reportiori.ge - მინაშვილის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:45
პრეს-დაიჯესტი
მინაშვილის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება
ავტორი:
25 ოქტომბერი, 2014. 11:37


„ნაციონალური მოძრაობის" თავდასხმის ადრესატები ის მოსამართლეები გახდნენ, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ბესიკ ბუგიანიშვილის შემდეგ, კრიტიკის ობიექტი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გახდა. სასამართლოს დამოუკიდებლობა და ავტორიტეტი ეს არის ძალიან მაღალი ღირებულება, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში დაცული უნდა იყოს, რომლის დაცვის უპირველესი ვალდებულება აკისრია როგორც ხელისუფლებას, ასევე საკანონდებლო ხელისუფლებას, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ყოფილი მმართველი ძალა მათთვის მიუღებელი განაჩენის შემდეგ ღიად და საჯაროდ არღვევს. 




ამასთან, აღსანიშნავია ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას, ეფექტურობას და პასუხისმგებლობას ეხება. ამ რეკომენდაციის თანახმად, როდესაც მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე აღმასრულებელი ან საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ კომენტარებს, ან რაიმე სხვა ქმედებას ახორციელებენ, ამასთან მიმართებაში, მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი კრიტიკული განცხადებებისაგან, რამაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ან ეჭვის ქვეშ დააყენოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, ან სასამართლოს მიმართ საზოგადოების რწმენა. 




თუ გავითვალისწინებთ დეპუტატ აკაკი მინაშვილის ქმედებას, აშკარაა, რომ მისი ქმედება ევროსაბჭოს რეკომენდაციაში არ ჯდება. ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი იმდენად შემზარავი აღმოჩნდა საპარლამენტო უმცირესობის წევრისთვის, რომ საქმის მოსამართლეს ბესიკ ბუგიანიშვილს განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში აკაკი მინაშვილმა შეურაცმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.




„გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო. ასევე სოციალურ ქსელში კანონმდებლის გამონათქვამები გასცდა ეთიკის საზღვრებს. თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს და სასამართლოს დისკრედიტაციად აფასებს მომხდარ ფაქტს", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.



მოგვიანებით აკაკი მინაშვილმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილი შეტყობინება გაასაჯაროვა: 



„მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი ყველას, მონა ხარ"! ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს"! - აღნიშნულია აკაკი მინაშვილის განცხადებაში. 




აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ „ნაციონალურ მოძრაობაში". მთავრობის მეთაური კი აცხადებს, რომ სასამართლოზე ზეწოლას ვერავინ განახორციელებს.




„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატი მინაშვილი შეურაცხმყოფელ სიტყვებს სწერდა მოსამართლეს, რომელმაც ნავთლუღის გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ყოვლად დასაგმობი და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეხება, ეს საკითხი სათანადოდ შეისწავლონ. სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს, იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არის თუ არა მინაშვილის გზავნილი ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შინაარსის იყო შეტყობინება.




„ამას შესწავლა სჭირდება, თვითონ ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, რა თქმა უნდა, არის ძალიან სავალალო. მე, ამ მხრივ ველოდები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას, რაც დაამტკიცებდა იმას, რომ ის საკუთარი პარტიის წევრებსაც აკრიტიკებს, როდესაც მოსამართლეებზე საუბრობენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 




თეა წულუკიანს საგანგებო განცხადებით თურქეთიდან უპასუხა კოტე კუბლაშვილმა. ქვეყნის პირველი მოსამართლე ამტკიცებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლავთ აპოლიტიკური ფიგურა და იგი ყოველთვის დაიცავს როგორც მოსამართლის, ასევე სასამართლოს იმიჯს, იმის მიუხედავად, თუ ვინ დგას სასამართლოს იმიჯის შემლახავი განცხადების უკან.




„სასამართლოს მიმართ ნიშნის მოგებით და ცინიკური განცხადებებით საუბარი არ არის დამახასიათებელი სამართლებრივი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის. ამ მხრივ კი სწორედ იუსტიციის მინისტრი გამოირჩეოდა. იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება უფრო მეტი პატივისცემით და ნდობით განეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტიტუციის - სასამართლოს მიმართ", - ნათქვამია კოტე კუბლაშვილის განცხადებაში. 




საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი დავით ჯანდიერი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ზეწოლა სასამართლოზე არ არის დამოკიდებული მოსამართლისთვის გაგზავნილი შეტყობინების შინაარსზე, ვინაიდან გზავნილი რა შინაარსის მატარებელიც არ უნდა ყოფილიყო, უკვე გამოტანილ განაჩენზე ვერ მოახდენდა გავლენას.



„თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლი სასამართლოს უპატივცემლობა (სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ჩემი აზრით, მოცემულ შემთვევაში, საქმე გვაქვს მოსამართლის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან. ხელისუფლების წარმოამადგენლებმა თავიანთი განცხადებებით არ უნდა შელახონ სასამართლოს ავტორიტეტი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის SMSსამწუხაროდ, ამ სახეს ატარებდა", - აცხადებს დავით ჯანდიერი.




მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა შორსაა ევროპული სტანდარტებისგან, ხელისუფლების თითოეული შტოს წარმომადგენელი ვალდებულია თავი შეიკავოს იმგვარი განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ სასამართლოს ავტორიტეტი.




უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა თვლის, რომ ახალაიას განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მეშევობით გამართული სატელევიზიო დებატები, მოსამართლეზე ზეწოლის პირდაპირი მანიშნებელი იყო. რაც შეეხება პარლამენტის წევრის მუქარას, ტურავას განცხადებით, მინაშვილმა მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებელი ფორმას მიმართა.



„არავითარ შემთხვევაში არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება საქმის განმხილველ მოსამართლეს მისწეროს მესიჯი. ეს კომუნიკაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს დამოკიდებულებას, რომ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსი ამას რომ ბედავს, წარმოგიდგენიათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა იქნებოდა მოსამართლეს მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილება რომ მიეღო?




ეს ფაქტი საჭიროებს შესწავლას. სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს 366-ე მუხლი სასამართლოს უპატივცემულობა, მინაშვილის ქმედება თუ არ შეფასდა როგორც სასამართლოზე ზეწოლა, ყველა შემთხვევაში ეს იქნება სასამართლოს უპატივცემულობა და მოსამართლის შეურაცხყოფა, რაც ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მითუმეტეს საკანონმდებლო ორგანოს წევრის მხრიდან მოსამართლესთან ასეთი კომუნიკაცია სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს არ არის მარტო უბრალოდ დარღვევა, არამედ ეს არაის სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მერაბ ტურავამ. 





(წყარო: ფორ.გე, თამთა ქარჩავა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016