reportiori.ge - რას ჰყვება მამა ბასილი იეღოველების მიერ სტრასბურგში მოგებულ პროცესზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:34
პრეს-დაიჯესტი
რას ჰყვება მამა ბასილი იეღოველების მიერ სტრასბურგში მოგებულ პროცესზე?
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2014. 21:33


სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას იეღოველების სასარგებლოდ, მათი დევნა-შევიწროებისთვის, 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. დაზარალებულად 99 მოქალაქე ცნეს და თითოეულისთვის კომპენსაცია, გავრცელებული ინფორმაციით, 350 ევროა. ამას ემატება იურიდიული და სხვა ხარჯები. საქმე ეხება 2001 წელს მომხდარ პროცესებს. „იეჰოვას მოწმეები" აცხადებენ, რომ ბასილი მკავლიშვილი და მისი მომხრეები მათ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სცემდნენ.


რა პოზიცია აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბასილ მკალავიშვილს?


„ალიას" გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილი მკალავიშვილი ესაუბრა:


- არ გამკვირვებია სტრასბურგის სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება, აზრადაც არ გამივლია, რომ მართლმადიდებელთა სასარგებლოდ გადაწყდებოდა, რამეთუ ეს სასამართლო მსოფლიო სექტანტების მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული. ეს სექტა საქართველოში თავიდანვე აგენტურული საქმიანობისთვის შეიქმნა. ჩვენს ქვეყანაში საზღვარგარეთიდან უამრავი დაფინანსებაა გამოყოფილი. წარმოიდგინეთ ჯორჯ სოროსს რაში სჭირდება ამდენი თანხის გაღება, თუ რაიმე ბნელი მიზანი არ ამოძრავებს? ესენი ასრულებენ იმ მასონური ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დაკვეთებს, რომელთაც შიშის ზარს სცემს მართლმადიდებლობა და სწორედ ამის გამოა მათი დაუოკებელი სწრაფვა, მოსპონ და ამოძირკვონ მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი სარწმუნოების ფესვები, გაანადგურონ მართლმადიდებლობა, რომელიც გააფთრებით ებრძვის ყველა ეშმაკისეულ მიმდევარს. მასონებს ყველა ქვეყანაში ჰყავთ აგენტურა და მათი ლიდერები. საქართველოში მათი მამამთავარი ბოკერია, ის იღებს საზღვარგარეთიდან აურაცხელ გრანტს და მერე უნაწილებს იეღოველებსა და სხვა სექტებს. იეღოველები იმდენად ცბიერნი არიან, რომ იწვევენ ადამიანებს, იქამდე მიიყვანენ, თავი აცემინონ, შემდეგ კი დაზარალებული, უწყინარი კრავის სახით ჩივიან სხვადასხვა სასამართლოში. მე იეღოველებს ჰაერზე არ ვებრძოდი, ახლაც მიდევს არქივში ის სულის წარმწყმედელი ბროშურები, მაგათი გამოცემულები, სადაც თეთრზე შავად წერია, როგორ აცამტვერებენ ყოველგვარ სარწმუნეობრივს. სხვას რომ თავი დავანებოთ, გამოდიან და უტიფრად აცხადებენ „ქრისტიანობა საქართველოში მე-20 საუკუნეში შემოვიდაო", ე.ი. როცა ესენი შემოვიდნენ საქართველოში.


ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩემთან იყვნენ მოსულნი ტელევიზიის წარმომადგენლები, მე მათ ავუხსენი ფაქტებით ყოველივე, თან ვთხოვე, ობიექტურად გადაეცათ ინფორმაცია, მათ კი არც გააშუქეს. ეს საშინელი სექტის წარმომადგენლები ჩაგრულის როლში წარმოაჩინეს, ხოლო ჩემი საუბარი არ გაუშვეს. დღევანდელი ტელევიზიები უმთავრეს დროს ძირითადად საზოგადოებისთვის მიუღებელ უხამს გადაცემებს უთმობენ.


- სტრასბურგის სასამართლო საფრანგეთშია, ძირძველი დემოკრატიის ქვეყანაში, სადაც იეღოველები სექტანტებად არიან მიჩნეული და ჩვენს შემთხვევაში რელიგიურ უმცირესობად რატომ მოიხსენია სასამართლომ?

 

- საფრანგეთში მართლაც აკრძალულია მათი ქმედებები, ამაზე ოფიციალურად იწერებოდა. აკრძალულია იმიტომ, რომ ამ სექტის მიმდევრები ფანატიკოსები არიან, ოჯახებში მისვლით, ტელეფონით, ყველგან პროზელიტიზმს ეწევიან. მე ერთ კითხვას დავსვამ, ოჯახში რომ დაუკითხავად ვინმე შემოგივარდეს და ეცადოს, თავს მოგახვიოს ავადმყოფური აზრები, გაყოს ოჯახის წევრები, შელახოს ოჯახური სიწმინდე, რწმენა, გიქადაგოს, არ წახვიდე ეკლესიაშიო, არ გწამდეს ხატი, ჯვარი, მიცვალებულს პატივი არ მიაგო, ყველაფერს ხაზი გადაუსვათ, რაც საუკუნეებმა შემოგვინახა, როგორ მოიქცევით? აი, ამ უმსგავსოთა სექტის რეგისტრაცია გავაუქმეთ, ბატონ გურამ შარაძესთან ერთად, მაგრამ სისხლისმსმელმა სააკაშვილმა მოსვლისთანავე რეგისტრაციაში გაატარა.


- სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ რას ელოდებით იეღოველებისგან, კიდევ უფრო გააქტიურდებიან?

 

- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფრთები შეასხა ამ სულის წარმწყმედელ სექტას. ფაქტია, ისინი ახალი ენერგიით ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ცხვარი მოსტაცონ მართლმადიდებლობას. მაგათგან შეწუხებული ხალხი მოდის და მეუბნებიან, მამაო, რა გავაკეთოთ, მოსვენებას არ გვაძლევენ, ქუჩაში ვერ გაგვივლია, ძალად გვაჩეჩებენ წიგნებს, ტელეფონზე მოსვენება არ გვაქვს... ჩვენ მაშინ იმდენი შევძელით, გარკვეულწილად შევაჩერეთ მათი თავხედობა, აი, აქ უნდა მიგვეყვანა საქმე ბოლომდე, ისე, როგორც გააკეთეს ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა.


მაშინ საპატრიარქო მაყურებლის როლში გამოდიოდა, მაგრამ ბოლოს მათაც გაიგეს ამ სექტის მზაკვრული გეგმები მაშინ, როცა მიტოვებული ეკლესიებიდან ხატებისა და ჯვრების გამოტანა და დაწვა დაიწყეს, მერე კი თვით საპატრიარქოს მიუკაკუნეს და მთავრობასთან ერთად დღესაც ებრძვიან ეკლესიას. ახლა უკვე გვიან არის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთგვარი მესიჯი იყო მათთვის. მე ყოველი მოვლენის მიმდინარეობას თვალს ვადევნებ, ვინ რას მოქმედებს ერის სასარგებლოდ თუ საზიანოდ. ჩემი მოსაზრებით ასე იკვეთება, სტრასბურგის სასამართლო ელოდებოდა საქართველოში საბედისწერო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, რაღაც ერთმანეთს დაემთხვა ორი მოვლენა, რა თქმა უნდა, იეღოველთა სექტისთვის ეს სრული თავისუფლება იყო, მყარი ნიადაგი შექმნა მზაკვრული საქმეების კეთებისთვის. რაც წერია წმიდა წერილში, ზუსტად მიდის მოვლენები. უფრო მძაფრდება ბრძოლა მართლმადიდებელთა დასამხობად, აქ კი მხოლოდ ერის კონსოლიდაცია გვიშველის, როგორმე უნდა მოვახერხოთ ისე, რომ ქართველი ერი ერთ მუშტად შევკრათ და ვიბრძოლოთ წინაპართა მონაპოვრის დასაცავად. აი, ამ გზებს ვეძებ პირადად მე.


- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სასულიერო პირებთან თუ ისაუბრეთ, რას ამბობენ და თქვენ რას აპირებთ?

 

- მართლაც მქონდა საუბრები მათთან, უბრალოდ ხმამაღლა ვერ აცხადებდნენ, როგორც ახლა. ისინი შეშფოთებული არიან სექტების აღვირახსნილობით და აღნიშნავენ, რომ თავიანთი ეპისკოპოსები არ აძლევენ უფლებას, ხმა აღიმაღლონ სექტებისა თუ უღირსი ხელისუფლების წინააღმდეგ. დროა და აუცილებელია, გზა გამოვნახოთ. საქართველოში 300 მეჩეთია და კიდევ აშენებენ, ამ დროს ჩვენს ძირძველ რეგიონში, აჭარაში, არის ადგილები, სადაც სასულიერო პირს კაბით არ უშვებენ. აბა, გავბედოთ და ვიქადაგოთ თურქეთში, ან სხვა ქვეყანაში მართლმადიდებლობა, რა დღე დაგვადგება. ჩვენ კი გამოვდივართ გულუხვი მასპინძლები, რაც მეტად გვაზარალებს. ჩვენს ქვეყანას მართავს აშშ-ის ელჩი საქართველოში. როგორც ვიცით, ელჩი მშვიდობის დამამყარებელი უნდა იყოს. ფაქტობრივად კი, ის ხელების ქნევით გველაპარაკება, უფრო კი მისი დირექტივებით გვატარებს, გვაიძულებს, ვაკეთოთ ის, რასაც თავად მოისურვებს. ამ დროს კი ჩვენ ხელიდან გვეცლება ყოველივე. მართლაც, მძიმე პერიოდი გვიდგას.

 

- ჯარიმასთან დაკავშირებით ჩინოვნიკებიდან ვინმე თუ გამოგეხმაურათ, თქვენი ქმედებების გამო ჯარიმის გადახდა სახელმწიფოს უწევსო?

 

- ჯერჯერობით არავინ გამომხმაურებია, ან რატომ უნდა გამომეხმაურონ, მე ვმ ოქმედებ დიდი სჯულის კანონით, იოტის ოდენაც კი არ გადამიხვევია, მე მტკივა ჩემი ერის, ჩემი მართლმადიდებლობის და მისი უერთგულესი დამცველი ვრჩები, ჩემს მრევლთან ერთად. ამ ხელისუფლებას იმდენი გრანტი აქვს მიღებული საზღვარგარეთიდან, რომელიც ხალხს არ მოხმარებია, კეთილი ინებონ, აიღონ ნაწილი და გადაუხადონ, რამეთუ ეს მთავრობაც წინა ხელისუფლების იდეების გამგრძელებელია, კეთილი ინებონ, თავისი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ, რადგანაც თავის დროზე ვერ მიხედეს ქვეყანას. შედეგიც წინ გვიდევს, დუმილის დრო არ არის, ყველა მოღალატე უნდა იმხილოს და თუ მომაკითხავენ და რაიმე ბრალს დამდებენ, მე მათ საკადრის პასუხს გავცემ.


კატეგორიულად ვითხოვ ფაქტობრივი ხელისუფლებისგან, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებისგან, დროზე ჩამოაცილეთ ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას მართლმადიდებლობის მტერი ბოკერია, როგორ შეიძლება 8 კაცის მკვლელი ტელევიზიით გამოდიოდეს და იქიდან  გვიკითხავდეს მორალს? თუ დროზე არ ალაგმეთ დიდ ზიანს მიაყენებს ისედაც განსაცდელში მყოფ სამშობლოს. უკვე დაიწყო ბოროტ ძალთა აქტიური ქმედებები, ალბათ, გაიგებდით, როგორ დაარბიეს წმინდა ბარბარეს ეკლესია, ეს ვანდალური ქმედება სწორედ იეღოველთა სექტისა და მათ დამცველთაგან მოდის, მართლაც საზარელი ფაქტია. დღეს, ბუნებრივია, ყველას გააკვირვებს მომხდარი, მე ვეკითხები ყოველ ქართველს, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ჩვენ რომ დაგვარბიეს 2004 წლის 12 მარტს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რატომ დუმდით? ეს ეკლესია საქართველოსი არ არის? მაშინ ხმა რომ აღგემაღლებინათ, ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით. არ იფიქროთ, ვინმეს ნიშნს ვუგებდე, ურალოდ, გული მტკივა იმის გამო, ჩემი არ სჯეროდათ, მათ ვაფრთხილებდი, ბოლოს საპატრიარქოს მიადგებოდნენ, როგორც დღეს, ჩვენც ხომ იეღოველთა დამცველებმა დაგვარბიეს, აბა, ვინ იყო სააკაშვილის ფაშისტური ბანდა.


ფაქტობრივ ხელისუფლებას ვაფრთხილებ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ევროკავშირი მერაბიშვილსა და ახალაიას პოლიტპატიმრებად გამოაცხადებს, მოსალოდნელი უბედურებები რომ თავიდან ავიცილოთ, სასწრაფოდ აღგავეთ მიწისაგან პირისა „ნაციონალური" პარტიის ყველა წევრი, როდის იყო, მგელი მგლობას იშლიდა. ეს სისხლისმღვრელები მგლებზე უარესები არიან და მათი იზოლაცია აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოებისგან, რამეთუ მეტად საშიში და მზაკვარი ბოროტმოქმედები არიან, მთელი სიღრმით გათვალეთ მოსალოდნელი უბედურება და პირად ანგარიშსწორებას ნუ გადააყოლებთ ქვეყნის ინტერესებს.


ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016