reportiori.ge - უკანასკნელი გასტროლები სოხუმში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:22
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
უკანასკნელი გასტროლები სოხუმში
17 ოქტომბერი, 2014. 19:04


დღევანდელ დღეს, სამი წლის წინათ, გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი რამაზ ჩხიკვაძე.

 

პუბლიკაცია, რომელსაც დღეს გთავაზობთ, დიდი მსახიობისა და რუსთაველის თეატრის სოხუმში უკანასკნელი გასტროლების შესახებაა. ფართო საზოგადოებას ეს ფაქტი პირველად ეცნობება.

 

ეს ფოტოსურათი რუსთაველის სახელობის თეატრის დასის ერთმა ჯგუფმა 1993 წლის სექტემბერში სოხუმში გამართული წარმოდგენის შემდეგ გადაიღო.

 

ორიოდ დღეში სოხუმი დაეცა.

 

- ასე იყო, - იხსენებს საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ღაღანიძე, უკანასკნელი მოჰიკანი ქართული სცენის კორიფეთა იმ კოჰორტისა, რომლის მსგავსი, ვეჭვობ, გამეორდეს ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში, - უმძიმესი დღეები ედგა მაშინ საქართველოს, ომი იყო, აფხაზეთის ომი.


ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს (იოსელიანი, სიგუა, კიტოვანი) წევრი გახლდათ. ჰოდა, მან მაშინდელ კულტურის მინისტრს ვალერი ასათიანს მოუწონა იდეა, სოხუმში მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცებისთვის გაემართა კონცერტი, ან სხვა რამ მსგავსი ღონისძიება. სჭირდებოდა ეს ჩვენს ბიჭებს იმ გამუდმებული დაძაბულობიდან ცოტა ხნით მაინც გამოსასვლელად, რომელშიც დღე და ღამ უწევდათ ყოფნა - სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.

 

სოხუმი ფრონტისპირა ქალაქი იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა...

 

შევარდნაძემ მხარი კი დაუჭირა, მაგრამ როგორც ვალერი ასათიანი იხსენებს, იყვნენ ისეთებიც, ვინც აჩქარებას არ ურჩევდა, დაელოდეთ, ვითარება დაწყნარდება და შემდეგ ჩადითო აფხაზეთში.

 

რატომ შემდეგ?

 

სხვა თუ არაფერი, ისტორიული გამოცდილება კარნახობდა, ახსენებდა სამამულო ომის გამოცდილებას, როცა საომარ მოქმედებათა წინა ხაზზე კულტურისა და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეების საგანგებო ბრიგადები ჩადიოდნენ სწორედ ამ მიზნით.

 

გადადება არ ღირდა.

 

უკანდახევასავით იქნებოდა.


- თორმეტკაციანი იყო ჩვენი ჯგუფი, - განაგრძობს ბატონი ჯემალი, -  პირველი, რა თქმა უნდა, რამაზ ჩხიკვაძე იყო, შემდეგ გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, ჟანრი ლოლაშვილი, სოსო ლაღიძე, ნანა ფაჩუაშვილი, თათული დოლიძე, ლეილა სიყმაშვილი, დავით ჩხიკვაძე (მსახიობი, რომელიც ჩვენთან ერთად მღეროდა), ავთანდილ ვარსიმაშვილი, თავისუფალი თეატრის რეჟისორი, ამათ მეც მიმათვალეთ. წამოსული იყო ნატაშა ჩხიკვაძე, რამაზის მეუღლე. ჯგუფში გვყავდა ხმის ოპერატორი ბეჟან შერეზადაშვილი, გამნათებელი ვალიკო არუთინოვი.


წარმოდგენის გასამრავალფეროვნებლად კულტურის მინისტრმა მომღერლებიც დაგვიმატა: მათ შორის - ეკა მამალაძე, თამრიკო ჭოხონელიძე.


საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გურამ ფანჯიკიძე ჩვენს ჯგუფს წონას მატებდა და ამ აქციის მნიშვნელობას ხაზს უსვამდა.


ამ დროს რობიკო სტურუა ინგლისში იყო მიწვეული სპექტაკლის დასადგმელად და, ბუნებრივია, სოხუმში ვერ ჩამოვიდოდა. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რადგან ვთამაშობდით ნაწყვეტებს სწორედ მის მიერ დადგმული საეტაპო სპექტაკლებიდან: „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III", „მეფე ლირი"...


სოხუმი რომ ფრონტისპირა ქალაქი იყო, ჩარტერული რეისით ჩაფრენისთანავე ვიგრძენით: ავტობუსი „იკარუსი", რომელიც დაგვახვედრეს, შემოვლითი გზებით ატარეს, ქალაქის ცენტრში რომ მივსულიყავით, მიგვაცილებდნენ ჯარისკაცები, რომლებსაც შესაძლო თავდასხმისგან უნდა დაეცვათ მგზავრები. არაფერი გამორიცხული არ იყო.


როგორც იქნა, მივაღწიეთ თეატრამდე. შენობის კარ-ფანჯრები ფიცრებით იყო აჭედილი. მოვნახეთ ადამიანი, რომელსაც თეატრის დარაჯობა ჰქონდა მინდობილი. გაერთიანებული ძალებით ჩამოვგლიჯეთ ფიცრები. შევედით შენობაში. ძნელი წარმოსადგენია, რაც იქ დაგვხვდა - ჭუჭყითა და მტვრით იყო სავსე თეატრი. რაც შეგვეძლო, გავწმინდეთ, დავბერტყეთ ფარდები, დავხვეტეთ სცენა, დარბაზი, მტვერი მოვაცილეთ სავარძლებს.


ტემპში ვმუშაობდით, რადგან წარმოდგენა დღისით უნდა გაგვემართა - ელექტროენერგიის გამორთვა სოხუმში ჩვეულებრივ ამბად იყო მიჩნეული.


სამი საათისთვის მაყურებლებით გაივსო დარბაზი. ძირითადად ჯარისკაცები იყვნენ, ქალაქის მოსახლეობაც მოვიდა.


წარმატება არაჩვეულებრივი იყო, არნახული.


- წარმოდგენა რომ დამთავრდა, ეს ფოტოსურათი გადავიღეთ. განათება არ ყოფნიდა და, ცხადია, ხარისხიც დაბალია. ციფრული ფოტოკამერები კი იმ დროს საქართველოში ჯერ არ იყო შემოსული. ყველანი ამ სურათზე ვართ აღბეჭდილი - მსახიობები, ჩვენი დამხმარენი და, რაც მთავარია, მაყურებლები - ქართველი ჯარისკაცები.


შეიძლება ითქვას - ისტორიული სურათია.

 

უკანა გზაზე, კელასურში, აეროპორტს რომ უახლოვდებოდნენ, ავტობუსი გააჩერებინა გენო კალანდიამ, ქართველმა პოეტმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და აფხაზეთის მწერალთა კავშირს თავმჯდომარეობდა. გააჩერებინა ავტობუსი, გადმობრძანება სთხოვა ყველას და ზურაბ შენგელაიას ოჯახში შეიპატიჟა: ბატონ გენოს თავისი დეიდაშვილისთვის უთხოვია, სტუმრები მყავს და აბა, შენ იცი, ღირსეული მასპინძლობა გამაწევინეო. ზურაბ შენგელაიას ქართველი კლასიკოსის ლეო ქიაჩელის შთამომავალს, ცნობილი ქართველი ისტორიკოსის შოთა მესხიას ბიძაშვილს, სულით ხორცამდე ქართული ტრადიციების ერთგულ კაცს, რაღა თქმა უნდა, ისეთი სუფრა გაუშლია, როგორიც პატივსაცემ სტუმრებს ეკადრებოდა, თავი არ შეურცხვენია. იმ გაჭირვებულ სოხუმში ასეთი გულუხვობა სასწაული იყო.

 

მაგრამ პური არ ცხვებოდა მაშინ ქალაქში და ბოდიში მოუხდია მასპინძელს ამის გამო.

 

ვალერი ასათიანს, „სოხუმის დესანტის" ორგანიზატორსა და სულის ჩამდგმელს, ეს ნიუანსიც გაუთვალისწინებია და თვითმფრინავიდან, სადაც თბილისიდან წამოღებული საგზალი ეწყო, სულ კახური დედას პურებით შეუვსია ის მადლიანი სუფრა.

 

თამადად გენო კალანდია დამდგარა.


- ამასობაში ჩამოღამდა, მანქანის ფარებზე გავაგრძელეთ ნადიმი ჩვენ და ჯარისკაცებმა. არაჩვეულებრივი, არნახული დრო გავატარეთ, და ამ ტალღით ატაცებულებმა თვითმფრინავში გავაგრძელეთ სადღეგრძელოების თქმა, - ყვება ჯემალ ღაღანიძე, - თითქოს ომი არ იყო, თითქოს არაფერს ნიშნავდა, რომ ჩვენი „იაკ-40" გამორთული ნათურებით აფრინდა, სეპარატისტების არტილერიის სამიზნე რომ არ გამხდარიყო.


თამადად ვალერი ასათიანი გვყავდა. მოგეხსენებათ, რა თამადაც არის, არაფერში შეშლია. მაგრამ დრო ვერ გათვალა და ბოლო სადღეგრძელოც ღირსეულად რომ შეესვათ თანამეინახეებს, მფრინავს სთხოვა, ერთი წრე კიდევ დაერტყა, შემდეგ დაშვებულიყო. „იაკ-40" ერთხელ კიდევ შემოევლო თავზე საქართველოს დედაქალაქს, ყველამ ჩვენ ჩვენი სიტყვის თქმა მოვასწარით.

 

- რა სადღეგრძელო თქვით, ბატონო ვალერი? - ვეკითხები ვალერი ასათიანს.


- საქართველოს გაერთიანების სადღეგრძელო იყო. ბოროტზე კეთილის ძლევის.

 

- ბატონო ვალერი, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა იმ წარმოდგენის მსვლელობის დროს მაყურებელთა რეაქციისთვის მიეგედევნებინათ თვალი.


- გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე, მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ჯგუფს სოხუმელები კელასურში დაგვხვდნენ. მათ შორის იყო ლორიკ მარშანია, გენო კალანდია, გენერალი ადამია და სხვები. გოგა ხაინდრავა, რომელიც მაშინ სახელმწიფო მინისტრი იყო, პირდაპირ თეატრში მოვიდა, დაცვის თანხლებით, წარმოდგენაზე ბოლომდე ვერ დარჩა. აღელვებული და აფორიაქებული ჩანდა, რაც იმ ვითარებაში გასაგები და ბუნებრივი იყო.


არ მინდა სიტყვა „დაბნეულობა" ვიხმარო, მაგრამ როგორც პატარა ბავშვები, ისე სათუთნი, თბილები და გულჩვილები ჩანდნენ ჩვენი ჯარისკაცები. ვერ გადმოგცემთ, რა დაემართათ, როცა დაგვინახეს: როგორც ძველ მეგობრებსა და ახლობლებს ეფერებოდნენ და ეხუტებოდნენ ჩვენს სახელგანთქმულ არტისტებს - რამაზ ჩხიკვაძეს, გურამ საღარაძეს, კახი კავსაძეს, ჯემალ ღაღანიძეს, ჟანრი ლოლაშვილს, სოსო ლაღიძე, ჩვენს ბრწყინვალე მსახიობ ქალბატონებს. ეკა მამალაძეს ლამის ხელები დაუკოცნეს.


წარმოდგენის მსვლელობისას სინათლე გამოირთო და სპექტაკლი სანთლების შუქზე გაგრძელდა. ვხედავდი, როგორ უბრწყინავდათ თვალები ჩვენს მეომრებს და ეს თვალები თითქოს შუქს მატებდა სოხუმის თეატრის ნახევრად ჩაბნელებულ სცენას.


საოცრება ხდებოდა: განწყობილება იყო დუმილიანი, ცრემლიანი, ყელში ბურთივით რომ გაწვება და ძალას რომ გაცლის. ასეთი იყო რეაქცია და არა ბღავილიანი ოვაცია. თუმცა ძლიერი ტაშიც იყო და აღფრთოვანებაც ნანახითა და მოსმენილით. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის წამიერი დუმილი, რომელიც წარმოდგენის დამთავრებისას მოულოდნელად ჩამოვარდა: ყველა ელოდა, ყველას სურდა რომ დაუსრულებლად გაგრძელებულიყო ეს ღვთაებრივი შეხვედრა თეატრალურ სამყაროსთან.


მ უხტი იყო საოცარი: რამაზ ჩხიკვაძე ისეთ ფორმაში იყო, სასწაულს ახდენდა სცენაზე...

 

აზდაკი მეფობდა სცენაზე, ეს უპატიოსნესი მექრთამე მოსამართლე, დაგლეჯილი ქუდით თავზე და მრავლისმნახველი ტანსაცმლით შემოსილი, სახრჩობელისთვის განწირული ოპტიმისტი:


- მე გათახსირებული ბოროტმოქმედი ვარ. აი, ჩემი უნებლიე ბოროტმოქმედების მამხილებელი საბუთი (გადასცემს ჯარისკაცებს ,„საბუთს", რომლებიც მას უაზროდ ხელში ატრიალებენ).  ხმა ამოიღე, შალვა, ხომ ხედავ, ამ ხალხმა კითხვა არ იცის. თქვი, შალვა, თქვი, როგორ ვცდილობდი მთელი ღამე, ამ ბოროტმოქმედისთვის ფარდა ამეხადა.

 

შალვა: - თან სულ მემუქრებოდა, ბატონებო...

აზდაკი: - ესეც იყო, ვერ დავმალავთ.

 

შალვა: - ჰოდა, ასეთი რამ არ გეკადრება, აზდაკ!

აზდაკი: - ხმა ჩაიწყვიტე, შალვა! შენ გავიწყდება, რომ ახალი დრო დადგა! პოლიციელებს მუსრს გაავლებენ. ახლა უმჯობესია, კაცმა თვითონ აღიაროს თავისი დანაშაული, თორემ ხალხის რისხვას ვერსად დაემალება! სად არის მოსამართლე, რომ მოვიდეს და გამასამართლოს! სად არის მისი აღმატებულება, ბატონი გუბერნატორი?..

 

ჯარისკაცი: - მაინც რას მოელოდი ჩვენგან?

 

აზდაკი: - რაც სპარსეთში მოხდა.

 

ჯარისკაცი: - მერედა, რა მოხდა სპარსეთში?

 

აზდაკი: -ამ ორმოცი წლის წინათ ყველანი ჩამოახრჩეს... ბაბუაჩემი თვითონ მოსწრებია ყოველივე ამას. სამ დღეში გაუჟლეტიათ ყველანი.

 

ჯარისკაცი: - მერედა, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, შე თათარო, შენა?

 

აზდაკი: - თქვენ გაინტერესებთ, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, მე თათარო, მენა?..

.

(და იწყება სპექტაკლის კულმინაცია, აზდაკის მონოლოგი-სიმღერა).


- ბაბუაჩემმა ეს სიმღერა დამიტოვა, მაშინ იქ, სპარსეთში ასე მღეროდნენ... მე და ჩემი მეგობრები გიმღერებთ. შალვა! შალვა! თოკი! თოკი მაგრად გეჭიროს, ბრიყვო! ეს სიმღერას უხდება. გთხოვთ!

 

რატომ ჩვენს კაცებს აღარა აქვთ

ძარღვებში სისხლი?

ჩვენს ქალებს ცრემლი

რატომ დაუშრათ?

და რატომ შერჩათ სისხლი

სასაკლაოზე მიდენილ ხბორებს?

ცრემლი კი - წყლის ნაპირს

მტირალ ტირიფებს?

რატომ?..

 

(და ჩხიკვაძის ბელკანტომ ჩამოიღო სოხუმის თეატრის ჭერი, აავსო სივრცე ომით დამუხტული და სიცოცხლის გამარჯვებად ჩაიღვარა ჩვენი მებრძოლების ანთებულ გულებში)


ქართული თეატრი ბრწყინვალებდა სოხუმის სცენაზე.

ფარდა დაეშვა...

„ნეტავი, იქ არის თეატრი?"


არმაზ სანებლიძე


P. S. ასეთია ამ ერთი ფოტოსურათის ისტორია, რომელიც ჩვენს მკითხველებს გავაცანით. ისტორია, რომელიც არ ჰგავს იმ ბღლარძუნშოუებს, ქართული ტელეეკრანები და სცენა რომ დაიპყრო.

 

სამწუხაროდ.

 

უფრო საწუხარი კი ის არის, რომ იმ წარმოდგენის მონაწილეთაგან ზოგიერთი და დამსწრეთა უმეტესობა - ჯარისკაცები ჩვენს პუბლიკაციას ვერ გაეცნობა: ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016