ლალი ბადურაშვილის აზრით, ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც კი ცხრა თვის განმავლობაში შესაძლებელი იყო. თუმცა, დარწმუნებული არ არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას „ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემს.
„ძალიან მიხარია, რომ მიიღეს კანონი, რომლის საშუალებითაც ქართული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აღარ გაიყიდება. ასევე ძალიან მიხარია, რომ სოფელი გამოცოცხლდა. სამეგრელოსა და ქართლში ახლობლები მყავს, რომლებიც მეუბნებიან, რომ ახალი ხელისუფლება მიწების დამუშავებისთვის ტრაქტორებსა და კომბაინებს აძლევს (დროებით სარგებლობაში). ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ წლების განმავლობაში წვალობდა და 4 ტონაზე მეტი ხორბალი ვერ მოიწია, ახლა კი 7 ტონას ელოდება. ცხრა თვეში ეს შედეგი უკვე კარგია. სოციალური პრობლემები ნელ-ნელა გვარდება, სამართლიანობის აღდგენის პროცესიც იწყება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ სასიკეთო არაფერი იკვეთება, ეს იმდენად რთული პრობლემაა, რომ ჯერ ამის იმედი არც უნდა გვქონოდა. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ" ჩემი იმედი გაამართლა. გული მწყდება, რომ ზოგიერთები მოუთმენლობას იჩენენ და შედეგის მალე მიღება უნდათ. ასე არ გამოვა, სწრაფი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ავტორიტარულ ხელისუფლებას შეუძლია, ბრძანებას გასცემს და თუ ვინმე არ დაემორჩილება ან ხელს შეუშლის, დედას უტირებს. სულ რაღაც ერთი წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდნენ? სწორედ მერაბიშვილსა და ახალაიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ვიდეოფირებზე, სამეგრელოში რომ აღმოაჩინეს. ამბობენ, ჩვენ არაფერი ვიცოდითო. რას ჰქვია, არ იცოდნენ? აბა, რისთვის ეკავათ მინისტრების სავარძლები? რისთვის იღებდნენ ამხელა ხელფასს?",-აცხადებს ბადურაშვილი ჟურნალ „გზასთან" საუბრისას.