reportiori.ge - რატომ შეარჩიეს გამტაცებლებმა როინ გიორხელიძის შვილი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:46
პრეს-დაიჯესტი
რატომ შეარჩიეს გამტაცებლებმა როინ გიორხელიძის შვილი?
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2014. 21:31


• როგორ გავიდა გამოძიება გამტაცებლების კვალზე?

 

• სად მალავდნენ გატაცებულს?

 

• სად ჩატარდა გამტაცებლების აყვანის სპეცოპერაცია?

 


ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, „კვირის ქრონიკამ" გიგი უგულავას ცნობილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის თანამებრძოლებს მოუწოდებდა, რომ ქვეყანაში შეექმნათ აპოკალიფსი. დედაქალაქის ექსმერმა წერილის ავტორობა უარყო, თუმცა, მოგვიანებით ჩვენ ვნახეთ ამ წერილში გაწერილი გეგმის ამოქმედება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ უგულავას წერილი ჟურნალისტებისთვის ერთგვარ „შპარგალკადაც" იქცა და ადვილი გახდა „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერის ამოცნობა, კონკრეტული ინციდენტების მიღმა. „ნაციონალების" მზაკვრულ-პარტიზანული გეგმები კი გაამყარა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. "ალიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კონკრეტული ჯგუფი, რომლის უკანაც "ნაციონალური მოძრაობა" დგას, აპირებს შს სამინისტროზე იერიშის მიტანას, ქაოსის შექმნას, ანტიკონსტიტუციური გზებით სახელმწიფოს დამხობას. მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული დავალებები მისცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების  ლიდერებს. 


უფრო კონკრეტულად კი, აი, რას აცხადებდა „ალიასთან" ინტერვიუში შს მინისტრი: „მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია, შექმნან ნეგატიური ფონი როგორც ქართველ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში. სააკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველოში. ეს არის ნაწილი გეგმისა, რასაც სააკაშვილი გეგმავს. პირადად ვაცხადებ, რომ ამ გეგმას განხორციელება არ უწერია! ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია. მათი სურვილები დარჩება სურვილებად. ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება!"


ალბათ, შს მინისტრმა განცხადება ოპერატიული და უტყუარი ინფორმაციების საფუძველზე გააკეთა, თუმცა საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური კითხვები და მოთხოვნა, რომ შსს-მ გაატაროს პრევენციული ღონისძიება და არ დაუშვას, ადამიანების დაუთოება, ყაჩაღობა, ეკლესიების გაძარცვა, ქუჩაში ანგარიშსწორება, ვერ გაბედონ ადამიანის გატაცება და ა.შ. და მაინც, რატომ ხდება ერთი ხელწერით ოჯახების დაყაჩაღება? რატომ ჩაანაცვლა ავადსახსენებელი „ცოცხები" „უთომ" და რატომ გახშირდა ადამიანების დაუთოება? მაშინაც კი, როცა ყაჩაღები საწადელს ისედაც აღწევენ, ჯერ იყო და დასავლეთში ბავშვი დააუთოეს, შემდეგ ვაკეში მოხუცი ქალბატონი აწამეს ცხელი უთოს გამოყენებით, რამდენიმე დღის წინ კი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ნიღბიანებმა მამაკაცს ჯერ იარაღის კონდახი ჩაარტყეს და შემდეგ, ცხელი უთოთი დაზიანებები მიაყენეს? ვისთან მიდის კვალი და ვისი ხელწერაა? ასეთი დამთხვევები რომ სპონტანურად არ ხდება, ეს ცალსახაა და რა უნდა ვივარაუდოთ მაშინ? რატომ არ ხდება დამნაშავე დაჯგუფების კვალზე გასვლა, რომელთაც შეიძლება ერთი დამკვეთი ჰყავდეს? საინტერესოა, სააკაშვილის მიერ შეწყალებული ყველაზე საშიში დამნაშავეები, რომელთა სიაც არაერთხელ გამოაქვეყნა „ალია"-„ქრონიკამ", მიმდინარეობს თუ არა მათზე მონიტორინგი? ლალი მოროშკინამ „ალიასთან" ინტერვიუში ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სააკაშვილს ჰყავს მობილური ჯგუფი, რომლებიც დამკვეთის ზარს ელოდებიან, დაიწყება ყაჩაღობა, ძარცვა, ადამიანების გატაცება და ეს დაჰბრალდება ხელისუფლების უნიათობასო. 


ის, რაც მოხდა ორი დღის წინ, როდესაც 19 წლის ახალგაზრდა ყოფილმა ძალოვნებმა გაიტაცეს, ფულის გამოძალვის მიზნით, კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ ისინი კონკრეტული დავალებით მოქმედებენ. 


იოსებ გიორხელიძე, 10 ოქტომბერს, გოთუას ქუჩაზე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან გაიტაცეს. მას ერთ-ერთმა გამტაცებელმა თავი გაზის ინკასატორად წარუდგინა და როდესაც მან კარი გააღო, ბინაში 4 ადამიანი შევიდა და ახალგაზრდა იარაღის მუქარით გაიტაცეს. ცხადია, კითხვების ჩნდება, რატომ უნდა გაეტაცებინათ მაინცდამაინც როინ გიორხელიძის შვილი? საიდან იცნობდნენ გიორხელიძეების ოჯახს? ხომ არ ჰქონდა გატაცებულის მამას გამტაცებლების ვალი ან სხვა პირადი კონფლიქტი? „ალიამ" გაარკვია, რომ გატაცებული იოსების მამა, როინ გიორხელიძე, მოღვაწეობს მოსკოვში, ის არის წარმატებული ბიზნესმენი, წარმოშობით გახლავთ წყალტუბოდან, ითვლება შეძლებულ ადამიანად, მას გამტაცებლების არანაირი ვალი არ ჰქონია და არც პირადი კონფლიქტი რომელიმე მათგანთან არ გააჩნდა. საქმე ისაა, რომ გამტაცებლებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვარჩლიანი, წარმოშობით არის წყალტუბოდან და გიორხელიძეების ფინანსური შესაძლებლობა კარგად იცოდა, ის დარწმუნებული იყო, რომ მოთხოვნილ 300 000-ს საკუთარი შვილის გამოსასყიდად უპრობლემოდ გადაიხდიდა. სხვათა შორის, უცნაური ისაა, რომ გამტაცებლებმა ახალგაზრდა თბილისთან ახლოს, მცხეთის რაიონში, არმაზში გადამალეს, და არა, ვთქვათ, უკონტროლო ტერიტორიაზე, თუნდაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში? 


„ალიამ" ასევე გაარკვია, როგორ მოხდა დანაშაულის კვალზე გასვლა. გამტაცებლები იოსებ გიორხელიძეს სვამენ მანქანაში და პირველად მიჰყავთ „ნახალოვკაში", საიდანაც მას საკუთარი მობილური ტელეფონით არეკვინებენ მამასთან და თავად იოსები ატყობინებს მამას, რომ გატაცებულია და უნდა დაელოდოს ზარს. ამის შემდეგ, იოსების მობილურს გამტაცებლები აგდებენ და ის მიჰყავთ წყნეთში. როინ გიორხელიძე პირადად აყენებს შს მინისტრს საქმის კურსში. იგეგმება სპეცოპერაცია. როინ გიორხელიძის ტელეფონზე შემოდის ზარი და მას კონკრეტულ ციფრს ეუბნებიან გამტაცებლები, რომ გადასახდელი აქვს 300 000 დოლარი. შემოსული ზარის დახმარებით შსს ადგენს გამტაცებლების ადგილსამყოფელს, ზარი დაფიქსირდა წყნეთიდან. გამტაცებლები გაიყვნენ ორ ნაწილად, ორი მათგანი იმყოფებოდა წყნეთში, ხოლო გატაცებული კი ორ მათგანს ჰყავთ არმაზის ხეობაში. გიორხელიძეს უნიშნავენ ფულის გადასაცემად ადგილს და ეს ადგილია წყნეთი. როინ გიორხელიძე მიდის დანიშნულების ადგილზე და ხდება საქმის გახსნა, გატაცებიდან 4 ოთხი დღის შემდეგ, თუმცა ეს ძალიან უცნაურია, ასეთი დაუნი როგორ უნდა იყო ყოფილი ძალოვანი, რომ იმ ტელეფონით რეკავდე, რომელსაც არ აგდებ და იტოვებ? 


რჩება შთაბეჭდილება, რომ გამტაცებლები ან კონკრეტული ჯგუფის დავალებით მოქმედებდნენ, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობდა „ალიასთან" ინტერვიუში, ან დასტურდება ინფორმაციები, რომ „კუდ"-ისა და „სოდ"-ის თანამშრომლები ნამდვილად იყვნენ, კრიმინალები, მკვლელები, ადამიანების გამტაცებლები, სადისტები, „სიკვდილის ესკადრონების" ავტორები, ყაჩაღები და ის, რომ კრიმინალი სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, ამიტომაც ქუჩაში აღარ იყვნენ კრიმინალები, რომლებიც ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და აყაჩაღებდნენ, ისინი სახელმწიფოს სახელით გვესხმოდნენ თავს და თუკი არც ერთი მანქანა არ ტყდებოდა, თუკი სადარბაზოებში ადამიანებს არ აყაჩაღებდნენ და არ აუთოებდნენ, ეს იმიტომ, რომ უფრო დიდ ნადავლზე ნადირობდნენ, სახელმწიფო ინსტრუმენტების გამოყენებით. ჰოდა, გეკითხებით „ნაციონალებო", ვიღას უნდა ეყაჩაღა ქუჩებში, მთელი კრიმინალური სამყარო თქვენთან ყოფილა მოკალათებული.  

 

პრემიერ-მინისტრმა მომხდარზე განაცხადა: "მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის". გახმაურებულ მკვლელობაში, გირგვლიანით დაწყებული, რობაქიძით დასრულებული „ნაციონალების" მაღალჩინოსნების გვარები ფიგურირებს, ჰოდა, რა მაინტერესებს, ბატონო პრემიერო, თუკი „ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალია და პარტიის სახელსაა ამოფარებული, ან ჩვენ რას გვაწვალებთ, ან მაგათ, რატომ „აბლატავებთ"? როცა პარლამენტში კრიმინალის დამკვეთი და ზოგიც ხელის დამფარებელი ზის, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი კოალიცია კრიმინალს „აპრავებს"? რატომ არ ხვდება ევროსაბჭოს რეზოლუციაში იმ ადამიანების გვარები, ვინც სასაკლაო მოაწყო მესტიაში? ის, რაც გია ბარამიძემ ჩაიდინა, როცა ვერტმფრენებითა და დამხმარე ტექნიკით ამოხოცა აფრასიძეები, ეს მკვლელობაა და არა კრიმინალის აყვანის სპეცოპერაცია, ისინი თავს დაესხნენ მძინარე ოჯახს, სადაც იმყოფებოდნენ ბავშვები, ქალები და გაუფრთხილებლად გაუხსნეს ცეცხლი. ეს რომ დასავლეთის ქვეყანაში მომხდარიყო, საუკუნის ბარბაროსულ აქტად შეფასდებოდა. როგორ შეიძლება საქართველოს პარლამენტის სახელით ლაპარაკობდეს გია ბარამიძე? მეტიც, ბარამიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრს აფრთხილებს, „თუ ღარიბაშვილმა ადამიანის გატაცება მართლა „ნაციონალურ მოძრაობას" დაგვაბრალა, მაშინ მე მას ვეტყვი, რომ ის არის უნამუსო ცილისმწამებელი და უკანასკნელი ნაძირალა!" 

 

აი, მორალი, ბატონო პრემიერო. აღარ დადგა დრო, დამნაშავეებს პასუხი მოეთხოვოთ? 


ნინო სამხარაძე 

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016