reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი: „დედას რომ შვილი მოუკვდება და ცოცხალი ჰგონია, დაახლოებით ისეა ნაციონალების საქმე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:22
ინტერვიუ
ლევან ბერძენიშვილი: „დედას რომ შვილი მოუკვდება და ცოცხალი ჰგონია, დაახლოებით ისეა ნაციონალების საქმე“
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2014. 18:27


„მიხეილ სააკაშვილის დანაშაული იმდენად დიდია, რომ თუ იგი სწორად იქნება გამოძიებული და სამართლებრივი ძალით დავამტკიცებთ, მსოფლიო მხარს დაგვიჭერს, დაიჭერენ და თავისი ხელით ჩამოგვიყვანენ. მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და აქ პრობლემა არაა. პრობლემა ის არის, რა უნარი აქვს საქართველოს პროკურატურას და ხელისუფლებას გამოავლინოს ეს დანაშაული. თუ უნარი არ გვაქვს, მაშინ იმდენი უნდა ვქნათ, რამდენიც შეგვიძლია", - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი, რომლის განცხადებით, საერთაშორისო დონეზე სააკაშვილთან ბრძოლას ვერ იგებენ იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშრისო ძებნა გამოცხადდეს და გადაადგილება შეეზღუდოს.


for.ge ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.


- სააკაშვილმა ხელისუფლება ვლადიმერ პუტინთან მეკავშირეობაში დაადანაშაულა და სწორედ ამით ახსნა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთთან გასაფორმებელი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების" პროექტი...


- სააკაშვილი ჩვეულებრივი ადამიანია, მას შეუძლია ნებისმიერი რამ თქვას, ეს არაა პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი რამ დაიჯერონ. ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ იქნა მოფიქრებული ვერც ერთი სერიოზული არგუმენტი. გასაგებია, რომ ხელისუფლება უნაკლო არაა, მისი კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ეს კრიტიკა „ნაციონალურ მოძრაობას" არაფერს არ აძლევს.


შეიძლება „ქართული ოცნება" არ მოსწონდეთ და აკრიტიკებდნენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაიკავებს მის ადგილს. მიხეილ სააკაშვილის თავში რა ხდება, ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან უნდა დაიბრუნოს ის ძალაუფლება, რომელიც ჰქონდა. სააკაშვილი ნიჭიერი პოლიტიკოსია, მაგრამ ანალიზის და მოწინააღმდეგის შეფასების უნარი არ აქვს. სააკაშვილმა იცის რითი დაამარცხა ივანიშვილმა და ივანიშვილის სიძულვილმა აზროვნება და ლოგიკა დააკარგვინა.


მე ყურადღებას არ მივაქცევდი სააკაშვილის განცხადებას. ასეთ სისულელეებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. იგი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი არის რუსეთის აგენტი და ამიტომ რუსეთი ცუდად იქცევა აფხაზეთში. უკაცრავად, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი რომ ცუდად მოიქცა და ტერიტორიების 20 პროცენტი რუსებს რომ ჩააბარა, ამის მერე მისთვის რომ დაგვებრალებინა რუსეთის აგენტობა, მისივე ლოგიკით ხომ იქნებოდა სწორი?!


„ნაციონალური მოძრაობისთვის" სწორი იქნება სააკაშვილზე უარის თქმა და სწორი პოლიტიკის გაგრძელება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათ არ შეუძლიათ.


- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გამიჯვნა?  დღესაც უმცირესობა სააკაშვილს მოიხსენიებს როგორც პრეზიდენტს...


- დედას რომ შვილი მოუკვდება და ცოცხალი ჰგონია, დაახლოებით ისეთი ამბავია, ჯანსაღი არაა ეს ამბავი, სამედიცინო თვალსაზრისით საინტერესო მოვლენაა. სააკაშვილს პრეზიდენტად მოიხსენიებენ ამერიკულ ყაიდაზე, მაგრამ ამერიკულ ყაიდაზე როდესაც ამბობენ პრეზიდენტი სააკაშვილი, იგულისხმება, რომ დღეს სხვა პრეზიდენტია. ამათთვის კი სააკაშვილი დღესაც პრეზიდენტია, ამაშია განსხვავება, ეს არაა ენობრივი პრობლემა, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა.


ერთხელ უკვე სცადეს მიხეილ სააკაშვილისგან განთავისუფლება, ჰქონდათ ამის მცდელობა, ახალი ლიდერის გამოვლენის მცდელობაც იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ვერ მოერიენ, რაც არაა გასაკვირი. სააკაშვილი თავის თანაგუნდელებს ბევრად აღემატება. სააკაშვილი არის პირველი, შემდეგი კაცი არის მე-18.


- ვინ არის მე-18 ბოკერია თუ ბაქრაძე?


- უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც რამდენი ხანია პარლამენტში არ მინახავს და როგორი ლიდერია ვერ გეტყვით. დავუშვათ და იყოს გიგა ბოკერია, მაგრამ სააკაშვილსა და შემდეგ ლიდერს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. ეს ძალიან ჰგავს გალაქტიონისა და სხვა ქართველი პოეტების ამბავს მე-20 საუკუნეში.


- რას უპირისპირებს ხელისუფლება სააკაშვილის პროპაგანდას, როდესაც ის აშშ-ს არწმუნებს, რომ მას საქართველოში კანონის უზენაესობის შესაბამისად არ დევნიან, არამედ დევნიან რუსეთის პრეზიდენტის დავალებით. როგორ ფიქრობთ, გაყიდვადია სააკაშვილის პროპაგანდა?


- პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არაა გაყიდვადი. ძალიან კარგად იციან მიხეილ სააკაშვილი რაც არის, მაგრამ თუ ვინმეს უნდა სააკაშვილის კარტის გათამაშება, ის მას გაათამაშებს. მას ჰყავს მომხრეები, ვიღაცას მოსწონს სააკაშვილი, სამწუხაროდ ასეთი ხალხი მსოფლიოში ბლომად არის.


- არ ფიქრობთ, რომ თქვენი განცხადება შეიძლება საზოგადოებამ შეაფასოს როგორც სააკაშვილის გულშემატკივრობა...


- როცა ამას ვამბობ, ვიღაცას ჰგონია, რომ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ არის მართალი. აშშ-ში არის ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კაცი აშშ-ში განათლება მიღებულია, ინგლისურად ლაპარაკობს ჩვენსავით, აზროვნებს ჩვენსავით, იქცევა ჩვენსავით და გვირჩევნია რუს ოლიგარქ ივანიშვილს. ოღონდ ივანიშვილი, რომ რუსი ოლიგარქია ამაზე ფიქრობენ, რომ ეს დასამტკიცებლი არაა. ახლა მე გეკითხებით, ვისაც გინახავთ ივანიშვილი, მოგისმენიათ მისი ლაპარაკი, შეიძლება ვინმემ დაარქვას მას რუსი ოლიგარქი?


სერიოზულად შეიძლება ვინმემ ივანიშვილის ქართველობაში ეჭვი შეიტანოს? კახა ბენდუქიძემაც იშოვა ფული რუსეთში, ის ქართველი პატრიოტია და ბიძინა ივანიშვილი თურმე რუსი ოლიგარქი. ეს არის ტყუილი, ბიძინა ივანიშვილი არაა რუსი ოლიგარქი, განსხვავებით ბადი პატარკაციშვილისგან. ივანიშვილის ქონება მსოფლიომ აღიარა, არსად გაზპრომის აქციები არ ფიგურირებს.


მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან გვეუბნებოდა, რომ მას არ ეშინია პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ანაფორიანი კაცების, მას ეშინია მილიარდერების. საუკუნეების შემდეგ ქართველი ისტორიკოსები ოქროს ასოებით ჩაწერენ, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ისეთი საშიში მოვლენის დამარცხება, როგორიც იყო სააკაშვილი, რომელიც პროდასავლური იერის გამო დასავლეთის მხარდაჭერითაც კი სარგებლობდა, მაგრამ კინაღამ დააცემენტა საქართველოში ტოტალიტარული მართველობის სტილი. წარმოგიდგენიათ გივი თარგამაძე კიდევ რომ ყოფილიყო? არ არის და ისე გვიშლის ნერვებს და რომ ყოფილიყო, წარმოგიდგენიათ რას იზამდა?!


- სხვათა შორის, გივი თარგამაძე ბრალს სდებს ხელისუფლებას ე.წ. „კანონიერ ქურდებთან"კავშირში...


- გივი თარგამაძე კარგად არის ჩახედული კრიმინალების საკითხში, იმიტომ, რომ პოლიციის პაიკია, რომელიც შემდეგ გახდა ვეზირი. ახლაც იქიდან აქვს ინფორმაცია, თავისი ხალხი ჰყავს პოლიციაში. გივი თარგამაძეს დღემდე აქვს ჩემი ვალი 100 დოლარი. შეიძლება ბევრი სხვა ვალი დამავიწყდეს, მაგრამ გივის ვალი არ მავიწყდება. არ ახსოვს, ალბათ. ეს ხალხი არ გამოსწორდება.


- რევანშისთვის ემზადებიან? ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად წაიმტვრევს ცხვირს და ამაში დასავლეთი დიდი როლს ითამაშებს...


- რა თქმა უნდა, ისინი ემზადებიან რევანშისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ გამარჯვებისთვის. მიხეილ სააკაშვილი რომ ტყუილებს ამბობს, ეს კი არაა დანაშაული, დანაშაულია ის, რომ ფული მიიტაცა. სააკაშვილმა ერთხელ შეძლო და მოატყუა ქართველი ხალხი, მეორეჯერ ამას ვერ გააკეთებს, ეს შეუძლებელია. თანაპარტიელებიდან ვერავინ ვერ მოიძებნა, ვინც გაუბედავს და ეტყვის, რომ დაანებოს ამ საქმეს თავი და აცალოს სხვას. სხვა ლიდერები გამოვლინდეს.


- სააკაშვილი არის ბრალდებული, თუმცა მის მიმართ საერთაშორისო ძებნა დღემდე არ არის გამოცხადებული. როგორც უმრავლესობის წევრი, არ დაინტერესებულხართ, რატომ არ გადასცეს ექს-პრეზიდენტი საერთაშორისო ძებნაზე?


- პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ძნელია მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო დევნა. შეიძლება ეს განხორციელდეს, შეიძლება ვერ განხორციელდეს, ასე მარტივად არაა საქმე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი წყაროები, ქვეყანას კი აქვს თავისი ამოცანები. როგორც კი მიუახლოვდები სააკაშვილს, შეგახსენებენ, რომ შენ მომავალი გაქვს, გაიხედე წინ, უკან ნუ იხედებიო. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სააკაშვილმაც ისე უნდა აგოს პასუხი, როგორც სხვებმა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბრალდების გაცილებით უკეთესად მომზადება. ბებიის ქონების დაყადაღება ვერ იწვევს აღრფთოვანებას დანარჩენ მსოფლიოში.


- რა უშლის ხელს პროკურატურას, რომ ბრალდება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მომზადდეს კვალიფიციურად, რატომ არ ხდება რეალური გამოძიება?


- იმიტომ არ მოხდა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერი სწორი არაა. ზოგიერთი რამ შეცდომაა, თუ ვინმეს არ უნდა ეს აღიაროს, მისი საქმეა და გამართლება შეიძლება მოუძებნოს ყველაფერს. შეიძლება გამართლებული იყოს ის, რომ ქალბატონ მზია წერეთლის და სანდრა რულოვსის ქონება დაყადაღდა? შეიძლება ამას აქვს იურიდიული გამართლება, მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით, ამან არ გამოიწვია აღფრთოვანება. პირიქით, გამოიწვია ის, რაც მოხდა ევროპის საბჭოზე, ძალიან გაგვაკრიტიკეს ძალიან ახლობლებმაც.


მიხეილ სააკაშვილის დანაშაული იმდენად დიდია, რომ თუ იგი სწორად იქნება გამოძიებული და სამართლებლივი ძალით დავამტკიცებთ, მსოფლიო მხარს დაგვიჭერს, დაიჭერენ და თავისი ხელით ჩამოგვიყვანენ. მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და აქ არაა პრობლემა. პრობლემა ის არის, რა უნარი აქვს საქართველოს პროკურატურას და ხელისუფლებას გამოავლინოს ეს დანაშაული. თუ უნარი არ გვაქვს, მაშინ იმდენი უნდა ვქნათ, რამდენიც შეგვიძლია.


საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საშუალება ჯერ არ გვაქვს, თორემ ამ შემთხვევაშიც უარს მივიღებდით. ეს მასალები არაა საკმარისი იმისთვის, რაც გვინდა. მეტი სამუშაოა საჭირო. პარლამენტში ბევრი ნაკლი გვაქვს და სამართლიანადაც გვაკრიტიკებენ, ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ პროკურატურას არ ექნება ნაკლი?


საიდან მოგვეყვანა ახალი პროკურატურა, ეს მიხეილ სააკაშვილის პროკურატურა არ არის? საერთაშორისო დონზე სააკაშვილთან ბრძოლას ვერ ვიგებთ იმ თვალსაზრისით, რომ გამოაცხადო ძებნა და შეეზღუდოს გადაადგილება. ჯერჯერობით, ვილიამსბურგში ცხოვრობს, ველოსიპედით დადის, ძვირიან კაფეებსა და რესტორნებს სტუმრობს. შეკითხვაზე, ფინანსურად როგორ არის, ამბობს, რომ ყველაზე ღარიბი კაცი არ არის. სახლიც კი იყიდა ვილიამსბურგში.


თამთა ქარჩავა

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016