დამნაშავე, ძებნილი და ბრალდებული დავით კეზერაშვილი „კვირის ქრონიკას" პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოში უჩივის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა - 2013 წლიდან მოყოლებული, კეზერაშვილმა, ასევე პატივისა და ღირსების შელახვის გამო, სამ საქმეზე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს უჩივლა და საქალაქო სასამართლოში პროცესი მოიგო კიდეც. ცნობილმა ადვოკატმა საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, მაგრამ არ აქვს იმედი, რომ რამე შეიცვლება. თუ კეზერაშვილი ხაჭაპურიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, ჩვენგან - 2500 ლარს და ასევე ბოდიშის მოხდას. აქ მთავარი მოთხოვნები კი არა, მისი თავხედობაა - ქვეყანაში, სადაც დამნაშავე, ძებნილი და ბრალდებული ამდენს ბედავს, საქმე უაღრესად მძიმედ არის. როგორც თავად შალვა ხაჭაპურიძე ამბობს „ალიასთან" საუბარში, დღეს ჩვენ ვიმკით იმას, რაც 2012 წლის შემდეგ დათესა ახალმა ხელისუფლებამ:
- დღეს საზოგადოება არის გაოგნებული, ბევრმა ვერ გაიგო, რა მოვლენებთან გვაქვს საქმე. საერთოდ, კრიმინალს ახასიათებს ასეთი თვისება: თუ შენ მას რამე აპატიე, რაღაც ფორმით ურთიერთობაში შეხვედი, ახლოს მოუშვი და ენა მოუჩლიქე, მას მადა ეხსნება, აქეთ იწყებს შეტევაზე გადმოსვლას და როგორც წესი, უჩნდება სურვილი, რომ შეგჭამოს. აი, ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამ ქვეყანაში უამრავმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და შენ ამას პატიობ, იგონებ რაღაც ახალ სიტყვას - კოჰაბიტაციას, მერე გამოდის ქალბატონი თინა ხიდაშელი და ცინიკურად ამბობს, კოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალაო. მე არ ვიცი, ეტყობა, ვიღაცამ დაავალა, მაგრამ ქართველ ხალხს რომ არ დაუვალებია, ამაში დარწმუნებული ვარ. შედეგად მივიღეთ დღევანდელი დღე, უფრო მეტიც იქნება, უფრო გააქტიურდება „ნაცბანდა", უფრო შორს წავა. ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც ამის გამოძახილია: ეს საბოლოო გაფრთხილებაა, დესტაბილიზაციის მცდელობას არავის ვაპატიებთო.
- ჩვენ უკვე მივედით იქამდე, რომ პრემიერ-მინისტრს სახლში უხტებიან შეძახილებით: „ჰაკიმ, გამოდი, შე მშიშარა!"
- მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს არის მიზანმიმართული მუშაობა მიზანმიმართული გეგმის მიხედვით. „ნაცბანდამ" თავისი გეგმა აამუშავა ზაზა დავითაიას ცემით, ის გახლდათ ე.წ. მოთელვა და როგორც ვნახეთ, შერჩათ. ამის შემდეგ სააკაშვილს ეძლევა საშუალება, რომ გამოვიდეს და გააკეთოს დემაგოგიური განცხადებები: აი, ბატონებო, ქვეყანაში დაიწყო უმართავი პროცესები, იმატა კრიმინალმა, ეს ასეა, ის ისეა! შენ რა გგონია, ეს ყველაფერი რიგითი ადამიანების ტვინში არ ილექება, არ მოქმედებს და საბოლოო ჯამში 2016 წლის არჩევნებზე არ აისახება?
- გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე რომ ვანო მერაბიშვილს 3 წელს შეუფარდებ, ეს უკვე კატასტროფაა. ახლა გამოვლენ და დაიწყებენ, სასამართლოს რეფორმა მიმდინარეობს და რა ვქნათო?
- სასამართლო ცალკე საკითხი და ცალკე უბედურებაა, მაგრამ მთლიანობაში ამ საკითხებს რომ გადავხედოთ, „ნაცმოძრაობა" ფერფლიდან წამოიმართა და ჩვენ უკვე ჩაგვითრიეს იმ თამაშში, რომელშიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევსულიყავით. არ დაგავიწყდეს, ხელისუფლებაში ერთი შტო ლაპარაკობს სხვას, მეორე - სხვას, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აღარავის აპატიებს, თინა ხიდაშელი ამბობს, კოჰაბიტაცია ხალხმა დაგვავალაო. ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მოდის ხელისუფლების ერთი გუნდიდან. ეს ყველაფერი ხალხში იწვევს დაბნეულობას. ჩვენ დღეს მივდივართ იგივე წრეზე, რომელზეც 25 წლის განმავლობაში დავდივართ: მოვიდა ერთი, დაერია მეორეს, მოვიდა მესამე, დაერია მეოთხეს და ასე შემდეგ. ამ წუმპიდან ამოსვლის მშვენიერი ფორმულა თავის დროზე შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა და ეს ფორმულა ჩადებულია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაშიც - ის, ვინსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, აუცილებლად აგებს პასუხს. ის, ვინც არის არაპროფესიონალი, აუცილებლად დატოვებს საჯარო სამსახურს, ხოლო პროფესიონალი კადრები დაინიშნებიან არაპარტიული ნიშნით. ამ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ უკუშედეგი - ხელისუფლებამ კრიმინალებს აპატია დანაშაული და საჯარო სამსახურებში შეინარჩუნა „ნაციონალი" დილეტანტები. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ კეზერაშვილს არც ფული აკლია და არც ქონება, მისი მოქმედებაც „ნაციონალური" გეგმის ნაწილია მიჩივლა მე - მომიგო, გიჩივლათ თქვენ - მოგიგებთ და ეს გამოიწვევს საზოგადოების დემორალიზაციას. ვინ ლაპარაკობს დღეს პატივსა და ღირსებაზე? დამნაშავე კეზერაშვილი. ვინ უნდა მოიხადოს ბოდიში? შალვა ხაჭაპურიძემ და „ქრონიკამ". ვისი ბრალია ეს ყველაფერი? „ქართული ოცნების", რომელიც აღიარებს, პიარი არ მივარგაო. მოდი, იმაზეც ვთქვათ, ვინ არის დღეს დაზარალებული? „ნაცმოძრაობა" ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, როგორც კი მაგათ ერთ წევრს მოჰკიდებ ხელს, მაშინვე იწყება გნიასი, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, ამ დროს ხელისუფლება ლაპარაკობს, ყველაფერი კარგადაა ქვეყანაშიო. ვერ გავიგე, როგორ არის ყველაფერი კარგად, როცა კრიმინალები სახლში გივარდებიან და ჰაკიმ ფაშას გეძახიან?!
- ვატყობ, მალე კეზერაშვილი ირაკილ ღარიბაშვილსაც უჩივლებს, „ნაციონალებს" პატივი და ღირსება შეულახაო.
- ჩვენ „ნაციონალებმა" უკვე ჩაგვითრიეს თავიანთ წუმპეში და გვაქციეს თავიანთი გეგმის ნაწილად. ასევე ჩაითრიეს ტელევიზიები და არასამთავრობოები, ყოველდღიურად მიდის გარჩევები, რა თქვა „ნაციონალმა", რა გააკეთა, ფეხი სად გადაუბრუნდა და რატომ გადაუბრუნდა. ფაქტობრივად, ჩვენ „ნაციონალებს" ვუკეთებთ უფასო რეკლამას, რაშიც მილიონები უნდა დაეხარჯათ, მიიღეს უფასოდ. ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტოს, უნდა თქვას, რომ ესენი არიან კრიმინალები, „ნაცმოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა და მოითხოვოს პასუხი. მეორე, რაც ძალიან საგანგაშოა, არის ის, რომ „ნაციონალიც" და „არანაციონალიც" დღეს იწევს საჯარო სამსახურში, მაინცდამაინც იქ უნდა იმუშაოს. რატომ არის ყველას ოცნება საჯარო სამსახურში შეტენვა? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში შეუძლებელია ბიზნესის კეთება. რატომ? იმიტომ, რომ არ არის იაფი ფული. თუ გინდა, რომ ბიზნესი წამოიწყო, არსებობს ერთადერთი ფორმულა - მიდიხარ ბანკში, სადაც გადებინებენ შენს სახლ-კარს და გაძლევენ 18-პროცენტიან სესხს. ბოლოს ბიზნესი მთავრდება კრახით, ადამიანი კარგავს ყველაფერს და იკლავს თავს. აი, შედეგი, რაც ისევ „ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს. დავანებოთ თავი ბიზნესს, ძალიან მიკვირს, როცა სააკაშვილის მონები ადამიანის გატაცებაზე ლაპარაკობენ და საკადრის პასუხს არავინ სცემს. მე რომ პრემიერ-მინისტრის ადგილზე ვიყო, შინაგან საქმეთა მინისტრს მივცემდი დავალებას, ამოიღოს სტატისტიკა, 2003 წლიდან 2012 წლამდე რამდენი გატაცებაა დაფიქსირებული. პირადად მე ვიყავი ადვოკატი 5 გატაცების საქმეზე. ერთ საქმეზე სააკაშვილი გამოვიდა და ბღაოდა, ქუთაისში მოხდა დანაშაულიო. მე ადვოკატი ვიყავი ამ ადამიანების და არ მაქვს უფლება, გვარები დავასახელო, მაგრამ ვასახელებ ფაქტებს, ადამიანების გატაცების ბრალდებით დღეს რამდენიმე დამნაშავე სასჯელს ისევ იხდის. მაგ საქმეებში ვანო მერაბიშვილიც იყო ჩართული დაკავების კუთხით, ერეკლე კოდუაც, სოდ-იც და კუდ-იც. რა უნდა ახლა ამ საქმეების ამოღებას? დადე სტატისტიკა, სააკაშვილის დროს გატაცებები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ახლაა. ბოლოს და ბოლოს, 2 წელიწადში ერთი გატაცება ფიქსირდება, ამაზეა ერთი ამბავი და წივილ-კივილი, ასეთი რამე სად არ ხდება? ერთი სახელმწიფო დამისახელეთ, სად არ იტაცებენ ადამიანებს? მე თავის დროზე ვსწავლობდი ამ საკითხებს და გერმანიაში ისეთი ფაქტები წამოტივტივდა, აქ არასოდეს არ მოხდება. ქმარმა ცოლი მოკლა, თურმე პატრული ყოფილა დამნაშავე, ეს რა მიდგომაა? თუ კაცს ცოლის მოკვლა უნდა, მას შემაკავებელი ორდერი ვერ გააჩერებს. კი, ბატონო, სასამართლომ ქმარს ცოლთან 300 მეტრით მიახლოება აუკრძალა, ეს საერთოდ გამორიცხავს მკვლელობას? ახლა ყვირიან, ერთ წელიწადში 24 ქალია მოკლულიო, ამათ რა ჰგონიათ, 2012 წლამდე ასეთი რაღაცები არ ხდებოდა? უფრო მეტი ხდებოდა, მაგრამ მალავდნენ, ხელისუფალი რომ ხარ, ამოიღე ხმა, თორემ „ნაციონალებმა" და კეზერაშვილმა უკვე დაიჯერეს, რომ მათ გარეშე ქვეყანა არ შენდება და მათი სიტყვაა გადამწყვეტი. 2013 წლიდან მოყოლებული ვყვირი, კეზერაშვილი მიჩივის და მოსამართლეები მის მხარეზე არიან-მეთქი, კაციშვილი ხმას არ იღებს. კეზერაშვილის გარდა მიჩივლეს თვითონ მოსამართლეებმა, ეს ადამიანი კრიმინალი არ არის და ჩვენც შეურაცხყოფას გვაყენებ, როცა ჩვენს პროფესიონალიზმში ეჭვი შეგაქვსო. ესენი არიან სააპელაციოს მოსამართლეები - წიკლაური, იოსელიანი და არევაძე. ითხოვენ, რომ საერთოდ შემიჩერდეს ადვოკატის უფლებამოსილება, ჩემი საკითხის საბოლოო განხილვა 21 ოქტომბერს არის დანიშნული ადვოკატთა ასოციაციაში. ვინ ვისთან არის შეკრული და ვინ რას აკეთებს, ვერ გამიგია. ბოლოს და ბოლოს, ირაკლი ღარიბაშვილს უვარდებიან სახლში და შალვა ხაჭაპურიძეს რას უზამენ, ხომ წარმოგიდგენიათ?!
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"