reportiori.ge - როლანდ ასაკიშვილი: ნარკოტიკების ჩადება დღემდე გრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:13
ინტერვიუ
როლანდ ასაკიშვილი: ნარკოტიკების ჩადება დღემდე გრძელდება
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2014. 19:50


ადვოკატი როლანდ ასაკიშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკების ჩადება დღემდე გრძელდება. ადვოკატის განცხადებით, მას ამის თქმის საკმაო საფუძველი გააჩნია.



აღნიშნულზე ადვოკატი „რეპორტიორს" ესაუბრა:



- მიმდინარე წლის 19 აგვისტოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კახა ასათიანი და მისი მეგობარი გოჩა მუკბანიანი გლდანის „ა" მიკრორაიონში, საშაურმეში იმყოფებოდნენ. საშაურმიდან გამოსვლისას ასათიანს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 4 მამაკაცი მიუახლოვდა. ერთ-ერთმა თავი პოლიციელ ზურაბ დათუაშვილად წარუდგინა და განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვა. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე კახა მათ მანქანაში ჩაუჯდა, თუმცა, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მაშინვე ხელბორკილები დაადეს და გლდანის პოლიციის მე-2 ქვეგანყოფილებისკენ გააქანეს. კახას ადვოკატთან დარეკვა სურდა, თუმცა, უპასუხეს, რომ ადვოკატის გამოძახება საჭირო არ გახდებოდა.



კახას მეგობარი გოჩა მუკბანიანი, რომელიც მას თან ახლდა, უკან გაჰყვა პოლიციელებს. მუკბანიანისთვის ზედმეტი არავის არაფერი უთქვამს. გოჩამ თავისი თვალით დაინახა, როგორ გადმოსვეს მანქანიდან ხელბორკილდადებული კახა ასათიანი, აიყვანეს კიბეზე და განყოფილებაში შეიყვანეს. გარეთ არანაირი ჩხრეკა, არც ვიზუალური დათვალიერება არ ჩატარებულა, მით უმეტეს, არც ოქმი შეუდგენია ვინმეს.



-როგორც წესი, დაკავების პროცედურა ითვალისწინებს ადგილზევე ოქმის შედგენას. ამ შემთხვევაში, როგორც ირკვევა, ასე არ ყოფილა?



-პროცედურის ფარგლებში, დაკავებულს მაშინვე უნდა განუმარტონ, რომ დააკავეს, ასევე დაუყოვნებლივ ამცნონ, თუ რაშია ეჭვმიტანილი, განუმარტონ უფლებები, შეადგინონ ოქმი. ამ შემთხვევაში განყოფილებაში მიყვანამდე მსგავსი არაფერი მომხდარა.



კახა განყოფილების უფროსთან მესამე სართულზე აიყვანეს. კიბეზე მან იგრძნო შარვლის უკანა ჯიბესთან შეხება. როდესაც მიტრიალდა, დაინახა ზურაბ დათუაშვილი. კახამ ჰკითხა, რაში იყო საქმე. დათუაშვილმა პასუხის ნაცვლად,  პირიქით შეუბრუნა კითხვა - რას კადრულობ, ეჭვი შეგაქვს რამეში?



ამის შემდეგ კახა ასათიანს მოსთხოვეს, ნებაყოფლობით წარედგინა პოლიციისთვის, თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჰქონდა თან. კახამ შარვლის წინა ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი. უკანა ჯიბეში ხელს ვერ იყოფდა, რადგან ბორკილები ედო. ამ დროს, როგორც კახა აცხადებს, პოლიცია აწარმოებდა მის ზედაპირულ შემოწმებას და არა ჩხრეკას.



ამ მომენტში კახამ გაიგო ზურაბ დათუაშვილის ხმა ზურგის მხრიდან, რომელსაც ხელში ეჭირა ფოლგაში გახვეული ნივთი (რა იყო ეს, კახას არ დაუნახავს).  დათუაშვილმა დასვა კითხვა, თუ ვისი იყო აღნიშნული ნივთი. კახამ უპასუხა, რომ არ იცოდა.



-ადასტურებს კახა ასათიანი, რომ აღნიშნული ნივთი მას იმ მომენტში ჯიბიდან ამოუღეს?



-კახას განცხადებით, ეს ნივთი მისთვის ჯიბიდან არ ამოუღიათ, რადგან მას ჩაუტარეს ზედაპირული შემოწმება და არა ჩხრეკა.  უბრალოდ, დაინახა, რომ დათუაშვილს ხელში ეჭირა ეს ნივთი.



-ოქმი როდის შეადგინეს?



-დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შეადგინეს ჩხრეკის ოქმი. კახას უთხრეს, რომ ხელი უნდა მოეწერა აღნიშნულ ოქმზე.  მან ამაზე უარი განაცხადა.



-ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?



-შემდეგ, როდესაც მე ჩავერთე საქმეში,  სასამართლოზე  განვაცხადე, რომ ჩხრეკის ოქმი შედგა პოლიციის შენობაში. აღმოჩნდა, რომ ოქმში მითითებული იყო, თითქოს ჩხრეკა ჩატარდა გლდანში, ეკლესიასთან, რომელიც მდებარეობს საშაურმედან დაახლოებით 150 მეტრში. ამან გამოიწვია ეჭვები.



მოსამართლემ პროკურორს დაუსვა ასეთი კითხვა: მე თქვენ მომმართეთ შუამდგომლობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიციელების მიერ ჩხრეკა ჩატარდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული კი აცხადებს, რომ ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის შენობაში. თქვენთვის აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო თუ არა?



რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ მისთვის ეს ცნობილი იყო. ხოლო მოსამართლის კითხვაზე, დაიწყეს თუ არა ამ ფაქტზე წინასწარი გამოძიება, პროკურორმა უპასუხა, რომ აღნიშნულში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შემდეგ მოსამართლის მხრიდან იყო მითითება, რომ დაეწყოთ წინასწარი გამოძიება და გამოეკვლიათ ეს ფაქტი.



თუ დადასტურდა, რომ ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის შენობაში, ეს მტკიცებულება დაუშვებელი გახდება. დაცვის მხარეს საკმაო არგუმენტები გვაქვს ამის დასამტკიცებლად. კახას მეგობარიც ადასტურებს, რომ ჩხრეკა არ ჩატარებულა კახას დაკავებისას.



ასევე ჩხრეკის ოქმის შემდგენი გამომძიებელი და მისი თანმხლები პირები აცხადებენ, რომ დაკავებისას კახა ასათიანი იმყოფებოდა მარტო.



-დაიწყო თუ არა აღნიშნულზე წინასწარი გამოძიება?



-მეორე დაკითხვაზე, ერთი თვის შემდეგ, მათ შეცვალეს ჩვენება და ადასტურებენ, რომ ნამდვილად საშაურმესთან მოხდა დაკავება და თითქოს იმ მომენტში ხალხმრავლობა იყო და ჩხრეკის ოქმის შესადგენად გზის მეორე მხარეს გადავიდნენ. ამას შესაძლოა, ცრუჩვენება ვუწოდოთ.



-ჩხრეკის ოქმში არსებული უზუსტობის დასადასტურებლად არ გამოიყენეთ სათვალთვალო კამერები?



-მე ეს საკითხი სასამართლოს სხდომაზე დავსვი და მოსამართლეს საგანგებოდ მივმართე - ისე არ აღმოჩნდეს, რომ ეს ჩანაწერები გაქრეს ან წაიშალოს-მეთქი. სამწუხაროდ, ვარაუდი გამართლდა. გამომძიებელმა და ზურაბ დათუაშვილმა მაცნობეს, რომ 19 აგვისტოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების შენობის გარე პერიმეტრზე და შიგნით დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩანაწერები დაგვიმალეს მხოლოდ ერთი მიზეზით-  იმ ფირებზე ჩანს, რომ ჩხრეკა სწორედ პოლიციაში ჩატარდა.



-ამ ეტაპზე რა მდგომარეობაშია საქმე?



-მოსამართლემ კახა ასათიანს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, გირაო შეუფარდა.


ჩვენ მივმართეთ თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს და ვთხოვეთ, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ საკითხზე. ასევე ვითხოვთ, დაიკითხოს პოლიციელი ალექსი მელაძე, რომელმაც მიიღო ან თავად შეთხზა ყალბი ინფორმაცია, თითქოს კახა ასათიანი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა და თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. იქნებ, მელაძე ინფორმატორმა მოატყუა? მელაძის განცხადებით მათთან შევიდა ინფორმაცია, რომ კახა ასათიანი იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ამის შემდეგ მოხდა რეაგირება და მისი დაკავება.



მომდევნო სასამართლო პროცესი გაიმართება 20 ოქტომბერს.  პროცესზე წარვდგებით შესავალი სიტყვებით როგორც ბრალდების, ასევე ბრალდებულის მხარეები. შემდეგ მოხდება მოწმეების დაკითხვა. იმედი გვაქვს, გამამართლებელი განაჩენი დადგება.



-კახა ასათიანი ნარკოტიკთან ურთიერთობაში ოდესმე თუ ყოფილა შემჩნეული? რა პასუხი ჰქონდა ექსპერტიზას?


 -არასოდეს. ასათიანს ექსპერტიზა ჩაუტარეს ყველანაირ ნარკოტიკზე და ფსიქოტროპულ საშუალებებზე. პასუხი ცალსახად უარყოფითი იყო, ანუ ოპერატიული ინფორმაციით, თითქოს კახა ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა - არ დადასტურდა. 


 


შეგახსენებთ, კახა ასათიანს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. პოლიციის ინფორმაციით, ასათიანის აღმოაჩნდა 2-ნახევარი აბი ნარკოტიკული ნივთიერება „სუბუტექსი".  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016