reportiori.ge - რა ითვლება ახლა და რა ჩაითვლება მომავალში კანონით ოჯახურ ძალადობად?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:38
პრეს-დაიჯესტი
რა ითვლება ახლა და რა ჩაითვლება მომავალში კანონით ოჯახურ ძალადობად?
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2014. 22:24


პარლამენტი, ოჯახური ძალადობის პრევენციის ახალ მექანიზმზე მუშაობას იწყებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ამ საკითხზე ექსპერტებს, ომბუდსმენსა და სამინისტროების წარმომადგენლებს შორის საჯარო დისკუსია მიმდინარეობს. დეპუტატები აცხადებენ, რომ დაჩქარდება სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, რომლის ხელმომწერი ქვეყანაც ვალდებულია, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა, გადაამზადოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და აღკვეთოს ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა.


„ალიას" საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე ესაუბრა:


- ქალბატონო მანანა, დღეს არსებული კანონმდებლობით, რა ითვლება ოჯახურ ძალადობად?

 

- ოჯახურ ძალადობად შეიძლება შეფასდეს ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსით და ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორე წევრის მიმართაა ჩადენილი, ანუ, როცა ოჯახში, კონფლიქტის საფუძველზე ხდება გარკვეული დანაშაული. შეიძლება განზრახ მკვლელობა იყოს, მაგრამ, როცა ოჯახის წევრის მიმართაა ჩადენილი, ეს შეიძლება ორივე მუხლით დაკვალიფიცირდეს, როგორც განზრახ მკვლელობად, ასევე ოჯახურ ძალადობად. ძალადობად ითვლება ნებისმიერი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ზემოქმედება. ასევე ეკონომიკური, როცა ოჯახის ერთი წევრი მეორე წევრის მიმართ ეკონომიკურ ბერკეტს იყენებს, მაგალითად, როცა ერთი მეუღლე, მეორე მეუღლეზე თუნდაც ფინანსურად დამოკიდებულია და ამას მისი მეუღლე იყენებს სათავისოდ და ასე ძალადობს მასზე.


- და ახლა მოქმედი სასჯელები რა არის?

 

- გააჩნია დანაშაულს. შეიძლება გაუპატიურება იყოს, ასეთ შემთხვევაში, როცა ეს ხდება ოჯახის წევრის მიერ, ეს ოჯახურ ძალადობადაც კვალიფიცირდება და გაუპატიურებადაც. როცა მკვლელობაა, ჩვეულებრივ 108-ე მუხლი მოქმედებს. გააჩნია, რა სახის დანაშაულია, ის მოქმედებს, რომელიც ყველაზე მძიმეა, ხოლო ნაკლებად მძიმეებს მძიმე სასჯელი შთანთქავს...


- იყო საუბარი სასჯელის გამკაცრებაზე. კონკრეტულად, რა მიმართულებით მკაცრდება და რამდენი იქნება სასჯელი?

 

- საუბარია, ოჯახური ძალადობისთვის პატიმრობის შეფარდებაზე, თავისუფლების აღკვეთაზე. ადრე, ამაზე თავი შეიკავეს იმ მოტივით, რომ ქალები არ მიმართავენ პოლიციას იმის გამო, რომ არ სურთ ციხეში იხილონ მათი ქმარი, ამის გამო მალავენ ამ ფაქტს. როცა ამ საკითხის კრიმინალიზაცია მოხდა, მაშინ გადაწყდა, რომ ოჯახური ძალადობა არ დასრულებულიყო თავისუფლების აღკვეთით, ფიქრობდნენ, რომ ამის გამო ცოლების მხრიდან მიმართვიანობა ნაკლები იქნებოდა. ჯერჯერობით ამ საკითხზე რამე სახის გადაწყვეტილება არ მიღებულა. კანონპროექტი არ არის მომზადებული, მით უმეტეს განხილვა არ დაგვიწყია.


- ძალადობის რამდენიმე სახე ჩამოთვალეთ, ხომ არ დაემატება ნუსხას რამე, რაც ჯერ არ არის კანონით გათვალისწინებული?

 

- დაემატა რამდენიმე სახის ცვლილება. სულ ახლახან მივიღეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები. გუგული მაღრაძე იყო აღნიშნულ კანონპროექტთა კრებულის ავტორი. ისეთი სიახლეებია შესული კანონში, რაც ჩვენს კანონმდებლობაში ამ დრომდე არ ყოფილა.


„ალიას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გუგული მაღრაძე ესაუბრა:


- შარშან 13 კანონს შეეხო ცვლილება. ეს კანონპროექტი განიხილებოდა და გასულ პარასკევს, პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილებები ოჯახური ძალადობის კანონში. ბევრი რამისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დავაკისრეთ მოძალადეს. მოძალადეთა მიმართ გამკაცრდა კანონი, იძულებითი ქორწინება გახდა დასჯადი, სასწავლო დაწესებულებები ვალდებულები ხდებიან, ოჯახური ძალადობის შესახებ ფაქტები აცნობონ სათანადო ორგანოებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს ექნება უფასო სამედიცინო და იურიდიული მომსახურება, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს ექნება უფლება, დარჩეს მოძალადის ბინაში, მაშინაცკი, თუ ბინა ან სახლი მოძალადის კერძო საკუთრებაშია და პირიქით, მოძალადე გააძევონ იმ სახლიდან, სანამ შემაკავებელი ორდერი მომზადდება. პარასკევს ხელი მოვაწერე ამ კანონპროექტთა კრებულს. შემდეგი ეტაპი პრეზიდენტია. იმედია, ის ვეტოს არ დაადებს, ისეთი საჭირო კანონია. როცა „ილიაუნში" ის საშინელი შემთხვევა მოხდა, საქართველოს პარლამენტს, მესამე მოსმენით უკვე მიღებული ჰქონდა ოჯახური ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებები.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016