შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად, დღეს, რუსთავში ,,რუსთავქალაქობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან განახლდა. რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს, დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სახის გასართობ, სპორტულ, კულტურულ ღონისძიებებსა და კონცერტებს დასწრებოდნენ, ცენტრალურ მოედანზე ფუნქციონირებდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოედანზე გამოიფინა რუსთავის მუზეუმში დაცული ისტორიული ექსპონატები, მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ცენტრალურ მოედანზე გაიმართა ,,შემოდგომის ფესტივალი", სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეებისა და რუსთავთან დაძმობილებული ქალაქების ფოლკლორი წარმოადგინეს. ჩატარდა ანსამბლ ,,თუთარჩელას" კონცერტი და საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონია.
საპატიო რუსთაველები წელს რუსთველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი, მოხუცთა თავშესაფარ ,,ქსენონის" დირექტორი მალხაზ კვინიკაძე, მეტალურგი გელა ბიწაძე, ფეხბურთელი კახი ცხადაძე, პედიატრი ნინო კიკილაშვილი, კომპოზიტორი რევაზ ჩიტიშვილი და ბიზნესმენი ნუკრი კოხრეიძე გახდნენ. საპატიო რუსთაველები რუსათვის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ დააჯილდოეს. დაჯილდოების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და პარლამენტის სხვა წევრები დაესწრნენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა როკ-ჯგუფ ,,იმედის", ,,დესპანის", ,,მგზავრებისა" და ,,მეტეხის" კონცერტები."
,,რუსთავქალაქობა 2014" გვიან ღამით გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებების ორგანიზატორი ქალაქ რუსთავის მერიაა.