reportiori.ge - ,,მეორე არხზე’‘ ,,გამომძიებელი რეპორტიორი’‘ იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:59
პრეს-დაიჯესტი
,,მეორე არხზე’‘ ,,გამომძიებელი რეპორტიორი’‘ იწყება
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2014. 10:43


რატომ გადაწყვიტეს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში დაბრუნება და რას გამოიძიებენ ,,90-იანელი ჟურნალისტები"  

 

 

20 ოქტომბრიდან, ,,მეორე არხის'‘ ეთერში ,,გამომძიებელი რეპორტიორი'‘ იწყება. გადაცემა, რომელიც ეთერში ორ კვირაში ერთხელ, 21:30 საათზე გავა, საგამოძიებო ჟანრისაა და მასზე, ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, როგორც თავად ამბობენ _ ,,90-იანელი'‘ ჟურნალისტები მაია გოგოლაძე და ლია ტოკლიკიშვილი მუშაობენ. მომავალი სამი გადაცემისთვის თემა უკვე შერჩეულია. დეტალებზე ,,ვერსიას'‘ ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი ესაუბრება. 

 


_ სერიოზულ ჟურნალისტიკასთან ჩვენი პირველი შეხება აფხაზეთის ომს უკავშირდება, სადაც ჩემი მეგობრებიც იბრძოდნენ. მაშინ ჩვენთან ერთად გიორგი სანაიაც მუშაობდა. მახსოვს, მას, როგორც სოხუმელს, სოხუმში წასვლა დაავალეს. მეც თავი გამოვიდე, უნდა გავყვე-მეთქი... ომში ერთხელ თუ მოხვდი, ვერასოდეს მოშორდები. თავს ვალდებულად გრძნობ იქ მყოფ თითოეულ ადამიანთან _ ჯარისკაცთან, მოსახლეობასთან... აფხაზეთიდან ომის რეპორტაჟებს ვწერდი და დღემდე თავს ომის რეპორტიორად მივიჩნევ. 1 ოქტომბრის შემდეგ, როცა გაგრა დაეცა, მაია გოგოლაძესთან ერთად, რომელიც მაშინ ,,7 დღის'‘ ერთ-ერთი რედაქტორი იყო, გარკვევა გადავწყვიტეთ _ რატომ დაეცა გაგრა, რატომ დაიღუპა ამდენი ადამიანი, რატომ გამოასწრო ჯარმა მოსახლეობას ან რატომ არ ჩავიდა იქ მთავარსარდალი? პროფესიამ დაფარულ თემებთან იმდენი გვატრიალა, საგამოძიებო ჟურნალისტიკამდეც მივედით. შედეგად, საკმაოდ ბევრ გასაიდუმლოებულ საკითხს ფარდა ავხადეთ, რის გამოც ჩვენ წინააღმდეგ საქმეებიც აღძრეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვმუშაობდით, სამხედრო პროკურორმა და მისმა მოადგილეებმა ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყეს. ვამაყობ _ თუ საზოგადოებამ იცის, რა მოხდა აფხაზეთის ომში, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ჩვენი დამსახურებაცაა. საგამოძიებო ჟურნალისტიკასაც ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. 

 


_ რატომ გადაწყვიტეთ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში დაბრუნება და რას შესთავაზებთ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მაყურებელს? 

 


_ ჟურნალისტიკაში ეს მიმართულება ფეხზე უნდა დადგეს. როცა ,,მეორე არხზე'‘ საგამოძიებო გადაცემის მომზადება შემოგვთავაზეს, ჩავთვალეთ, ეს შანსი იყო, რომელიც ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. ადრე ტელევიზიას თავისუფალ მედიად ვერ აღვიქვამდი, ვამბობდი, რომ საქართველოში თავისუფალი მედიის კუნძულები მხოლოდ პრესასა და ელექტრონულ მედიაშია. ახლა სიტყვები უკან მიმაქვს. ,,მეორე არხის'‘ გენერალურმა პროდიუსერმა დოდო შონავამ სრული თავისუფლება მოგვცა _ მითითებებს არავისგან ვიღებთ, რაც მნიშვნელოვანია. პირველი გადაცემა ნაციონალური მოძრაობის დროს ქონებაწართმეულ ბიზნესმენებს დაეთმო. ამ გადაცდომის მონაწილე კი, სიჩუმისა და ინერტულობის გამო, ხელისუფლებაც გახდა; მეორე ფილმი პოლიტპატიმრებს მიეძღვნება. ახლაც ვსწავლობთ, სად არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრების ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ შელახვაში მონაწილეობდნენ? აღმოჩნდა, რომ არც ისე ბევრი ადამიანია ქვეყნიდან გაქცეული, როგორც გვეუბნებიან და ბევრიც არ დასჯილა. პირიქით, კანონდარღვევაში მონაწილე პირების ნაწილი დააწინაურეს, ზოგიც პროკურორია... უდანაშაულობის პრეზუმპციას ვიცავთ და არც ჟურნალისტურ ეთიკას ვარღვევთ, უბრალოდ, გვინდა, ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლებისთვის სათქმელი დაუგროვდათ, ამის საშუალება მივცეთ. 

 


_ ,,გამომძიებელი რეპორტიორის'‘ პრიორიტეტი მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს არსებული გადაცდომის გამოძიებაა?

 

 
_ არავითარ შემთხვევაში. საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილების განყოფილება აქვს, სადაც მოსახლეობა სხვადასხვა პრობლემაზე ინტენსიურად გვწერს. წერილების გაცნობის შემდეგ მივხვდი, მათი უმრავლესობა წინა ხელისუფლებაზეა ორიენტირებული _ ციხეში გამოკეტილი ადამიანების რეაბილიტაციასა და დასაქმებაზე არავის უზრუნია, მათ მხოლოდ ციხის კარი გაუღეს. თავისუფლება კარგია, მაგრამ მას თავისი გრადაციები აქვს. რეაბილიტაცია სჭირდებათ, რომ საზოგადოებასთან თანაცხოვრება შეძლონ. 

 


_ დაზარალებულებსა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლი იტვირთეთ? 

 


_ ეს როლი მედიამ უნდა იკისროს. ხელისუფლებას უნდა ვაგრძნობინოთ, რომ საზოგადოებაში მსგავსი ,,ნაღმების'‘ დატოვება დაუშვებელია და თუ მათ სახელმწიფო წართმეულ ქონებას ვერ უბრუნებს, მეტი არგუმენტია საჭირო.  

 


_ ფიქრობთ, თქვენი გადაცემების შემდეგ ხელისუფლება დაზარალებულების მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენს? 

 


_ ოქროს შუალედია მოსაძებნი. მაგალითად, ილია დალაქიშვილის სახით ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ პრობლემების დიფერენცირება შესაძლებელია. ამ ადამიანს მიწა წაართვეს, რომლის ნაწილი უკვე სახელმწიფო სარგებლობაშია. ტერიტორიის ნაწილზე შემოსავლების სამსახურის შენობა დგას, მაგრამ დანარჩენი თავისუფალია, არავის ეკუთვნის. იქნებ სახელმწიფომ ამ ადამიანს წართმეული მიწის მესამედი მაინც დაუბრუნოს. ფილმი საკმაოდ მნიშვნელოვანი წინადადებით მთავრდება _ დაზარალებულთა რიცხვი დიდია და ისინი გაჩუმებას არ აპირებენ. არ ეთანხმებიან ხელისუფლებას, რომ მხოლოდ მიღებული თავისუფლებისთვის უნდა იყვნენ მადლიერნი. თუ სახელმწიფომ საზოგადოება ისევ კმაყოფილ და უკმაყოფილო ჯგუფებად დაყო, ზუსტად წინა ხელისუფლების დროს არსებულ ვითარებას მიიღებს. მესამე ფილმი აფხაზეთს მიეძღვნება. დავუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ ყველა ხელისუფლებამ შეიტანა წვლილი აფხაზეთთან პოლიტიკური უფსკრულის გაღრმავებაში. საზოგადოებამ უფრო მეტი იცის აფხაზეთში შევარდნაძის დანაშაულის შესახებ, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებაზე. იმ მყვირალა პიარისა და ანაკლიაში დარგული ორი პალმის უკან, სრული უმოქმედობა იყო. აფხაზები წინა ხელისუფლებასთან კომუნიკაციას ითხოვდნენ, მაგრამ სააკაშვილი და მისი გუნდი კონტაქტზე უარს ამბობდა, რაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამას ფილმში დავასაბუთებთ. 

 


_ ,,გამომძიებელი რეპორტიორი'‘ ერთჯერადი პროექტია თუ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავთ? 

 


_ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ ცხადია, დაუსრულებელი არაფერია. მთავარია, მაყურებელს ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდოთ.

 

 


(წყარო: ვერსია: რუსუდან შელია) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016