reportiori.ge - კაცი, რომელიც მერაბ კოსტავას დაღუპვას შეესწრო, კვლავ ლეგენდარულ შავ ძაღლს თუ ხბოს ახსენებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 15:07
პრეს-დაიჯესტი
კაცი, რომელიც მერაბ კოსტავას დაღუპვას შეესწრო, კვლავ ლეგენდარულ შავ ძაღლს თუ ხბოს ახსენებს!
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2014. 21:41

 

 

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების გარემოებაზე გამოძიების დაწყებას, რომელიც „ასავალ-დასავალის" წინა ნომერში უფლებადამცველმა გიორგი კერვალიშვილმა გააჟღერა, გამოხმაურება მოჰყვა. გამოჩნდა მოწმე, რომელიც ტრაგედიას უშუალოდ შეესწრო და თავადაც დაზარალდა. წითელი ფერის „011" მარკის „ჟიგულს" ზედ სახურავზე დაეცა თეთრი „ნივა", რომელშიც მერაბ კოსტავა, თამარ ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძე ისხდნენ. იმ წითელ „ჟიგულში" კი, დავით ყველიაშვილი იჯდა, რომელიც ახლა 56 წლისაა და 25 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს:


- სოფელ ბორითთან, სადაც 1989 წლის 13 სექტემბერს ეს ტრაგედია მოხდა, მკვეთრი, სახიფათო მოსახვევია. გზის ერთ მხარეს ფლატეა, ხევი. ქვემოთ მდინარე მიედინება. მეორე მხარეს კი, კლდეა. მე და ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობარი ავთო აბრამაშვილი წითელი „ჟიგულით" დასავლეთის მიმართულებით მივდიოდით, ხოლო რძისფერი „ნივა", რომელშიც მერაბ კოსტავა იმყოფებოდა, ჩვენს საპირისპიროდ მოემართებოდა. იმ საბედისწერო მოსახვევში „ნივა" დიდი სიჩქარით შემოვარდა. ზუსტად ამ დროს გზაზე შავმა ძაღლმა გადაირბინა. „ნივის" მძღოლმა მკვეთრი მოძრაობით ააცილა ცხოველს მანქანა, თუმცა, სისწრაფის გამო მართვის კონტროლი დაკარგა. მანქანა მოსრიალდა, ამოყირავდა, 1-2 ბრუნი გააკეთა და ჩვენს „ჟიგულს" ზედ სახურავზე დაეცა! ჩვენი მანქანის სახურავი საშინლად დაიჭეჭყა, წინა საქარე მინა მომენტალურად ჩაიმსხვრა. მე და ჩემმა მეგობარმა გონება დავკარგეთ.


- ბატონო დავით, საზოგადოება ბევრს საუბრობს ვირტუალურ ხბოზე, რომელმაც „ნივას" გადაურბინა... თქვენ კი, ძაღლი ახსენეთ. გადარჩა ის ძაღლი?

 

- კი გადარჩა. თავიდან ხბო გვეგონა. მერე აღმოჩნდა, რომ ძაღლი ყოფილა. გონს რომ მოვედით, მერე მივხვდით, რომ ძაღლი იყო...


- „ჟიგულის" საჭესთან თქვენ იჯექით?

 

- არა. წითელი „ჟიგული" ჩემს მეგობარს ავთო აბრამაშვილს ეკუთვნოდა. საჭესთან თავად იჯდა. ავთო ჩემზე 12 წლით იყო უფროსი, მაგრამ ასაკობრივი სხვაობა ჩვენს მეგობრობას ხელს არ უშლიდა. ავთოს ჩქარი სიარული არ უყვარდა. მუდამ ნელა და დინჯად მგზავრობდა. არც იმ დღეს მოუმატებია სიჩქარისთვის, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევა მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან. ავარიის შედეგად ჩვენი მანქანა კლდისკენ გადავარდა.


- ბორითთან როგორ მოხვდით, ან საით ეშურებოდით?

 

- როცა ეს ამბავი მოხდა, მე და ავთო მაშინაც ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში ვცხოვრობდით. წაბლის სეზონი ახლოვდებოდა. გადავწყვიტეთ, სოფელ სათაფლიაში, რომელიც შროშის სიახლოვესაა, წაბლისთვის დაგვეხედა და თუ მწიფე იყო, დაგვეკრიფა კიდეც. სათანადოდ გამოვეწყვეთ. ორივემ მაღალი ჩექმები ჩავიცვით და დანიშნულების ადგილისკენ გავემართეთ. გზაზე კი, ეს ამბავი შეგვემთხვა.


- ბატონო დავით, მითხარით, რომ გონება თქვენც დაკარგეთ და ავთომაც... ცნობიერება სად და რა ვითარებაში დაგიბრუნდათ?

 

- მე მალევე მოვედი გონებაზე. ისევ მანქანაში, ჩემს სკამზე ვიჯექი. ჩვენს სახურავზე ჯერაც ეგდო ამოყირავებული „ნივა". ავთო ისევ უგონოდ იყო. თავი საჭეზე ჰქონდა მიდებული, სახიდან და ყურებიდან სისხლი სდიოდა. ვცადე, გონს მომეყვანა - ვანჯღრევდი, ვუყვიროდი, მაგრამ ამაოდ...


- თქვენც მძიმე ტრავმები გქონდათ?

 

- არა, მე შედარებით იოლად გადავრჩი. მკერდი მტკიოდა, დაბეჟილი ვიყავი და გახეთქილი თავიდან სისხლი მდიოდა. თუმცა, ტვინის შერყევაც არ მქონია.


- კარგით. მერე რა მოხდა? მშველელი გამოჩნდა ვინმე?

 

- ქვემოთ ვულკანიზაცია იყო. ეტყობა, ავარიის ხმა გაიგეს და ბიჭები ამოცვივდნენ. მეც ვაი-ვაგლახით ამოვძვერი დაჭყლეტილი „ჟიგულიდან" და მერე ერთობლივი ძალებით ჩვენი მანქანის სახურავიდან „ნივა" გვერდზე გადავაბრუნეთ. „ნივიდან" პირველად გოგონა გამოძვრა, სულ დასისხლიანებული იყო. მერე გავიგეთ, რომ საჭესთან მჯდარა. ის თამარ ჩხეიძე აღმოჩნდა. მის გვერდით მერაბ კოსტავა იჯდა, უკანა სავარძელზე კი - ზურაბ ჭავჭავაძე. არცერთი გონებაზე არ იყო.


- „ნივაში" რომ მერაბ კოსტავა იყო, როგორ გაიგეთ?

 

- ექიმებმა თქვეს.


- ექიმები ვინ იყვნენ? ასე სწრაფად იქ როგორ გაჩნდნენ?

 

- იქვე მახლობლად, პატარა სამედიცინო პუნქტი ყოფილა და სწორედ იქიდან მოსულან თეთრხალათიანები. ზუსტად რამდენ ხანში მოვიდნენ, ვერ გეტყვით, აღარ მახსოვს. მეც ხომ ტრავმირებული და დაბნეული ვიყავი. თან, ავთოს ვასულიერებდი. ერთი შემიძლია, გითხრათ, რომ მალევე მოვიდნენ. მერაბ კოსტავას და ზურაბ ჭავჭავაძეს დატრიალებდნენ თავს. მე ვეძახდი, ვუყვიროდი, ამასაც (ჩემს მეგობარ ავთოს) მიხედეთ, კვდება კაცი-მეთქი. ერთი კი მითხრეს, მაგას არაფერი უჭირსო და ისევ „ნივაში" მყოფ დაშავებულებს მიუბრუნდნენ. გამწარებულმა, გზაზე გამვლელი მანქანა, თეთრი ფერის „06" მარკის „ჟიგული" გავაჩერე, ცოცხალ-მკვდარი ავთო ჩავისვი და სურამის საავადმყოფოსკენ წავიყვანეთ. მერე, ავთოს სახლში გავიქეცი და მისი ახლობლები ჩამოვიყვანე სურამში.


- ავთო აბრამაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა?

 

- არა, ავთო მაშინ გადარჩა და იმ დღის შემდეგ რამდენიმე წელი იცოცხლა. ტრავმები კი აწუხებდა. კისრის მალები ჰქონდა დაზიანებული და იტკიებდა ხოლმე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ტრავმებმა იმსხვერპლა, ჩავარდნილიც არ ყოფილა. შემთხვევის შემდეგ დადიოდა, შრომობდა. ახლა მის ოჯახში არავინ არის. ცოლიც გარდაიცვალა.


- როცა ავთო საავადმყოფოში იმყოფებოდა, ვინმემ მოგაკითხათ? ყურადღება მოგაქციათ?

 

- იმავე დღეს, 13 ოქტომბერს, მაღალი კაცი მოვიდა. შოთა ნათენაძედ გაგვეცნო, თამრიკო ჩხეიძის მოადგილე ვარო, გვითხრა და მოგვიკითხა.


- მატერიალურად დაგეხმარათ?

 

- მე არა. ავთოს ოჯახის წევრებს კი, რაღაც თანხა მისცეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც საკუთარი ფულით მოუწია მკურნალობა. მერე, „ქართულ ფილმში" დაგვიბარეს. შეგვპირდნენ - ახალ მანქანას მოგცემთო. 1 თვე გვაწვალეს, ბოლოს ცარიელი ძარა (ე.წ. „გოლიი კუზაო") მოგვცეს, კაპოტიც კი არ ჰქონდა ზედ. მანქანის ნაწილები იმ ძარაზე გადავაწყვეთ. ის მანქანა ავთომ მერე ბიძაშვილს მიყიდა. დღესაც არსებობს ის „ჟიგული", თუმცა, ვეღარ მოძრაობს, ამჟამინდელი პატრონის ეზოში დგას.


- ბატონო დავით, გამოძიებამ არ დაგკითხათ?

 

- როგორ არა. ვიღაც ჩხარტიშვილს ჰქონდა ეს საქმე. მეკითხებოდა, რა მოხდა და როგორ მოხდა ეს ამბავი, შემთხვევით იყო თუ სპეციალურად მოწყობილიო...


- თქვენ როგორ მიგაჩნიათ?

 

- რაც ჩემი თვალით ვნახე, უბედური შემთხვევა იყო. „ნივა" დიდი სისწრაფით შემოვარდა და მოსახვევში ამოყირავდა.


- ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, კოსტავას იცნობდით?

 

- არა, აბა საიდან? სოფელში ვარ  დღემუდამ, სად გავიცნობდი? მართალია, ეროვნულ მოძრაობას სოფელში ყველანი ვუჭერდით მხარს, მაგრამ აქციებზე არ გვივლია. მიწას ვამუშავებდი, საქონელს დავდევდი. სად მქონდა დრო! ახლაც ეგრე ვარ.


- თამარ ჩხეიძემ თუ ინახულა ავთო?

 

- ერთხელ იყო ჩამოსული. ავთოს ოჯახთან ცდილობდა შეხვედრას. მე ვუთხარი, არ გირჩევ ოჯახში შესვლას, კაცი მძიმედაა და მისმა მეუღლემ ცუდად არ მიგიღოს-მეთქი. მეკითხებოდა - ერთი მომიყევი, როგორ მოხდა ის ამბავიო. ვუპასუხე - აბა, მე რა ვიცი, საჭესთან შენ იჯექი და მე რას მეკითხები-მეთქი.

 

- ბატონო დავით, კარგად გაიხსენეთ, ექიმები რომ მოვიდნენ, მერაბ კოსტავა ცოცხალი იყო თუ არა?

 

- არ ვიცი, არ ვიცი... მგონი რომ მოვიდნენ, მერე თქვეს - მოკვდაო. იმ მომენტში მე საერთოდ არ ვიცოდი, მეორე მანქანაში ვინ იყვნენ და რა მდგომარეობაში. იმ მომენტში ავთო უფრო მედარდებოდა. თან, ჩემი პრობლემებიც მქონდა - თავიდან სისხლი მდიოდა. ამიტომ, ზუსტად ვერ გეტყვით, ექიმების მოსვლის მომენტში ცოცხალი იყო მერაბ კოსტავა თუ არა...


P. S. დავით ყველიაშვილთან ეს ინტერვიუ ტელეფონით ჩავიწერე. საუბრის ბოლოს, რესპონდენტს სურათი ვთხოვე. ვეხვეწე, ჩემი მეგობარი მახლობლად ცხოვრობს, საშუალება მიეცი, გადაგიღოს-მეთქი. ცივი უარი მტკიცა, უდროობა მოიმიზეზა და ტელეფონი გამითიშა.

ძვირფასო მკითხველო, არ ვიცი, რამდენად გულწრფელად მოყვა ჩემთან საუბარში დავით ყველიაშვილი მერაბის სიკვდილის დეტალების შესახებ. განსაკუთრებით სუსტად მისი ნაამბობი ძაღლის თუ ხბოს ეპიზოდში გამოიყურება. ერთი რამ კი ცხადია: თუ მერაბ კოსტავას სიკვდილის გარემოებების გამოძიება განახლდება, დავით ყველიაშვილის ჩვენების გარეშე შედეგი ვერ დადგება. სხვა საკითხია, გამოძიება მის ნაამბობს ერწმუნება თუ რადიკალურად განსხვავებულ დასკვნას შემოგვთავაზებს!

 

მოამზადა ზაზა დავითაიამ

გაზეთი „ასავალ-დაავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016