reportiori.ge - „უხილავი ბავშვები“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:24
ინტერვიუ
„უხილავი ბავშვები“
18 ოქტომბერი, 2014. 15:44


ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემა საქართველოში დიდი ხანია არსებობს, მაგრამ საზოგადოება და ხელისუფლება ისე იქცევა,თითქოს ეს ბავშვები საერთოდ არ არსებობდნენ. მათ უმეტესობას არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხელი არ მიუწვდება  ჯანდაცვაზე, განათლებაზე.



როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან ურთიერთობისას და რას აკეთებს ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად? - ამ თემებზე „რეპორტიორი" ესაუბრა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის"  ხელმძღვანელს ნინო თოდუას, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემებზე მუშაობს. ორგანიზაციამ დაახლოებით ერთი წლის წინ წამოიწყო პროექტი „მეც მოქალაქე ვარ", რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფები უშუალოდ აკვირდებოდნენ, როგორ ცხოვრობდნენ ქუჩაში მომუშავე ბავშვები და რა პრობლემები ჰქონდათ.



-რა იყო თქვენი პროექტის მიზანი?

 

 

-პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრათ, ამ თემით რომ დაინტერესდით, რადგან  საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა იცოდეს, რა პრობლემები აქვთ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს.



ერთი წლის წინ ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო პროექტი „მეც მოქალაქე ვარ",  რომელიც მიზნად ისახავდა, გამოგვეკვლია, რა პრობლემები გააჩნდათ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, შეგვემუშავებინა სარეკომენდაციო პაკეტები და შემდეგ ეს რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მიგვეწოდებინა.



-რა პრობლემები გამოიკვეთა ბავშვებზე უშუალოდ დაკვირვებისას?

 

 

 - რამდენიმე ძირითადი პრობლემაა - ეს არის ფიზიკური ძალადობა, იძულებითი მუშაობა. მათ უმეტესობას ხელი არ მიუწვდება განათლებაზე, ჯანდაცვაზე.  როდესაც მათი უფლებები ირღვევა, პოლიცია ხშირად ბავშვების დახმარებას ვერ ახერხებს, რადგან იქმნება კომუნიკაციის პრობლემა - ამ ბავშვების უმეტესობა ქართულად ვერ საუბრობს.



შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, პოლიციის აკადემიაში გადაგზავნეს ჩვენი რეკომენდაციები, რომელსაც სამომავლოდ გაითვალისწინებენ და მოხდება პოლიციელების გადამზადება.



-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უქონლობის გამო ქუჩაში ცუდად გამხდარ ბავშვს პირველად სამედიცინო დახმარებასაც არ უწევენ...

 

 

-დიახ, ასე ხდება. პირველად სამედიცინო დახმარებას რომ დავანებოთ თავი, ბავშვი საავადმყოფოში გადასაყვანი რომ გახდეს, არ გადაიყვანენ პირადობის მოწმობის უქონლობის გამო. ეს ბავშვები არც  „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით"  სარგებლობენ. ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ამ რეკომენდაციებზე გამოხმაურება უკვე გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარლამენტში მიმდინარეობს განხილვები ახალ კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც, ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება უფრო გაადვილდება. როგორც წესი, ეს პროცესი დიდ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული.



ასევე ჩვენი რეკომენდაციების შემდეგ საპატრიარქოს ბავშვთა სახლში და ჩვილ ბავშვთა სახლში შევიდა მონიტორინგი, რომელმაც კვლევა უკვე დადო.



-როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ?

 


-ასეთი ბავშვების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ძირითადად, იმით ვკმაყოფილდებით, რომ მცირეოდენი თანხით ვეხმარებით. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რასაც ჩვენ ამ ბავშვებს ვუკეთებთ. არცერთი ბავშვი შეგროვილ თანხას თვითონ არ მოიხმარს. შორიახლოს მას ყოველთვის ელოდება  უფროსი, მშობელი ან ზედამხედველი. ყველაზე უარეს შემთხვევაში, ვიღაცას ჰყავს ბავშვი დაქირავებული. მას ყოველთვის ზედამხედველისთვის მიაქვს ხურდა, რომელიც  თანხას თვითონ მოიხმარს.



- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ბავშვს ხედავს?

 

 

- თუ გვინდა, რომ მართლა დავეხმაროთ, უმჯობესია, ვუყიდოთ საჭმელი. მე ყოველთვის ვეკითხები, რა სჭირდებათ. შეიძლება, გთხოვონ რაიმე საკვები ან ტანსაცმელი.



საზოგადოების დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მაგალითად, არავინ იცის, რომ არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 1505. როდესაც ქუჩაში დაინახავთ, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ, ამ ნომერზე დარეკოთ, შესაბამისი ჯგუფი ბავშვს დახმარებას აღმოუჩენს და დღის ცენტრში გადაიყვანს.



-ვისი პრობლემაა  ქუჩაში მცხოვრები ბავშვები - საზოგადოების თუ ხელისუფლების?

 

 

- ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების პრობლემაა. ხელისუფლებამ უნდა შეუქმნას ისეთი გარემო მშობელსაც და ბავშვსაც, რომ მშობელმა შვილი ქუჩაში არ გაუშვას.



-რა ღონისძიებებს გულისხმობს თქვენი ახალი პროექტი „უხილავი ბავშვები"?

 

 

- პროექტი „უხილავი ბავშვები" ხორციელდება ჩვენი ორგანიზაციის მიერ აშშ-ის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში რადიო „ცხელ შოკოლადზე"  24 რადიოგადაცემა გავა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემების  შესახებ. ასევე დაგეგმილია 26-წუთიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება „ჩემი დღიურები", რომელიც ქუჩაში მცხოვრები რამდენიმე ბავშვის შესახებ მოგვითხრობს, როგორია მათი ჩვეულებრივი დღე.

პროექტის სახელწოდება „უხილავი ბავშვები" რეალური სიტუაციიდან გამომდინარეობს.  ისინი დადიან, მოძრაობენ, საზოგადოება ყოველდღე ხედავს, მაგრამ თითქოს არ არსებობენ. სახელმწიფოს მხრიდან მათი იდენტიფიკაცია არ ხდება. ეს ბავშვები არცერთ სოციალურ პაკეტს არ იღებენ. ელემენტარულად, შეიძლება, სახელითაც ვერ მიმართო.



-როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრას?

 

 

-წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი კეთდებოდა. წინა ხელისუფლების დროს საერთოდ არც კი აღიარებდნენ, რომ ქუჩაში ბავშვები არსებობდნენ. ახლა დაიძრა ეს თემა, ვაღიარეთ, რომ გვაქვს პრობლემა, მუშაობს ხელისუფლება და ვფიქრობ, თუ გაითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს,  კონკრეტულ მაგალითებს, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016