„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირმა ნადირაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ნიუ-იორკში ვიზიტის ხარჯებს პრესკონფერენციას უძღვნის და ისეთი გაოგნებული სახით აცხადებს, პრემიერმა ნიუ-იორკში „მანდარინ ორიენტალში" იცხოვრა და მთავრობას ეს ვიზიტი ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდაო, თითქოს მისი პრეზიდენტი ბრიტანეთის დედოფალივით ცხოვრობდა, რომელიც ომის დროს ბუხარს არ ანთებდა, არ მინდა ჩემი სახლიდან კვამლი ამოვიდეს, მეც ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც ჩემმა ერმაო... ვინ, ვინ და ირმა ნადირაშვილს არ აქვს უფლება, ამ საკითხზე აიღოს ექსკლუზივი და აკრიტიკოს ეს ხელისუფლება... თუმცა, ასეთივე მიუღებელია ამ მთავრობის მიერ გაწეული თანხები, ფუფუნებაში განცხრომით ცხოვრება, როგორც ეს მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების შემთხვევაში. 34-კაციან დელეგაციასთან ერთად არუნდა დაფრინავდე, როცა წარმოადგენ ღარიბ ქვეყანას. მინიმუმ, უნდა გაითვალისწინო, რომ ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიცაა ჩინეთი, იღებს სპეციალურ კანონს, სადაც მხოლოდ 3 მინისტრს ეძლევა უცხოეთში ვიზიტების უფლება და შესაბამისად, სამივლინებო ხარჯები ჩინეთმა ძალიან შეამცირა. ნიუ-იორკში ვიზიტი დამჯდარა 562 965 ლარი... არ უნდა ვიგებდეთ ირმა ნადირაშვილისგან, რომ მხოლოდ 16 ადამიანის სამივლინებო ხარჯი აქვს წარმოდგენილი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალს. მთავრობის ადმინისტრაცია კი აცხადებს, არც ისეა საქმე, როგორც ნადირაშვილი ამბობს, მარტო თვითმფრინავით მგზავრობაში 60 000 დაიზოგა და 3-4-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობდა დელეგაციაო, ციფრები მაინც თვალში საცემი და გამაღიზიანებელია.
მაშინ, როცა ადამიანები თვიდან თვემდე ებღაუჭებიან გახვრეტილ ლარიანს, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადს, ვერ ყიდულობენ წამალს, უჭირთ შვილების რჩენა, ეს ციფრები, რასაც თქვენ ფუფუნებაში ხარჯავთ, გაჭირვებულ ადამიანებს რომ მოახმაროთ, შექმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გააქტიურდეთ, ასეთ შემთხვევაში კოალიციის წევრები აღარ იტყვიან, მგონი, იმაზე მალე დაემხობა ჩვენი მთავრობა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენიაო...
კანცელარიის ყოფილი უფროსი, პეტრე მამრაძე, რომელიც დღეს „მართვის სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელია", „ალიასთან" ინტერვიუში საინტერესო ფაქტებს იხსენებს:
- პარალელი რომ გაავლოთ ორ ხელისუფალს შორის, როგორ იქცეოდა მმართველობის პირველ წელს სააკაშვილი და როგორია დღევანდელი ხელისუფლების ხარჯი, დიდ სხვაობას ვიპოვით? ან რამდენად აუცილებელია ნახევარი მილიონი გადაიხადოს სახელმწიფომ ვიზიტში?
- რა თქმა უნდა, კითხვები იბადება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გამოქვეყნდა ინფორმაცია სრულიად არანორმალურ ხარჯებზე, რასაც „ოცნების" ხელისუფლება ეწევა. ისინი არ ერიდებიან 10-ათასლარიანი მობილური ტელეფონების ყიდვასაც კი და ამას ამართლებენ იმით, რომ საქმისთვის სჭირდებათ. თუმცა მათი გაკეთებული საქმე ჯერ არავის უნახავს. რაც შეეხება კონკრეტულ ვიზიტს აშშ-ში, საინტერესოა, რამდენად საჭირო იყო ამდენკაციანი დელეგაციის წაყვანა. მაგალითად, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკიდან მახსენდება ბალტიისპირეთი, ჩვენზე გაცილებით მდიდარი ქვეყნებია, მე რაც ვიცი, ბალტიისპირეთის დელეგაცია შედგება მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან და არა 36 კაცისგან, გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ. მახსოვს, ერთ-ერთი მინისტრი წავიდა ახალ ზელანდიაში და ეს ფაქტი ბალტიისპირეთში მინისტრთა კაბინეტის მსჯელობის საგანი გახდა, რადგან იმ მინისტრმა კონკრეტული შედეგი ვერ ჩამოიტანა, რითაც შეიძლება გამართლებულიყო მისი ასეთი პოლიტიკური ტურიზმი. მე საკუთარ თავს უფლებას არ მივცემ, ვთქვა, რომ ეს ნახევარი მილიონი პრემიერის ვიზიტის დროს სულ ტყუილად დაიხარჯა, მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი იყო აუცილებელი, საჭიროა დასავლეთთან კონტაქტები, მით უფრო ახლა, როცა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ დასავლეთში ნდობა შემცირებულია. სპეკტიციზმი დასავლეთის მხრიდან არის გაზრდილი, ეს ნამდვილად ვიცი დიპლომატიური კორპუსისგან. მაგალითად, პრივატულ საუბრებში მეუბნებიან, რომ ღარიბაშვილი გადაწყვეტილებებს პირადად არ იღებს, ხელს ჩაიქნევენ ხოლმე. ის, რომ კონსტიტუციით ყველაზე გავლენიან ადამიანებს უყურებენ ამ თვალით, ამას სჭირდება მუშაობა და დამტკიცება, რომ გადაწყვეტილების მიმღები არის ღარიბაშვილი. ვისურვებდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამოკრიფონ ეს ხარჯები, რაში რა დაიხარჯა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხარჯი იყო აზრიანი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, დაახლოებით ერთი წელი, მართლაც სანიმუშოდ იქცეოდა, რეისის თვითმფრინავით დადიოდა, მაგრამ თანდათან ისე აიწყვიტა, თავდაცვის სამინისტროს ხარჯით შეიძინა თვითმფრინავები, რომელსაც გაცილებით მდიდარი ქვეყნები არ ყიდულობენ პრეზიდენტებისთვის.
- ახლა სად არის ეს თვითმფრინავები?
- ესეც საკითხავია, ეს იყო უძვირფასესი თვითმფრინავები, მაგრამ ახლა ვის ბალანსზეა და სად არის, ნამდვილად არ ვიცი. სააკაშვილი, რომელიც ეკონომკლასით დაფრინავდა, შემდგომ ის გაირყვნა, რომ პირად თვითმფრინავს მასაჟისტი ქალის - დოქტორ დოტის ჩამოსაყვანად აგზავნიდა. ასე რომ, ღმერთმა ნუ ქნას, ამ ხელისუფლებამ საბოლოოდ აიწყვიტოს და რომ არ აიწყვიტოს, ამიტომ უნდა იყოს მათი ხარჯვითი ნაწილი შესწავლილი, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის მიერ. სააკაშვილის პირადი თვითმფრინავი 200 მილიონ დოლარამდე დაჯდა და მხოლოდ სააკაშვილი დაფრინავდა ამ თვითმფრინავით. რაც უფრო ახლოს არის ქვეყანა ბანანის ქვეყნის სტატუსთან, მით უფრო ფუფუნებით ცხოვრობენ ჩინოვნიკები და მით უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ვიზიტებზე, ეს პარადოქსია, თუმცა გასაგებია, რაც ხდება, კონტროლი არ არის ხელისუფლებაზე და ამიტომაც თავის ჭკუაზე დადიან. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური ტურიზმით, მინისტრები ჩადიან წიგნის ფესტივალზე, ეს მიღებული არსად არ არის, რომ მინისტრი ამ ღონისძიებებს დაესწრო, არადა, ამ ვიზიტში იხარჯება უამრავი თანხა. ასეთი ტიპის ვიზიტებზე სიარული არის ღრმა პროვინციალიზმის გამოხატულება.
- გარდა ვიზიტებისა, სააკაშვილი ამ თვითმფრინავით სად დაფრინავდა?
- სხვათა შორის, არ არის გამოკვლეული, არადა, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ხშირად, ისე, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით, სამი დღით გაიპარებოდა ხან რომელ კუნძულზე და ხან რომელ ქვეყანაში. მოგვიანებით ვიგებდით, რომ იყო წასული იტალიაში, ცნობილ კურორტზე, გახდომის მიზნით. ჩვენს პრესაში კიდევ ბევრი რამ არ დაბეჭდილა. მისი აპარატის ხალხი მეუბნებოდა, საკმარისია ტელევიზიით სამი დღე არ ნახო სააკაშვილი და უნდა მიხვდე, რომ სადღაც გაფრინდა. უცხოელები მეუბნებოდნენ, რა სკანდალს აწყობდა უძვირფასეს სასტუმროებში, მათ შორის ერთ გაუხმაურებელ სკანდალს მოგიყვებით, რაც ჯერ არსად არ თქმულა, თუ რა მოხდა ლონდონის ფეშენებელურ სასტუმრო „რიცში". მიშა იქ იყო არაფორმალურად ჩასული და იქ მოხდა შემდეგი რამ... „ოტელ რიცში" მან დაიკავა პრეზიდენტის აპარტამენტები, თუმცა ჩასული იყო არაოფიციალურად, უცებ ირეკება ზარი ადმინისტრაციაში და სააკაშვილი მომსახურე პერსონალს ეუბნება, სასწრაფოდ ამოდითო. სასტუმრო „რიცის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა გაჰყვა მომსახურე პერსონალს (ამ სასტუმროს ჩვეულებრივ ნომერში ერთი ღამის გათენება ჯდება 777 ფუნტი სტერლინგი - ნ.ს.), იღება კარი და ხედავენ, მათკენ მოფრინავს ბოთლები, სააკაშვილი მოკეცილი დგას ბართან და რაც კი რუსული წარმოების ალკოჰოლური სასმელი იყო, ყველაფერი თავზე გადაამსხვრია სასტუმროს ადმინისტრაციას. ბრიტანეთში რუსული არყები ძალიან პოპულარულია, მაგრამ სასტუმროს ადმინისტრაციამ ის ვერ გაითვალისწინა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული სასმელის დანახვაზე ასე გაგიჟდებოდა. ერთი ბოთლიც კი არ დატოვა, ყველა დაამსხვრია, თურმე ჩვენი ფსიქოპატი კიოდა, - როგორ გაბედეთ და ეს როგორ დამახვედრეეეეეთ!!! თავისი ჩიქორთული ინგლისურით აგინებდა ადმინისტრაციას. ეს მას ჰგონია, რომ კარგი ინგლისური იცის, სინამდვილეში ვაშინგტონში ბომჟები რომ ლაპარაკობენ ქუჩაში, აი, იმ ინგლისურით ლაპარაკობს სააკაშვილი.
- აქვე ჩაგეკითხებით, პრემიერი როგორი ინგლისურით საუბრობს.
- ჩვენი პრემიერი, სხვათა შორის, კარგი ინგლისურით საუბრობს. სხვათა შორის, მისი ფრანგული მოვისმინე და გავოცდი.
- ლონდონში სასტუმრო „რიცში" მომხდარი ინციდენტის შესახებ თქვენ საიდან გაიგეთ?
- საქართველოში ბრიტანეთიდან ჩამოსულები იყვნენ მაღალი რანგის დიპლომატები, მათ შორის ჩემი ძველი ნაცნობები და სიცილით მიყვებოდნენ, თქვენ კარგად იცით სასტუმრო „რიცის"ტრადიციები და ეთიკა, ამ სასტუმროზე წიგნებია დაწერილი და ფილმებია გადაღებული. სააკაშვილის მიერ დატრიალებული სკანდალი ბრიტანულ პრესაში არ დაბეჭდილა, მაგრამ მთელი ლონდონის ბომონდმა, ყველაფერი იცოდა იმავე საღამოს, როგორც კი ეს ამბავი მოხდა.
- ზარალი ვინ აანაზღაურა?
- ჩვენ, ხალხმა... რა თქმა უნდა, ბიუჯეტმა...
- ამ სასტუმროს ნომერში მარტო იმყოფებოდა?
- თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო იყო... თუმცა ამოჩემებული ჰყავდა ერთი ლამაზი ინდოჩინელი ქალი, რომელიც ერთი პერიოდი თითქმის ყველგან დაჰყავდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი, ამ ქალბატონისთვის იჯავშნებოდა მისი ნომრის გვერდით ერთი ნომერი.
- სანდრა რულოვსი როგორ რეაგირებდა ქმრის ასეთ საქციელზე?
- თავიდან ჩვენ გვახსოვს სკანდალი, რამდენჯერმე გაიქცა ჰოლანდიაში, მაგრამ მერე შეეგუა მოღალატე ქმარს.
- რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, ის ვიზიტით იმყოფება იაპონიაში. სხვათა შორის, იაპონიაში საქართველოს ელჩი იყო ვანო მაჭავარიანი, რომელიც მარგველაშვილის მრჩეველი იყო საგარეო ურთიერთობების საკითხებში. როგორც ჩანს, ის დღემდე აქტიურად ეხმარება დისტანციურად პრეზიდენტს. მაჭავარიანის სკანდალურ განცხადებაზეც გკითხავთ, მზადდებოდა მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა დასავლეთის ჩართულობით, რასაც ხელი შეუშალა მთავრობამო. თქვენ გჯერათ, რომ ეს ვიზიტი რეალურად მზადდებოდა?
- ერთი წელი გავიდა, რაც პრეზიდენტად ავირჩიეთ მარგველაშვილი და ის არასრულებს თავის უფლება-მოვალეობას და მან პრეზიდენტის ფიცი გატეხა. შეეძლოკონკრეტულ საკითხებზე ხმა ამოეღო და შესაბამისი ზომები მიეღო, ეს არ გააკეთა, სამაგიეროდ, წარამარა კინკლაობდა იმაზე, ვის უნდა მოეწერა ხელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვინ უნდა წასულიყო ვიზიტით საზღვარგარეთ. ამ კინკლაობას შეეწირა საქართველოს პრესტიჟი და ევროსაბჭოს ერთ-ერთ ანგარიშში ეს მოხვდა. ზიანის გარდა, ამ ადამიანისგან ჯერჯერობით არაფერი არ არის. იმ ფონზე, როცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ღარიბაშვილი დღეს არის ივანიშვილი და მის გარეშე მთავრობა გადაწყვეტილებას ვერ იღებს, იზრდება პრეზიდენტის მიმართ დასავლეთში ინტერესი, ეს ნამდვილად ვიცი. დაინტერესდნენ იმიტომ, რომ მარგველაშვილი მორჩილების სისტემაში არ ზის, მარგველაშვილის მიმართ აშშ-ში ცხოველი ინტერესი გაჩნდა. როგორც ჩანს, იაპონიაში ვიზიტის მომზადების დროს ვანო მაჭავარიანმა ითამაშა როლი, რომ დაემტკიცებინა პრეზიდენტისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა. რაც შეეხება მაჭავარიანის განცხადებას, რომ იგეგმებოდა პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრა, ეს ძალიან საეჭვოა. გავიხსენოთ დღევანდელი კონსტიტუციის ის ნაწილი, რომელიც ამოქმედდა მარგველაშვილის ფიცის დადებიდან, იქ მკვეთრად არის ნათქვამი, რომ პრეზიდენტი წარადგენს ქვეყანას საზღვარგარეთ მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის თანხმობით. შეიძლება პირველადი კონტაქტი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პუტინის აპარატს შორის, მაგრამ თუკი თანხმობას არ მისცემდა მთავრობა, ისე ვერ შეხვდებოდა. ეს მართლაც საინტერესოა.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"