ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობას არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ყველანაირ მცდელობას აქვს ვადები და ამ ხელისუფლების პირობებში უკვე არაერთი ქმედება განხორციელდა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობდა ურთიერთობის დალაგებას.
„გასაგებია, რომ გარკვეულ კომუნიკაციას უნდა ჰქონდეს ადგილი, რომელიც გარკვეულ შედეგზე იქნება ორიენტრიებული. პრინციპში, ჩვენ ყველა ხელისუფლებაში გავიგეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ყოველი ახალი ხელისუფლება გარკვეულწილად გამოხატავს ურთიერთობის დალაგების ინიციატივას და ეს არის დიპლომატიური ფორმალობა, რომელიც უნდა შესრულდეს. შემდეგში სხვა ხელისუფლება რომ მოვა, იმათაც იგივე რიტორიკა უნდა დაიწყონ, ურთიერთობის გაჯანსაღებაზე, საქმიან ურთიერთობებზე დაიწყონ ლაპარაკი. ეს ამ ხელისუფლების პირობებში უკვე გაკეთებულია. ჩვენ მეტ-ნაკლებად მხარდაჭერა გამოვხატეთ საერთო პროექტებში, სოჭის ოლიმპიადაში, კომუნიკაციაში და ა.შ. მაგრამ რადენადაც ამ ყველაფერს არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია საქართველოსთან მიმართებაში, ყველაფერს აქვს ვადები", - აცხადებს გამზარდია.
ასევე არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ხელისუფლება ზედმეტად თავშეკავებულ პოლიტიკას ატარებს. მართალია, ისტერიული და აფექტური ქმედებები არ წაადგება ქვეყანას, მაგრამ არც ილუზორული დამოკიდებულება მოიტანს რაიმე დადებით შედეგს:
„თუკი ურთიერთობის მცდელობა ან ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან არ არის შედეგზე ორიენტირებული, არც აფექტური დესტრუქცია და არც გაუგებარი კონსტრუქცია ამ საკითხთან მიმართებაში შედეგს არ მოგვცემს. ამიტომ მიმდინარე მომენტში, სახელმწიფოსგან ასეთი მაჩვენებლები, მითუმეტეს, რომ რუსეთი ისევ საფრთხეებს უქმნის საქართველოს, რა გზაზეა ლაპარაკი?! ჩვენი ხელისუფლება რატომღაც ზედმეტად თავშეკავებულ პოლიტიკას ატარებს. ამ შეხვედრების აზრი არ ჩანს. ჩვენ ვერ ვხედავთ შედეგებს, ვერ ვხედავთ პერსპექტივებს. ეს კონკრეტული პროცესი სრულიად ჩიხშია მოქცეული. ერთადერთი გამოსავალი იქნება ამ კომენიკაციის გაყინვა. შეიძლება, ხელისუფლება არ უნდა მოქმედებდეს აფექტურობით და ისტერიულობით, მაგრამ ასევე ილუზორულად არ უნდა იქცეოდეს. საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც არ უნდა უქმნიდეს ილუზიებს".
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის განცხადებას: „მე ნამდვილად ვიცი, როგორ შეიძლება რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარება და შესაბამისად, აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების ელემენტარული შენსის გაჩენა. ვწუხვარ, რომ ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც ყველა თავის ნაბიჯზე იყურება უკან რომელიმე ქვეყნისკენ ან საელჩოსაკენ, ეს ხელისუფლება ვერასოდეს მოუგვარებს პრობლემებს საკუთარ ხალხს", არჩილ გამზარდია აღნიშნავს, რომ მსგავს პოზიციებს გამოხატავს არაერთი ადამიანი საქართველოში, ამიტომ ცალკეულად კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს.
„ამ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძე ერთადერთი პირი არ არის, რომელიც მსგავს მოსაზრებებს გამოხატავს და გასაგებია, რომ ბურჯანაძე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, ეძებს საკუთარ ნიშს და ამიტომაც აკეთებს მსგავს განცხადებებს. ხშირად ცოტა გაუგებარიც არის, რომელი პირი რა ლოგიკით მოქმედებს", - აცხადებს გამზარდია.