reportiori.ge - გლდანის ეკლესიის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის აღსარება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:28
ინტერვიუ
გლდანის ეკლესიის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის აღსარება
ავტორი:
27 ოქტომბერი, 2014. 20:15


დროის დინება ბევრ საიდუმლოებით მოცულ ამბავს მოჰფენს ხოლმე ნათელს. რაზეც ადამიანები წლების განმავლობაში დუმან, შემდეგ ღიად ლაპარაკობენ. 

 


ყველას ახსოვს 2004 წელს მომხდარი, გლდანის ეკლესიის დარბევისა და ბასილ მკალავიშვილის დაკავების ამბავი. მაშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მრევლიც დაშავდა. ისინი ბასილ მკალავიშვილს იცავდნენ და სპეცრაზმელების მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. ბევრი ითქვა და დაიწერა ამ თემაზე, თუმცა, "შიგნიდან" დანახული დეტალები მაინც საინტერესოა. 




ჩემი რესპონდენტი შინაგანი ჯარის სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების ბატალიონში მსახურობდა და ზემოთ ხსენებულ სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. როგორც თვითონ ამბობს, სინდისი დღემდე ქენჯნის და წარსულს სინანულით იხსენებს. სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს ისეთი სტატიის მომზადება, სადაც რესპონდენტი ინკოგნიტოდ რჩება და ასეთ ინტერვიუებს თავს ვარიდებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად მაინც დავთანხმდი, რის მიზეზსაც მკითხველი იოლად მიხვდება და ალბათ არ გაუკვირდება, თუ რესპონდენტი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს:




- მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ გია ბარამიძე, ხოლო შინაგანი ჯარების სარდალი - გოგი თათუხაშვილი, რომელსაც უშუალოდ ვემორჩილებოდით. 2004 წლის მარტი იყო; ჩვენი ნაწილი ე.წ. მე-8 პოლკის ტერიტორიაზე იდგა. განკარგულება მივიღეთ, სასწრაფოდ გავსულიყავით ავჭალის კოლონიაში. როგორც გვითხრეს, იქ პატიმრების ბუნტი იყო და ჩასახშობად გვიხმობდნენ. 3 მანქანით გავედით. ძალიან სწრაფად ვმოძრაობდით. მოკლე გზებით მივდიოდით. გზაში ახალი განკარგულება მივიღეთ: ავჭალის კოლონიის ნაცვლად, გლდანის ეკლესიასთან მისვლა გვიბრძანეს. ეკლესიასთან უამრავი ხალხი დაგვხვდა. ისინი გაღიზიანებული იყვნენ, ხმაურობდნენ...


- რატომ შეგაცვლევინეს მარშრუტი?




- არ ვიცი, შესაძლოა, იფიქრეს, რომ თავიდანვე რომ გვცოდნოდა, ეკლესიის დასარბევად გვიხმობდნენ, შესაძლოა, არ წავსულიყავით.




- წარმოუდგენელია, ბრძანებას მაინც შეასრულებდით, რაც უნდა მომხდარიყო.




- დიახ, მაგრამ რა ჰქონდა ხელმძღვანელობას ჩაფიქრებული, არ ვიცი. ადგილზე მისულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სპეცდანიშნულების რაზმიც დაგვხვდა. ხალხი ეკლესიის ეზოში არ გვიშვებდა. ბრძანების მიღების შემდეგ, ვცდილობდით ფეხით შესვლას, მაგრამ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით. ვერაფერს გავხდით და გადავწყვიტეთ, მანქანით შეგვენგრია ღობე. ეს იოლად მოვახერხეთ და ხალხის პირისპირ აღმოვჩნდით. ისინი ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი, არ შეგვეპუვნენ და იერიშზე გადმოვიდნენ. სპეცრაზმელები ხელკეტებით დავერიეთ, რომ მათი წინააღმდეგობა შეგვეჩერებინა. წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, არაფერი მოხდებოდა, ბასილ მკალავიშვილს ავიყვანდით და ეგ იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ძალის გამოყენება მოგვიხდა.




- ეკლესიის დარბევის ბრძანება გქონდათ?




- არა, ასეთი ბრძანება არ გვქონია, ხალხის დარბევის ბრძანება გვქონდა. უფრო სწორად, ნებისმიერი ძალის გამოყენებით უნდა დაგვეკავებინა ბასილ მკალავიშვილი, ჩვენ კი ამისთვის ხალხის წინააღმდეგობა უნდა გადაგველახა.




- მაშინ მრევლის ნაწილმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ისე სასტიკად მოეპყარით ადამიანებს.

 



- დიახ, ასე მოხდა, ზოგიერთი სპეცრაზმელი განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრა მრევლს. სიმართლეს გეტყვით, ასეთი ადამიანები თათუხაშვილმა სამსახურიდან სისასტიკის გამო დაითხოვა. ისე არ გაიგოთ, რომ ვინმეს ვიცავ ან ვამართლებ, მაგრამ იმას ვამბობ, რაც სინამდვილეში მოხდა. ისინი მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, ქვებს გვიშენდნენ, იბრძოდნენ ყველაფრით, რაც კი ხელში მოხვდებოდათ...




- რა იარაღი გამოიყენეთ მრევლის წინააღმდეგ?




- ხელკეტები. სხვა იარაღი არ გამოგვიყენებია. როგორც იქნა, ხალხის წინააღმდეგობა დავძლიეთ და ეკლესიის ჩაკეტილ კარს მივადექით. სპეცრაზმის ბიჭები კარის შენგრევას ცდილობდნენ, რაც იოლი არ აღმოჩნდა. შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, მანქანით შეგვემტვრია კარი. პირდაპირი დარტყმა არ ივარგებდა, მანქანა 45-გრადუსიანი კუთხით მივმართეთ და ისე დავარტყით კარს. კარი გაიღო.




- და ეკლესიაში შეიჭერით... ბასილ მკალავიშვილმა წინააღმდეგობა გაგიწიათ?




- ეკლესიაში არ შევჭრილვართ, 2 ოფიცერი შევიდა, ყოველგვარი აყალმაყალის გარეშე. ბასილ მკალავიშვილი ხატებთან იდგა ზურგით ჩვენკენ და ლოცულობდა. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ორმა კაცმა აქეთ-იქიდან ხელი მოჰკიდა და ისიც გამოჰყვა. ეკლესიაში არაფერი დაზიანებულა. შემდეგ დერეფანი გავაკეთეთ, იქ გავატარეთ და სამართალდამცველებს გადავეცით.




- ამბობენ, მასაც სასტიკად მოეპყარით, დამამცირებლად ჩატენეთ მანქანაში.




- მოდი, ამაზე ნუ მალაპარაკებთ, გთხოვთ, უშუალოდ მაგ მომენტის გახსენება ძალიან მიჭირს. მანამდე რაც მოხდა, ხომ მოგიყევით დაწვრილებით.




- როგორ შეაფასებდით ახლა? რატომ მოხდა მაშინ ეს ფაქტი?




- მოგეხსენებათ, მაშინ წინა ხელისუფლება ახალი მოსული იყო. ყველაფერში სოროსის ფული იხარჯებოდა. ესეც სოროსის შეკვეთა გახლდათ. ამერიკას დაანახვეს, რომ იეღოველების მდევნელი მამაო სასტიკად დაისაჯა. ამის აფიშირებაც სწორედ ამის გამო მოხდა. ეს ხმაურიანი სპეცოპერაციაც ამის გამო ჩატარდა. თორემ წინადღეს შეიძლებოდა, სრულიად უხმაუროდ აეყვანათ ბასილ მკალავიშვილი. არც ამდენი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, არც მრევლი ჩაერეოდა და დაშავდებოდა, მაგრამ ჩუმად დაპატიმრებას ასეთი ხმაური არ მოჰყვებოდა და სამაგალითოდ დასჯა არ გამოვიდოდა. ხმაური ატეხეს, რომ დამფინანსებლისთვის ესიამოვნებინათ.



 

- ამბობენ, ყველა სპეცოპერაციის შემდეგ თქვენ, სპეცრაზმელები პრემიებს იღებდით.



- საკმაოდ ნორმალურ ხელფასს ვიღებდით და ყველა სპეცოპერაციის შემდეგ, ხელფასზე დანამატის სახით პრემიებს გვაძლევდნენ.




- კიდევ რომელ სპეცოპერაციებში მონაწილეობდით?




- მოგეხსენებათ, მაშინ მიმდინარეობდა შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრება. ხშირად გვიწევდა ღამით ოჯახებში შეჭრა და ხალხის აყვანა.




- ტელევიზიების თანხლებით...




- მაგას ჩვენ არ ვწყვეტდით, ჩვენ ვასრულებდით ბრძანებას, ადგილზე მისულებს კი გვხვდებოდნენ ჟურნალისტი და ოპერატორი. ეგ ჩვენი საქმე არ იყო.




- რატომ აპატიმრებდით ხალხს შუაღამისას? ამის გაკეთება ხომ დღისითაც შეიძლებოდა?




- რა გითხრათ, ეს დაუწერელი წესია, ყველა მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ტარდება ღამით, 4-დან 5 საათამდე, ამ დროს ადამიანებს წინააღმდეგობის გაწევის ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რადგან დადგენილია, რომ ყველაზე მოდუნებული ამ დროსაა და ყველაზე ღრმა ძილით ამ დროს სძინავს.




- სინანულს თუ გრძნობთ იმის გამო, რასაც აკეთებდით?




- ყველა შემთხვევაში ვმოქმედებდი, როგორც ოფიცერი, რომელიც ვალდებულია, ბრძანება შეასრულოს. არასოდეს მქონია სინანულის განცდა, მაგრამ ბასილ მკალავიშვილთან დაკავშირებით ცუდი ფაქტი მოხდა. არ ვიცი, თავიდანვე რომ მცოდნოდა, მაინც წავიდოდი თუ არა ბრძანების შესასრულებლად, მაგრამ ფაქტია, რომ მოტყუებით მიგვიყვანეს, ფაქტის წინაშე დამაყენეს, ბიჭებს ვერ ვუღალატებდი. ზურგს ვერ ვაქცევდი და იძულებული ვიყავი, ბრძანება შემესრულებინა. ამის შემდეგ ხშირად მედგა თვალწინ ბასილ მკალავიშვილის გამოსახულება, რომელიც ხატებთან ლოცულობდა და კარის შენგრევის დროს არც შემობრუნებულა. საოცარი განცდა მქონდა, ვიტანჯებოდი. ჩემი განცდები მოვუყევი მეგობარს, რომელსაც ვენდობოდი. 




მან თავის ახლობელ მოძღვართან მიმიყვანა, რომელსაც ყველაფერი ვუამბე და შენდობა ვთხოვე. მარტომ ვერ გადაწყვიტა, უფრო ზემდგომ იერარქიაში დაეკითხა. როგორც ვიცი, თვით ილია II ჩააყენა საქმის კურსში და მისი კურთხევით შემინდო ცოდვები, თუმცა, მანამდე რაღაც ეტაპები გავიარე, ლოცვებს ვკითხულობდი. პირველად რომ ვეზიარე, ვიტირე, საოცარი სიმსუბუქე შევიგრძენი. მოძღვარმა მითხრა, რომ ეს მძიმე ცოდვა მონანიებული მქონდა და ამის გამო სინანულიც აღარ უნდა მეგრძნო, მაგრამ დღემდე მაქვს, ვერ მოვიშორე. თუმცა, ამ ამბავმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია. მთლიანად შემეცვალა მსოფლმხედველობა, სხვანაირად გადავანაწილე პრიორიტეტები, ღვთის შიში ვიგრძენი და მეც შევიცვალე. აღასრების შემდეგ სრულიად სხვა ცხოვრება დავიწყე. ჩემს წარსულს სხვა თვალით გადავხედე და მივხვდი, რომ არასწორად ვცხოვრობდი.




- თქვენ აჭარაშიც იყავით, როცა იქ მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა?




- ალბათ "ვარდების რევოლუციის" შემდგომ მოვლენებს გულისხმობთ? დიახ, ვიყავი. მაშინ იქ ე.წ. ნეტკაჩოვის სპეცრაზმი იდგა. იმათ ჩვენთვის წინააღმდეგობა არც გაუწევიათ, აჭარაში ისე შევედით. ბევრი მათგანი ჩვენთან გადმოვიდა. თვე-ნახევარი ვიყავი აჭარაში. ვპატრულირებდით, კრიმინალებს ვეძებდით და ვაკავებდით. მახსოვს, "აღორძინების" პარტიის ოფისიდან უამრავი იარაღი ამოვიღეთ. ტაოტიანი იარაღი იყო, სულ ახალი, მთელი არსენალი. იარაღი სხვაგანაც ბევრგან ამოვიღეთ. სავსე იყო აჭარის რეგიონი. რომ გამოეყენებინათ, მარტო აჭარას კი არა, საქართველოს აღგვიდნენ პირისაგან მიწისა, იმდენი საბრძოლო მასალა ჰქონდა ასლან აბაშიძეს. გარდა ამისა, 2004 წელს, სამაჩაბლოში მიმდინარე ბრძოლებშიც ვმონაწილეობდი; იქ მაშინ ომი იყო.




შემართულები ვიყავით საბრძოლველად, მაგრამ 1 კვირა გაგვაჩერეს ისე, რომ ადგილიდან ფეხი არ მოგვაცვლევინეს. რუსებს აცადეს როკიდან შემოსვლა და ამის შემდეგ გაჩაღდა პარტიზანული ბრძოლები, თუმცა, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ საველე სწავლებად გამოაცხადა, არ აწყობდათ იმის აღიარება, რომ 2004 წელს სამაჩაბლოში ომი იყო, ყველაფერი ჩაფარცხეს და სწორედ ამიტომაა, რომ 2004 წელს დაღუპულ ბიჭებს, რომელთა რიცხვიც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე - თქვეს, გმირები არ უწოდეს, მონაწილეებს კი, ვეტერანის სტატუსი არ მიანიჭეს.




- ბოლო კითხვა: სპეცრაზმელის განუყრელი შავი "მასკა", - თვალებისა და პირის ჭრილით...




- ვიცი, რაც უნდა მკითხოთ. ეს ნიღაბი ადამიანებს შიშის ზარს სცემს, მართლაც საშინელი დასანახავია, კბილებამდე შეიარაღებული, 2-მეტრიანი, ჯან-ღონით სავსე დაკუნთული მამაკაცი, რომელსაც ეს ნიღაბი აქვს. მისი დანიშნულება პირველ რიგში ის გახლავთ, რომ ინკოგნიტოდ რჩები, საკუთარი დედაც კი ვერ გიცნობს. თანაც, როცა ნიღაბი გაქვს და იცი, რომ ვერავინ ამოგიცნობს, უფრო თამამად მოქმედებ, ნებისმიერ ქმედებაზე ხარ წამსვლელი, რის საშუალებასაც სინდისი გაძლევს, რადგან სწორედ ნიღაბია გარანტი იმისა, რომ შურისძიების მსხვერპლი არ გახდები. 




P.S. სტატია ჟურნალ "გზის" 24-ე ნომერში გამოქვეყნდა. მალევე დამიკავშირდა გლდანის ეკლესიის მესანთლე ქალბატონი - ბელა:




- მარი, მინდა გითხრათ, რომ ასე ზუსტად არავის აღუწერია აქ მომხდარი ამბავი. მოხარული ვარ, რომ თქვენი რესპონდენტი ასე წუხს და ინანიებს ჩადენილს. 




მამა ბასილთან შეხვედრა თუ უნდა, სიამოვნებით დაგეხმარებით მაგ საქმეში. 




ამის შემდეგ რესპონდენტს დავუკავშირდი და ქალბატონი ბელას ნათქვამი გადავეცი. მან  ბასილ მკალავშვილთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და შემპირდა, - როცა მზად ვიქნები, შეგატყობინებო.




მათი შეხვედრის ამბავს დამატებით მოგახსენებთ.




(წყაროგზა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016