reportiori.ge - აწამეს თუ არა ფოტოგრაფები ციხეში – აბდალაძე კადრების გასაჯაროებას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:51
ინტერვიუ
აწამეს თუ არა ფოტოგრაფები ციხეში – აბდალაძე კადრების გასაჯაროებას ითხოვს
ავტორი:
27 ოქტომბერი, 2014. 20:13


ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე იმ საკნადალური კადრების გასაჯაროებას მოითხოვს, რომელიც ციხეშია გადაღებული. აბდალაძე გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ციხეში შექმნილ ვითარებაზე და ფოტოგრაფების წამებაზე საუბრობს.


- ეს თქვენი პირველი დაკითხვა იყო ახალი ხელისუფლების პირობებში?


 - კი. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც გამოძიებისთვის იყო საინტერესო.


- როგორ ფიქრობთ, თქვენი დაკითხვის შემდეგ პროცესები როგორ წარიმართება?


- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენ, რეპორტიორები დაპატიმრებულები ვიყავით არაფრის გამო, არც ერთს არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია. მით უმეტეს, იმ მუხლით, რა მუხლითაც ვიყავით გასამართლებულები. ყოველთვის ვითხოვდით ერთ რამეს, რომ გრიფი მოეხსნათ ჩვენს საქმეზე და რეალურად დაედგინათ, რა მოხდა სინამდვილეში, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ჩვენების გარდა, არაფერი ვიცით, რა ხდება ამ საქმეში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გაპატიმრებენ და არ იცი, რას გერჩიან, რას გედავებიან, რა დევს საქმეში. ის, რაც მე ვნახე წინა ხელისუფლების პერიოდში, ჩემი თვალით რომ არ მენახა და სხვას მოეყოლა, არავითარ შემთხვევაში არ დავიჯერებდი. არ დავიჯერებდი იმიტომ, რომ ეჭვი შემეპარებოდა - მართლაც, შეიძლებოდა თუ არა, ასეთი რამ მომხდარიყო.


- პროკურატურაში გრიფის ახსნაზე რა პასუხი მიიღეთ?


- გრიფი აუცილებლად უნდა აიხსნას. საქმე საჯარო უნდა გახდეს და რეალურად ყველამ უნდა დაინახოს. გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ერთი შემიძლია, ვთქვა: გამოძიება რომ დასრულდება, გაირკვევა, ვინ იყვნენ ამ საქმის დამკვეთები. ჩვენი მოთხოვნაა მათი დასჯა.



- თვითონ გამოძიებას თუ აქვს წვდომა გრიფდადებულ საქმის მასალებზე?


- წარმოდგენა არ მაქვს არაფერზე. ჩვენ ვიცით ერთი რამე: უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, ძალისმიერი მეთოდებით, პირველ რიგში, ცოლ-ქმარი გედენიძეები აიძულეს, ეღიარებინათ ის, რაც არ ჩაუდენიათ და შემდეგ მოგვადგნენ ჩვენ. თუ გახსოვთ, შაჰ აივაზოვი მაშინვე გამოუშვეს, ერთ-ერთი რეპორტიორი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო დაპატიმრებული. მეტი არაფერი ვიცით, რა ხდებოდა შიგნით ციხეში. პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ასეთი ქმედებების ორგანიზატორები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენსავით უსამართლოდ დასჯილი ძალიან ბევრი ადამიანია. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ჟურნალისტი, რეპორტიორი. მე ვარ თქვენი ფოტორეპორტიორი. ჩვენ სადღაც დავალებაზე მივდივართ ერთად, მე გადავიღე რაღაც, შემდეგ დამიჭირეს და ბრალი დამდეს ჯაშუშობაში. იყვნენ კოლეგები, რომლებმაც გამოთქვეს პროტესტი და იყო კატეგორია, რომლებიც ღიად ვერ აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს, მაგრამ ჩვენთან ერთად იყვნენ ყველანაირად. დღეს დადგა ის დრო, რომ გამოძიებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაადგინოს, რას გვერჩოდა ის ხელისუფლება: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უტიაშვილი, ხიზანიშვილი. არ ვიცი, კიდევ ვინ ჩამოვთვალო. ვერ ვხვდებით, დღემდე არ ვიცით, რას გვერჩოდნენ ეს ადამიანები. ვარაუდები იყო და არის, ბუნებრივია. ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას ვამბობდი, რომ 26 მაისის გამო დავისაჯეთ.


- თქვენ ახლა კონკრეტული გვარები ჩამოთვალეთ. ფიქრობთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ციხეში არიან, სხვადასხვა დანაშაულების გამო კიდევ უფრო დაუმძიმდეთ ბრალი ფოტორეპორტიორების საქმის გამო?


- გამოძიებას დაველოდოთ.


- თქვენ გაქვთ ამის იმედი?


- იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა აღდგება, გაირკვევა, რას გვერჩოდნენ, სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენ გვცნობს უდანაშაულოდ, რადგან არ მიგვიძღვის არანაირი დანაშაული.


- გვაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ციხეში თქვენი წამების ამსახველი კადრები. რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ეს კადრები?


- იმ ხელისუფლების მთელი დანაშაული ის იყო, რომ იმ ადამიანებს არ ენდობოდნენ, ვისაც ბინძურ და შავ საქმეებს აკეთებინებდნენ. ვისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გადაღება, კაცმა არ იცის. კადრები რომ არსებობს, ფაქტია, ყოველი დღის, რაც ჩვენ ციხეში ვიყავით. მოვა დრო და ეს კადრები საჯარო გახდება.


- თქვენთვის ხელმისაწვდომია ეს კადრები?


 - ჩემთვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, გავასაჯაროებდი. ჩემთვის რაც იყო ხელმისაწვდომი, გავასაჯაროე. მაგალითად, საუბარი ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებით.


- იმ ვიდეომასალაში თქვენ მიმართ ზეწოლის ფაქტები თუ არის ასახული?


- სანამ გამოძიება არ დასრულდება, ხმის ამოღების უფლება არ მაქვს.


- თუ გაქვთ ინფორმაცია, სად შეიძლება ინახებოდეს ეს ვიდეომასალა?


- ამას ვერ ვიტყვი, კონკრეტული ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.


- ანუ ეს არ არის ყოფილი ხელისუფლების ხელში?


- ყოფილი ხელისუფლება თავის ჯალათებს უღებდა ვიდეოს, როდესაც მათ შავს საქმეებს აკეთებინებდა. ფაქტია, რომ იღებდნენ, მაგრამ ვისთვის ან რისთვის აკეთებდნენ ამას, არ ვიცი. ვისაც შავ საქმეებს აკეთებდა, იმას მერაბიშვილი ჩუმად უღებდა. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, თავის დროზე ყველაფერს ფარდა აეხდება და არ არსებობს, ვინმეს რამე შერჩეს. ამაში დარწმუნებული ვარ. ციხეში ყოფნის დროსაც ვამბობდი, რომ ისინი აუცილებლად აგებდნენ პასუხს ყველაფერზე. მაშინ მეუბნებოდნენ, ჯერ ჩვენ ვიქნებით და შემდეგ ჩვენი შვილები - კიდევ 30 წელი, ასე რომ, დაივიწყე ეს ამბავიო... ახლა კი გამოძიება იტყვის თავის სათქმელს.


- რამდენად ინტენსიურად მიდის გამოძიება?


- ჩვენ შარშან შევიტანეთ სარჩელი... - ...და ერთი წლის შემდეგ მოხდა თქვენი დაკითხვა... - მე ვიცი ერთი რამ: ველოდებით სამართალს. სხვა მეტი არაფერი გვინდა, გვინდა მხოლოდ ის, რომ გავიგოთ სიმართლე ჩვენც და უსამართლოდ დაპატიმრებულმა სხვა ადამიანებმაც. ციხეში რაც ვნახეთ, ის იყო მიშა სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და კიდევ სხვა დანარჩენების რეალური სახე.

 

- თქვენ თქვით, რომ ვერ დაასახელებთ იმ ადამიანს, ვინც გაუსაჯაროებელ კადრებს ინახავს, მისივე უსაფრთხოების გამო. ეს ვიდეოკადრებია თუ ფოტომასალა?


- 2012 წლის 2 ოქტომბერს, „ნაციონალები" დარბოდნენ ტყე-ტყე და ანადგურებდნენ ამ მასალებს. ერთ-ერთ მათგანს აქვს გადაღებული თუ დაკოპირებული ეს მასალები, მათ შორის არის ჩვენი, რეპორტიორების, საქმეც. მე მხოლოდ ორი კადრი მაქვს ნანახი. ერთ-ერთი ეპიზოდია, როდესაც მე ადვოკატების აცილებაზე ვსაუბრობ. მეორე კი არის საკანში, შიმშილობის დროს. თუმცა ვიცი, საკანში რომ მძინავს, ისიც კი გადაღებული აქვთ.


- ანუ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ხდებოდა თქვენი გადაღება?


- ასე იყო, რა გიკვირთ? ოცდაოთხსაათიანი გადაღების ქვეშ მარტო მე კი არ ვყავდი, ის ჯალათებიც ჰყავდათ, ვინც იმავე რეჟიმს ემსახურებოდა. რისთვის აგროვებდნენ ამ კადრებს, ნამდვილად არ ვიცი. დიდი ხანია ვამბობ, რომ მსგავსი კადრები არსებობს. ხმამაღლა ვამბობ, რომ უნდა მიაქციონ ამ კადრებს ყურადღება, რადგან შეიძლება იქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ინახოს.


- მაგრამ თქვენ არ ასახელებთ, ვის ხელშია დღეს ეს კადრები...


- ვერანაირად ვერ დავასახელებ, რადგან როგორც კი ამ ადამიანის სახელი და გვარი გაჟღერდება, ოჯახიანად ჰაერში აიწევა. ეს ადამიანი იმავე რეჟიმის მარჯვენა ხელი იყო, მარცხენა თუ მარცხენის მარცხენა, ეს მე არ ვიცი. თუმცა ფაქტია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ეს მასალები დააკოპირა.



 

(წყარო: პრაიმ ტაიმი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016