reportiori.ge - გურამ პეტრიაშვილი: „ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ომი დღემდე არ დამთავრებულა“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:43
ინტერვიუ
გურამ პეტრიაშვილი: „ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ომი დღემდე არ დამთავრებულა“!
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2014. 22:22


„საერთო გაზეთის" სტუმარია მწერალი გურამ პეტრიაშვილი

 

- ბატონო გურამ, ორი ათეული წელიწადი უკრაინაში ცხოვრობდით. როგორი საქართველო დატოვეთ და როგორი დაგხვდათ?


- 1992 წელს წავედი და 2012 წლის გაზაფხულზე დავბრუნდი. 20 წელიწადი საქართველოს ვიყავი მოშორებული.


როგორი საქართველო დამხვდა?


დამხვდა საქართველო, რომელშიც უკვე აღარ იყო ზვიად გამსახურდია, პრეზიდენტი, რომელიც აშენებდა ისეთ საქართველოს, რომელიც იქნებოდა უბრალო ხალხის ქვეყანა.


ამის დასადასტურებლად ერთ ამბავს მოგიყვებით:


2005 წელი იქნებოდა. უკრაინაში, კიევში, ხრეშჩატიკზე მივდივარ. უცებ ძახილი მომესმა: ბატონო გურამ! ბატონო გურამ! მოვიხედე. უცხო კაცი მომეხვია, გამეცნო - გოჩა ღუღუნიშვილი ვარო და მითხრა: როგორ შემიძლია არ მიყვარდეთ ბატონი ზვიადი თქვენ და თქვენი ხელისუფლება. მიწისძვრის დროს მთელი რაჭა და იმერეთი რომ დაინგრა და ჩემი სახლ-კარი პირწმიდად განადგურდა, მაშინ აღწერეს ყველაფერი. ჩემი ქონება 40 000 მანეთად შეაფასეს. 40 კაპიკიც არ გადამიხდია, ისე ამიშენა ეროვნულმა მთავრობამ სახლიო.


ასე აშენდა დანგრეული სახლების 70 %. მეტი ვეღარ მოვასწარით, სამწუხაროდ...


კარგად მახსოვს, ზვიადი ხშირად ახსენებდა ტერმინ კონვერგენციას. იმას, რაც დღეს მთელ ევროპაშია გავრცელებული. იქ სოციალიზმისა და კაპიტალიზმის ელემენტები გადაჯაჭვულია ერთმანეთში. საქართველოში დაჟინებული აქვთ კაპიტალიზმი უნდა ავაშენოთო, თორემ მსოფლიო დღეს კონვერგენციის პოლიტიკით იმართება.


2012-ში თბილისში რომ ჩამოვედი, ზოგიერთებმა, მათ შორის ჩემმა მეგობრებმაც, დამირეკეს და მითხრეს - რა გინდოდა ლეიბორისტულ პარტიაშიო?! მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი მემარცხენე პარტია, რომელიც იბრძვის მუშათა უფლებებისთვის და ასეთი პარტია ყველა ქვეყანაში უნდა იყოს.


გლეხისთვის, მეურნე ადამიანებისთვის, მშრომელი საზოგადოებისთვის თანასწორობა მნიშვნელოვანი რამ არის.


მე სოფელში ვარ გაზრდილი და ვიცი თანასწორობის ფასი. ოჯახში რაიმე მოჭარბებულად თუ გვქონდა, დედაჩემი ყოველთვის იტყოდა ხოლმე: მაშო ძალოს უნდა მივცეთო. სულ ვფიქრობდით იმაზე, ჩვენ თუ გვქონდა, სხვასაც ჰქონოდა.


ესაა თანასწორუფლებიანობა და ურთიერთგატანა; რაც აუცილებელია ყველა საზოგადოებისთვის.


გაიხსენეთ ქართული ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა"


„საბრალო დედაბრისასა,

თაგვნი ყანასა მკიანო,

ლომნი უგრეხენ ულოსა

და ვეფხვნი შეუკვრიანო"...


ამ საბრალო დედაბერს ყველა ეხმარება, რომ მოსავალი აიღოს.


ეს ლექსი იმ ქვეყანაში არის შექმნილი, სადაც არის ქრისტიანობა, მართლმადიდებელი ქრისტიანობა.


შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ უზენაესი საბჭოს სხდომებზე ხშირად გამიგონია, ზვიადს რომ წამოაძახებდნენ აქეთ-იქიდან: კომუნისტო, კომუნისტოო და მერე თავებს მალავდნენ, ვითომ ჩვენ არ გვითქვამსო. თქვენ წარმოიდგინეთ, ამას უსაფუძვლოდ არ აკეთებდნენ. ზვიად გამსახურდია ხალხის პირველი დამცველი იყო. ფიქრობდა ხალხზე, მის კეთილდეობაზე.


კარგად მახსოვს, პირველივე უზენაესი საბჭოს სხდომაზე დაგვირიგა ლუდვიგ ერჰარდის წიგნი „გერმანული სასწაული". იმ წიგნის პირველივე გვერდზე ხაზგასმული იყო ორი წინადადება: რეფორმა, რომელშიც იგულისხმება ერთი ადამიანის გაღატაკება ან სიკვდილი, რეფორმა არ არის!


ზვიად გამსახურდიას არ უნდოდა არავითარი რეფორმა, რომელიც ხალხის ზურგს დააწვებოდა.


9 აპრილის შემდეგ ზვიად გამსახურდიას სახლი გაჩხრიკეს. ჩხრეკას მეც ვესწრებოდი. მიგვითითეს მაგიდაზე - აქ იჯდა პრეზიდენტი, რომ დააპატიმრესო. გადავხედე მაგიდას და ვნახე, რომ ევროპის ყველა ენაზე, დიახ, ყველა ენაზე გამოცემული ეკონომიკური საკითხების შემცველი წიგნები იყო გადაშლილი. არც ერთი სხვა წიგნი იმ მაგიდაზე არ იდო.


ზვიადი საგულდაგულოდ სწავლობდა ეკონომიკის საკითხებს, რათა გაძღოლოდა ამ ქვეყანას და არ დაჩაგრულიყო არც ერთი მოქალაქე.


ინვენტარიზაციის ჩატარებას აპირებდა - კაპიკ-კაპიკ ვიანგარიშოთ, რა ქონება გვაქვს და გავანაწილოთ სამართლიანადო.


მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირში და ეს სიმდიდრე სად აორთქლდა და სად გაქრა, ყველამ ვიცით...


სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვერ განახორციელა ზვიადმა თავისი ჩანაფიქრი.


საქართველოს პრეზიდენტი ძაღლივით სადღაც მოკლეს და ვინც ეს ჩაიდინა, ზოგიერთები დღესაც ყელყელაობენ.


- ბატონო გურამ, მიზეზები ბევრი იყო, ალბათ, მტრების მიერ ეროვნული ხელისუფლების დამხობის, მაგრამ შესაძლებელია თუ არა, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის ყოფილიყო, რომ მავანთ არ სურდათ თაღლითური გზით ხელში ჩაგდებული ქონების სხვისთვის გადაცემა, მით უფრო, თუ ზვიად გამსახურდია აპირებდა ხალხისთვის მიეცა კუთვნილი ქონება.

 

- დიახ, ზოგიერთებს გაუჩნდათ შიში, რომ დაკარგავდნენ ძალაუფლებას და ქონებას.


ჩემს მაგალითზე გეტყვით.


იმ ხანებში გამომცემლობის დირექტორად დავინიშნე. ახმაურდა ხალხი - ვინ არის ეს გურამ პეტრიაშვილი? როგორ მოხვდა აქ? იმას კი არ კითხულობდნენ, რომ ეს გურამ პეტრიაშვილი სტუდენტობიდან აგროვებდა წიგნებს, იცის, ვინ რას წარმოადგენს მწერლობაში, საზოგადოებაში. მაგრამ, არა! გურამ პეტრიაშვილი აქამდე არავინ იყო და უცებ გამომცემლობის დირექტორი ხდება. ე.ი. მე აღარ მექნება კეთილდღეობა?! ასე ფიქრობდა ზოგიერთი.


ამის გამო იბრძოდნენ და მერე ამ ბრძოლას დაარქვეს ბრძოლა გამსახურდიას დიქტატურის წინააღმდეგ.


ზვიადს კონკრეტულად არსად არ დაუწერია, მაგრამ მის ნაშრომებში გაფანტულია, რომ საქართველო არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, სადაც აბსტრაქტულად კი არ უყვართ ქრისტე, არამედ რამდენადმე მატერიალურად. ის ამბობდა, ყოველმა ქრისტიანმა ყოველ დღე უნდა გააკეთოს იმის მინიმუმი, რაც შეუძლიაო. ესაა ქრისტიანობა, მამულიშვილობა და მოქალაქეობა.


„საქართველოს სულიერ მისიაში" უწერია კიდევაც: ქართული გეორგიანიზმი ეს არის ქართველ რაინდთა ორდენი, რომლის მთავარი ამოცანა ადამიანებთან დგომაა.


- მიუხედავად ამისა, 90-იანებში მაინც ამბობდნენ, ზვიად გამსახურდია ბრონირებული „მერსედესით" დადიოდა და ტონობით ოქრო გაიტანა საქართველოდანო.

 

- მწარედ გაგეღიმება ადამიანს. 2000 ტონა ოქრო რომ გაეტანა ზვიადს საქართველოდან, ამას რამდენიმე ტრაილერი დასჭირდებოდა თურმე.


რაც შეეხება ბრონირებულ „მერსედესს". კიდევ კარგი, რომ ეს მანქანა ჰქონდა. ზუგდიდისკენ რომ წავიდნენ, გზა გადაუჭრეს და დაბრუნდა უკან ზვიადი. მეტეხის ხიდთან ვიყავით, ვიღაცამ დაიძახა - სხვა გზა არ არის, ერევანში წავიდეთო. მაშინ მოსწყდა ეს „მერსედესი" ადგილს და ორთაჭალისკენ წავიდა. ჩემი თვალით დავინახე, დღეს რომ დემოკრატიის მებაირაღედ მოაქვს თავი და ამ დემოკრატიას ხან სააკაშვილს რომ ასწავლიდა და ხან ვიღაცებს, იმ კაცმა ესროლა ზვიადის „მერსედესს". ჯაბა იოსელიანი წერდა მერე, თავისი „დევიატკით", ანუ ცხრა კაცით იდგა იქაო. კიდევ კარგი, რომ მანქანა ბრონირებული იყო, თორემ ერთიანად ამოწყდებოდნენ ზვიადი და მისი ოჯახის წევრები.


17 ტყვია მოხვდა მაშინ გურამ აბსანძეს. მერე ხუმრობდა - ჩემმა უკანალმა გადაგარჩინათო. დუნდულებში მოხვდა ტყვიები და მგონი, დღესაც ატარებს რამდენიმეს.


- ბატონო გურამ, რამდენიმე დღის წინ პროკურატურიდან დაკითხვაზე დამიბარეს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა კვლევა თურმე კვლავ მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, გაირკვევა ოდესმე სიმართლე?

 

- საქმე ისაა, რომ მე ბევრ რამეში არ ვეთანმები ხალხს, ვინც აპირებს ოცი წლის წინანდელი ამბის გამოძიებას.


ზვიადი ისე მიყვარდა, როგორც საკუთარი თავი, მაგრამ დღეს ამ საქმის კვლევა არ მიმაჩნია მართებულად.


ზვიადს მოსაკლავად დასდევდა ორი ყველაზე გაქნილი და სასტიკი ორგანიზაცია - კა-გე-ბე და ცე-რე-უ. ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამოჰკრა ხელი ჩახმახს?! ზვიად გამსახურდია მოკლულია შევარდნაძის მიერ და აღარ უნდა ამას კვლევა.


რა მოხდა, როგორ მოხდა, ახლა ვინ გაიგებს. ცხოვრება მოულოდნელი პარადოქსებით არის სავსე. თუმცა ცხოვრება ზღაპარი არ არის. ზღაპრებს მე ვწერ. ცხოვრება კი მწარე რეალობებს გვთავაზობს.


ამ საქმესთან დაკავშირებით, ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიასაც ვუთხარი, რომ არ იყო სწორი, 20 წლის წინ გარდაცვლილი მამის სიკვდილის გარემოებების კვლევა რომ დაიწყო. მაგრამ, მოდი, აწი როგორ ვიცხოვროთ, იმაზე ვიფიქროთ.


ყველასთვის სამწუხაროდ, მკვდარია ზვიად გამსახურდია და მამადავითზე ასვენია. ახლა ცოცხლებმა მივხედოთ, ცოცხლების საქმეს...


- ბატონო გურამ, რაც 90-იან წლებში მოხდა, იმ საშინელებების  ნაყოფს ვიმკით დღემდე. რა გააკეთეთ მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ ის დაპირისპირება თავიდან აგეცილებინათ?

 

- ჩვენმა მთავრობამ მაშინ ყველა ღონე გამოიყენა. პრეზიდენტმა კიდევაც შესთავაზა მოწინააღმდეგეებს, ხელახალი არჩევნები ჩავატაროთო, მაგრამ მაშინ ზოგიერთებმა თქვეს - იციან, კვლავ თვითონ რომ გაიმარჯვებენ და იმიტომ უნდა არჩევნებიო.


გია ჭანტურია და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ირაკლი წერეთელი პირდაპირ ამბობდნენ - აუცილებელია სამოქალაქო დაპირისპირებაო.


სხვათა შორის, ყველას, ვინც ახალ მთავრობას მაშინ უპირისპირდებოდა, დასავლეთი უჭერდა მხარს . განსაკუთრებით მხარდაჭერილი იყვნენ ე.წ. კინოს სახლი. ირაკლი კვირიკაძეს, რომელიც ნიკიტა მიხალკოვმა გაიყვანა მსოფლიო არენაზე, ლილიანა კავანიდან დაწყებული ფრანკო ძეფირელით დამთავრებული პუტჩისტებს უთანაგრძნობდნენ.


- ბატონო გურამ, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საქართველო ისეთ სახელმწიფოს ხომ არ ქმნიდა, რომელიც მსოფლიო წესრიგიდან ამოვარდნილი იქნებოდა? მე ეროვნულ, სარწმუნოებრივ საწყისებზე დაყრდნობილ სახელმწიფოებრივ კონცეფციას ვგულისხმობ.

 

- ალბათ, ასეც იყო და ამასთან დაკავშირებით ელიზბარ ჯაველიძის მოგონებას გავიხსენებ. ის ამბობს, ერთ გამოჩენილ ფრანგ ქალბატონს ვესაუბრებოდი საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ჩვენს მომავალზე, მთელი გრძნობით ვლაპარაკობდი, რომ უცებ ამ ქალბატონმა მითხრა: რატომ ვერ გაიგეთ ქართველებმა, რომ თქვენ თეთრი ზანგები ხართ და რაღაც ზედმეტებს ითხოვთო?!


ორიდე დღის წინ კათოლიკურმა ეკლესიამ გეების უფლებები აღიარა. ასეთ დროს რომ მსოფლიო ჩვენსკენ არ მოიხედავს, რად უნდა ამას ლაპარაკი?!


საქართველოში დღეს თავისუფლად რომ დათარეშობენ შამუგიები, ვიღაც დეისაძეები, ბუღაძეები, ბურჭულაძეები, ეროვნული მთავრობის დროს ესენი შეძლებდნენ გარეთ გამოჭაჭანებას?! ცხადია, ვერა.


თუ მართლა მწერლობის გულშემატკივარია, ბატონმა ხაზარაძემ მისცეს ლიტერატურული პრემია, მაგალითად, მურმან ჯგუბურიას, რომელსაც, თუ რაიმე დამეჯერება, პრემია ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ხაზარაძე ლონდონის კლუბის ყურმოჭრილი ფინიაა, მტერი გახლავთ ამ ქვეყნის და ასეთი კაცი ჯგუბურიას პრემიას ვერ მისცემს.


არ შემიძლია არ გავიხსენო რაც მოხდა 1993 წლის 26, 27 თუ 28 სექტემბერს. მე აღმოვჩნდი ზუგდიდში და შევესწარი დიდ სასწაულს - ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლას ზუგდიდში.


მახსოვს, ფანჯრიდან ვიხედებოდით, რომ უცებ გაიღო მანქანის კარი და ზვიად გამსახურდია გადმოვიდა. არაჩვეულებრივი, ენით აუწერელი გრძნობა დაგვეუფლა. სიხარულისგან ყველა ერთმანეთს ვეხვეოდით, ვკოცნიდით, ქალები საშინაო ჩუსტებით და ხალათებით გამორბოდნენ სახლებიდან და ზუგდიდის უზარმაზარი მოედანი 15 წუთში ხალხით აივსო. ისეთ შეგრძნება გვქონდა, რადგან ზვიადი ჩვენთან იყო, ეს ნიშნავდა, რომ დამთავრებული იყო ყველაფერი ცუდი და მხოლოდ სასიხარულო ამბები იწყებოდა.


ვეხვეოდით, ვკოცნიდით ზვიადს, ერთმანეთს, საოცარი წუთები იყო. მაშინ იყო ზვიადმა ხელი რომ მოხვია მოულოდნელად გამოჩენილ ირაკლი წერეთელს და თქვა: ხალხო, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო. ირაკლისადმი ცუდი განწყობა არასდროს ჰქონია. აუგს თუ იტყოდნენ მასზე, ზვიადი ამბობდა: დაანებეთ თავი, ხომ იცით, ცანცარააო.


მეორე დღეს ზვიადი ქართულ არმიას ესტუმრა. ასე ჩვეულებრივად, შეაღო კარი და შევიდა. გენერლები ისხდნენ, სამხედრო ჩინოსანი ხალხი, მაგრამ არც ერთს არ გასჩენია აზრი, დაეჭირათ. ისე მოექცნენ, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ მერე უკვე ეტყობა, შევარდნაძემ სხვა დავალება მისცათ და დაიჭირეს შევარდნაძის მხარე.

 

- მაინც რა არის ქართული ხასიათი, ბატონო გურამ, როგორ შეაფასებთ და დაახასიათებთ?


- თავისთავად ცხადია, ქართული ხასიათი განსაკუთრებული ფენომენია, მაგრამ უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ავიღოთ ნულოვანი წერტილი. მარჯვნივ არის დადებითი, პლუსი და უსასრულობა, მარცხნივ - უარყოფითი და მინუს უსასრულობა. ვერც ერთ ქვეყანას ვერავინ დაასახელებს, რომელსაც ისეთი ამპლიტუდა ექნება, როგორიც ჩვენ გვაქვს. აი, იმ დადებითში აღმაშენებლამდე მივედით, აღმაშენებელი კი, თავის მხრივ, თითქმის ღმერთამდე მივიდა და „გალობანი სინანულისანიც" დაგვიწერა. მაგრამ მინუსშიც ვერ მოვძებნით დედამიწაზე ვერავის ორჯონიკიძის, შევარდნაძის, ან სააკაშვილისნაირი საზიზღარი მოღალატე იყოს.


გერმანელი ერი, დიახ, დიდებულია. მაგრამ გერმანელი ადის კანტამდე, ნიცშემდე, ჰეგელამდე, მაგრამ აღმაშენებელი ჰეგელიცაა, კანტიც, ნიცშეც და ვინც გინდა, მაგრამ უარყოფითშიც ვერ ნახავთ ვერც ერთ ერში ორჯონიკიძეზე, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე უფრო უარყოფითს.


- ბატონო გურამ, ცოტა რამ ლიტერატურაზეც ვთქვათ. ახლახან გამოვიდა თქვენი ზღაპრების კრებული. რას იტყვით?

 

- ჩემს ზღაპრებზე მოკლედ ასე ვიტყოდი (გრძელი საუბარი შემდეგისთვის გადავდოთ), მე, ძირითადად, ვუტრიალებ სილამაზის პრობლემას. შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალ კრებულში შესული 28 ზღაპარი არის 28 ეტიუდი თავისუფლების თაობაზე.


დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ, წლების განმავლობაში, დაუღალავად ვუტრიალებ მშვენიერების პრობლემას.


აი, მაგალითად, ზოგმა, შეიძლება, იფიქროს, რა უნდა ზღაპრის დაწერას?! მოიფიქრებ, რასაც გინდა, გსურს სპილოს ფრთებს გამოასხამ, გააფრენ იქით, აქეთ, და მორჩა.

 

აბა, მოვუსმინოთ კაცს, რომელსაც უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდა. განა ასე უპასუხისმგებლოდ ფიქრობდა ლამაზი ფანტაზიების შექმნაზე?


მე ვგულისხმობძალიან დიდ მწერალს გაბრიელ გარსია მარკესს. როდესაც თავის რომანში „მარტოობის ასი წელიწადი" სურდა, რემედიოს მშვენიერი ცაში გაფრენილიყო. თავისი აღიარებით, მარკესი ორ თვეს ფიქრობდა, როგორ გაეფრინა რემედიოსი ზეცაში და ამბობს: ბოლოს დავინახე, ქარში როგორ ფრიალებდა სარეცხი და მივხვდი, რემედიოსს უნდა ჩამოეხსნა სარეცხი, დაუბერავდა ქარი და წაიყვანდა ზეცაში.


მარკესის ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს თუ რა სიძნელეები უნდა გადალახოს მწერალმა,რომ მის მოთხრობებსა და ზღაპრებში სასწაულები ბუნებრივად მოხდეს.

 

ირანდა კალანდაძე

გაზეთი „საერთო გაზეთი" დამატება „პატრიოტი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016