ბავშვები სწრაფად იზრდებიან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არის თვისებები, რომლებიც ჯობს, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში განვუვითაროთ ჩვენს პატარებს.
რას ასწავლიან მშობლები ბავშვებს? "არ გადახვიდე გზაზე, როცა წითელი ანთია", "მადლობა გადაიხადე ყოველთვის", "დაუთმე ადგილი უფროსს". ფსიქოლოგები კიდევ 10 უნარჩვევას ასახელებენ, რომლებიც ბავშვს გარკვეულ ასაკამდე უკვე უნდა ჰქონდეს ათვისებული.
10 წლამდე ასაკის ბავშვს უნდა ასწავლოთ:
1. იყოს კარგი მეგობარი, გაუზიაროს სხვას, ათხოვოს, წაახალისეთ მისი ურთიერთობები თანატოლებთან. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ბავშვებს, რომელთაც დაიკო ან ძამიკო არ ჰყავთ. ძუნწი და უკონტაქტო არ იქნება, მეგობრებსაც ადვილად შეიძენს. ოჯახი ყოველთვის არ იქნება გვერდით, მეგობრის იმედი კი ადამიანს იმ შემთხვევაში ექნება, თუ თავად არის კარგი მეგობარი.
2. იცოდეს თავის დაცვა. ბავშვები გამუდმებით რაღაცას "არჩევენ", ცდილობენ ერთმანეთს წაართვან სათამაშოები, ხანდახან ჩხუბობენ კიდეც - ნიშნის თუ შურის გამო. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ დააღწიოს თავი კონფლიქტურ სიტუაციებს (ისტერიკების, ტირილისა და ჩხუბის გარეშე).
3. დაიცვას მეგობარი. თუ მას ბავშვობიდანვე განუვითარდება მასზე სუსტის დაცვისა და თანაგრძნობის უნარი, ეს მომავალში ძალიან გამოადგება. განსაკუთრებით, თუ ბიჭია.
4. უნდა მოახერხოს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი. ბავშვებს უყვართ მიმბაძველობა, და ეს ნორმალურია. მაგრამ ზრდასთან ერთად მას უნდა გააგებინოთ, რომ ის უნიკალურია, თავისი თვისებებით, ნიჭით, თავისი აზრებით. ეს ყველაფერი უნდა გამოავლინოს და განავითაროს.
5. იყოს მამაცი. ბავშვებს უფრო იოლად გადააქვთ ცვლილებები, არ ეშინიათ საკუთარ თავზე რაიმეს თქმის ან რამის თხოვნის. დაეხმარეთ, ეს თვისება (ზრდილობისა და ზომიერების ფარგლებში) ბავშვობიდან მოზრდილ ცხოვრებაშიც გადაიტანონ.
6. ეძებოს თავისი საკუთარი სტილი. დედებს ხშირად არ ჰყოფნით დრო ან ნერვები, რომ ექსპერიმენტები ჩაატარონ სამოსსა და ვარცხნილობასთან. შედეგად, ბავშვებს ის აცვიათ, რასაც მშობლები ჩააცმევენ და აირჩევენ. ეცადეთ, უქმეებზე მაინც აარჩევინოთ, რის ჩაცმა სურს, მოარგეთ სხვადასხვა სამოსი და განუვითარეთ გემოვნება.
7. კარგად მოექცეს ცხოველებს. არ არის აუცილებელი, შინ იყოლიოთ ცხოველი. უბრალოდ, ხშირად ესაუბრეთ, უჩვენეთ ცხოველები და ასწავლეთ, რომ მათ მიმართ გულისხმიერი იყოს და არა დაუნდობელი. თანაუგრძნოს სხვა ცოცხალ არსებებს, სიკეთე გამოიჩინოს მათდამი.
8. განაგრძოს მცდელობა წარუმატებლობის შემდეგაც. თავიდან ყველაფერი რთული ჩანს, თუნდაც ველოსიპედის ტარება. პირველივე ჯერზე არაფერი გამოდის, მაგრამ ამან სურვილი არ უნდა ჩაუცხროს და დაწყებული საქმე არ უნდა მიატოვოს. ასწავლეთ, განაგრძოს სურთულეების მიუხედავად. ეს ძალიან დაეხმარება ცხოვრებაში.
9. იოცნებოს და იშრომოს. ოცნებები, ყველაზე არარეალურიც კი, ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ, მათ ასრულებას კი ბევრი შრომა სჭირდება. წაახალისეთ პატარა მის ოცნებებში და მოერიდეთ ფრაზებს: "ეს შეუძლებელია!", "მაინც არაფერი გამოგივა". "ტყუილად ოცნებობ".
10. დატკბეს ყოველი დღით. ყოველთვის არ არის ცხოვრება ნათელი და ყოველი დღე არ გამოდის კარგი. მაგრა, ჩვენს ძალებშია, ცხვირი არ ჩამოვუშვათ და მომდევნო დღე უფრო მხიარული გავხადოთ. აუხსენით ბავშვს, რომ ბევრი არ უნდა იდარდოს, ჯობს იმაზე იფიროს, რით შეიძლება ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა.
( მოამზადა ნინო მჟავანაძემ )
(წყარო mshoblebi.ge )