ცნობილია ფსიქოლოგების დასკვნა ბავშვის მიერ სხვადასხვა ფერის აღქმასთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, ბავშვის ირგვლივ გამეფებული ფერები გარკვეულ ასაკამდე მისი ფსიქიკასა და პიროვნების ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.
აუცილებელია მშობელმა ყურადღებით შეარჩიოს ფერები, როგორც სამოსის, ასევე ოთახის მოწყობილობების და სათამაშოების ყიდვისას.
სახლისთვის მნიშვნელოვან და თვალსაჩინო შენაძენს აკეთებთ? მხოლოდ თქვენი გემოვნებით ნუ იხელმძღვანელებთ. იფიქრეთ, როგორ იმოქმედებს ამ ნივთის ფერი ბავშვზე. რჩევები უფრო გასაგები რომ გახდეს, წარმოგიდგენთ ქოლორისტიკის ძირითად მეთოდებს, ანუ რომელი ფერი რა გავლენას ახდენს ბავშვზე.
წითელი
ააქტიურებს და განაწყობს მოქმედებისკენ, მუშაობისკენ. იდეალურია ტანსაცმლისთვის. თუმცა საძინებელში და საერთოდ სახლში, არ გამოგადგებათ.
ნარინჯისფერი
აღვიძებს მადას, ამიტომ სამზარეულოსა და სასადილოს გასაფორმებლად ძალიან კარგი იქნება.
ყვითელი
ყველაზე მეტად მისი გამოყენება სამუშაო ზონაშია გამართლებული. ამ ფერის ფონზე მეცადინეობა და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო აქტივობა ყველაზე გამართლებულია.
მწვანე
ნაზი მწვანე ელფერი მოდუნებაში ეხმარება, ამიტომ ამ ფერით საძინებელი გაუფორმეთ.
ლურჯი
ნაზი ლურჯი ტონი განწყობას აუმჯობესებს. კარგი იქნება მისი გამოყენება ტანსაცმელსა და ზოგადად სახლის დიზაინში.
იისფერი
აქტიურად აღვიძებს ფანტაზიას. გარკვეულ ელემენტებში გამოიყენეთ, მაგრამ მთლიანი ოთახის ამ ტონებში გადაწყვეტა არ ღირს.
( მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mshoblebi.ge )