reportiori.ge - ნონა გაფრინდაშვილი „სახალხო კრების“ თავმჯდომარეობას ტოვებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:30
პრეს-დაიჯესტი
ნონა გაფრინდაშვილი „სახალხო კრების“ თავმჯდომარეობას ტოვებს!
ავტორი:
17 ოქტომბერი, 2014. 00:43



„ალიას“ 14 ოქტომბრის ნომერში გამოვაქვეყნეთ „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ინტერვიუ, სადაც ძირითადად საუბარი იყო „სახალხო კრების“ გააქტიურებაზე. ვინაიდან კიდევ დარჩა კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება ეს საზგადოებრივი მოძრაობა სტრუქტურულად, როგორ მოხდება მისი გაფართოება, რა კატეგორიის ხალხით შეივსება და რაც მთავარია, არსებობს თუ არა შესაბამისი დაფინანსება, „ალია“ „სახალხო კრების“ თავმჯდომარეს, ნონა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა. სამწუხაროდ, ქალბატონმა ნონამ ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად სულ სხვა რამ გვითხრა:

 

– წავიკითხე თემურ შაშიაშვილის ინტერვიუ, არ ვიცი, რას აპირებს ის და როგორ, მაგრამ მე რომ არ გავაქტიურდები, ეს ვიცი.

 

– რატომ, „სახალხო კრებაში“ აღარ ხართ?

 

– არა, „სახალხო კრებიდან“ ოფიციალურად წამოსული არ ვარ, მაგრამ, საერთოდ, ამდენი ხნის განმავლობაში აღარაფერი გამიკეთებია.

 

– თავმჯდომარე ხომ ისევ თქვენ ხართ?

 

– კი, თავმჯდომარედ ვითვლებოდი, ვიყავი, მაგრამ, იმ ხალხში, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი, ჩათვალეთ, რომ პირობითად ვიყავი. მე დღეს არ ვთვლი, რომ ვინმეს თავმჯდომარე ვარ. უბრალოდ, ასე მოხდა, ამირჩიეს და რა ვქნა?

 

– ესე იგი, თქვენ „სახალხო კრებიდან“ წამოხვედით.

 

– არა, წამოვედი, ახლა, რას ნიშნავს? შეიძლება, უბრალოდ...

 

– გასაგებია, თქვენ რაღაც ისეთი გაქვთ სათქმელი და ვერ მეუბნებით.

 

– გეუბნებით... მე პირდაპირ ვამბობ, გააქტიურებას არ ვაპირებ-მეთქი და ამით ყველაფერი ნათქვამია. მე საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ვთქვი, რომ პოლიტიკაში აღარ ჩავერეოდი.

 

– მახსოვს, ეს პირადად მე მითხარით და მაშინ მეგონა, რომ დროებით გაჩუმდით.

 

– არა, დროებით არა, ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილება. მეტის თქმა არ შემიძლია.

 

 

მაშ ასე, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი აღარც „სახალხო კრების“ თავმჯდომარეობას აპირებს და აღარც გააქტიურებას. როგორც ამ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ელიზბარ ჯაველიძე ამბობს „ალიასთან“ საუბარში, „სახალხო კრება“ აუცილებლად გააქტიურდება, ამისთვის უამრავი მიზეზი არსებობს, ქალბატონი ნონა, ალბათ, აღარ იქნება თავმჯდომარე, მაგრამ ის დარჩება წევრად:

 

– ბატონო ელიზბარ, დავიბენი, ნონა გაფრინდაშვილის წასვლას არ ველოდი.

 

– მე პირადად ნონასთან ამ საკითხზე დეტალურად არ მისაუბრია, მაგრამ, ალბათ, „სახალხო კრების“ თავმჯდომარე სხვა იქნება. ნონა გაფრინდაშვილი დიდი ადამიანია, მისი ავტორიტეტი მოგვაკლდება, მაგრამ წევრად დარჩება და ესეც ერთგვარი შეღავათია. მიზეზი დაღლილობაა, რაც ქალბატონ ნონას ნამდვილად არ აკლდა. რაც შეეხება „სახალხო კრების“ გააქტიურებას, ეს აუცილებელია, დღეს ქვეყანაში სიტუაცია ისეა აჭრილი, როგორც არასდროს. მიდის პროპაგანდა ყველა ტელევიზიით, „ნაციონალებმა“ უკვე იმდენს მიაღწიეს, ნებისმიერი არხი მათ ემსახურება. „რუსთავი 2“ რაც იყო, ვიცით, მაგრამ მას მიემატა განახლებული „იმედი“, „მაესტრო“ და „კავკასია“. რაც მთავარია, მოღალატეების სამსახურში ჩადგა ე.წ. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ. ამ სიბინძურეზე ხალხმა, საზოგადოებამ ხმა უნდა აღიმაღლოს. გარდა ამისა, ქვეყანა წალეკეს არასამთავრობოებმა, ჩართავ ტელევიზორს და მუდმივად ლაპარაკობენ გიგაურები, კოჟორიძეები და ლომჯარიები, ესენი არიან ყოვლისმცოდნეები. ამ დროს საიდან ფინანსდებიან და ვის მიერ არიან ნაყიდები, კაცმა არ იცის. ამას მიუმატეთ პარლამენტში შეყრილი „რესპუბლიკელები“ და ალასანიას პარტიის წევრები, ეს უჯიშოები და უგვაროები, რომლებსაც დიდი ფრონტი აქვთ გახსნილი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ვითომ პროამერიკელები არიან, ვითომ დასავლური იდეები აწუხებთ, სინამდვილეში ესენი არიან რაღაც ჯგუფების ნების აღმსრულებლები და მონები.

 

– იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, 2012 წლამდე ან „სახალხო კრებაში“ იყო, ან თქვენ გვერდით იბრძოდა. თუნდაც გავიხსენოთ 2011 წლის 26 მაისი. საინტერესოა თქვენი აზრი, ისინი დღეს რატომ ვერ ან არ აკეთებენ იმას, რასაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ლაპარაკობდნენ?

 

– მეც ვფიქრობ ამაზე, ღამეები არ მძინავს... ერთ მაგალითს გეტყვი, არ მინდა, ახლა გვარი დავასახელო: იყო ერთი ადამიანი ჩვენ გვერდით, ძალიან წესიერი და პატიოსანი, მეგობარი, რომელიც დღესაც მიყვარს შინაგანად, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მიდიან თუ არა, გონება ეცლებათ, სხვანაირები ხდებიან. არ ვიცი, სახელისუფლებო სკამს აქვს ჯადო გაკეთებული? ერთ წუთში იცვლებიან, აღარც ტელეფონზე გპასუხობენ, ნომრებსაც ცვლიან. ვინც ჩვენგან წავიდა, ყველა ძალიან მიყვარს, სოსო ჯაჭვლიანიც, ლუკა კურტანიძეც, ერთად ვიბრძოდით, მაგრამ... მე სოსოს წერილიც გავუგზავნე, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს ერთხმად, მან რაც არ უნდა მოიმიზეზოს, არ ამართლებს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, ასე იყო, ისე იყო, მავანს გავუწიე ანგარიშიო, აზრი აღარ აქვს, ანგარიში უპირველესად უნდა გაუწიო სამშობლოსა და ქვეყანას, მერე კაცობასა და ძმობას. თუკი ხელისუფლებაში მიდიხარ იმიტომ, რომ შენ უნდა იყო ბედნიერი და ცხოვრება მოიწყო, ეს არის ფარისევლობა.

 

– დავუბრუნდეთ „სახალხო კრების“ მომავალს , როგორი იქნება სტრუქტურა, ამ მხრივ რამე შეიცვლება?

 

– „სახალხო კრება“ აუცილებლად გაფართოვდება, შემოგვემატებიან ახალგაზრდები. ჩვენთან რეზო ესაძით დაწყებული, ყველა ღირსეული ადამიანია, მაგრამ საჭიროა ახალგაზრდების გამოყვანაც. ასევე გაფართოვდება აღმასრულებელი საბჭოც, ყველა მოვლენაზე უნდა ითქვას ხმამაღალი სიტყვა, არ შეიძლება, ყველაფერზე ხმის ჩახლეჩამდე იყვირონ უჯიშოებმა. აგერ, ორი დღის წინ, სვეტიცხოვლობის დღეს დაარბიეს წმინდა ბარბარეს ეკლესია, რომელიმე არასამთავრობომ ხმა ამოიღო? რა გვაძინებს, რა გვალხენს, რა გვაქეიფებს? ერთი პანღური ამოარტყა იეღოველს ჩვენმა ფერაძემ და 5 წელი დასდევდნენ სასამართლოში, ძლივს დაიხსნა თავი, პირობითი მიუსაჯეს. რას ნიშნავს ეს? ვინ არიან იეღოველები, ერთი აქ მოვიდნენ ჩემთან, ვერ ბედავენ კარზე დაკაკუნებას, დედას ვუტირებ, წავიდნენ მერე და მიჩივლონ. მახსოვს, როცა სასამართლო პროცესი მიდიოდა, თინა ხიდაშელმა მისწერა კლინტონის ცოლს: საქართველოში განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებს ჩარგავენო. არ გაგიჟდები კაცი? სად სადღაც გადაკარგული ამერიკა და სად – თბილისის რომელიღაც რაიონში სასამართლო პროცესი? ახლა სტრასბურგშიც მოუგიათ იეღოველებს პროცესი და თურმე ფულიც უნდა გადავუხადოთ. ვაი, მაგათ პატრონს! ეს ყველაფერი არის ჩვენი ბრალი. მე 4 წელიწადი გერმანიაში ვცხოვრობდი, გერმანელს ვერც ერთი იეღოველი ვერ მიეკარება, დედას უტირებენ. ჩვენ ვინ ვართ, მონები? აი, ამიტომ უნდა აიმაღლოს ხმა ქართველმა ხალხმა!

 

– ბატონო ელიზბარ, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობა თუ პოლიტიკური პარტია აქტიურობს, საჭიროა ფინანსები, თქვენ ამ მხრივ როგორ გაქვთ საქმე?

 

– ჩვენ არც 2012 წლამდე გვქონდა ფული, მაგრამ ვაქტიურობდით. ერთი ოფისი გვაქვს და ამას ვინახავთ. უკვე მირეკავენ რეგიონებიდან, მეკითხებიან, გააქტიურებას მართლა აპირებთო? ამ ქვეყანაში არიან ისეთი კაცები, რომლებსაც სამშობლო უყვართ, ერთი ასეთი კაცი უკვე გამოჩენილია და ალბათ ისიც გადმოგვხედავს. ჩვენ იმდენი მაინც გვექნება, რომ ვიმოძრაოთ. შენ კარგად გახსოვს ზვიად გამსახურდიას დროინდელი ამბები, ვმოძრაობდით, მაგრამ ფულზე არასოდეს არ იყო ლაპარაკი. კარგი ქართველები არსებობდნენ და ბენზინს გვისხამდნენ მანქანებში. ახლაც ასეთი სიტუაციაა.

 

– ალბათ ნონა გაფრინდაშვილს დაელაპარაკებით, ხომ? მე მგონი „სახალხო კრების“ წევრობაზეც უარს ამბობს.

 

– არა, წევრობაზე არ იტყვის უარს, ეგ ღალატი იქნება. თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს და ვინ – არა, ეგ სხვა საკითხია, მაგაზე ვიფიქრებთ. ახლა მთავარია, შიგნით სტრუქტურულად დავალაგოთ სიტუაცია და ახალი ხალხი მივიღოთ.

 

– მაინც რა კატეგორიის ხალხის მიღებას აპირებთ?

 

– ძირითადად იქნებიან კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მოღვაწეები. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვხედავ ისეთ პოლიტმუშაკებს, რომლებიც ამ საქმეში გამოდგებიან. რატომღაც ყველას თანამდებობა და ფული უნდა, ჩვენთან ვერც ერთს იშოვიან, ვერც მეორეს. ვისაც თანამდებობა უნდოდა, უკვე წავიდა და ახლა უნდა დავლაგდეთ, უბრალოდ სხვა გზა არ გაგვაჩნია. უახლოეს დღეებში გადანაწილდება სფეროები, დადგინდება, ვინ რა კუთხით იმუშავებს და რაც მთავარია, უნდა მოვიზიდოთ ახალგაზრდები, გამოვიყენოთ მათი გონება, ენერგია და ძალა.

 

 

„სახალხო კრების“ კიდევ ერთი ლიდერი, გია ბურჯანაძე „ალიასთან“ ამბობს, რომ დღეს მათი მოძრაობის გააქტიურება აუცილებელია, მაგრამ ხალხი ამას როგორ გაიგებს, საზოგადოება გაჰყვება?

 

– სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი იმ დონემდეა მისული, ყველაფერი უნდა დაუღეჭო და პირში ჩაუდო. „ნაციონალებმა“ ადამიანები გადააჩვიეს ფიქრს.

 

– ბატონო გია, თქვენ იმ დისკუსიებში მონაწილეობთ, რაც „სახალხო კრებაში“ მიმდინარეობს?

 

– კი, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობ... ბოლო დღეებში ცოტა მოწყვეტილი ვარ პოლიტიკას, თეატრში პრემიერა მაქვს, მოვრჩები და ისევ ინტენსიურად ჩავერთვები.

 

– მე ქალბატონ ნონას ველაპარაკე და მითხრა, „სახალხო კრების“ თავმჯდომარე აღარ ვარ, პოლიტიკა საერთოდ აღარ მაინტერესებსო.

 

– ნონა გაფრინდაშვილს თავმჯდომარეობა პირველივე დღიდან არ უნდოდა. მას იმდენი გაუგებრობა შეხვდა ხალხის მხრიდან, კარგად მესმის მისი.

 

– ადრე თქვენც გქონდათ ერთგვარი დეპრესია და თქვით კიდეც, აღარც „სახალხო კრება“ მინდა და აღარც პოლიტიკაო. ახლა როგორ ხართ, გაქვთ ბრძოლის ხალისი?

 

– როცა ძალიან გაბრაზდები ადამიანი, ხანდახან იტყვი ასეთ რაღაცას. როცა ქვეყანა თავზე გენგრევა, შეიძლება ხელიც ჩაიქნიო. ჩემი პოზიცია ასეთია: ისევ თავზე გვემხობა ქვეყანა და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მის გადასარჩენად.

 

გელა ზედელაშვილი

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016