reportiori.ge - უბელადო ქვეყანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
უბელადო ქვეყანა
ავტორი:
18 ოქტომბერი, 2014. 15:52


საიდუმლო, რომელსაც ოჯახი საუკუნეზე მეტ ხანს არ ამხელდა

 

ამთავითვე გეტყვით: ქალბატონ შუქურა თალაკვაძის ბებიის ალექსანდრა ლუკაშვილის ოჯახის თვალწინ იზრდებოდა გორელი ბიჭი სოსო ჯუღაშვილი - მომავალი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რომლის სახელის ხსენებაზე მსოფლიოს აზანზარებდა.

 

ეს ერთი.

 

მეორე: ქალბატონ შუქურას მონათხრობი პირველად ქვეყნდება. საუკუნეზე მეტია, ოჯახის წევრებს არსად, არავისთან სიტყვა არ წამოსცდენიათ სოსო ჯუღაშვილის შესახებ. რატომ? ამაზე - ქვემოთ.


და მესამე: დაბეჯითებით ვთხოვ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ნუ დაკარგავს თავის ძვირფას დროს ამ პუბლიკაციის წასაკითხად, რადგან იგი (ეს წერილი) მისი „პრინციპის" რადიკალურად საწინააღმდეგო მუხტის შემცველია.

 

გაგახსენებთ: ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში გამართულ პრესკონფერენციაზე მისთვის დასმული შეკითხვის პასუხად მან ცინიკური აპლომბით განაცხადა, რომ მზად არის წავიდეს მოსკოვშიც და სხვა ნებისმიერ ქალაქში, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები განიხილება და არა, მაგალითად, სტალინის ბავშვობა.


ამ წერილში სწორედ სტალინის ბავშვობაზეა ლაპარაკი, და - ნუ მოცდება! დაზოგოს დრო, რომელიც ასე სჭირდება პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის გასარკვევად და დასალაგებლად.


დრო, რომელიც უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე გაცვეთილი დებულების აჩემება - დრო ფულია.

 

დავიბანოთ ხელი, ჩამოვიცილოთ ეს ფასდადებული ჭუჭყი და ვთქვათ სათქმელი.

 

ქალბატონ შუქურას ბაბუა ნიკიტა თალაკვაძე მღვდელი იყო - გამორჩეული სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.


- ნიკიტა თალაკვაძის მამა - მალაქია მედავითნე იყო, - ყვება ქალბატონი შუქურა, - იმ დროს არსებული წესის თანახმად სასულიერო პირების შვილებს უფასოდ სწავლების უფლება ეძლეოდათ. მალაქიას შვილებმა ისარგებლეს ამ უფლებით და ყველამ უმაღლესი განათლება მიიღო. უფროსი ძმა პოლიტიკას გაჰყვა, რევოლუციონერი გახდა. მონაწილეობდა რსდმპ დამფუძნებელი ყრილობის (მინსკი, 1898 წლის 1-3 მარტი) მუშაობაში. სამწუხაროდ, ავად გახდა, ფილტვების ანთება დაემართა და გზაში გარდაიცვალა.

 

ნიკიტა თალაკვაძემ ცოლად ითხოვა რუსეთის ჯარის გორში განლაგებული პოლკის კაპელანის ზაქარია ლუკაშვილის ქალიშვილი - ალექსანდრა ლუკაშვილი.

 

კაპელანის ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. ლუკაშვილებთან ხშირად დადიოდა ეკატერინე გელაძე, ბესარიონ ჯუღაშვილის ცოლი, სოსოს დედა, და საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.


- ბებია ალექსანდრას შინაურები საშას ვეძახდით, - განაგრძობს ქალბატონი შუქურა, - ზოგჯერ იგი იხსენებდა კეკეს შვილთან - სოსო ჯუღაშვილთან ურთიერთობის დეტალებს, გვიყვებოდა და ყოველთვის ერთი და იმავე თხოვნით ამთავრებდა: არავის უთხრათ, ხმა არ ამოიღოთ, იმის ყურამდე არ მიაღწიოსო.

 

ეშინოდა.

 

არცთუ უსაფუძვლოდ: საბჭოთა წყობილების პერიოდში ქვეყნის ხელმძღვანელების (უპირველესად, - სტალინის) პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება „რეკომენდებული არ იყო".

 

არც არავინ რისკავდა ამ „რეკომენდაციის" იგნორირებას.


ზაქარია ლუკაშვილის ოჯახი კაცთმოყვარეობით, ადამიანებისადმი თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. უყვარდათ კეკეც და იგიც ასეთივე სიყვარულითა და პატივისცემით უპასუხებდა, კეთილი გულის ადამიანი იყო.


მის ვაჟს, სოსოს განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. საშა ბებია იგონებდა, როგორ მოდიოდა სოსო მათთან, მაგრამ კარის ზღურბლს არასოდეს გადმოაბიჯებდა. რამდენჯერ უთხოვიათ, შინ შემოდიო, უარით უპასუხებდა და დედას ყოველთვის ქუჩაში ელოდებოდა.


სადილად მიიპატიჟებდნენ, საუზმეზე... არა და არაო.


ტყიურის ხასიათი ჰქონდა, - ამბობდა ბებია, - ალბათ, თავმოყვარეობა არ აძლევდა უფლებას, ვინმესგან დავალებული ყოფილიყო, - უმატებს ქალბატონი შუქურა, - ამიტომაც მის ტოლ ბავშვებს „ვოლკი" შეურქმევიათ, მგელი.


ბებიაჩემის ძმები სოსოს ტოლები იყვნენ, ერთი-ორი წლის სხვაობით. თავიანთ ტანსაცმელს კეკეს ხელით ხშირად უგზავნიდნენ სოსოს. მაგრამ ის ტანსაცმელი სოსოს ოდესმე ჩაეცვა, არავის უნახავს. ზამთარ-ზაფხულ ერთადერთ გაქათქათებულ-გაუთოებულ თეთრ ხალათში დადიოდა.


სოსო ძირითადად თავისი წრის ბიჭებთან ურთიერთობდა, მაგრამ არც ლუკაშვილების ოჯახის ბავშვებთან კონტაქტზე ამბობდა უარს - ქუჩის პირას ჩამომსხდარ თანატოლებთანაც დამჯდარა და წაკითხული წიგნებით მიღებულ შთაბეჭდილებაზეც ულაპარაკია.


ქამარში გარჭობილი წიგნებით დადიოდა ყოველთვის. კითხულობდა ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებოდა. საოცარი მეხსიერებით ყოფილა გამორჩეული.


ერთხელ ბავშვების წრეში ისეთი რამ უთქვამს, რომელიც ბებიაჩემს მთელი ცხოვრების მანძილზე დახსომებია და ჩვენ, შვილიშვილებს ჩურჩულით გვიყვებოდა.

 

და ქალბატონმა შუქურამ გაიმეორა ბებიის მიერ ჩურჩულით მონაყოლი ამბავი, რომელიც მას შემდეგ განვლილი ისტორიით თუ შევაფასებთ, საკრალური მნიშვნეობით დამუხტული აღმოჩნდება, წინასწარმეტყველების ელფერდაკრული.


- ერთხელ, ყვებოდა საშა ბებია, ბავშვები ჩვეულებისამებრ სახლის წინ რომ ვისხედით, მოვიდა სოსო. თავიდან ჩვენს საუბარში არ ჩარეულა, მაგრამ შემდეგ, როცა წაკითხულ ლიტერატურაზე დავიწყეთ ლაპარაკი, სიტყვა აიღო და თქვა:


- ნაპოლეონი ხომ გაგიგიათ?


ჩვენ ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, გაგვიგია და წაგვიკითხავს კიდეც.


მაშინ ნეკა თითი ასწია და გვითხრა:


- ხომ ხედავთ ამ ნეკა თითს?


ვხედავდით.


გავა დრო და ჩემთან შედარებით ნაპოლეონ ბონაპარტი ამ ნეკის ხელაც არ გამოჩნდება.


გასცინებიათ მაშინ ბავშვებს, ხუმრობად ჩაუთვლიათ.

 

ადვილი ასახსნელია ყმაწვილ სოსო ჯუღაშვილის ეს განცხადება.

 

ჯერ ერთი, მაშინ (და შემდეგაც - საუკუნეთა გასაყარზე განსაკუთრებით) განათლებული ახალგაზრდობა ისე იყო ლიტერატურით გატაცებული, რომ თავიანთ მომავალს ისტორიული პიროვნებების თუ მხატვრული ნაწარმოებების გმირთა ცხოვრების ანალოგიურს წარმოიდგენდნენ.

 

რევოლუციური რომანტიზმით იყო დამუხტული ის თაობა.

 

არც სოსო ჯუღაშვილი, არც მისი თანატოლები გამონაკლისები არ იყვნენ.

 

ყმაწვილ სოსოს, უნდა ვიფიქროთ, ნაპოლეონის იმპერატორობა, ქვეყნის მეუფება კი არ ხიბლავდა, არამედ ის გმირული საწყისი, თავდადება, ის დაუოკებელი მისწრაფება, ცოდნა და გაქანება, რის წყალობითაც შეძლო კორსიკელმა ახალგაზრდა კაცმა საფრანგეთის ისტორიის მდინარების ახალი კალაპოტით წარმართვა, ახალ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა და განმტკიცება.

 

წლების შემდეგ უთუოდ ასეთი გატაცების, ასეთი რევოლუციური რომანტიზმის გავლენით შეარჩია ახალგაზრდა რევოლუციონერმა სოსო ჯუღაშვილმა თავისი პარტიული ფსევდონიმი - კობა. ეს ცნობილი და მისი ბიოგრაფების მიერ კარგად ახსნილი ფაქტია. შეარჩია და შერჩა, რის დადასტურებასაც იპოვით თუნდაც მემუარულ ლიტერატურაში: კლიმენტ ვოროშილოვი სწორედ ამ მეტსახელით მიმართავდა უკვე ხალხის ბელადად აღიარებულ, პარტიის გენერალურ მდივანს, უზარმაზარი იმპერიის მმართველს იოსებ სტალინს - კობა!

 

პოლიტბიუროს წევრებიდან სხვა ვერავინ ბედავდა სტალინთან ასე „გაშინაურებას".


ქალბატონ შუქურას ერთ-ერთ გაზეთში რამდენიმე წლის წინათ ამოუკითხავს, რომ ალექსი კოსიგინთან, შემდგომში საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც სტალინის დაწინაურებული იყო, „ვერტუშკით" - სამთავრობო ხაზით - დაურეკავს იოსებ ბესარიონის ძეს.


კოსიგინი ადგილზე არ ყოფილა, ყურმილი მის თანაშემწეს აუღია და წესისამებრ უპასუხია, რომ უსმენს თანაშემწე ლუკაშვილი.


პაუზა.


შემდეგ კი სტალინის დამახასიათებელი ყრუ ხმით შეკითხვა:


- ლუკაშვილი... იზ გორი?


კოსიგინის თანაშემწეს დაუდასტურებია - დიახ, გორიდან ვარო.


კვლავ პაუზა... ბელადს, ეტყობა, თავისი სიყმაწვილის წლებმა გაურბინა თვალწინ და - ტელეფონის წყვეტილი ზუმერი - სტალინმა ყურმილი დაკიდა.


ის ლუკაშვილი - ერეკლე, საშა ბებიის ერთ-ერთი ძმის ვაჟი იყოო, - დაასრულა საუბარი ქალბატონმა შუქურა თალაკვაძემ.


არმაზ სანებლიძე

 

სურათზე: ალექსანდრა ლუკაშვილი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016