„ქრონიკას" ესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე:
- ცნობილი გახდა, რომ გიორგი ტუღუში 2013 წელს ევროსაბჭოში იქნა გაგზავნილი. საქართველოს სახელით შტატიან თანამშრომლად „დისკრიმინაციისა და წამების შესახებ" კომიტეტში. ეს ადამიანი სააკაშვილის დროსაც იყო ევროსაბჭოში მივლინებული, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ გაუგრძელა მანდატი. ჩვენ მოვისმინეთ დადასტურება თავად ტუღუშისგან, რომ დიახ, მე ნამდვილად გამიშვეს ევროსაბჭოში აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს სახელით, მაგრამ მე საქართველოს საკითხებზე არ ვმუშაობ და ჩემი ქვეყნის საქმეებში არ ვერევიო. ამით, როგორც ჩანს, თავი იმართლა, რომ არავის არანაირ ინფორმაციას იქიდან არ ვაწვდიო, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა, რომ საქართველოდან სწორედ ეს ადამიანი გაუშვეს ასეთ სერიოზულ უწყებაში? ეს გიორგი ტუღუში, რომელიცარის ნაციონალური გუნდის წევრი, არის დღენიადაგ ამ ახალი ხელისუფლების მაკრიტიკებელი და ისეთი ინფორმაციის მიმწოდებელი, რომელიც ძირგამომთხრელი იყო ყოველთვის ხელისუფლებისთვის, რა ხდება? თუკი ღალატი არ არის, მაშინ რით უნდა აიხსნას ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება? ასევე, არის ინფორმაცია, რომ სხვადასხვა უწყებებში არიან ახალაიას მეგობრები, „ნაციონალებთან" დაახლოებული პირები, რომლებიც იქ მუშაობენ არა ჩვენი ხელისუფლების განმტკიცებისთვის, არამედ, პირიქით, ნაციონალების პოზიციების განმტკიცებაზე და ჩემთვის სრული ნონსენსია, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საკითხზე მუშაობს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც არის ბრიუსელში და ის აწვდის იქიდან ინფორმაციას საელჩოებს. კითხვა მაქვს: გასაგებია, რომ ფოფხაძე პროფესიონალია, მაგრამ ის ჟურნალისტია და ამ საკითხებზე არ უნდა იმუშაოს ხელისუფლებამაც? კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ მერაბიშვილისა და ახალაიას მიმართ ხდება პოლიტიკური დევნა და, დალოცვილებო, აგერ დაიდო ნივთმტკიცებებით სავსე დასკვნა,რომ ამ ადამიანებს მოუძღვით დანაშაული, იგივე ვანოსა და ახალაიებს, რომ ამ ძმებმა ახალაიებმა სამი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, 17-22 წლამდე ბიჭები და როცა ასეთი დასაბუთებული მტკიცებულებები და მასალები გვაქვს, არ შეიძლება, ეს ხელისუფლებამ გადააგზავნოს ევროსაბჭოში?
- არ სცალიათ!
- რას მოიცლიან, დღეს ისინი პიკნიკებით არიან დაკავებულნი და სხვადასხვა დიპკორპუსის წარმომადგენლები რესტორნებში მწვადებზე დაჰყავთ და რა ჰგონიათ, რომ ამით სიტუაციას განმუხტავენ? ჩემი აზრით, სახეზეა აშკარად ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ნიშნები! აბა, სხვა რით უნდა აიხსნას ალასანიას მიერ ჩემთვის გაუგებარი პარტიის ხელმძღვანელად დანიშვნა, რადგანაც იცის, რომ მინისტრობიდან გაუშვებენ, და ამ პარტიას იმისთვის ამზადებს, რომ რეალურად დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს და ამ პოზიციებს კი მას უმაგრებს ცოლისდა ფანჯიკიძე? ალასანიას დიდი ხანია, დაწყებული აქვს პიარკამპანია საამისოდ: გაგახსენებთ იმ ვიდეოს, სადაც ირაკლი ალასანია დგას და სიტყვას ამბობს და უკან, ვითომ შემთხვევით, მისი ჯარისკაცი შვილი გაივლის, რომელსაც დედა გადაეხვევა და მიეფერება. დამეთანხმეთ, ძალიან ადამიანური და გულისამაჩუყებელი კადრებია და ეს მის სწორად და კარგად გათვლილ პიარს უკავშირდება, თუმცა, ფრთხილად უნდა იყოს ალასანია და არ გადაამეტოს, რადგანაც ერთხელ უკვე მოუვიდა შეცდომა მეტისმეტ პიარში, როცა ის ბიძინას პრეზიდენტად უნდოდა. ფანჯიკიძეზე გამახსენდა, დამიჯერეთ, არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში, რომ ერთი საგარეო უწყების ორი დიპლომატი ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ესენი არიან ზურაბ აბაშიძე და თედო ჯაფარიძე. როცა შენს უწყებაში ვერ დაალაგებ სიტუაციას, ამით ხელისუფლებას გარკვეული დისონანსი ექმნება და ამას აუცილებლად გამოიყენებს მოპირისპირე ძალა. ჩემი ინფორმაციით, „ნაციონალები" უახლოეს პერიოდში სერიოზულ შეტევას ამზადებენ და დააკვირდით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა უგულავა და განაცხადა, რომ კოალიციის შიგნით დაიწყეს უკვე ბრძოლა ღარიბაშვილის წინააღმდეგო. ცნობილია, რომ მოდის სერიოზული ფული და ტყუილად არ არის ნათქვამი, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო: ფულით გადაბირება მოხდება მასმედიის წარმომადგენლების, ასევე არასამთავრობოების, ექსპერტების და დამიჯერეთ, „ნაციონალები" ყიდულობენ ყველას, ვინც მომავალში დასჭირდებათ, რათა მომავალში დაიწყონ აქტიური მომქედებები, ამიტომ ხელისუფლებას ვაფრთხილებ და უკვე მერამდენეჯერ, მაგრამ ამ ხელისუფლებამაც რამე ხომ უნდა იღონოს? ყველა ვხედავთ, რომ სიმსივნეა მოსაცილებელი და რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი, რასაც არავინ აკეთებს. როდემდე შეიძლება მიშვება სიტუაციის? გვაქვს ინფორმაცია, რომ სულ ახლო ხანში კიდევ შეიქმნება რამდენიმე არასამთვრობო ორგანიზაცია, რომელიც ნაციონალების ინტერესს გაატარებს და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას, ამაში ჩართულები იქნებიან დიპლომატები, რომლებიც ასევე მუშაობენ ნაციონალებზე.
- წეღან თქვით, კი, ვლაპარაკობთ, მაგრამ მთქმელს გამგონი უნდაო და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ კონკრეტულად?
- თუკი ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, იგივე საკადრო პოლიტიკაში მინისტრებთან დაკავშირებით, არ გაატარებს ღონისძიებებს, რაც დაანახებს საზოგადოებას, რომ ისინი ზედმეტ ხალხს მოიშორებენ, უარესს მივიღებთ.
- რაზე ხართ ასე გაბრაზებული?
- მერაბმეტრეველთან ეთერში სამი დღის წინ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ის თავსმოხვეული კოჰაბიტაცია, რაზეც ამდენი ხანია ლაპარაკობს ჩვენი საზოგადოება, სულაც ხალხის შეკვეთა იყო, ეს თურმე ხალხს უნდოდა და ხმამაღლა ვაცხადებ: ესაა სულში ჩაფურთხება იმ ხალხისათვის, ქუჩებში თვეობით რომ იდგა და 9 წლის მანძილზე გაიარა უსასტიკესი რეპრესიები და ზოგადად, ესაა ზურგში ლახვრის ჩარტყმა ჩვენთვის. რა მაინტერესებს, იცით, ასეთი განცხადებისთვის პასუხი ამას არ უნდა მოვთხოვოთ? ეს ადამიანი უკვე ღიად არ მალავს თავის კონფრონტაციულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, თუ ხარ გუნდის წევრი, იყავი! კი, ბატონო, შესაძლოა, გუნდი არ მოგწონს, მაგრამ რახან 30 %-მა მისცა ხმა ნაციონალებს, გამოდის, რომ ის 30 %-ია უპირატესი უმრავლესობაზე? წარმოგიდგენიათ, რას კადრულობს ხალხი? თავის დროზე ვთქვი, რომ ნეტა, ეს ნულპროცენტიანი პარტიები რის გამკეთებლები იქნებოდნენ, ივანიშვილს რომ არ მოეყვანათ ისინი-მეთქი? არაფრის, ნაფტალინში ჩაიხრჩობოდნენ.
- სხვათა შორის, ხიდაშელის ამ ფრაზას ძალიან ნეგატიური გამოძახილი მოჰყვა სოციალურ ქსელში.
- ამ ფონის ერთადერთ გაწონასწორებას ახდენს უსუფაშვილი, როცა არასოდეს აძლევს თავს უფლებას, რომ ასეთი მკვეთრი განცხადებები გააკეთოს. როცა ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ, თუ ნაციონალებს მოვკვეთთ და პოლიტიკიდან გავუშვებთ სააკაშვილს, დემოკრატიის მეოთხე კლასიდან მეორეში ჩამოვალთო, მეტი რა უნდა გაგვიკვირდეს? ძალიან თანავუგრძნობ ღარიბაშვილს, რადგანაც მას დაუსვეს ნაციონალი პრეზიდენტი და მოღალატე გუნდი კოალიციაში! მაგრამ ამ ხალხის მკვეთრად ჩახსნა იოლი არ არის, რადგანაც ეს სერიოზულ პოლიტიკურ რყევებს გამოიწვევს და ამიტომ ხდება,რომ ერთიანი გუნდიდან გამოდიან წევრები და აცხადებენ, რომ ნაციონალებთან ვიყოთო. ამ დეებში იყო ასეთი მესიჯი: რომ ჩვენ, ნაციონალები, ვერ მოვბრუნდებით, რადგანაც უკვე სახელგატეხილი ვართ, ამიტომ რამდენიმე პარტია გაერთიანდება, მათ დაემატებიან საზოგადოებისთვის ცნობილი ექსპერტები, რომლებსაც დღე და ღამე აპიარებენ ნაციონალებთან დაახლოებული ტელევიზიები და ისინი შექმნიან კოალიციას და დაარტყამენ ხელისუფლებას. ამიტომ, რომ ვამბობ, ფული შემოდის-მეთქი, თუ ეს ფული შემოდის კონსტიტუციური წყობილების დასამხობად, ეს ხალხი პასუხისგებაში არ უნდა იყოს მიცემული? სირცხვილია, როცა სასამართლოს თავმჯდომარე ჩინჩალაძის უახლოესი მეგობრები ისეთ სტრუქტურებში არიან, საიდანაც ინფორმაციები ჟონავს. არადა, სწორედ ამ სტრუქტურებს ავალია სამართლიანობის აღდგენა და სირცხვილია, როცა წულუკიანი ლაპარაკობს სასამართლო რეფორმაზე, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები უშიშროებისა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, აქ საერთოდ გული გაგისკდება, ისეთი პროცესები მიდის: ჯარში შეიარაღებული ნაწილის ხელმძღვანელები არიან ნაციონალები და ვინმემ რომ უთხრას ამ ხალხს, დაიძარით და ეს მთავრობა ჩამოაგდეთო, თვალს არ დაახამხამებენ, რადგანაც, ჩემი ინფორმაციით, ამ ხელისუფლების მიმართ მტრული განწყობა უფრო რომ გააღვივონ, დღეს მიდის ჯარში დაჯარიმებები, საჯარისო ნაწილებიდან ჰაუპტვახტის ცნება ამოიღეს საერთოდ და ჯარისკაცების გულისწყრომა რომ გამოიწვიონ, მათ თანხის 40-50 %-ით აჯარიმებენ სახელფასო განაკვეთიდან.
- დამისახელეთ კონკრეტულ „ნაციონალებს", ვინც ჯარს ხელმძღვანელობენ?
- ამის შესახებ ამ კვირაში მექნება პრესკონფერენცია და გპირდებით, ამ ადამიანების შესახებ პირველად თქვენს გაზეთს ვეტყვი. ჯერ ეს ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდეთ და გვარებსაც უახლოეს ხანში მოგაწვდით...
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"