მხარეს არსებული ლამპიონები კარგად ჩანს ვიდეომასალის საწყის კადრში, ხოლო რკინიგზის მხარეს არსებული განათება კი, კადრში ჩნდება 04 წუთსა და 20 წამზე. ამასთან, მოწმეთა ჩვნებებით ხილვადობის არე საკმაოდ დიდი იყო, ისე, რომ დაახლოებით 20-25 მეტრში ხელმძღვანელი პირების დანახვა და ამოცნობა არ გაჭირვებიათ. მოწმეებმა დაზუსტებით გაიხსენეს, რომ დავით ახალაიას და გიორგი მაზმიშვილს ავტომატები ჰქონდათ, ეს ფაქტი ვიდეომასალაშიც არაერთხელ არის დაფიქსირებული.
რაც შეეხება ლევან ქარდავას, მკვლელობის თვითმხილველი ადამიანების გარდა, ის ავტომატით ხელში შემთხვევის ადგილზე მოწმე დავით კუხიანიძეს დაამახსოვრდა. მისი ჩვენებით, 12 იანვარს, საღამოს, მოდულის შენობის დერეფანში მეორე სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ შეკრებილები, სადაც სამმართველოს უფროსი - გიორგი დგებუაძე და მისი მოადგილე - ლევან ქარდავა იარაღის გადაცემაზე საუბრობდნენ. ამ დროს კაბინეტიდან გამოვიდა კუდის უფროსი - დავით ახალაია და დაიძახა: ,,წავედითო". დავით კუხიანიძე ,გია ალანიასთან ერთად, ავტომანქანით წავიდა ნავთლუღის ავტოსადგურისკენ და ,მითითების შესაბამისად, ავტოსადგურიდან დაახლოებით 70 მეტრში გაჩერდა. მისვლიდან ნახევარ საათში გაისმა თავდაპირველად ავტომატურ რეჟიმში და შემდეგ, ერთჯერადი გასროლების ხმა. სროლების ხმაზე არც ის და არც მასთან ერთად მყოფი პირი ავტომანქანიდან არ გადასულა. სროლების შეწყვეტიდან რამდენიმე წუთში რაციაში ხმა გაისმა,- ავტოსადგურში შევდივართო. კუხიანიძე გადმოვიდა და ავტომობილთან დავით ახალაია შენიშნა, ავტომატით ხელში სროლით რომ გარბოდა ავტოსადგურისკენ. მასთან ერთად, ჰაერში სროლით ავტოსადგურისკენ გაიქცნენ გია ალანია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი და თავად დავით კუხიანიძე. მოწმის ჩვენებით, სროლები ავტოსადგურის შენობასთან შეჩერდა. ამასთან, ყველა გასროლა წარმოებდა ჰაერში და ამ დროს შეუძლებელი იყო ავტომატებიდან გავარდნილი ტყვია ვინმეს მოხვედროდა. მოწმემ ავტოსადგურის მოედნის სიღრმეში შესვლისას სამი გვამი დაინახა. ამასთან, დავით კუხიანიძის ინფორმაციით იმ პერიოდში დავით ახალაიას X5-ს მარკის, ვერცხლისფერი ავტომობილი ჰყავდა და მის საჭესთან ხშირად ხედავდა ბრალდებულ გიორგი მაზმიშვილს.
მოწმის მიერ გადმოცემული ინფორმაციის ძირითადი ნაწილი ასახულია ვიდეომასალაში, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოვადგინეთ. კადრში, ჩვენების დაწყებისთანავე, ჩნდება ხუთი პირი, რომელთა შორის ,როგორც აღვნიშნე, მოწმემ ორივე ბრალდებული ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დაასახელა. ის ფაქტი, რომ ეს იყო ვიდეომასალაში აღსაბეჭდად დავით ახალაიას ინიცირებით დადგმული სცენა, დასტურდება ჰაბიდოსკოპური ექსპერტის ანა გემაზაშვილის ჩვენებითაც, რომელმაც სასამართლო პროცესზე გარკვევით აღნიშნა, რომ კადრზე აღბეჭდილი სროლები ჰაერში ხორციელდება.
შალვა თათუხაშვილის ჩვენება
კიდევ ერთი ადამიანი, ვინც რეალურად მომხდარის თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, შალვა თათუხაშვილი გახლდათ. მისი ჩვენებით, 2006 წლის იანვრის თვეში, კუდის იმჟამინდელმა უფროსმა - დავით ახალაიამ კუდის თანამშრომლები, მათ შორის: ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე, გიორგი მაზმიშვილი, შალვა თათუხაშვილი შეკრიბა და უთხრა, რომ ნავთლუღის ავტოსადგურში ღონისძიება იგეგმებოდა. შალვა თათუხაშვილმა დავით ახალაიასგან მიღებული დავალების შესაბამისად, სპეცრაზმის თანამშრომლებს, მათ შორის: გიორგი ჭყონიას, დავით შველიძეს, არსენ პეტრიაშვილს, დავით უმფრიანს, გელა ტაბატაძეს, დავით სიხარულიძეს და ლაშა გურაბანიძეს უბრძანა,- „მერსედესის" მარკის ავტომობილით მისულიყვნენ ნავთლუღის ავტოსადგურთან და გარკვეულ დისტანციაზე გაჩერებულიყვნენ. ამასთან, სპეცრაზმელებმა მიიღეს დირექტივა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ბრძანების გარეშე არ დაძრულიყვნენ ადგილიდან. თათუხაშვილმა სპეცფორმა ჩაიცვა, დათქმულ ადგილზე ავტომანქანით მივიდა და რკინიგზის კედელთან ჩასაფრდა, მისგან ხელმარჯვნივ ჩასაფრდა კუდის კიდევ ერთი თანამშრომელი. დაახლოებით 20 წუთში, თათუხაშვილს ერთდროულად სროლების და ყვირილის ხმა შემოესმა გაარჩია სიტყვები:"გვიშველეთ, არ გვესროლოთ" და დაინახა მის წინ დავით ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე და გიორგი მაზმიშვილი , ავტომატების სროლით რომ მოსდევნდნენ სამ უიარაღო ბიჭს, რომელთა შორის ორი მირბოდა მის მხარეს, ერთი - ოდნავ განცალკევებით. ამის დანახვაზე თათუხაშვილი ჩაიმუხლა და ავტომატი დამიზნებით ესროლა მისკენ მიმავალ ორ ბიჭს. სროლების შედეგად, სამივე სამიზნე ძირს დაეცა. ამათგან ერთს დავით ახალაია მიუახლოვდა, ავტომატი თავში დაუმიზნა, ესროლა და ნიღაბი მოიხსნა. მისი მოქმედება კიდევ ერთ ძირს დაცემულთან გაიმეორა გიორგი დგებუაძემ. შალვა თათუხაშვილის გადმოცემით, იქ მყოფთაგან ერთ-ერთმა გარდაცვლილებს ავტომატები დაუდო გვერდით. ამასთან, მოწმის ინფორმაციით, გვამებთან ახლოს შავი, სპორტული ჩანთა იდო, რომელშიც მჭიდი და ვაზნები იყო მოთავსებული. მოწმემ დაკითხვის დროს განმეორებით და ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ კუდის ყველა ზემოთჩამოთვლილი თანამშრომელი, მათ შორის ბრალდებულები: გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა , ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები და სროლებით მისდევდნენ ავტოსადგურის მოედანზე შესულ სამ ახალგაზრდას.
როგორც ხედავთ, შალვა თათუხაშვილმა, მკვლელობაში ამხილა ბრალდებულები - გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე და დავით ახალაია. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარე, რომელიც უსუსური და ილუზიური ვერსიით წარმოდგა სასამართლო პროცესზე, რეალური ფაქტების დამახინჯებით შეეცადა, რომ თათუხაშვილის ჩვენება წარმოეჩინა იძულების და ძალადობის შედეგად. მიზანი ამ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ ბრალდებულებმა თავი აარიდონ სასჯელს, რაც მათ მკვლელობის ჩადენისთვის ელით და ამასთანავე, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით, შური იძიონ იმ გამომძიებლებზე, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით დანაშაულის რეალური სურათი გააცოცხლეს.
ფაქტების მიზანმიმართულ დამახინჯებას ჰქონდა ადგილი საქმის განხილვის საწყის ეტაპზევე, როდესაც შესავალი სიტყვის წარმოთქმისას ადვოკატმა განაცხადა, რომ თითქოსდა შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 24 თებერვალს, მის მიერვე აყვანილი ორი ადვოკატის თანდასწრებით, პროკურატურაში გამომძიებლებმა ცემეს და სწორედ ამ ძალადობის კვალი აღმოაჩინა ექსპერტმა გვამის დათვალიერებისას. ადვოკატი უფრო შორსაც წავიდა და დარწმუნებით განაცხადა, რომ თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს დაზიანებები გახდა.
პროცესზე გამოკვლეულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ერთადერთ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შალვა თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და დამდგარ შედეგთან- სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ არის. ამასთან, წელის არეში არსებული დაზიანება მიყენებულია გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში, როგორც ეს ექსპერტმა პროცესზე განმარტა,- 1-2 საათით ადრე, მარჯვენა ხელის პირველი თითის არეში არსებული დაზიანება ხანდაზმულობით 6-7 დღისაა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ნაჭდევი 1-2 დღისაა.
შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა 24 მარტს. მისი დაკითხვა პროკურატურაში, რა დროსაც ის ადვოკატის განცხადებით, აწამეს და სხეულზე დაზიანებები დაამჩნიეს, ერთი თვით ადრე მოხდა, ერთი თვე არ არის არც 1-2 დღე, არც 6-7 დღე და მითუმეტეს არც 1-2 საათი. შესაბამისად, ყველასათვის მარტივად გასაგებია, რომ ადვოკატმა მოიტყუა სასამართლო პროცესზე, როდესაც ეს ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა.
გარდა ამისა, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ამ საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მიერ დაკითხული ორი მოწმის - ქეთევან კობიაშვილის და სოფიო კობიაშვილის ჩვენებებზე. მათი განმარტებით, შალვა თათუხაშვილთან ჰქონდათ ნათესაური კავშირი (დედამისი და შალვას მამა იყვნენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები); ამასთანავე, ორივე მოწმის ჩვენებით, პირადად იცნობენ ბრალდებულს - ბაჩანა ახალაიას და ახლო ურთიერთობა აქვთ მისი ოჯახის წევრებთან, როგორც ეს მოწმე ქეთევან კობიაშვილმა განმარტა,- პროცესის წინა დღეებშიც შეხვდა და საუბარი ჰქონდა ბრალდებულის მეუღლესთან. ეს გარემოება თავისთავად ჰბადებს ეჭვს მოწმეების გულწრფელობაში. მაგრამ საბოლოო შეფასებამდე, მოდით, ამ ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაცია განვიხილოთ.
სოფიო კობიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ შალვა თათუხაშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა მას, ქეთევან კობიაშვილს, გიორგი თათუხაშვილს და კიდევ ერთ მისთვის უცნობ პირს და უამბო, რომ დაკითხვის დროს, წყალში ახრჩობდნენ და იარაღი გაუსროლეს ყურთან, ამას ესწრებოდნენ ადვოკატები და მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოძალადეები შეეჩერებინათ. ჩვენ ამ ჩვენებასთან მიმართებით საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ეს იყო დაუჯერებელი ინფორმაცია, რადგან ჩვენებას ორი ადვოკატი ესწრებოდა. მათ შორის, ერთ-ერთი შალვა თათუხაშვილის ისეთივე ნათესავი, როგორიც პროცესზე დაკითხული ქეთევან და სოფიო კობიაშვილები. გარდა ამისა, იარაღიდან გასროლები განახორციელო შენობაში, სადაც ოთახიდან ოთახში ადამიანების საუბრის გარჩევაც კი შესაძლებელია, თანაც იმ დროს, როდესაც იქ თანამშრომლები, სხვადასხვა საქმის ადვოკატები და სამოქალაქო პირები იმყოფებიან, ნამდვილი აბსურდია. აღარაფერს ვამბობ წყალში დახრჩობაზე. ამისი ფიზიკურად წარმოდგენაც კი შეუძლებელია. როგორც ჩანს, დაცვის მხარე მოგვიანებით დაფიქრდა ამ ინფორმაციის დამაჯერებლობაზე და სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა მეორე მოწმემ, ქეთევან კობიაშვილმა ცალსახად აღარ დაადასტურა სოფიო კობიაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია და როდესაც მას წყალში დახრჩობის და იარაღიდან გასროლის ადგილის თაობაზე ვკითხეთ, მან ირიბად მიგვანიშნა წითელ აგურებიან შენობაზე, სადაც (მისი ინფორმაციით) შალვა თათუხაშვილი დაკითხვის შემდეგ გადაიყვანეს. გარდა ამისა, მოწმე დარწმუნებით აცხადებდა სასამართლო პროცესზე, რომ შალვა თათუხაშვილი პოლიციამ მისივე სახლიდან 25 თებერვალს გაიტაცა. მაშინ, როდესაც რეალობა ასეთია: დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული შალვა თათუხაშვილი სახლში პოლიციის თანამშრომლებმა მიაცილეს და ეზოში შესასვლელ კართან გაჩერდნენ. დაახლოებით ერთ საათში, შალვა თათუხაშვილის ძმამ, გიორგი თათუხაშვილმა მათ განუცხადა, რომ შალვა სახლში აღარ იყო, პოლიციელებმა სახლში შესვლა ითხოვეს, რაზეც თათუხაშვილის ოჯახის წევრებმა უარი განუცხადეს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოწმე - ქეთევან კობიაშვილის მისვლის დროს, პოლიციის თანამშრომლები კვლავ თათუხაშვილის სახლთან იყვნენ. ამის შემდეგ, 18 მარტს, გამთენიისას პოლიციის თანამშრომლებმა შალვა თათუხაშვილი და მისი მეგობარი გიორგი ასლამაზიშვილი ლილოს დასახლებაში, ღამის ბარში აღმოაჩინეს. იმავე დღეს, თათუხაშვილმა ჩვენება მისცა გამოძიებას, სადაც წინა დღეების განმავლობაში თავის სამყოფელზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა 24 თებერვალს მიცემული ჩვენება.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოწმე ქეთევან კობიაშვილის ჩვენებით, შალვა თათუხაშვილს ის 18 მარტს შეხვდა, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის და მისი ძმის გიორგი თათუხაშვილის თანდასწრებით, რა დროსაც შალვამ მათთან პროკურატურაში განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა. ამ ფონზე, პარადოქსულია ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ქცევა, რომელიც მეგობარს (სწორედ ასე მოიხსენია მან შალვა თათუხაშვილი პროცესზე) შესამოწმებლად აგზავნის ფსიქიატრთან და არა სასამართლო სამედიცინო ექსპერტთან და კიდევ ერთი: მაშინ, როდესაც დაცვის მხარე ცდილობს თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინოს საზოგადოებაში, მინდა შეგახსენოთ, რომ კვლავ ადვოკატ ზაქარეიშვილის გადაწყვეტილებით ჩატარდა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის კვლევის საგანი შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი საერთოდ არ ყოფილა. ამასთან, დამცველმა ექსპერტს გამოსაკვლევად წარუდგინა გვამის ფოტოსურათები და არა თავად გვამი, რისი ფიზიკური შესაძლებლობაც მას უდაოდ ჰქონდა. ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ექსპერტმა კატეგორიული ხასიათის დასკვნა (თათუხაშვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან მიმართებით) ვერ გასცა და მხოლოდ ივარაუდა. ცხადია, ეს არ არის ადვოკატის არაკვალიფიციურობის ბრალი, საქმე იმაშია, რომ რეალობის მცოდნე ადვოკატმა თავად კარგად იცოდა, რომ ალტერნატიული ექსპერტი, გვამის გამოკვლევის პირობებში, გასცემდა იმავე სახის დასკვნას, რაც ჩვენ სასამართლო პროცესზე წარმოგიდგინეთ და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაუჭირდებოდა იმ აბსურდის მტკიცება, რასაც თვეების განმავლობაში მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ყველა ეთერის გამოყენებით.
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ამ საკითხთან მიმართებით დაკითხული დაცვის მოწმეების შეუთავსებელი, არადამაჯერებელი განმატებები და ადვოკატების არალოგიკური განცხადებები მათ სუბიექტურ მოტივებზე მეტყველებს. მოტივებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულების ინტერესებს ემსახურება და არა თათუხაშვილის და (ზოგადად) სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების საყოველთაო სიკეთეს.
და კიდევ ერთი. მაშინ, როდესაც დაცვის მხარის განცხადებით, თათუხაშვილზე განხორციელდა ძალადობა და (ამის შედეგად) მას ცრუ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი, თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ ,რეალურად, ეს არ არის საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულება, ეს არის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებებს შორის ერთ-ერთი, რომელიც სრულ თანხვედრაშია მკვლელობის თვითმხილველების: ჯონი ჯოხარიძის, ტრისტან წითელაშვილის გალაქტიონ ჯანელიძის, დავით ჩუბინიძის და დავით წიქარიშვილის მეუღლის - ნათელა წიქარიშვილის ჩვენებებთან. თანხვედრაშია სპეცრაზმელების ჩვენებებთან და ,რაც მთავარია, ვიდეომასალასა და ექსპერტიზის დასკვნებთან. ამასთან, თათუხაშვილის ჩვენების სისწორეზე ირიბად მიუთითებს მოწმეების: არჩილ არევაძის და მიხეილ ბიბილურიძის მიერ პროცესზე წარმოთქმული დასამახსოვრებელი ფრაზები, არევაძეს თათუხაშვილმა მკვლელობიდან ერთ საათში უთხრა,- სამი ტრუპი ავიკიდეთო, მიხეილ ბიბილურიძემ კი, საკუთარი ყურით მოისმინა მკვლელობის ღამეს, ნავთლუღის ავტოსადგურიდან დაბრუნებული გიორგი მაზმიშვილი ამაყად რომ ამბობდა,- დღეს ჩემი ავტომატი მოვნათლეო.
შალვა თათუხაშვილის ჩვენება სრულ თანხვედრაშია სატელეფონო ანძების მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც მკვლელობის დღეს, შალვა თათუხაშვილის მობილური ტელეფონის ნომერზე 20:08 - 22:03 წუთამდე პერიოდში განხორციელებულ ზარებს ნავთლუღის ანძა ემსახურება. იმავე ღამით, შალვა თათუხაშვილის სატელეფონო ნომერზე 22:41-ზე განხორციელებული ზარი ფიქსირდება არჩილ არევაძის სახლთან მდებარე ანძაზე. რაც შეეხება ლევან ქარადავას სატელეფონო მონაცემებს, ქარდავა 12 იანვარს, სპეცოპერაციამდე სამჯერ უკავშირდება ალექსანდრე სუმბაძეს - 15:35, 16:05, 19:04 საათზე და დროის ამ შუალედში (16:37 - 16:55 წუთამდე პერიოდი) ნავთლუღის ტერიტორიაზე ფიქსირდება, შემდეგ 17:04 წუთიდან 17:59 წუთამდე პერიოდში სასჯელაღსრულების ტერიტორიაზე, საღამოს კი, 20-33 - 22-39 წუთამდე პერიოდში კვლავ ნავთლუღის ავტოსადგურში. დავით ახალაია 12 იანვრის ღამეს 01:33-01:44-მდე პერიოდში ნავთლუღის ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. 19:01 - 19:30 წუთამდე პერიოდში მის სატელეფონო ზარებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტერიტორიის ანძა ემსახურება, 20:56 - 21:55 წუთამდე დროის შუალედში ნავთლუღის ავტოსადგურზე იმყოფება, ხოლო 21:57- 22:59 წუთამდე კვლავ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტერიტორიაზე ინაცვლებს.
შალვა თათუხაშვილის ჩვენების ექსპერტიზის დასკვნებთან შესაბამისობაზე საუბარს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების განხილვით დავიწყებ.
ჯერ კიდევ 2006 წელს, გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებული სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომან სურმანიძეს სხეულზე 5 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
ამათგან, თავის არეში არსებული ორი ჭრილობის არხი მარცხინდან- მარჯვნივ, უკნიდან- წინ, ზემოდან- ქვემოთ მიემართება. ექსპერტის განმარტებით, ორივე დაზიანება, ცალ-ცალკე აღებული , სასიკვდილო შედეგის მომტანი იქნებოდა რომან სურმანიძისთვის.
როგორც სლაიდზე ჩანს, გარდაცვლილს ყველა ტყვია ზურგის მხრიდან აქვს მოხვედრილი, ეს ლოგიკურია, რადგან ,თვითმხილველების გადმოცემით, ახალგაზრდები გარბოდნენ და მათ კუდის თანამშრომლები ავტომატების სროლით მისდევდნენ უკან. გარდა ამისა, თავის არეში არსებული ჭრილობის არხი ზევიდან ქვევით მიემართება, რაც უტყუარს ხდის ფაქტს, რომ რომან სურმანიძეს თავში ძირს დაცემის შემდეგ ესროლეს. ექსპერტის კატეგორიული დასკვნით, ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, რაც ნიშნავს იმას, რომ სურმანიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც გიორგი დგებუაძემ მისი მიმართულებით საკონტროლო გასროლა განახორციელა.
5 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა სხეულზე ,ასევე, მარად ართმელაძეს, სამი- ფეხში, ორი - ყელში. ფეხის არეში მარად ართმელაძეს, რომან სურმანიძის მსგავსად, ყველა ტყვია მოხვედრილი აქვს ზურგის მხრიდან. ამასთან, ყელის არეში არსებული ორი ნატყვიარიდან ერთის არხი ზევიდან ქვევით მიემართება, საძილე არტერიას აზიანებს და, ექსპერტის განმარტებით, პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ექსპერტის კატეგორიული მტკიცებით, ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, რაც ნიშნავს იმას, რომ მარად ართმელაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ბრალდებულმა გიორგი მაზმიშვილმა ახლო მანძილიდან, დამიზნებით ესროლა ყელში.
ექსპერტის ჩვენებით, მესამე გარდაცვლილს, შოთა გორგაძეს, სხეულზე 12 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ამათგან, 10 (მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის მსგავსად) ზურგის მხრიდან, ხოლო ორი- წინა მხრიდან სროლის შედეგად აქვს მიყენებული. მოდით, აქვე გავიხსენოთ შალვა თათუხაშვილის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ სამ ახალგაზრდა ბიჭს დავით ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი სროლებით მისდევდნენ უკან, თვითონ კი, ახალგაზრდებს წინ დახვდა და დამიზნებით ესროლა ავტომატიდან. შოთა გორგაძის საბოლოო დაცემის ადგილის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თათუხაშვილის პირისპირ პირველი სწორედ ის აღმოჩნდა და დამიზნებით ნასროლი ტყვიები სხეულზე წინა მხარეს სწორედ ამ დროს მოხვდა. გარდა ამისა, ექსპერტის ჩვენებით, შოთა გორგაძის თავის არეში არსებული ჭრილობის არხი მარჯვნიდან- მარცხნივ, უკნიდან- წინ, შედარებით ზევიდან- ქვევით მიემართებოდა, რაც ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის მიმართ გასროლა ,დაცემის შემდეგ, მოახდინა (მოწმეების ჩვენებებით) კუდის იმჟამინდელმა უფროსმა დავით ახალაიამ, თანაც მაშინ, როდესაც შოთა გორგაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რადგან ყველა დაზიანება ,ექსპერტის მტკიცებით, სიცოცხლისდროინდელია. საკონტროლო გასროლის შედეგად მიყენებული ნატყვიარი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს - თავის ტვინს აზიანებს, რის გამოც , ექსპერტის ჩვენებით, ცალკე აღებულიც კი, სასიკვდილო შედეგის მომტანი იყო.
გამოძიების პროცესში ჩატარებული ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, შოთა გორგაძის ტანსაცმელზე, კერძოდ, ქურთუკის ზედა მარჯვენა მხარეს არსებული ცეცხლნასროლი დაზიანება - იარაღიდან თითქმის მიბჯენით სროლის შედეგად აქვს მიყენებული, ხოლო ქურთუკის უკანა მხარეს, ზურგის არეში- სამი და ქუდზე არსებული ერთი დაზიანება დაახლოებით 40 სანტიმეტრის მანძილიდან სროლის შედეგად აქვს მიყენებული.
სასამართლო-სამედიცინო და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები ცალკე აღებულიც კი, ნათლად წარმოაჩენს ორმხრივი სროლების შესახებ დაცვის მხარის მიერ გამოგონილი ვერსიის სიცრუეს, რადგან წარმოუდგენელია, შეიარაღებული წინააღმდეგობის დროს, მსროლელს მიუახლოვდე, ავტომატის ლულა სხეულზე მიაბჯინო და ესროლო. თანაც, ჭრილობების არხი, ხომ ცალსახად მიუთითებს, რომ ახალგაზრდებს დაცემის შემდეგ ესროლეს (აქ ფოტოები და გრაფიკაა წარმოდგენილი), რადგან შეუძლებელია, რომ მათ ასეთი ტიპის დაზიანებები ფეხზე დგომის დროს მიეღოთ.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მასრებიდან ერთი გასროლილია რომან სურმანიძის გვამთან დადებული იარაღიდან, ოთხი კი შოთა გორგაძის გვამთან დადებული იარაღიდან. დანარჩენი 87 მასრა გასროლილია 6 სხვადასხვა იარაღიდან.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების პროცესში ვერ დადგინდა კონკრეტულად რომელი ავტომატებიდან გასროლილმა ტყვიებმა შეიწირეს სამი ახალგაზრდის სიცოცხლე, დადგენილი ფაქტია, რომ დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე და შალვა თათუხაშვილი ავტომატებიდან ერთდროულად დამიზნებით ახორციელებდნენ გასროლებს ახალგაზრდების მიმართულებით, ე.ი. ერთობლივად ჩადიოდნენ ერთიდაიმავე სისხლისსამართლებრივ უმართლობას. უმართლობას, რომელსაც განზრახ მკვლელობა ჰქვია. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწმეთა ჩვენებებით მსროლელებმა ახალგაზრდები ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს, გასაქცევი გზა არ დაუტოვეს და ჩაცხრილეს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულები არა მხოლოდ ისროდნენ, არამედ საკუთარი ქცევით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ ახალგაზრდებს. თანაამსრულებლობის დროს არ არის აუცილებელი დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტს დანაშაულში მონაწილე ყველა პირი ახორციელებდეს, მთავარია ჯგუფის ყველა წევრს გაცნობიერებული ჰქონდეს ის ფაქტი, რომ სხვასთან ერთად ახორციელებს ქმედებას, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვება. ამას მოწმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები, რომლებმაც ასახვა ჰპოვა არაერთ გადაწყვეტილებაში. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით (N2კ-66კოლ-06) ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ჯგუფურ მკვლელობად დაკვალიფიცირდა სამი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლის გარემოებებიც ამგვარია: სამი პირი მოკვლის განზრახვით მიუახლოვდა წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ერთ-ერთმა ცეცლხსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა მსხვერპლის მიმართულებით, დანარჩენმა ორმა, რომლებიც დაჭრილს გზას უღობავდნენ, მსროლელს სროლის განმეორებისკენ მოუწოდეს, მსროლელმა კიდევ ორი გასროლა განახორციელა იარაღიდან, რამაც საბოლოოდ თავდასხმის ობიექტის სიკვდილი გამოიწვია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო თანაამსრულებლობა ე.ი. ჯგუფური მკვლელობა, მიუხედავად იმისა, რომ იარაღიდან მხოლოდ ერთი პირი ისროდა, რადგან სამივე პირი მოქმედებდა ერთიანი განზრახვით და მათი საერთო ქმედება მიმართული იყო სასიკვდილო შედეგის დადგომისკენ.
ცხადია, ზემოთ მოყვანილი მაგალითისგან განსხვავდება ჩვენს მიერ განსახილველი დანაშაული, ჩვენს შემთხვევაში ბრალდებულების მოქმედება მკვლელობის დროს იყო ბევრად აქტიური, აგრესიული და პირდაპირ მიმართული საბოლოო ლეტალური შედეგისკენ. ეჭვგარეშეა, რომ სახეზეა თანაამსრულებლობა (ჯგუფური დანაშაული) და ერთობლივი ქმედების საბოლოო შედეგი ყველა ბრალდებულს უნდა შეერაცხოს ბრალად, ბრალდებულებმა პასუხი უნდა აგონ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დამთავრებული განზრახი მკვლელობისთვის.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ ნიშანს - განზრახვას, აშკარაა, რომ ბრალდებულები ამ ნიშნით მოქმედებდნენ, რადგან წარმოუდგენელია არ გსურდეს, ან არ ითვალისწინებდე სასიკვდილო შედეგს და კედელთან მიმწყვდეულ ადამიანებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდე ტყვიებს. ტყვიას სიცოცხლის მოსპობა რომ შეუძლია, ამას ყველა შერაცხადი ადამიანი აცნობიერებს.
რაც შეეხება ბრალდებულების: ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილის მონათხობს, დიდხანს ამ საკითხზე არ შევჩერდები, რადგან განხილული მტკიცებულებების ფონზე აშკარაა, რომ თითოეული მათგანი ცრუობდა. იცრუა ლევან ქარდავამ მაშინ, როდესაც საუბრის დასაწყისში (სხდომის ოქმის ფაილი - 091, 00:04) აღნიშნა, რომ გიორგი დგებუაძისგან მიიღო ზოგადი ინფორმაცია რუსთავის, ქსნის და ზუგდიდის ციხეებზე თავდასხმების მზადების შესახებ, მოგვიანებით საკუთარი პირით წარმოთქმული სიტყვები გადათქვა და განაცხადა, რომ საუბარში რუსთავის ციხე საერთოდ არ უხსენებია. იცრუა ლევან ქარდავამ, როდესაც თქვა, რომ ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა ციხეებზე და არა რომელიმე კონკრეტულ ციხეზე თავდასხმების შესახებ და ამ ზოგადი ინფორმაციის მიხედვით კონკრეტულ გეგმას წერდა ვინ, სად, როდის რა პოზიციაზე უნდა განლაგებულიყო (სხდომის ოქმის ფაილი - 091, 01:27). იცრუა ლევან ქარდავამ, როდესაც თქვა, რომ კონფიდენტებს შეხვდა და ნაშუადღევს დაბრუნდა სამსახურში. მაშინ, როდესაც ბაჩანა ახალაიასთან 24 სატელეფონო კონტაქტის შემდეგ, ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მივიდა, რასაც სატელეფონო ანძების მონაცემები ადასტურებს (ქარდავა ამ ტერიტორიაზე - 17:04 - 17:59 წუთზე ფიქსირდება). იცრუა ლევან ქარდავამ როდესაც თქვა, რომ ნავთლუღში დაახლობით 15 წუთი გაჩერდა, მისი ნათქვამი დაახლოებით 15 წუთი სატელეფონო ანძებით 2 საათი და 6 წუთი აღმოჩნდა. იცრუა ლევან ქარდავამ, როდესაც თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე გიორგი დგებუაძე და თავად ნიღბებით არ ყოფილან. მაშინ, როდესაც შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა სულ სხვა რამეს გვიჩვენებს (სურათები) და ბოლოს, რა თქმა უნდა, იცრუა ლევან ქარდავამ, როდესაც საკუთარი მონაწილეობა გამორიცხა არა მხოლოდ მკვლელობაში, არამედ სპეცოპერაციის იმიტაციაშიც. მაშინ, როდესაც არაერთი თვითმხილველი ჰყავს მის დანაშაულს და სპეცოპერაციის ინსცენირებაში მონაწილეობას.
რაც შეეხება გიორგი მაზმიშვილს, მან დაკითხვის დროს განაცხადა, რომ დავით ახალაიასთან ერთად მივიდა ნავთლუღის ავტოსადგურში. ისე, რომ სპეცოპერაციის შესახებ წინასწარ არავითარ ინფორმაციას არ ფლობდა. მისვლიდან დაახლოებით 20-30 წუთში სროლების ხმა გაიგო, რასაც მოჰყვა დავით ახალაიას ბრძანება ,- გადავდივართო და ამ სიტყვებზე ის, ოლეგ მელნიკოვი, დავით ახალაია, გია ალანია და დავით კუხიანიძე ავტომატების ჰაერში სროლით ავტოსადგურის მოედანზე შევარდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად ალოგიკურია ეს ინფორმაცია - მაზმიშვილმა არ იცის, რა ხდება ავტოსადგურის მოედანზე, ესმის სროლები და მასთან ერთად მყოფი დავით ახალაია სწორედ ამ დროს, დამატებითი ინფორმირების გარეშე, იღებს გადაწყვეტილებას ჰაერში სროლებით, თანმხლებ პირებთან ერთად, შევიდეს ავტოსადგურის შუაგულში - იქ, სადაც სროლები მიმდინარეობს. ჩამოთვლილი 5 პირი ჰაერში სროლით ,მართლაც, შედის ავტოსადგურზე, მაგრამ რატომ? ეს არავინ იცის. მათ შორის, არც ავტომატმომარჯვებულმა მაზმიშვილმა. ამასთან, ბრალდებულის გადმოცემით სროლები ავტოსადგურის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა იმ მიმართულებით, საიდანაც დავით ახალაია და მისი თანმხლები პირები შევიდნენ ავტოსადგურში. ბრალდებულმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ორმხრივი სროლის დროს ტყვიები ადმინისტრაციის შენობას მოხვდა. მაშინ, როდესაც შემთხვევის ადგილი გამომძიებლების მიერ ორჯერ, დღის სხვადასხვა პერიოდშია დათვალიერებული და სადგურის შენობაზე ნატყვიარი არცერთ შემთხვევაში არ არის აღმოჩენილი.
საინტერესოა, თუკი ავტოსადგურზე ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა, დავით ახალაია თანმხლებ პირებთან ერთად რატომ შედიოდა პირდაპირ ცეცხლის არეალში? თანაც, ჰაერში სროლით. სპეცოპერაციის დასაწყისში ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა გასაგებია, მაგრამ სპეცოპერაციის დასასრულს ჰაერში სროლა ორთაბრძოლის რომელი ხერხია? თუკი სპეცოპერაციას სპეცრაზმი ატარებდა, რა უნდოდა ახალაიას, მაზმიშვილს, დგებუაძეს და ქარდავას ნიღბებით და ავტომატებით ხელში შემთხვევის ადგილზე? განხილული საექსპერტო დასკვნების ფონზე, როგორ ხსნის დაცვის მხარე ორმხრივი სროლების არსებობას, ახალგაზრდების თავის არეში არსებული დაზიანებების მიმართულებებს? თუკი ეს იყო სპეცოპერაცია სად გაქრა სპეცოპერაციის ამსახველი მასალა? რატომ დარჩა უპასუხოდ თბილისის პროკურორის გიორგი ღვინიაშვილის 2006 წლის 13 იანვრის წერილი, რითაც დავით ახალაის სთხოვდა ინფორმაციას სპეცოპერაციის ჩამტარებელ პირებზე და გამოყენებულ ცეცხლსასროლ იარაღებზე?
ყველა შეკითხვას, რასაც დაცვის მხარის ვერსია აჩენს საქმეში, აქვს ერთადერთი ლოგიკური პასუხი - სიცრუეა ის, რაც 8 წლის განმავლობაში ვრცელდებოდა და დაცვის მხარე ამტკიცებს დღესაც. ჩვენ არ გვაქვს საქმე სპეცოპერაციასთან, რომელსაც აბსტრაქტული შემსრულებლები ჰყავს, ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელობასთან კონკრეტული შემსრულებლებით, რომელთა სახელებიც თქვენთვის უკვე კარგად ცნობილია.
წამება
2006 წლის 12 იანვარს, დავით ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილის და გიორგი დგებუაძის მიერ ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის მკვლელობას იმავე ღამით ბაჩანა ახალაის და მეგის ქარდავას მიერ რუსთავის ციხეში ექვსი პატიმრის წამება მოჰყვა. ციხეზე თავდასხმისა და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენას პატიმრების აღიარებითი ჩვენებებიღა აკლდა.
სწორედ ამიტომ, 2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩანა ახალაია, ლერი ხუხია და N7 დაწესებულების დირექტორი - მეგის ქარდავა სპეცრაზმელებთან ერთად მივიდნენ რუსთავის N1 დაწესებულებაში. ახალაია და მისი თანმხლები პირები ადმინისტრაციის ტერიტორიაზე, ციხის შესასვლელთან ე.წ. ,,ვახტასთან" ახლოს გაჩერდნენ და დაწესებულების დირექტორს - ტარიელ ტყემალაძეს ოთხი პატიმრის: გია გორგაძის, დავით ლექვთაძის, მიხეილ მანდარიას, ვალერიან პაპავას და მათთან ერთად ციხის მაყურებლების გამოძახება მოსთხოვეს.
პატიმრებს შეაგვიანდათ, რის გამოც ტარიელ ტყემალაძე თავად გადავიდა მათი საცხოვრებელი ზონის ტერიტორიაზე. გზად ორი პატიმარი: მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი შემოხვდა, რომლებსაც უთხრა, რომ დაწესებულებაში მისული იყო დეპარტამენტის თავმჯდომარე და მათ ეძახდა. ბაჩანა ახალაიამ პატიმარ ბერდია მესხს, მიახლოებისთანავე გამოკითხა ვინაობა და მას შემდეგ, რაც ტარიელ ტყემალაძისგან შეიტყო, რომ სწორედ ეს იყო მაყურებელი, შეაგინა და ხელი დაარტყა, შემდეგ კი, მამუკა ბეჭვაიას ავტომატის კონდახი ჩაარტყა მხარში. ახალაიას მსგავსად მოიქცა მეგის ქარდავა. მან ჯერ ბერდია მესხს დაარტყა ხელკეტი შემდეგ კი, მამუკა ბეჭვაიას. რის შემდეგაც პატიმრების ცემაში სპეცრაზმი ჩაერთო. ამ ორი პატიმრის ცემა ციხის შიდა ტერიტორიაზე დაახლოებით 4-5 წუთი გაგრძელდა. ნაცემი მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი სპეცრაზმელებმა თრევა-თრევით გაიყვანეს ციხის გარეთ და კედელთან დააყენეს. დაახლოებით 10 წუთში ციხის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე დანარჩენი ოთხი პატიმარი გადავიდა, მათ მიმართ ძალადობა იგივე სცენარით განხორციელდა. თავდაპირველად ბაჩანა ახალაიამ პატიმარი - ვალერიან პაპავა შენიშნა, რომელსაც უბრძანა სირბილით მისულიყო მასთან, მიახლოებისთანავე მან და მეგის ქარდავამ ავტომატის კონდახის და ხელკეტის გამოყენებით ცემა დაუწყეს პატიმარს, ამის პარალელურად კი, სპეცრაზმელები გია გორგაძეს, მიხეილ მანდარიას და დავით ლექვთაძეს სცემდნენ. ციხის ტერიტორიაზე ამ ოთხი პატიმრის ცემა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. შემდეგ კი, პატიმრები ცემა-ცემით იმ კედლთან გაიყვანეს, სადაც ბერდია მესხი და მამუკა ბეჭვაია იდგნენ. პატიმრების უმოწყალო ცემა ციხის გარეთაც გაგრძელდა, ისინი გააშიშვლეს და მიწაზე დაყრილები ხელკეტებით სასტიკად სცემეს, სწორედ ამ დროს ბაჩანა ახალაია გია გორგაძეს მიუახლოვდა და წიხლი ჩაარტყა სახეში, ეს ქმედება მან რამდენჯერმე გაიმეორა. შემდეგ პატიმრები წამოაყენეს და სახით კედლისკენ დააყენეს. ბაჩანა ახალაია პატიმრებთან ახლოს იდგა და ხმამაღლა უყვიროდა სპეცრაზმს,- ,,დაუყარეთ ბინძური იარაღები და დახოცეთო". ამ სიტყვების ფონზე სპეცრაზმელები ავტომატების გადატენვის და ავტომანქანების დამუხრუჭების ხმებით პატიმრებს აგრძნობინებდნენ, რომ სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები. ბოლოს ახალაიამ ჩამოიარა და მათ სათითაოდ დაარტყა ხელკეტი. ნაცემ პატიმრებს სასჯელაღსრულების ავტომანქანაში ე.წ. ვარონკაში ასვლა უბრძანეს. მანქანა დაიძრა. თუმცა, დიდ მანძილზე არ გადაადგილებულა, 5 წუთში გაჩერდა. სპეცრაზმელებმა პატიმრები ჩამოყარეს ე.წ. ვარონკიდან და ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას წამოწყებით კვლავ სასტიკად სცემეს. შემდეგ ხელმეორედ გააშიშვლეს და იანვრის ღამეს, გაუსაძლის სიცივეში ცემით დაყარეს ტალახში. პატიმრები სველ მიწაზე პირქვე იყვნენ დამხობილები და მათ სპეცრაზმელები ავტომატების მიბჯენით არ აძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ნახევარი საათის შემდეგ პატიმრებს ტანსაცმელის აღება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომანქანაში ე.წ. ვარონკაში ჩასხდომა უბრძანეს. ბრძანების შესრულების შემდეგ კი, ისინი სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც ავტომობილი N7 დაწესებულების შესასვლელში ე.წ. შლუზში გაჩერდა, სპეცრაზმელებმა ავტომანქანიდან პირველი დავით ლექვთაძე იგივე ,,ქიცინიჩი" ჩაიყვანეს და ცალკე განათავსეს. ავტომანქანაში დარჩენილი ხუთი პატიმარი კი, სათითაოდ ჩამოიყვანეს და ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას მიერ მათი ცემის შემდეგ ხელკეტებით შეიარაღებული სპეცრაზმის კორიდორი ცემა-ცემით გაატარეს. შემდეგ პატიმრებს ტანსაცმლის გახდა მოსთხოვეს და შიშვლები გაიყვანეს ციხის პირველ სართულზე, დერეფანში სადაც ისინი კვლავ ბაჩანა ახალაიამ, მეგის ქარდავამ და სცპეცრაზმელებმა სცემეს. თავდაპირველად ხუთივე პატიმარი ერთ საკანში მოათავსეს, შემდეგ კი, სათითაოდ გაიყვანეს მეგის ქარდავას კაბინეტში. სადაც პატიმრებმა განხორციელებული ძალადობის მიზეზი შეიტყვეს: მათ მოსთხოვეს ჩვენებები მიეცათ ციხიდან გაქცევის არ არსებული გეგმის თაობაზე. ჩვენების მიცემას არ მოითხოვდნენ პატიმარ მამუკა ბეჭვაიასა და ბერდია მესხისგან, მათ სცემდნენ და აწამებდნენ იმის გამო, რომ ციხეში მაყურებლების სტატუსი ჰქონდათ.
მეგის ქარდავას კაბინეტში პატიმრებზე ძალადობა უფრო საშიში მეთოდებით განხორციელდა. ასე მაგალითად, ბაჩანა ახალაიამ ოთახში შესულ ბერდია მესხს შეაგინა და წიხლი ჩაარტყა, ხოლო მეგის ქარდავამ ის ქამრით სცემა. ერთადერთი შეკითხვა დაუსვა მეგის ქარდავამ მის ოთახში შესულ პატიმარს, მამუკა ბეჭვაიას,- ,,რა ხდებოდა ზონაში" და მას შემდეგ, რაც პატიმარმა უპასუხა, რომ ციხეში არაფერი არ ხდებოდა, ბაჩანა ახალაიამ მას სილა გააწნა, ხოლო მეგის ქარდავამ ხელკეტით სცემა. დაუნდობლად აწამეს მეგის ქარდავას კაბინეტში პატიმარი - ვალერიან პაპავა. თავდაპირველად ბაჩანა ახალაიამ მეგის ქარდავას და სანდრო ხულორდავას განუცხადა, - თქვენ იცით, რაც უნდა დააწერინოთო და ოთახიდან გავიდა. ამის შემდეგ, პატიმარს მეგის ქარდავამ შესთავაზა მიეცა ჩვენება, რომ თითქოს ნავთლუღში ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდა ციხეზე შეიარაღებულ თავდასხმას აპირებდა, პატიმრების გაქცევის მოწყობის მიზნით. ვალერიან პაპავამ უარი განაცხადა იმ ჩვენების მიცემაზე, რაც მას შესთავაზეს და რაც სინამდვილისგან ძალიან შორს იყო. განრისხებულმა მეგის ქარდავამ მაცივრის კარი გამოაღო და პატიმარს ყინულიანი წყალი გადაასხა. შემდეგ კი, მისი ბრძანებით სპეცრაზმელებმა დენის აპარატი შემოიტანეს და მასზე პატიმარი ხელებით და ფეხებით მიაერთეს. შემდეგ აპატრატი მუშა მდგომარეობაში მოიყვანეს და თანდათან ძაბვის მომატებით ელექტრონების მოქმედება გააძლიერეს სხეულზე, რამაც პატიმარს გაუსაძლისი ტკივილი განაცდევინა. ასეთ მდგომარეობაში ამყოფეს პატიმარი - ვალერიან პაპავა მეგის ქარადავამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ნახევარი საათის განმავლობაში, რომელიც ტკივილისგან გამწარებული არაადამიანური ხმით ყვიროდა. საბოლოოდ ქარდავამ ნაწამები პატიმრისგან ჩვენება ვერ მიიღო, ჩვენების მიცემაზე მეგის ქარდავას უარი განუცხადა ასევე პატიმარმა - მიხეილ მანდარიამ, რომელიც მეგის ქარდავამ და სპეცრაზმელებმა გონების დაკარგვამდე სცემეს. მიხეილ მანდარიამ ცემისგან გონი კაბინეტში რამდენჯერმე დაკარგა. თუმცა, მეგის ქარდავას და მის თანმხლებ პირებს შეჩერება არც უფიქრიათ, პატიმარს ყინულიანი წყლით აფხიზლებდნენ და ცემას განაგრძობდნენ. დაჟინებით ითხოვდა აღიარებით ჩვენებას მეგის ქარდავა ნავთლუღის ავტოსადგურზე მოკლული შოთა გორგაძის ძმისგან გია გორგაძისგან, რადგან გია გორგაძის აღიარებითი ჩვენება ყველაზე ეფექტური საშუალება იქნებოდა საზოგადოდ გავრცელებული ცრუ ვერსიის გასამყარებლად. სპეცრაზმელებმა ის რამდენჯერმე გაიყვანეს მეგის ქარდავას კაბინეტში, სადაც ქარდავა მას ფიზიკურად უსწორდებოდა და ეუბნებოდა, რომ ზონიდან გაქცევა უნდა ეღიარებინა. ძალადობის და მუქარის მიუხედავად, გია გორგაძემ მასთან ციხეში მისულ გამომძიებელს აღიარებითი ჩვენება არ მისცა. ამის გამო, მეგის ქარდავამ ის თავის კაბინეტში შეიყვანა, სეიფის კარი გააღო, ავტომატი გამოიღო, ლულა პირზე მიაბჯინა და უთხრა: ,,ან გახვალ და გამომძიებელს რასაც გეუბნები, იმას ეტყვი, ან აქვე მოგკლავო". გია გორგაძემ, რომელსაც ციხიდან ცოცხლად გამოსვლის იმედი დაკარგული ჰქონდა, ქარდავას ანიშნა, რომ მოეკლა, რადგან ჩვენებას არ მისცემდა.
პატიმრების წამებას შედეგად მხოლოდ დავით ლექვთაძის აღიარებითი ჩვენება მოჰყვა, რაც გადაიღეს ვიდეოკამერით და გაავრცელეს მედიის საშუალებებით.
სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლებმა წარმოვადგინეთ მტკიცებულებები რომლებმაც აღწერილის ჭეშმარიტება ცხადყო. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები იყო თანმიმდევრული, ურთიერთშესაბამისი და დამაჯერებელი. ამის ნათელი დადასტურებაა ფაქტები რომლებზეც ახლა ვისაუბრებ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2006 წლის 12 იანვრის ღამეს პატიმრების წამება დაიწყო რუსთავის N1 დაწესებულებაში, ციხის შიდა ტერიტორიაზე, გაგრძელდა ციხის გარეთ, შემდეგ N7 დაწესებულების შესასვლელში, ე.წ. შლუზში და ბოლოს, ამ დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში. ამის გამო, რუსთავის N1 და N7 დაწესებულების თანამშრომლები ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებში პატიმრების წამებას ფრაგმენტულად შეესწრნენ.
რუსთავის N1 დაწესებულების შიდა ტერიტორიაზე პატიმრების მიმართ ძალადობის შემსწრე გახდა ციხის დირექტორი - ტარიელ ტყემალაძე და ციხის თანამშრომლები: ბესიკ ბიწაძე, ბესიკ მაისურაძე და გიორგი ელიოზაშვილი. ამ პირების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია დაზარალებულების ჩვენებებთან. ყველა მათგანის ჩვენებით დაწესებულების ტერიტორიაზე მხოლოდ სამი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი და რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი შევიდა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირებს შორის ყველა მოწმემ შეიცნო ბაჩანა ახალაია და მასთან ერთად მეგის ქარდავა, ხოლო მესამე, ჭაღარათმიანი მამაკაცი ტარიელ ტყემალაძის ჩვენებით ლერი ხუხია იყო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყველა მოწმე ახალაიას ჩაცმულობას ერთგვაროვნად აღწერდა სასამართლო პროცესზე. ერთგვაროვანი იყო ჩვენებები პატიმრების ადმინისტრაციის ტერიტორიაზე გადასვლასა და მათზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე. ასე მაგალითად, ბესიკ ბიწაძის ჩვენებით პირველად ბაჩანა ახალაიამ ხელი დაარტყა ბერდია მესხს, ხოლო შემდეგ ავტომატის კონდახი დაარტყა მამუკა ბეჭაიას, ორივე პატიმარი სპეცრაზმელებმა ცემით გაიყვანეს გარეთ. 10 წუთში ადმინისტრაციასთან კიდევ 4 პატიმარი გადავიდა, მათი ცემა კვლავ ბაჩანა ახალაიამ დაიწყო და მას აყვნენ მეგის ქარდავა და სპეცრაზმელები. პირველი ორი პატიმრის მისვლის მომენტი ბაჩანა ახალაიასთან ვერ შენიშნა ციხის თანამშრომელმა ბესიკ მაისურაძემ. თუმცა, მომდევნო ოთხი პატიმრის გადაყვანა დაინახა და ასევე შემსწრე გახდა მათ მიმართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის და მეგის ქარდავას მიერ განხორციელებული ძალადობის. სასამართლო პროცესზე დაიკითხა რუსთავის N1 დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი - გიორგი ელიოზაშვილი რომელმაც სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა მის თვალწინ განვითარებული მოვლენების შესახებ. ამასთან, ყველა თანამშრომელი (მათ შორის დაცვის მოწმე - ჯონი ივანიშვილი რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გახლდათ) ერთხმად აღნიშნავდა, რომ ციხეში იყო სიმშვიდე ბაჩანა ახალაიას მისვლამდე და მისი წასვლის შემდეგაც.
თბილისის N7 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ ძალადობას შესასვლელში ე.წ. შლუზში შეესწრო მეგის ქარდავას მოადგილე სერგი ხულორდავა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი - ზაურ მჭედლიშვილი. სერგი ხულორდავას ჩვენებით 12 იანვრის ღამეს N7 დაწესებულებაში გადაყვანილი 5-6 პატიმარი ბაჩანა ახალაიამ და მეგის ქარდავამ სპეცრაზმელებთან ერთად სცემეს. ნაცემი პატიმრებიდან 5 სანდრო ხულორდავამ ერთ საკანში მოათავსა ხოლო ერთი - ლექვთაძე განცალკევებით, შემდეგ მეგის ქარდავას დავალებით სათითაოდ შეიყვანა პატიმრები მეგის ქარდავას კაბინეტში სადაც ბაჩანა ახალაია და სპეცრაზმელებიც იმყოფებოდნენ. პირადად შეესწრო კაბინეტში ქარადავას და ახალაიას მიერ პატიმრების ცემას. ზაურ მჭედლიშვილის ჩვენებით, მას 12 იანვრის ღამეს ხმაური შემოესმა ციხის შესასვლელიდან ე.წ. შლუზიდან, რის გამოც პირველი სართულისკენ გაემართა, შლუზს რომ მიუახლოვდა, დაინახა ორ სპეცრაზმელს ნაცნობი პატიმარი - ქიცინიჩი რომ მიყავდა. პატიმარს სხეულზე სიწითლეები ეტყობოდა, ჩანდა რომ ნაცემი იყო. ზაურ მჭედლიშვილი შლუზში შევიდა და კედელთან ჩამწკრივებული 5-6 პატიმარი დაინახა რომლებსაც ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა უყვიროდნენ და ურტყავდნენ. პატიმრებს სხეულზე სიწითლეები ჰქონდათ, ტანთ კი ტალახით დასვრილი, შემოხეული ტანსაცმელი ეცვათ. პატიმრებს შორის მოწმის ინფორმაციით. იყო გია გორგაძეც, ნავთლუღში მოკლული ერთ-ერთი პირის ძმა. პატიმრების წამებას პირველი სართულის დერეფანში შეესწრო იმ ღამის ოპერატიული - მორიგე - ჯამბულ წიკლაური. მან დაინახა შიშველ პატიმრებს სასტიკად რომ სცემდნენ ახალაია და ქარდავა, სპეცრაზმელებთან ერთად. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ყველა ,მოწმის ინფორმაციით, იმ ღამეს N7 დაწესებულებაში ბაჩანა ახალაიას მეგის ქარდავას, სპეცრაზმელების და პატიმრების გარდა, სხვა არავინ არ მისულა.
სასამართლო პროცესზე თქვენ მოისმინეთ რუსთავის N1 დაწესებულების 5 ყოფილი პატიმრის: გია გორგაძის, ბერდია მესხის, მამუკა ბეჭვაიას ვალერიან პაპავას და მიხეილ მანდარიას, ჩვენებები.
პატიმრებმა 2006 წლის 12 იანვრის ღამეს განვითარებული მოვლენები სასამართლო პროცესზე ერთგვაროვნად გადმოსცეს, ეს ბუნებრივია, რადგან ისინი ზემოთ აღწერილი წამების ყველა ეპიზოდში ერთად იყვნენ, თუ არ ჩავთვლით მეგის ქარდავას კაბინეტში, თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე განხრციელებულ ძალადობას. სასამართლო პროცესზე ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ იანვრის ღამეს ციხეში მხოლოდ: ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, მესამე მათთვის უცნობი ჭაღარა პიროვნება, რომელიც დღეს ჩვენ ვიცით, რომ იყო ლერი ხუხია და სპეცრაზმელები შევინენ. ახალაიას ქარდავას და ხუხიას ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი. ახალაია ავტომატით იყო შეიარაღებული, ქარდავა და სპეცრაზმელები კი ხელკეტებით. ყველა პატიმარი ზემოთ აღწერილი წამების გადმოცემისას ამბობდა, რომ მათ ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა და სპეცრაზმელები სიცივეში, შიშვლებს სცემდნენ დაუნდობლად, მოურიდებლად, გამეტებით. ამ ყველაფრის ფონზე კი, ახალაიას შეძახილები სპეცრაზმისადმი: ,,დაუყარეთ იარაღები და დახოცეთო",- მათ გაუსაძლის ფიზიკურ ტკივილთან ერთად, უდიდეს ფსიქიკურ ტანჯვას აყენებდა. ტანჯვას, რომელსაც ადამიანში სიკვდილის შიში იწვევს. წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმე იყო პატიმრების მდგომარეობა მაშინაც, როდესაც რუსთავის N1 დაწესებულებაში სატიკად ნაცემებს, მოუშუშებელ ჭრილობებს უახლებდნენ N7 დაწესებულებაში ახალაია, ქარდავა და სპეცრაზმელები.
რამოდენიმე სიტყვით მინდა ყურადღება გავამახვილო დაზარალებულებისადმი დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვაზე. გვახსოვს ,ალბათ, ადვოკატები დაზარალებულებს ერთიდაიგივე პათოსით რომ ეკითხებოდნენ,- რა, თქვენ ძალადობა გაგიკვირდათ ,ყაჩაღობაზე გასამართლებულებსო?! და აქვე ბერდია მესხის დაახლოებით ამგვარი პასუხი: მე რადგან ყაჩაღობაზე ვიყავი გასამართლებული და კრიმინალი მერქვა, ამიტომ წამებას ვიმსახურებდიო? ყოფილი პატიმრის ამ უპასუხოდ დარჩენილ კითხვას აქვს ერთადერთი ჭეშმარიტი პასუხი: ჩვენ არ ვართ ძველი წელთაღრიცხვის ადამიანები, რომ ტალიონის პრინციპით (თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ) ვისაუბროთ სასამართლო პროცესზე, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროსთვის არსებობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია რომლის მესამე მუხლის თანახმად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას.
მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი, ვრცელი ფორმულირებით არ გამოირჩევა, ჩემს მიერ ახლახანს წარმოთქმული რამდენიმე სიტყვა მრავლისმომცველი და შინაარსიანია. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ცხადყოფს, რომ მესამე მუხლის მოქმედების ფარგლები ფართოა და ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებებით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. ასე მაგალითად, სელმოუნი საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეში ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენცია არის ცოცხალი ინსტრუმენტი, რომელიც ვითარდება და (ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაზრდის საჭიროებიდან გამომდინარე) წამების აკრძალვის ფარგლებიც ფართოვდება. აღნიშნული მოსაზრების ერთ-ერთ გამოძახილს წარმოადგენს ნევმერჟიცკი უკრაინის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ევროპულმა სასამართლომ მოშიმშილე პატიმრის იძულებითი კვება წამებად მიიჩნია, უდავოა, რომ აღნიშნული ქმედება ,ჩვენს მიერ განსახილველ საქმეში განხორციელებულ ქმედებებთან მიმართებით, გაცილებით ნაკლები სიმძიმისაა. თუმცა, სანამ წამების აკრძალვის შინაარსზე დაწვრილებით ვისაუბრებ, მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს- წამების აკრძალვის აბსოლუტურ ხასიათს შევეხო.
სიმართლე რომ გითხრათ, არ ვაპირებდი საყოველთაო ჭეშმარიტებაზე მსჯელობას, მაგრამ პროცესის მიმდინარეობისას, ჩვენი ოპონენტების კომენტარებმა და მუდმივად მინიშნებამ იმაზე, რომ წამების დაზარალებულები ბოროტმოქმედები და მძიმე წარსულის მქონე ადამიანები არიან, ამ საკითხზე საუბრის საჭიროება დამანახა.
ჯერ კიდევ 64 წლის წინ, როდესაც ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიღება იდგა, დღის წესრიგში ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ბატონმა კროქსმა განაცხადა, რომ თუკი წამება დაშვებული იქნებოდა, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, ეს იქნებოდა ბარბაროსობის ტოლფასი და (ცივილიზებული ერების განვითარების გზაზე) უკან გადადგმული ნაბიჯი, მისი თქმით, წამების აკრძალვას აბსოლუტური ხასიათი უნდა ჰქონოდა და არანაერი მიზეზით არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მისი გამართლება. მათ შორის ისეთით, როგორიცაა შვილის, მშობლის თუ მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა. ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულების - სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაც კი, ვერ უნდა გამომდგარიყო წამების აკრძალვის აბსოლუტური ხასიათის საპირწონედ. კროქსის ამ მოსაზრებამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და არსებული ფორმით ჩამოყალიბდა კონვენციის მე-3 მუხლი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დამოკიდებულება მხოლოდ კონვენციის მოსამზადებელი სამუშაოების ფურცლებზე არ დარჩენილა და ამ მიდგომამ ევროპული სასამამართლოს პრაქტიკაშიც დაიმკვიდრა ადგილი.
მაგალითად, მარტინეს სალა და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ მუხლზე არ ვრცელდება არანაირი გამონაკლისი. თუნდაც, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიცაა ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ასევე, ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენცია ადგენს წამების აბსოლუტურ აკრძალვას, მიუხედავად მსხვერპლის მიერ განხორციელებული ქმედებისა. სასამართლომ ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ საქმეზე, ასევე, დაადგინა, რომ მსხვერპლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის.
ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. მათ შორის ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ძალიან ჰგავს ბრალდებულების - მეგის ქარდავას და ბაჩანა ახალაიას მიერ გამოყენებულ წამების მეთოდებს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მესამე მუხლთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი წილი თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხილულ საქმეებზე მოდის. გადაწყვეტილებები ძირითადად შეეხება თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ციხეებში მიერ ქურთი ეროვნების მოქალაქეების წამებას. ამისათვის თურქეთის ხელისუფლებას, თუ კი დაცვის მხარის ლოგიკით ვიმსჯელებთ, ჰქონდა ფრიად საპატიო მიზეზი - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, რაც (დამეთანხმებით) გაცილებით ,,სამართლიანად" ჟღერს, ვიდრე პირადი ძალაუფლების განმტკიცება და წარმატებული პიარის შექმნა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მიზეზიც ვერ გახდა საფუძველი იმისა, რომ ევროპულ სასამართლოს აბსოლუტური უფლების ხელყოფაზე დაეხუჭა თვალი.
წამების ერთიანი დეფინიცია არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ წამება ყოველ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული გარემოებების შეფასებით უნდა დადგინდეს.
ილაშკუ და სხვები რუსეთისა და მოლდოვის წინააღმდეგ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ, წამების საინტერესო განმარტება გააკეთა. კერძოდ, გადაწყვეტილების 426 პარაგრაფის თანახმად: კონვენციის მიზნებისათვის "წამება" არის ნებისმიერი ქმედება, რომლითაც მძიმე ფსიქოლოგიური, თუ ფიზიკური ტკივილი განზრახ მიეყენება პირს და რომლის მიზანია მისგან, ან მესამე პირისგან რაიმე სახის ინფორმაციის, ან აღიარების მოპოვება, ან პირის დასჯა, მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისთვის, ან პირის დაშინება ან იძულება.
ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ საქმეში, სადაც პატიმარს ცემის შემდეგ აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და ტვინის შერყევა, 36 საათის დაგვიანებით იქნა გამოძახებული სასწრაფო დახმარება, სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი იყო წამების მსხვერპლი. აქვე შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს ნაწამები პატიმრებისთვის არათუ 36 საათის დაგვიანებით, სამედიცინო დახმარება საერთოდ არავის გაუწევია, მაშინ როდესაც ცემისგან მიხეილ მანდარიას ცხვირი და ყბა მამუკა ბეჭვაიას კი, ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი.
ელკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, პატიმრების საპატიმრო პირობები შემდეგნაირად გამოიყურებოდა, პატიმრები მოთავსებული იყვნენ ცივ, ბნელ და ჭუჭყიან საკნებში, არაადეკვატური საკვებითა და სანიტარული საშუალებებით. ზოგიერთ, მათგანს, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამცირებდნენ და აღიარებით ჩვენებაზე ხელმოწერას აიძულებდნენ, ზემოთ აღნიშნული ფაქტები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია იმისათვის, რომ დაედგინა წამების აკრძალვის დარღვევა. ჩვენს მიერ განხილულ შემთხვევაში კი, პატიმრებს არა მხოლოდ შეურაცხყოფდნენ და დაცინოდნენ, არამედ სასტიკად სცემდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ.
სელმოუნი საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეში სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მომჩივანის მიმართ განხორცილებულ მძიმე ქმედებებს - ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა განმეორებადი და ხანგრძლივი ხასიათი, რის გამოც პირმა განიცადა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტანჯვა და ეს გარემოება საკმარისი იყო კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის ქმედება წამებად დაკვალიფიცირებულიყო. როგორც უკვე აღვნიშნე, პატიმრების წამება 12 იანვარს დაიწყო რუსთავის ციხის შიდა ტერიტორიაზე, გაგრძელდა გარეთ, შემდეგ მოქმედების ადგილმა გადაინაცვლა N7 დაწესებულების შესასვლელში, ძალადობა გაგრძელდა დერეფანში და დასრულდა მეგის ქარდავას კაბინეტში. ერთ ღამეში პატიმრები ბაჩანა ახალაიამ და მეგის ქარდავამ (სპეცრაზმის თანხლებით) ხუთჯერ სცემეს, პატიმრებს ყოველი ცემის დასასრულს ეძლეოდათ იმედი, რომ ეს საბოლოო იქნებოდა მაგრამ ახალაიას და ქარდავას ძალადობა მათზე კვლავ და კვლავ მეორდებოდა. ეს არ იკმარეს და პატიმარი ვალერიან პაპავა დენის აპარატის გამოყენებით აწამეს.
წამების სწორედ ამ მეთოდზეა საუბარი ზაკიჯი თურქეთის წინააღმდეგ საქმეში, სადაც მსხვერპლი ცემის შემდეგ ნაწამები იქნა ელექტრო შოკით, სასამართლიმ დაასკვნა, რომ აღნიშნული მოპყრობა წარმოადგენდა წამებას. ასევე, შიშკინი რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე, სადაც რუსი სამართალდამცავები ელექტრო შოკების გამოყენებით ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას, სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავების მხრიდან მოპყრობა წარმოადგენდა წამებას.
ბათი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ საქმეში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთი გარემოება, როდესაც მსხვერპლი განიცდის ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, რომელსაც სახელისუფლებო ორგანოს წარმომადგენლები განზრახ აყენებენ, რათა მისგან მიღებულ იქნას ინფორმაცია, ან აღიარება, და ამავდროულად, პირი განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რადგან მისი მომავალი გაურკვეველია, ასეთი მოპყრობა წარმოადგენს წამებას. 12 იანვრის ღამეს პატიმრებს ძლიერი ფიზიკური ტკივილით გამოწვეულ ტანჯვას უმძაფრებდა ახალაიას მოწოდება სპეცრაზმისადმი,-„ დაუყარეთ იარაღები და დახოცეთო", ამას ემატებოდა სპეცრაზმელების ქმედებები - იარაღების გადატენვები და ავტომობილების დამუხრუჭებები, რაც პატიმრებს მეორე დღის გათენების იმედს უკარგავდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოგიდგინეთ 5 დაზარალებული, სასჯელაღსრულების N7 და რუსთავის N1 დაწესებულების 11 თანამშრომელი და პატიმრების ბადრაგირებასა და რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებული წერილობითი მტკიცებულებები, რომლთა შორის რეალობის ამსახველი ერთი დოკუმენტიც კი არ მოიპოვება, ამ დოკუმენტებზე ხელმოწერა პროცესზე დაკითხულმა პირებმა არ დაადასტურეს. ბრალდების მტკიცებულებებს დაცვის მხარემ 7 დაინტერესებული პირის ჩვენება დაუპირისპირა, მათ შორის ბრალდებულის თანამონაწილე ე.წ. ბუნტის საქმეში - რევაზ ჭარბაძე, რომელიც თავად არის გასამართლებული პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისთვის. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 2005 წლის დეკემბრის თვეში დაინიშნა ბაჩანა ახალაიას თანაშემწედ, მაშინ როდესაც რევაზ ჭარბაძე იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის N7 ბრძანებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზეა გამწესებული. მოწმის გადმოცემით, რუსთავის ციხიდან პატიმრების ეტაპირება კანონის მოთხოვნების სრული დაცვით რომ განხორციელდა, მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდა რაც ბაჩანა ახალაიას აბსურდული ბრალდება წარუდგინეს. პროცესზე მოწმემ ისაუბრა ერთ ჩვეულებრივ ეტაპირების დღეზე, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა პატიმრების ეტაპირების იმ დღეებისგან, რასაც არაერთხელ შესწრებია. დაკითხვის დასასრულს კი განაცხადა, რომ დღე, რომელზეც ისაუბრა, შესაძლებელია სულაც არ ყოფილიყო 12 იანვარი.
პროცესზე დაიკითხა პატიმრების წამებისთვის გასამართლებული ჯონი ივანიშვილი - რომელმაც თქვა, რომ იყო რუსთვის N1 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მას 12 იანვარს ტარიელ ტყემალაძემ უთხრა, რომ ციხეზე თავდასხმა იგეგმებოდა და ყოფილიყო ფრთხილად, ჩვენს შეკითხვაზე ციხეში დამატებითი ზომები თუ იქნა მიღებული, მოწმემ პასუხი სწრაფად მოიფიქრა და გვითხრა, რომ შიდა საკვალე ზოლზე დაამატეს მოძრავი ჯგუფი, საგუშაგოზე კი, ხალხის რაოდენობა არ შეცვლილა. ანალოგიურ შეკითხვაზე დაცვის მოწმემ - კახაბერ ბუცხრიკიძემ ამის საწინააღმდეგო პასუხი გაგვცა, გვითხრა, რომ საგუშაგოზე დაამატეს ხალხი, ყველა სხვა ადგილზე თანამშრომელთა რაოდენობა უცვლელი დარჩა. მოწმის გადმოცემით, გადაწყვეტილება დაცვის გაძლიერებაზე თავად მიიღო, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის N372 ბრძანების 9-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, რომლის შესაბამისადაც, სასჯელაღსრულების დაწესებულების გაძლიერების შემოღების უფლება ჰქონდა მხოლოდ იუსტიციის მინისტრს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და დაწესებულების დირექტორს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბუცხრიკიძეს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ცალსახად არ გააჩნდა. გარდა ამისა, კახაბერ ბუცხრიკიძის ჩვენებით, ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბაჩანა ახალაიასთან ერთად და სრული პასუხისმგებლობით შეუძლია თქვას, რომ ახალაიას 12 იანვარს დანაშაული არ ჩაუდენია. ბატონო მოსამართლევ, კახაბერ ბუცხრიკიძე გახლავთ მოწმე, რომელიც ბაჩანა ახალაიას მიმართ წარმოებულ ე.წ. ბუნტის საქმეზეც დაცვის შუამდგომლობით დაიკითხა და ,ალბათ, მაშინაც ასეთივე ,,პასუხისმგებლობით" განაცხადა, რომ 27 მარტს ბაჩანა ახალაიასთან ერთად იყო და მას დანაშაული არ ჩაუდენია. საბოლოოდ, სასამართლომ კახაბერ ბუცხრიკიძის ჩვენება არ გაიზიარა. ბაჩანა ახალაიასთვის არაერთგზის ალიბის შემქმნელი მოწმე გახლავთ თეიმურაზ ტაკიძეც. ეს ადამიანიც ,ჩემს მიერ მოხსენიებულ საქმეზე, დაცვის მოწმედ არის დაკითხული და ჩვენება აქვს მიცემული ბაჩანა ახალაიას სასარგებლოდ. გარდა ამისა, ამ მოწმის ჩვენებასთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ მან ვერ გაიხსენა დაზუსტებით თარიღი, რომელ დღესთან დაკავშირებითაც ჩვენებას აძლევდა სასამართლოს, ვერ გაიხსენა პატიმრების რაოდენობა, ჩაცმულობა, ვერც ის გაიხსენა, ეს დღე ნავთლუღის სპეცოპერაციის დღე თუ იყო და შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა დღე, რომელზეც მან ისაუბრა სასამართლო პროცესზე, იყო კი 2006 წლის 12 იანვარი? იგივე უნდა ითქვას დაცვის მოწმე მამუკა საბანაძესთან მიმართებით, დაცვის მხარე ვერ გვეტყვის ფრაზას მისი ჩვენებიდან, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოწმე ნამდვილად 2006 წლის 12 იანვარზე საუბრობდა.
და ბოლოს, ვფიქრობ შემთხვევა, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, უპრეცედენტოა ქართული სასამართლოს პრაქტიკაში, სასამართლო პროცესზე დაიკითხა და ჩვენება მისცა ბრალდებულის ადვოკატმა, მათ შორის მოცემულ საქმეში - გიორგი ონიანმა. მან განაცხადა, რომ წამების ბრალდებასთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატს ჰქონდა საუბარი ბაჩანა ახალაიასთან და შეთანხმებულ პოზიციას გამოხატავდა სასამართლო პროცესზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად მოწმე იკითხება სხვა დასაკითხი პირებისგან განცალკევებით. ამ ნორმის დანიშნულება გახლავთ ის, რომ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა სხვა პირთა ინფორმაციის ზეგავლენისგან დამოუკიდებლად მისცენ ჩვენება. გარდა ამისა, გიორგი ონიანმა პროცესზე განაცხადა, რომ არ ახსოვს პატიმრების გაქცევის შესახებ, ვისგან და როდის შეიტყო, არც ის ახსოვს დაზუსტებით, პატიმრების გაქცევის შესახებ პატაკი პატიმრების გადაყვანამდე თუ მიიღო, მაგრამ დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ,ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ღონისძიებებს გაატარებდა. ამასთან, მოწმის გადმოცემით, ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, საიდანაც ჯერ ნავთლუღის ავტოსადგურში და შემდეგ რუსთავის ციხეში წავიდა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაცვის მოწმე - ლევან მარუაშვილიც, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბაჩანა ახალაიასთან ერთად იყო მაშინ, როდესაც რუსთავის ციხიდან პატიმრები N7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. იმ დღეს განვითარებული მოვლენებიდან ძირითადად მხოლოდ ის დაამახსოვრდა, რომ ბაჩანა ახალაიას დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, მოწმემ უარყო მის მიერ ხელმოწერილ დაკითხვის ოქმში არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის რუსთავის ციხეში მისვლამდე ბაჩანა ახალაისთან ნავთლუღის ავტოსადგურში მივიდა და როდესაც ჩვენებების განსხვავებულობის მიზეზი ვკითხეთ,- გვიპასუხა, რომ დაკითხვის შემდეგ, მიუხედავად გამომძიებლის შეთავაზებისა, ჩვენება არ წაუკითხავს, სამართალდამცავების მიმართ ნდობა არ აქვს, მგარამ ხეწლი დაკითხვის ოქმს მაინც წაუკითხავად მოაწერა.
რაც შეეხება ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას, მან სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენები რამდენიმე სიტყვით აღწერა. მისი ჩვენებით, არსებობდა, ინფორმაცია რუსთავის ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევის შესახებ (არ ახსოვს ინფორმაციის წყარო და მიმწოდებელი), მინისტრთან შეთანხმებით, მიღებული ინფორმაცია გადაამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც ,,რაღაც" სპეცოპერაცია ჩაატარა. იმავე ღამეს რუსთავის ციხიდან ექვსი პატიმარი გადაიყვანა N7 დაწესებულებაში, ამათგან ნაწილი იმ მოტივით, რომ გაქცევას გეგმავდა ნაწილი კი, მხოლოდ იმის გამო, რომ დაწესებულების დირექტორმა უთხრა,- ,,სიტუაციას აფუჭებენო". ბრალდებულის ჩვენების საწინააღმდეგო ინფორმაციას შეიცავს პატიმრების რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. კერძოდ, დეპარტამენტის თავმჯდომარისადმი დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა და ამის საფუძველზე გამოცემული თავად ბაჩანა ახალაიას ბრძანება, რომლის მიხედვითაც ექვსივე პატიმარი საერთო რეჟიმის დაწესებულებიდან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს იმ საფუძვლით, რომ თითოეული მათგანი იყო იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელიც ციხეში მასობრივ არეულობას გეგმავდა. სწორედ რეჟიმის უსაფუძვლოდ შეცვლასთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი ბაჩანა ახალაიას ბრალდება 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 612-ე მუხლის მეექვსე ნაწილის შესაბამისად (2006 წლის 11 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ მსჯავრდებულის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საფრთხეს შეუქმნის დაწესებულებისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას, მსჯავრდებული შეიძლება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, გადაყვანილ იქნეს შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოცემულ შემთხვევაში ბაჩანა ახალაიამ არა მხოლოდ აწამა რუსთავის N1 დაწესებულების ექვსი პატიმარი, არამედ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე 2006 წლის 14 იანვარს გამოსცა N24 ბრძანება მათი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ამასთან, საპროცესო კოდექსის ზემოთმოყვანილი მუხლის შესაბამისად, პატიმრების გადაყვანა უნდა მომხდარიყო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პატიმრების გადაყვანის მომენტში ბრძანება უნდა არსებულიყო. ბაჩანა ახალაიამ კი, ბრძანება პატიმრების გადაყვანის შესახებ მათი რეალურად გადაყვანიდან ორი დღის შემდეგ შეადგინა, რითაც ასევე დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნა.
გირგვლიანის ეპიზოდი
მაშინ როდესაც პატიმრები გორგაძე, ლექვთაძე, მესხი, ბეჭვაია პაპავა და მანდარია წამებით იხდიდნენ სასჯელს, სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულები სრული კომფოტით სარგებლობდნენ ციხეში. წლები, რომლებიც მათ გაატარეს სასჯელაღსრულების N7 და N10 დაწესებულებაში, სასჯელის აღსრულებას ნამდვილად არ ჰგავდა. ამას ,რა თქმა უნდა ჰქონდა, ,,განსაკუთრებული" მიზეზი. მიზეზი, რომელიც არაერთხელ გაცხადებული და დღეს უკვე ყველასათვის ცნობილია.
საქმე იმაში გახლავთ, რომ გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შემსრულებლები იყვნენ დანაშაულის, რომლის მთავარი დამკვეთი ნავთლუღის სისხლიანი ,,სპეცოპერაციის" შემოქმედი - დავით ახალაია გახლდათ. სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან ერთ თვეში, მაშინ, როდესაც ყველასათვის გასაგები გახდა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის შეუქცევადი იქნებოდა, დავით ახალაია იძულებული შეიქმნა ციხეში საკუთარი თანამზრახველები გაესტუმრებინა. ამ მიზნით, ის პირადად შეხვდა გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე პირებს და დაიყოლია, - დანაშაული ეღიარებინათ ორგანიზატორის - ანუ თავად დავით ახალაიას მხილების გარეშე, სანაცვლოდ, ,,გრევის" სახით, 100 000 დოლარს და ,რაც მთავარია, ციხეში, მისი ძმის - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩანა ახალაიას მეშვეობით, კომფორტული პირობების შექმნას დაპირდა.
არაადექვატურ პირობებში სასჯელის მოხდას წინ უძღვოდა ღაჭავას, ბიბილურიძის, აფციაურის და ალანიას არაორდინალური დაკავება, არაორდინალური იმიტომ, რომ დაკავების დღე წინასწარ იყო შეთანხმებული დასაკავებელ პირებთან და ბორკილებით იზოლატორში შესული ბრალდებულები პირდაპირ მათ დასახვედრად გაშლილ სუფრასთან აღმოჩნდნენ. ქეიფი ორთაჭალის ციხეში გაგრძელდა, რომელშიც ბრალდებული ბაჩანა ახალაია პირადად იღებდა მონაწილეობას. მეორე დღეს ბრალდებულები მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც კანონის აკრძალვის მიუხედავად (პატიმრობის შესახებ 22.07.1999 წლის საქართველოს კანონი, 86-ე მუხლის მეორე ნაწილი - ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე), ყველა მათგანი ერთად განათავსეს. სასჯელმოხდილი პირების: მიხეილ ბიბილურიძის და ავთანდილ აფციაურის, ასევე N7 დაწესებულების დირექტორის იმჟამინდელი მოადგილის სერგი ხულორდავას ჩვენებებით ბრალდებულებს ხშირად სტუმრობდა ბაჩანა ახალაია და საკუთარი თვალით ხედავდა, რომ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირები ერთად, განცალკევების გარეშე იყვნენ მოთავსებულები. პატიმრები ფლობდნენ ყველა მათთვის საჭირო ნივთს მათ შორის კანონით პირდაპირ აკრძალულ მობილურ ტელეფონებს (,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის N365 ბრძანების 34-ე მუხლის 16-ე ნაწილი), რომლითაც გერონტი ალანია პირადად უკავშირდებოდა ბაჩანა ახალაიას. მოწმე მიხეილ ბიბილურიძის ჩვენებით, ბაჩანა ახალაია და გერონტი ალანია წინასწარ შეთანხმდნენ და შეარჩიეს ადგილი, სადაც პატიმრებს სასჯელი უნდა მოეხადათ. მანამდე კი, მეშვიდე დაწესებულებაში ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც წესი, პატიმრებთან მისული არცერთი ვიზიტორი და მათი ამანათები არ მოწმდებოდა მაშინ, როდესაც ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში ბანდეროლებისა და ამანათების მეშვეობით საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნის აკრძალვის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის N380 ბრძანების 1 მუხლის შესაბამისად, N7 დაწესებულებაში საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნა (ბანდეროლების მეშვეობით) საერთოდ აკრძალული იყო, ერთადერთხელ შემოწმდა ციხეში შვილის სანახავად მისული გერონტი ალანიას დედა და მის მიერ მიტანილი ამანათი, რის გამოც კომფლიქტი წარმოიშვა ალანიასა და ციხის დირექტორს მეგის ქარდავას შორის. მოწმე ბიბილურიძის გადმოცემით, კონფლიქტში ბაჩანა ახალაია ჩაერია და მეგის ქარდავას უბრძანა,- მსგავსი არ განმეორებულიყო. გარდა ამისა, მეშვიდე დაწესებულებაში იყო შემთხვევა, როდესაც მიხეილ ბიბილურიძე, შუაღამისას ავტომანქანით, რომელშიც პირადად ბაჩანა ახალაია იმყოფებოდა, სახლში მიიყვანეს ოჯახის წევრების მოსანახულებლად. მაშინ, როდესაც პატიმრობის შესახებ 22.07.1999 წლის საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია მისცეს უფლება მსჯავრდებულს განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია, თუ მიღებული იქნება სარწმუნო ცნობა ახლო ნათესავის გარდაცვალების, ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის შემთხვევაში, სტიქიური უბედურების დროს, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა მსჯავრდებულს, ან მის ოჯახს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბაჩანა ახალაიას თანდასწრებით, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე გამოიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიხეილ ბიბილურიძე.
მეშვიდე დაწესებულებიდან მსჯავრდებულები N10 დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომლის დირექტორმაც თემურ ტაბაღუამ უშუალოდ ხელმძღვანელისგან - ბაჩანა ახალაიასგან მიიღო დავალება,- ციხეში პატიმრები კომფორტულ პირობებში ჰყოლოდა. ტაბაღუა დავალებას პირნათლად ასრულებდა. პატიმრები ცხოვრობდნენ სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, სპეციალურად მათთვის გარემონტებულ და კეთილმოწყობილ შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე, რაც აკრძალული იყო ,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის N365 ბრძანების მეათე მუხლით, არ გადიოდნენ სავალდებულო შემოწმებას, რაც ასევე აკრძალული იყო ,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის N365 ბრძანების მეხუთე მუხლის მეოთხე ნაწილით და არ იცავდნენ მსჯავრდებულთა ტიპიურ დღის წესრიგს, რაც გაწერილი იყო ,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის N365 ბრძანების N1 დანართით. ღამის საათებში იღებდნენ სტუმრებს. მათ შორის, მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს, ციხის დირექტორ თემურ ტაბაღუასა და სხვა თანამშრომლებთან ერთად, მართავდნენ სუფრებს, იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს (,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის N365 ბრძანების მუხლი 34, ნაწილი 8) და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით.
2008 წლის აგვისტოს თვეში, პატიმრებმა სათანადო ნებართვის, ყოველგვარი ოფიციალური დოუმენტის შექმნის გარეშე, დატოვეს ციხე. ბიბილურიძემ დავით ახალაიას დაურეკა, რომელმაც ციხიდან გათავისუფლება მიულოცა. თავისუფლებაში ყოფნის ათი დღის შემდეგ (პატიმრობის შესახებ 22.07.1999 წლის საქართველოს კანონის 49-ე მუხლი, მეორე ნაწილი 3 - დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შვიდ დღეს), მსჯავრდებულები მოდულის შენობაში დაიბარეს, სადაც დავით ახალაიასთან ერთად მისი ძმა, ბრალდებული ბაჩანა ახალაიაც იმყოფებოდა. შეხვედრის დროს მსჯავრდებულებმა შეიტყვეს, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყვნენ გათავისუფლებულები და ციხეში უნდა დაბრუნებულიყვნენ. საბოლოოდ, მსჯავრდებულები ვადაზე ადრე საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით გათავისუფლდნენ.
სასჯელაღსრულების N7 და N10 დაწესებულებებში პატიმრების ზემოთაღწერილ პირობებში ყოფნა დაადასტურეს ამ დაწესებულებების თანამშრომლებმა: რამაზ ჭოხონელიძემ, დავით სამხარაძემ, მირზა ბეჟანიძემ, თამაზ გოგნაძემ, გიორგი კიკნაველიძემ, N7 დაწესებულების დირექტორის მოადგილე - სანდრო ხულორდავამ და თავად სასჯელმოხდილმა პირებმა: ავთანდილ აფციაურმა და მიხეილ ბიბილურიძემ. სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდა N10 დაწესებულების დირექტორის - თემურ ტაბაღუას ჩვენებაც (13.08.2013), რომლის მიხედვითაც 2006 წელს, ბაჩანა ახალაიამ გერონტი ალანიას რეკომენდაციით დანიშნა N10 დაწესებულების ხელმძღვანელად. იმავე წლის ივლისის თვეში ბაჩანა ახალაიამ დაიბარა, საკუთარ კაბინეტში შეხვდა და უთხრა, რომ იგეგმებოდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების გადაყვანა N10 დაწესებულებაში, სადაც თემურ ტაბაღუას პირადად უნდა ეზრუნა მათ კომფორტზე. პატიმრები უნდა განთავსებულიყვნენ სხვებისგან განცალკევებით, დაწესებულების სპეციალურად მათთვის გარემონტებულ ნაწილში. ამ საკითხებზე ზრუნვა თემურ ტაბაღუამ თავის მხრივ N10 დაწესებულების რეჟიმის უფორსს რამაზ ჭოხონელიძეს დაავალა, რომელიც (როგორც აღვნიშნე) დაიკითხა სასამართლო პროცესზე და დაადასტურა, რომ თემურ ტაბაღუამ მას ბაჩანა ახალაიას დავალება გააცნო 4 მსჯავრდებულისათვის კომფორტული და მაქსიმალურად თავისუფალი პირობების შექმნის თაობაზე. ტაბაღუას გადმოცემით, 2008 წლის აგვისტოს თვეში დაწესებულებიდან ათი დღით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, მსჯავრდებულებმა: მიხეილ ბიბილურიძემ, ავთანდილ აფციაურმა, გერონტი ალანიამ და ალექსანდრე ღაჭავამ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს, რაც შეთანხმებული იყო ბრალდებულ ბაჩანა ახალაიასთან.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, - 2011 წლის 26 პრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" განმარტა, რომ - სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც საქართველოს სხვადასხვა უწყებები და მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მოქმედებდნენ ხმაშეწყობილად, რათა სანდრო გირგვლიანის საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო. ბატონო მოსამართლევ, ზემოთჩამოთვლილი ოთხი პატიმარი 2006-2008 წლებში სასჯელს იხდიდნენ საქართველოს სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში და ამ წლების მანძილზე სასჯელაღსრულების სისტემას ბაჩანა ახალაია ხელმძღვანელობდა.
ამდენად, ზემოთჩამოთვლილი მტკიცებულებების ფონზე, აშკარაა, რომ პატიმრები ციხეში სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ პირობებში, ზემოთმოყვანილი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევით, იხდიდნენ სასჯელს და ეს ხდებოდა არა მხოლოდ ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, არამედ მისი უშუალო თანდასწრებით და მონაწილეობით. შესაბამისად ცხადია, რომ ბაჩანა ახალაიამ, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის N464-ე ბრძანების მეოთხე მუხლით ევალებოდა სათანადო ღონისძიებების განხორციელება სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, თავად გამოიყენა სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობის უფლებამოსილება (იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის N464-ე ბრძანების მეოთხე მუხლი) მისი ძმის დავით ახალაიას ორგანიზებით ჩადენილი დანაშაულის აღმსრულებლებლებისათვის პრივილეგირებული პირობების შესაქმნელად, რითაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ბატონო მოსამართლევ,
ბრალდების მხარემ დაადასტურა რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაულები. დანაშაულები, რომლებიც ადამიანის ყველაზე ღირებულ სიკეთეს - სიცოცხლეს, ღირსებას და პატივს ხელყოფს. დასანანია, მაგრამ ფაქტია, რომ 2006 წლის 12 იანვარს, სახელისუფლებო ძალაუფლებისკენ ბრალდებულების სწრაფვას 17 წლის შოთა გორგაძის, 20 წლის მარად ართმელაძის და 23 წლის რომან სურმანიძის სიცოცხლე შეეწირა. ბრალდებულებმა სრულიად უდანაშაულო ადამიანები დამნაშავეებად მონათლეს და ამ სიცრუის დადასტურებას უდიდესი სახელმწიფო რესურსი მოახმარეს. ეფექტური გამოძიებით სიცრუის გამოაშკარავება ჩვენ ნამდვილად შევძელით და ახლა სამართლიანი მართლმსაჯულების მოლოდინი გვაქვს. მართლმსაჯულების, რომელიც უდიდესი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ გარდაცვლილების ოჯახის წევრებისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი განთვითარებისათვის, რადგან კანონის უზენაესობა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი მონაპოვარია. თქვენს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ,ერთის მხრივ, ადექვატური პასუხი ბრალდებულებისადმი იმ დანაშაულის გამო, რაც მათ ნამდვილად ჩაიდინეს და, მეორეს მხრივ, სამაგალითო პრეცედენტი ყველა მოქალაქისათვის, რათა ირწმუნონ, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, რა თანამდებობრივი წოდება და სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას.
თბილისი. 2014 წლის 13 ოქტომბერი.
(წყარო: ექსპრესნიუსი)